ჯაბუა ამირეჯიბის სიცოცხლეში მკითხველს საშუალება მიეცა, მწერლის ავტოინტერვიუს გასცნობოდა.
ბავშვობიდან ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, მაგრამ ოცი წლიდან ორმოცამდე, ანუ ბანაკებში გატარებულ პერიოდში დაწერილიდან ცოტა რამ გადარჩა.
რასაც წერდა, იქვე ართმევდნენ და ანადგურებდნენ, ამიტომ სერიოზული ლიტერატურული მოღვაწეობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" 1960 წელს "მნათობში" გამოაქვეყნა. 1973-1975 წლებშია შექმნილი მისი ყველაზე ცნობილი რომანი "დათა თუთაშხია", რომელმაც მზის შუქი ჯერ ჟურნალ ''ცისკრის'' ფურცლების საშუალებით იხილა.
იმხანად ჯანსუღ ჩარკვიანი ''ცისკრის'' მთავარი რედაქტორი გახლდათ და რედკოლეგიასთან ერთად ითავა ''დათა თუთაშხიას'' ბეჭდვა. ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა და მთელი საქართველო ელოდა მორიგ ნომერს, რომ რომანის ახალი თავი წაეკითხა. "დათა თუთაშხიას" ბეჭდვის პირველ ეტაპზე გამომცემლებს უსიამოვნებები შეხვდათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ჟურნალში გამოჩენის პირველივე ნომრიდან "დათა თუთაშხია" თითოეული ქართველის განუყოფელი ნაწილი გახდა...
ჭაბუა ამირეჯიბი მრავალი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილის ავტორი გახლდათ, წერდა სცენარებს, სტატიებს კინემატოგრაფიის საკითხებზე. 1984-1994 წლებში "გორა მბორგალი" იქმნებოდა, ხოლო "გიორგი ბრწყინვალე" 2003 წლს გამოიცა. ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები გამოქვეყნებულია მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე.
ავტოინტერვიუში, რომელიც ზევით ვახსენეთ, მწერალი მკითხველს თავის "ლაბორატორიაშიც" ახედებდა:
"ვწერ ნელა და ძნელად, მაგრამ სადა, ადვილი ენით, შესაძლებლობისდა მიხედვით - გასაგებად რთულსა და ხელუხლებელ თემებზე. ვიწყებ წერას მხოლოდ მას მერე, როცა წიგნს მთლიანად დავინახავ და იმ ნაწყვეტით, რომელიც იმ მომენტში მეხასიათება. გადავდებ და წავიკითხავ მხოლოდ ორიოდ კვირის შემდეგ. ან "ჭკუაზე მოვიყვან", ან კალათაში ჩავყრი. გამოვტყდები, უარყოფა იშვიათად ხდება. ხელნაწერს არავის ვუმალავ. ყოველთვის მაინტერესებს სხვათა აზრი, ამა თუ იმ მცირე ნაჭრის გამოც კი.
როგორც ვთქვი, განწყობილების მიხედვით ვწერ წიგნის ნაწილებს. ეს შესაძლოა, ფინალიც იყოს. როცა ეს ნაწყვეტები დაწერილია, აი, მაშინ იწყება ყველაზე რთული სამუშაო - კომპოზიცია, ანუ ამ ნაჭრების ერთ წიგნად შეკვრა, მუშაობა მასალის სწორ განლაგებაზე, ერთობლიობად ქცევა".
ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. დედა, მარიამ ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული, პედაგოგი, პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა და მიქელაძეებისა.
მამა – ირაკლი ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი გახლდათ. წინაპრები მაღალაშვილები, ქარუმიძეები, ფავლენიშვილები, ჯოხთაბერიძეები ჰყავდა. თავად მწერალი საკუთარ წარმომავლობაზე ასე წერდა:
"მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების განმავლობაში გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი "ხეპრე" გვარში თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე..."
ჭირვეული ბავშვი ყოფილა. ოჯახმა აღსაზრდელად სორბონადამთავრებულ ქალბატონს, მელანია მეძმარიაშვილ-გველესიანს მიაბარა. ის უზადო ქართულით საუბრობდა და ქალბატონმა თავის აღსაზრდელს მრავალმხრივი ცოდნა შესძინა. შვიდი წლის ჭაბუა სკოლაში შეიყვანეს და პირდაპირ მეორე კლასში დასვეს. იმავე ასაკში ის ისევე კარგად ფლობდა რუსულს, როგორც ქართულ ენას და პედაგოგებს განათლებით აოცებდა.
1941 წლის 22 ივნისს კალათბურთის მოედანზე მეზობლის ბიჭუნამ სამხედრო კომისარიატის უწყება გადასცა.
მეორე დღეს უკვე ჯარში იყო. თავდაპირველად ჭაბუა ამირეჯიბი მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტად, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად, საიდანაც მისი ვინაობის გარკვევისას დაითხოვეს. ამის მიზეზი რეპრესირებული მშობლები და პოლიტემიგრანტი ნათესავები იყვნენ. მწერლის მამა 1938 დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ემიგრაციაში იმყოფებოდა ბიძამისი – პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე შალვა ამირეჯიბი.
მწერლის სამხედრო კარიერა საინტენდანტო სამსახურში გაგრძელდა, იმ დროს სპარსეთის ყურიდან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა. იქ მწერალი მცირე ხანს ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რეპრესირებული მშობლების შვილს და უცხოეთში ემიგრირებულთა ნათესავს უნდოდა ენახა, რა იყო ომი, ამიტომ საკუთარი წარმომავლობის დამალვას ისევ ცდილობდა, თუმცა დიდხანს ეს ვერ შეძლო. ჭაბუა ამირეჯიბი რუსებმა, როგორც "არასწორად გაწვეული", შინ გამოისტუმრეს. თბილისში დაბრუნებული კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე აღადგინეს.
"ომის დრო იყო. საღად მოაზროვნე, მამულიშვილურად განწყობილი სტუდენტობა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ, რა საშუალებებითა და ხერხებით დასძრომოდა საქართველო რუსეთის იმპერიის კლანჭებს. ყალიბდებოდა არალეგალური ორგანიზაციები და ერთ-ერთ ასეთში, კერძოდ, "თეთრ გიორგიში", მეც ამოვყავი თავი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ამისთვის დაბადებული ახალგაზრდა კაცი - მხნე, განათლებული, "უშიში, ვითა უხორცო" და თავდადებული მებრძოლი მუსტაფა შელია. ორგანიზაციის მიზანს შეადგენდა შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია.
ახალგაზრდები, გამოუცდელი, მხოლოდღა თავისუფლების წყურვილით აღჭურვილი მამულიშვილები ვიყავით და, ცხადია, ჩვენი მიზანსწრაფვა კრახით დასრულდა. 1944 წლის აპრილში უშიშროების ჯარების "ტროიკამ" ოცდახუთი წლის პატიმრობა მომისაჯა მე, ხოლო დანარჩენი ცხრამეტი მონაწილიდან სამს დახვრეტა და სხვებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა ხვდა წილად. აქვე გახდა ცნობილი ჩვენთვის, რომ მუსტაფა შელია ჩეკისტებმა აყვანის ცდისას გამოასალმეს წუთისოფელს..." - წერდა ჭაბუა ამირეჯიბი და იქვე აკონკრეტებდა:
"ოცდახუთი წლის პატიმრობას რა უშავდა. ამ ვადის მოხდის შემდეგ, წარმოიდგინეთ, ხუთი წლით სამოქალაქო უფლებების აყრაც გაითვალისწინა ზემოხსენებულმა ტრიბუნალმა. ეს კი ნიშნავდა, რომ ვეღარ მივიღებდი "ჩვენი მშობლიური უმაღლესი საბჭოს" არჩევნებში მონაწილეობას. ამდენის ატანა შეუძლებლად მივიჩნიე და ხელი "მარბენლობას" მივყავი. სხვადასხვანაირი რამოდენიმე გაქცევა დამიგროვდა, მაგრამ „Tempora mutantur, et nos mutantur in ills'' და მოვიდა დრო, როცა მეც გამოვიცვალე, მოვეშვი გაქცევებს, რეაბილიტაციას დავუწყე ლოდინი.
ეს დღეც მოვიდა. დავუტოვე "ნაჩალნიკს" სხვადასხვა განაჩენებით მოსჯილი ორი დახვრეტა, ოთხმოცდასამი წლის მოუხდელი პატიმრობა და დავბრუნდი სამშობლოში...
საერთო ჯამში, ჭაბუა ამირეჯიბი 1943 წლიდან 1959 წლის დასასრულამდე იხდიდა სასჯელს როგორც პოლიტიკური დამნაშავე. 1959 წელს, უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების თანახმად, პოლიტიკური რეაბილიტაცია მიიღო და და გათავისუფლდა.
აი, რას წერდა ის თავის ოჯახსა და შვილებზე: "მყავდა ექვსი შვილი, მართალია, სხვადასხვა მეუღლეებისაგან, რაც ჩემი მარბენლობით აიხსნება, მაგრამ ღმერთმა ინება და, აგერ, უკვე ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე მყავს გასაოცარი მეუღლე, პოეტი თამარ გრიგოლის ასული ჯავახიშვილი. ამ ხნის მანძილზე ჩვენ შორის არამცთუ რაიმე ექსცესს, სერიოზულ შელაპარაკებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ვცხოვრობთ მშვიდად და ბედნიერად. რამდენადაც ეს ჩვენს "აწეწილ" დროშია შესაძლებელი. შვილებს დავუბრუნდეთ.
უფროსი - მანანა, პირველი გაქცევის შვილი, მამის კვალს გაჰყვა, სწერს მოთხრობებს, ქვეყნდება, მკითხველს მოსწონს. მეორე - ლეილა, პაპის კვალს გაჰყვა, იურისტია, დიპლომატი, საქართველოს საელჩოში მსახურობს მოსკოვში. ამათ შემდეგ - ოთხი ვაჟი, ოთხივე გათავისუფლების შემდეგ მეყოლნენ. უფროსი - ირაკლი, რუსების არმიაში სამსახურის შემდეგ მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, დაიღუპა და წაიღო ჩემი ურყევი ჯანმრთელობა - სამი ინსულტი! ირაკლი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული. დანარჩენმა სამმაც მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომში. ღმერთმა დამინდო, სამივე გადარჩა. ირაკლის მომდევნო, ლაშა - მოქანდაკეა, ქუცნა კინორეჟისორ-ოპერატორია, შალვა - ბიოფიზიკოსი. შვილიშვილები - უკვე შვიდი, შვიდივე გოგო. ბადიშები - სამი"...
ბოლოხანს მეტყველების უნარი აღარ ჰქონდა, მხოლოდ წერილებით "საუბრობდა". 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში აღასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















