24 დეკემბერი, 2013
როგორ შეაყვარეს კითხვა შვილს ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ
მოდი, ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი, რომ რუსთაველის თეატრში ბევრი ასეთი ადამიანია, მაგრამ მე ჩემს მეუღლეს დავასახელებ ''ლიტერატორების ოჯახში დავიბადე და შესაბამისად, საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. წასაკითხ წიგნებს უმთავრესად დედა მირჩევდა. ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' და ''პეპი გრძელი წინდა''. ამას მოჰყვა ''დედოფალი მარგო'', ''სამი მუშკეტერი'' და სხვა ნაწარმოებები... არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. საერთოდ, ბავშვობაში ყველანი ძალიან ბევრს ვკითხულობდით. წიგნის საკითხავად ბიძაშვილთან მივდიოდი სტუმრად, ან ის გვსტუმრობდა. ჩვენი გართობის საშუალება იყო გვერდიგვერდ წოლა და
ასე კითხვა. ადექით, გაიარეთ ან ცოტა მაინც ირბინეთო, რომ გვეტყოდნენ, წამოვდგებოდით და წიგნით ხელში ოთახში მაგიდას წრეს ვურტყამდით...'' - ამბობს ნინო თარხან-მოურავი. მსახიობი მიიჩნევს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია ბავშვებისთვის და ამიტომ ცდილობს, გარშემო მყოფი პატარები ამგვარად დაასაჩუქროს. ახლახან თავის ნათლულს მე-3 დაბადების დღეზე საოცრად ლამაზი და ილუსტრირებული წიგნი უყიდა. ფიქრობს, რომ მოზარდი თაობა წიგნებს ადრეულ ასაკშივე უნდა დაუახლოვდეს...

- ნინო, ბავშვობიდან, რომელი ავტორის სიყვარული გამოგყვათ?
- ვინც მაშინ მიყვარდა, ჩემში ''დარჩნენ'': დიუმა, ანდერსენი, არტურ კონან დოილი და უამრავი სხვა მწერალი. ძალიან რთულია გამოყოფა. ბავშვობაში წაკითხული წიგნების ავტორები დღემდე უპირობოდ მიყვარს. ისინი შენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ხდებიან.
- მსოფლიო ლიტერატურიდან საყვარელი პერსონაჟები დაასახელეთ...
- ბავშვობაში ჰეკლბერი ფინზე ვგიჟდებოდი, პატარა უფლისწულზე, ასევე ''ალისაზე საოცრებათა ქვეყნიდან''. ძალიან კარგად მახსოვს, როცა დედამ ახალი, ილუსტრირებული ''ალისა საოცრებათა ქვეყანაში'' მაჩუქა. საერთოდ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან ყოველთვის ვაიგივებდი.
- ერთია, რომ გვინდა, ვიღაცას ვგავდეთ და მეორეა მსგავსების დანახვა რომელიმე პერსონაჟთან. როგორ ფიქრობთ, რომელ გმირთან გაკავშირებთ ამგვარი სიახლოვე?
- ჰგავხარ მხოლოდ საკუთარ თავს და ნაწილობრივ შეიძლება ჰგავდე მშობლებს. პერსონაჟების გაიდეალება სწორად არ მიმაჩნია. შეიძლება მოგეწონოს რომელიმე გმირის თვისება და საქციელი და გინდოდეს ისევე მოიქცე, მაგრამ ესეც ადრეული ასაკისთვისაა დამახასიათებელი.
- მსახიობი ხართ და წიგნის კითხვის დროს გიფიქრიათ, ''აი, ამ პერსონაჟს სიამოვნებით ვითამაშებდი''?
- როგორ არ მიფიქრია და ახლაც ასეა, მაგრამ ამ შეკითხვაზე არასოდეს ვპასუხობ, რადგან ეს ძალიან პირადულია (იღიმის). ოცნების გათქმა არ შეიძლება. ბავშვობაში იყო ასეთი ცრურწმენა, ოცნება არ უნდა გაამხილო, თორემ არ აგისრულდებაო და დღემდე ასე ვარ (იღიმის).
- თქვენ და მეუღლე თემიკო ჭიჭინაძეს თუ გიჩუქებიათ ერთმანეთისთვის წიგნი?
- არა. მსგავსი რამ არ მახსენდება.
- ერთი ქალიშვილი გყავთ. რა გზით დააახლოვეთ ის წიგნს?
- ელისაბედი, ისევე როგორც სხვა ბავშვები, არ კითხულობდა, სირბილი და თამაში ერჩივნა. მოდაში ჰარი პოტერის თავგადასავალი რომ შემოვიდა, მაშინ ჩვენ გასტროლზე ვიყავით და პეტერბურგიდან შვილს რუსულად ნათარგმნი ხუთი ტომი ჩამოვუტანეთ. ძალიან მძიმე იყო და ძლივს ვათრიეთ. სახლში რომ მოვედით, ვუთხარით, იცოდე, ეს რომ არ წაიკითხო, დაგვკარგავ დედასაც და მამასაც-მეთქი (იღიმის). ხუთივე ტომი წაიკითხა და მას შემდეგ ნელ-ნელა შეეჩვია კითხვას. ახლაც კითხულობს შიგადაშიგ, ამაზე ვერ დავიჩივლებ.
- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას თუ ეცნობით?
- ვერ ვიტყვი, რომ ისევ ისეთი აქტიური მკითხველი ვარ, როგორც უწინ. ეს ბევრი რამით არის განპირობებული. ამაში დიდი ''წვლილი'' შეიტანა გახმოვანებამ. ხანდახან დღეში 200-250 გვერდის წაკითხვა მიწევს და ამის შემდეგ უკვე წიგნის კითხვის თავი აღარ მაქვს. ძალიან ვიღლები. არ ვუყურებ ტელევიზორს და არ ვკითხულობ წიგნებს. არც კომპიუტერი მიყვარს და იქ მხატვრულ ლიტერატურას ვერ გავეცნობი. ტელევიზიაში საათობით მიწევს კომპიუტერთან ჯდომა, ეკრანზე ყურება და პარალელურად კითხვა. ამიტომ წიგნიც რომ ეკრანიდან წავიკითხო, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.
- ამჯერად რომელ სერიალებს ახმოვანებთ?
- ''რუსთავი 2''-ზე სერიალს ''სიყვარული და შურისძიება'', ხოლო ''იმედზე'' სხვადასხვა ფილმს... საერთოდ, მოუთმენელი ადამიანი ვარ და არ შემიძლია, წიგნის კითხვა ეტაპებად დავყო. მინდა, ის ერთ ღამეში წავიკითხო, მაგრამ ამის უფლებას თავს ხშირად ვერ ვაძლევ. ერთხელ ავად ვიყავი. იმ დროს დენ ბრაუნი მოდაში იყო. მისი რამდენიმე რომანი ორ ღამეში ''ვშთანთქე'', მაგრამ ამ ავტორით დაინტერესება იქვე ამოიწურა.
- თქვენ გარშემო ბევრი წიგნიერი ადამიანია, მინდა, რამდენიმე დამისახელოთ...
- ასეთი ბევრია და არა მხოლოდ წიგნიერები არიან, არამედ საოცარი მეხსიერება აქვთ. არ მინდა ჩამოვთვალო, რადგან ვინმე გამომრჩება.
- მაინც უნდა მითხრათ, თქვენი კოლეგებიდან რუსთაველის თეატრში ვის გამოარჩევთ?
- კარგი, მოდი, ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი, რომ რუსთაველის თეატრში ბევრი ასეთი ადამიანია, მაგრამ მე ჩემს მეუღლეს დავასახელებ (იღიმის).
- მომავალში აუცილებლად დავუკავშირდები თემიკოს ამ რუბრიკისთვის. მას წიგნის კითხვის როგორი რიტუალი აქვს?
- ღამით კითხულობს ისიც და ჩვენც, რადგან დღე არავის გვცალია. კარგად, გემრიელად რომ მოეწყობი და ირგვლივ სიჩუმეა, წიგნის კითხვის დრო დგება.
- ჟანრებიც გამოარჩიეთ...
- სათავგადასავლო, რომანების, დეტექტივებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ''ეპოქამ'' გაიარა, ახლა უფრო მეტად ფსიქოლოგიური ჟანრის ლიტერატურა მაინტერესებს.
- პოეზიაზე არაფერი გვითქვამს...
- პოეზია მიყვარს, მაგრამ საკითხავად პროზა მირჩევნია. ამ ეტაპზე შეყვარებული ვარ ოთარ ჭილაძის პოეზიაზე. სხვადასხვა დროს მიყვარდა და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი პოეტები არიან: ლადო ასათიანი, ანა ახმატოვა, ბელა ახმადულინა, შანდორ პეტეფი...
- თავად თუ გიცდიათ რამის დაწერა?
- ბავშვობაში ვწერდი მოთხრობებსა და ნოველებს. მშობლებსაც ვაკითხებდი და სხვებსაც, თან ძალიან მოსწონდათ, რადგან ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამოვა, იუმორისტულ ჟანრში მიყვარდა წერა (იღიმის). რამე მონაცემი რომ მქონოდა, ალბათ არ შევჩერდებოდი, მაგრამ ეტყობა, ასე არ იყო, თორემ ამ სფეროს გავყვებოდი.
- ვიცი, რთულია, ერთი საყვარელი ნაწარმოები დაასახელო, თუმცა მე მაქვს ერთი ასეთი, თქვენთვის რომელია ეს წიგნი?
- კი, რთულია, მაგრამ მეც მაქვს ერთი ასეთი წიგნი. ეს არის ''ოსტატი და მარგარიტა'', რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
შორენა
კარგით რა... ვგიჟდები დღემდე ასტრიდ ლინდგრენზე, დანაშაულია ???!... მიყვარს ნოდარ დუმბაძე ,მაგრამ ტომ სოიერივით შთაბეჭდილება არ მოუხდენია,კოსმოპოლიტი ვარ ??? რამდენიმე წიგნი გაიხსენა ადამიანმა ბავშვობიდან ლიტერატურული საღამო კი არ მოუწყვია...
17:24 / 27-12-2013
გამოხმაურება / 0 /
7755
კოსმოპოლიტიზმი კარგია კარგი გაგებით და არა შენი ფასეულობების არცოდნით. რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თქვენი ლიტერატურული ოჯახი, ქ-ნო ნინო? ისე, სიმართლე უნდა ითქვას, ცოლ-ქმარი საშუალო ნიჭის მსახიობები ხართ და მენტალიტეტიც შესაბამისი გაქვთ.
15:26 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეს არის კოსმ!ოპოლიტიზმის კერძო გამოვლინება
თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო
08:51 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეს არის კოსმთურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო!ოპოლიტიზმის კერძო გამოვლინება
ნუთუ ამ "ლიტერატურულ" ოჯახში ეკტერინე გაბაშვილი, ნიკო ლომოური, შიო მღვიმელი, ვაჟა-ფშაველა, ნოდარ დუმბაძე, მაყვალა მრევლიშვილი, ხუტა ბერულავა, კუკური გოგიაშვილი და მათი საბავშვო ქმნილებანი აკრძალვის ქვეშ იყვნენ?
08:49 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS