ფრანგი პროზაიკოსის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ფრანსუა მორიაკის სახელი და გვარი ლიტერატურულ წრეებში კარგად არის ცნობილი. მორიაკი ამ პრემიით ადამიანური სულის განსაკუთრებული წვდომისთვის დააჯილდოვეს. მთელი მისი შემოქმედება
''მორიაკის შემოქმედებაში თითქმის ყველა ნაწარმოებში მოქმედება ხდება პირველ მსოფლიო ომამდე, ანუ 1914 წლამდე. თითქოს არ აღიარებდა თანამედროვეობას და უკან, წარსულში ბრუნდებოდა. მისი თხზულებებიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. ''გარდასულ დღეთა ყრმა'' ფრანგი მწერლის უკანასკნელი ნაწარმოებია. ის წერს ბურჟუაზიაზე, რადგან თავადაც მისი წარმომადგენელი გახლდათ და ამ ფენას, როგორც ჩანს, ყველაზე კარგად იცნობდა.
მისი სიუჟეტების ძირითადი ხაზი ყოველთვის პროვინციაში მიმდინარეობს. იქ, თითქოს, დიდ ქალაქებთან შედარებით მშვიდი გარემოა, თუმცა სწორედ ეს იყო კიდევ ერთი კარგი საბაბი იმისთვის, რომ მწერალს, ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა, პერსონაჟების ხასიათი უკეთ გაეხსნა და ადამიანურ ბუნებას უფრო ღრმად ჩასწვდომოდა.
მწერალი, საკუთარ პერსონაჟებს გვერდიდან არ აკვირდებოდა, მორიაკი ძალიან ჰუმანური და ღრმად მორწმუნე ადამიანი გახლდათ. მისი ეს თვისებები ძალიან კარგად აისახა მის ნაწარმოებებში. თითქოს ყოველთვის მოუწოდებს ადამიანებს შინაგანი კათარზისისკენ...'' - ამბობს ''გამომცემლობა პალიტრა L''-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე.
სწორედ ამ ბევრი მიზეზის გამო დაიმსახურა ქართული გამომცემლობის ყურადღება ზემოხსენებულმა მწერალმა და მისმა ბოლო თხზულებამ. მიუხედავად იმისა, რომ მორიაკს ბევრი საყურადღებო ნაწარმოები აქვს შექმნილი. ''გარდასულ დღეთა ყრმა'' იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქ თითქოს შეჯამდა მთელი მისი შემოქმედება.
ეს ნაწარმოები მას შემდეგ დაიწერა, რაც მორიაკი მსოფლიომ გაიცნო და უკვე პოპულარული მწერალი გახდა. ამის მიუხედავად, ფრანგ მწერალს თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია...
ნაწარმოების ქართული თარგმანი ფრანგულიდან ნინო თურქესტანიშვილს ეკუთვნის, რომელთანაც გამომცემლობას თანამშრომლობა ადრეც აკავშირებდა. ''ჩვენ მთარგმნელს ვაძლევთ ხოლმე უფლებას, რამდენიმე ნაწარმოებიდან თავად შეარჩიოს მისთვის ყველაზე საინტერესო თარგმნის კუთხით.
თუმცა ამ შემთხვევაში სწორედ ამ ნაწარმოების გამოცემა გვსურდა. როგორც ნინომ გვითხრა, არ იყო რთული სათარგმნი, რადგან მსუბუქი ენით არის დაწერილი. საკმაოდ კარგი თარგმანია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწარმოები ქართულ ენაზე პირველად გამოიცა.
ვფიქრობთ, ის ყველას მოეწონება. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქაზე წერდა, ფრანგულ პროვინციაზე, ნებისმიერი მკითხველისთვის ნებისმიერ დროში საინტერესო იქნება მისი წაკითხვა. ასევე გვგონია, რომ ამ ნაწარმოებს საკმაოდ დიდი რაოდენობის მკითხველი ეყოლება საქართველოში. ის ღირებულებები, რაზეც ის წერდა, ყოველთვის თანამედროვეა, რადგან თავად იყო ასეთი...
''ვულოცავ ქართველ მკითხველს, რომ ფრანსუა მორიაკის წაკითხვის საშუალება მიეცემათ. გურამ დოჩანაშვილის არ იყოს, ძალიან მშურს იმ ადამიანების, ვინც ამ მწერალს პირველად გაეცნობა'', - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მორიაკმა ნობელის პრემია დაიმსახურა, ეს 1952 წელს მოხდა, ხოლო 1958 წელს საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი გახდა. მორიაკმა საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება განვლო და 1970 წლის პირველ სექტემბერს პარიზში გარდაიცვალა.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















