ამბობენ და თავადაც აღიარებდა, რომ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. დეპრესიული და კარჩაკეტილი ადამიანი გახლდათ. თუმცა იყვნენ, ისეთები, რომლებიც ლიკა ქავჟარაძეს გვერდიდან არ სცილდებოდნენ და მუდამ მასთან ერთად იყვნენ. ასეთი ადამიანი გახლდათ რეჟისორი შოთიკო კალანდაძე, რომელსაც ლიკა ქავჟარაძესთან მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდა.
ბოლო დროს ლიკა ქავჯარაძეს ფილმებში სწორედ შოთიკო კალანდაძე იღებდა, კალანდაძე
- ახლაც ვერ ვიჯერებ რომ ლიკა აღარ არის. პანაშვიდზეც ვერ მივდივარ. არ მინდა ის ასეთ მდგომარეობაში ვნახო. გაოგნებული ვარ... სოციალურ ქსელში თვალი გადავავლე და არასდროს ყოფილა ხალხი ასეთი ერთსულოვანი, მისმა გარდაცვალებამ ყველას გული ატკინა. ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო ვარსკვლავი, როცა მე ამას ვამბობდი, ზოგ-ზოგიერთები დამცინოდნენ.
ლიკას ფრესკული სილამაზე ჰქონდა, ასეთი მსახიობი საქართველოს არ ყოლია. ის და ლევან აბაშიძე იყვნენ, სწორედ ის მსახიობები, რომლებსაც ევროპული გარეგნობა ჰქონდათ. ძირითადად მარტო იყო ლიკა, დეპრესიული ადამიანი გახლდათ. ინტერნეტში ვნახე, რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ინტერვიუ ნინო ჟიჟილაშვილთან, ამან აღმაშფოთა.
ჟიჟილაშვილმა ჰკითხა სოსო ჯაჭვლიანს და ზაზა კოლელიშვილს, ბოლოს ლიკა ფილმში როდის გადაიღესო, რაზეც კოლელიშვილმა უპასუხა 2002 წელს, ბოლოს ბასა ფოცხიშვილის კლიპში ითამაშაო. აღშფოთებული ვარ, ამხელა ქალია ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი და უნდა იცოდეს მგონი, ლიკა ქავჟარაძე 2002 წლის შემდეგ რამდენ ფილმში გადავიღე.
ეტყობა ის ავანგარდულ ფილმებს ფილმებად არ თვლის. ჟურნალისტი რეალობას უნდა ასახავდეს და არა ქმნიდეს იმას, რაც თვითონ უნდა.
რაც შეეხება ზაზა კოლელიშვილს, ერთხელაც არ მყავს ლიკასთან ნანახი, დაბადების დღეზეც კი და რატომ ამბობს, რომ მისი მეგობარია? მისმა მეგობარმა არ იცოდა, ჩემს ფილმებში რომ არის გადაღებული ლიკა ქავჟარაძე? ჩემი აზრით ეს არის, პროვინციელი რეჟისორი, რომელიც ჩემს ფილმებზე ამბობს ხალხს არ მოსწონსო. ზაზა ძვირფასო, ჩემი აზრით, შენი ფილმები არის გოიმური, ჩემი ფილმები ავანგარდია და ღმერთის წყალობით უკვდავია.

- ვისთან მეგობრობდა ბოლო დროს?
- სოსო უყვარდა ძალიან ჯაჭვლიანი, მე არავინ მინახავს მასთან. პანაშვიდზეც იმიტომ არ მივდივარ, რომ არ მინდა ამდენ ყალბ ხალხს ვუყურო. ძალიან ბედნიერი იყო, ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვნახე, ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადებოდა. ამდენი წელია ვმეგობრობთ და ლიკას თვალები, ასეთი ანთებული არ მახსოვს, როგორც ბოლოს ჰქონდა. მე ვუთხარი ფილმი უნდა გადავიღოთ, კინოცენტრს უკვე ვესაუბრე და თანახმა არიან-მეთქი, ძალიან გაეხარდა. შინაარსი ასეთი იყო, ლიკას უნდა დაეხრჩო, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც შორენა ბეგაშვილი განასახიერებდა. უხაროდა, წონაში უნდა დავიკლოო ამბობდა. გამოფენისთვისაც ემზადებოდა.

- ცნობილია, რომ ხატვა დეპრესიიდან გამოსვლის მიზნით დაიწყო და თქვენ აქტიურად ეხმარებოდით მაშინ...
- კი, როცა დედა დაეღუპა მძიმედ გადაიტანა. მაშინ არც ვიყავი რეჟისორი, ვცდილობდი დეპრესიიდან გამომეყვანა, პირველი გამოფენა მისი ბიძაშვილის ბარში ჰქონდა, მაგრამ არავინ გააშუქა. შემდეგ ერთობლივი გამოფენა გავაკეთეთ და გააშუქა უამრავმა ჟურნალისტმა. დეპრესიული ადამიანი იყო, ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, ერთხელ მისმა შვილმა გადაარჩინა...
- გელაპარაკებოდათ თავის ავადმყოფობაზე?
- არ უყვარდა ამაზე საუბარი. ბოლოს უფრო გაიხსნა და ცდილობდა ესაუბრა, მაგრამ მე ვცდილობდი სხვა რამეზე გადამეტანა თემა. თქვენ არ იცით, როგორი ადამიანი იყო. მაქსიმალისტი გახლდათ. თუ უყვარდა ადამიანი ბოლომდე მისი უნდა ყოფილიყავი. ხშირად ვეუბნებოდი, ჩემს გარდა შენ ვერავინ გაგიძლებს და ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი.