22 დეკემბერი, 2013
საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და მათი ფოტოები...
თეატრალურში ჩაბარებისას დამავალეს, რომ ადამიანის ნაკვთები გადამეღო და შემდეგ დამეწერა, რას ვფიქრობდი თითოეულ მათგანზე, მაგრამ აღარ დამაინტერესა და ისევ უსულო საგნებს დავუბრუნდი 19 წლის ნიკოლოზ ცანავა მოყვარული ფოტოგრაფია, თუმცა, კოლეგებისგან განსხვავებით, ბევრი უცნაურობა ახასიათებს. არ უყვარს სულიერის გადაღება, ძირითადად, თავისი ხელით სახელდახელოდ აწყობილ ნივთებს იღებს. ნივთები ერთჯერადია და არ ინახავს. მასალა კი შეიძლება, სხვა დროსაც გამოადგეს. ბავშვობიდან, დიდი ბაბუის მსგავსად, მსახიობობაზე ოცნებობდა, თეატრალურში ჩაბარებაც სცადა, ბოლოს კი ტურიზმი აირჩია, თუმცა დროებით. ნიკას ოცნება საზღვარგარეთ ფოტოხელოვნების
შესწავლაა, ოღონდ მსახიობობის აუსრულებელი ოცნების გადმოტანა ფოტოგრაფიაზე სურს.

- ბავშვობიდან მიყვარდა სურათების გადაღება, მას შემდეგ, რაც კამერიანი ტელეფონი შევიძინე, უამრავ სურათს ვიღებდი. ჩემი დიდი ბაბუა, გრიგოლ ტყაბლაძე, მსახიობი გახლდათ, ამიტომ მეც ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. თუმცა ბევრჯერ შევცვალე გადაწყვეტილება და მას შემდეგ, რაც ჯარში ვერ წავედი, დამიწუნეს, გადავწყვიტე, ფოტოგრაფიისთვის ხელი სერიოზულად მომეკიდა. თავიდან მხოლოდ ჩემს ნახატებსა და საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს ვუღებდი ფოტოებს, შემდეგ ცა შემიყვარდა. ერთხელ გათენებაც გადავიღე. მთელი ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ თენდებოდა და ცის ფერის ცვლილებას ვიღებდი. არასოდეს გადამიღია პორტრეტები, სულიერის ფოტოზე ასახვა არ მიყვარდა. თეატრალურში ჩაბარებისას დამავალეს, რომ ადამიანის ნაკვთები გადამეღო და შემდეგ დამეწერა, რას ვფიქრობდი თითოეულ მათგანზე, მაგრამ აღარ დამაინტერესა და ისევ უსულო საგნებს დავუბრუნდი.
- შიშველი ნატურით არასოდეს დაინტერესებულხარ?
- არა, ბევრია ასეთი ფოტო, თითქმის ყველა ფოტოგრაფი იღებს და სისულელეა, სტუდიური სურათებით ამ სფეროს რა უნდა შევმატო. ცუდია, მაგრამ ფოტოებზე მხოლოდ საკუთარ განცდებს გადმოვცემ. ახლა სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობ. მინდა, ჩემი გადაღებული სურათები უფრო მასშტაბური და ღრმა გამოვიდეს. საფრანგეთში ან იტალიაში წავალ, ორივე ქვეყანაში ძალიან კარგი სკოლებია. ახლა „რუსთავი 2“-ში ნიჭიერის მონაწილეებს ვიღებ. ისინი თამამები არიან, არ აწუხებთ ვარსკვლავური დაავადება და კარგად პოზირებენ.
- პაპარაცული ფოტოები თუ გაქვს?
- ერთხელ ერთ-ერთ ლომბარდში ჩაძინებულ დაცვას გადავუღე, ძალიან სასაცილო პოზაში ეძინა. რეალურად ეს სერიოზული დარღვევაა და უფროსს რომ დაენახა, პრობლემები შეექმნებოდა. მერე ერთხელ კიდევ მქონდა მცდელობა. ისევ დაცვას ვუღებდი ფოტოს, მაგრამ დამინახა და გამომეკიდა.

Rating

Rating


Rating

Rating

- რომელია შენს არქივში საყვარელი ფოტო?
- ძაღლის ფოტო. თეატრალურში რომ ვაბარებდი, ასეთი დავალება მქონდა - მარჯანიშვილზე უნდა გამევლო და გამომევლო და გზად სურათი გადამეღო. მოულოდნელად გალიაში გამოკეტილი ძაღლი დავინახე. ძალიან ბევრს ყეფდა. ჩემს დანახვაზე საერთოდ გაგიჟდა. მივუახლოვდი და სურათების გადაღება დავუწყე. უცებ გაჩუმდა, პოზირება დაიწყო. ხანდახან იმაზეც მიფიქრია, რომ რომელიმე ფოტო კონკურსზე გამეტანა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვარ.
- ნათესავები, ოჯახის წევრები სურათების გადაღებას არ გთხოვენ?
- დიახ, მაგრამ უარს ვეუბნები. თავიდან სწყინდათ, მაგრამ ახლა შეეჩვივნენ. რთულია სხვა ადამიანების ფოტოებზე ასახვა. საინტერესო პროცესია, მაგრამ მინდა, ამ კუთხითაც რაღაც განსხვავებული გავაკეთო. არასოდეს გადამიღია ქორწილები და არც გადავიღებ, ჩემთვის არც ეს არის საინტერესო.
- ნიკა, შენ უღებ ფოტოებს შენივე დამზადებულ ნივთებს. შემდეგ ამ ნივთებს ინახავ თუ შლი?
- არა, მაშინვე ვშლი და მერე შეიძლება, იმ მასალისგან სხვა რაღაც ავაწყო. ერთი სურათი მაქვს შენახული, ჩემს ოთახში დევს. ზედ ჩემი საყვარელი ფილმებიდან საუკეთესო კადრები, მაისურის ნარჩენებია დამაგრებული. ფოტოს გადაღების გარდა, ვხატავ, ისიც მხოლოდ ჩემთვის. შემდეგ ამ ნახატს რაიმე ნივთს, შეიძლება, ქუჩაში ნაპოვნს, დავამაგრებ და სურათისთვის ვამზადებ. ასე გავაკეთე ქალი ბორბლით. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ბავშვობის კომპლექსია, მაგრამ მგონია, რომ ხატვის კუთხით არაფერი გამომივა.
- ფოტოხელოვნების გარდა კიდევ რა გაინტერესებს?
- სპორტსმენი ვიყავი, დიდი ხანი დავდიოდი წყალბურთზე. ასევე ჩართული ვარ მარათონში. ერთხელ სამი დღე-ღამე შეუჩერებლად დავრბოდი. მე და ჩემმა ძმაკაცმა წავაგეთ და სამი ღამე უნდა გაგვეთენებინა. რომ არ ჩაგვძინებოდა, მოვიფიქრეთY ვაკის პარკში სირბილი. მშობლებმა იცოდნენ, რომ ის სამი დღე მეგობართან ვიყავი, მაგრამ რეალურად დავრბოდი. თან ენერგეტიკულ სასმელებს ვსვამდით, რომ ძალა არ გამოგვლეოდა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS