- ძალიან ბევრი რამ ხდება სპექტაკლში. სიყვარულიც არის, იმედგაცრუებაც, გაქცევა, შერიგება, ქორწინება. ამ სპექტაკლის ნახვისას იტირებთ კიდეც და იცინებთ კიდეც. ამას წინათ ერთი ახლობელი, რომელიც
- ონისე, ჩვენი ბლიცინტერვიუს პრინციპი ასეთია, მე ვიწყებ წინადადებას, შენ ამთავრებ.
- კი ბატონო, გისმენ.
- რომ დავიბადე...
- ზაფხული იყო, 27 აგვისტო.
- თოფის სროლაც იყო?
- არა. თურმე ჩემს მშობლებს ჩემი მოშორება უნდოდათ. დედაჩემი ექიმთან რომ წასულა ჩემ მოსაშორებლად, კბილი ჰქონია გასივებული და ექიმმა უარი უთხრა. მოკლედ, დედაჩემის მტკივანმა კბილმა გადამარჩინა.
- თვალს ვხუჭავ, როცა...
- როცა მეძინება (იცინის)...
- სხვა თვალის დახუჭვაზე გეკითხები.
- ერთი რამ ვისწავლე ნამდვილად - მოთმინება. ადრე პირდაპირ მივახლიდი პირში, რასაც ადამიანზე ვფიქრობდი. ახლა, სანამ რამეს ვიტყვი, ათამდე დათვლა ვისწავლე. ზოგჯერ ასამდეც ვითვლი და თუ გადამივლის, აღარ ვიტყვი, თუ არადა მაინც ვამბობ.
- ონიანზეც ჭრის ეს მეთოდი?
- ხანდახან ჭრის (იცინის).
- გული მტკივა...
- როცა ისე არ ხდება, როგორც მე მინდა. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა გულით გინდა რაღაც და არ გამოდის. მერე ამ შენს სურვილს სულ სხვა ადამიანში წააწყდები.
- ეს შურია?
- არ მგონია. იმ ადამიანის კი არ მშურს, უბრალოდ, მეც მინდა მქონდეს, ამიხდეს სურვილები. შურიანი ადამიანი არ ვარ.
- არასდროს მავიწყდება...
- რეპეტიციაზე მისვლა. ეს ყოველდღიურობაში. უფრო მნიშვნელოვანზე თუ მეკითხები, ალბათ პირველი შეგრძნება, როცა გავხდი მამა.
- ერთხელ იმდენი დავლიე...
- საერთოდ იშვიათად ვსვამ, მაგრამ თუ ვსვამ, ბოლომდე ვსვამ. ერთხელ ნაჩხუბარი ვიყავი ცოლთან და სიმთვრალემ შემარიგა. ერთი თვის განმავლობაში მდგმურებივით ვცხოვრობდით ერთ სახლში. მივედი, ბოდიში მოვუხადე, ბევრი ცრემლიც ვღვარე და შემოვირიგე.
- რეჟისორთან კონფლიქტის დროს...
- ძირითადად რეჟისორებთან კონფლიქტები არ მაქვს. თუმცა ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ვმუშაობდით თეატრალურ სარდაფში სპექტაკლზე „დათვი“. ლევან წულაძის სპექტაკლი იყო. ერთ დღეს ლევანმა ვერ მოიცალა და სხვა რეჟისორს, რამაზ ზურაბაშვილს გადაგვაბარა. მე 80 წლის ბებერს ვთამაშობ. ვისაც „დათვი“ წაკითხული აქვს, მიხვდება, რომ ჩემი პარტნიორი აქეთ-იქით დამაჩაქჩაქებს. გაუხანგრძლივდა ამ რეჟისორს ჩემი ჩაქჩაქი წინ და უკან და ამომასხა. მოვიხადე პარიკი, არ დამეკუჭოს-მეთქი და ავტეხე ყვირილი. იმ დღეს რეპეტიცია გაჩერდა, ბატონ ლევანს დაველოდეთ.
- ვერ ვეგუები...
- შეზღუდვას, ჩარჩოებში, მარწუხებში მოქცევას. 16 წლიდან გამოვეყავი ოჯახს, წამოვედი ამბროლაურიდან და თბილისში მარტო დავსახლდი. ოჯახურ ჩარჩოებს შევეგუე. ერთგული ვარ, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ცოლისთვის არ მიღალატია.
- სახლიდან არ გავდივარ, თუ...
- თუ მაქვს სიცხე ან ისეთი საქმე, რომლის გაკეთება ხვალაც შემიძლია. სახლში ყოფნა მიყვარს, მენატრება.
- ოჯახში ვბუზღუნებ, როცა...
- როცა ფინანსური კრიზისია.
- სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...
- პირჯვარს ვიწერ, ვღელავ, ვნერვიულობ. გავალ და მერე ყველაფერი მავიწყდება.
- ერთხელ მოვიტყუე, რომ...
- სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მხიარული მატყუარა ვიყავი. ერთხელ შევედი რეპეტიციაზე და ვთქვი, რომ დავით აღმაშენებლის როლზე დამამტკიცეს. უცბად ყველამ გამომხედა. ვიღაცას მართლა გაუხარდა, ვიღაცას - არა. ბოლოს იმდენი ვიტყუე მსგავსი რაღაცები, ახლა აქეთ მატყუებენ, ჩემი აღარავის სჯერა.
- რომ არ არსებობდეს შვებულება...
- გავგიჟდებოდი, მეც და ალბათ ყველა ჩემი პროფესიის ადამიანი. მთელი წლის განმავლობაში ისეთი რეჟიმით ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია, ის თვე-ნახევარი რომ არ ამოვისუნთქოთ ღრმად.
- კიდევ რომ მოდიოდეს თოვლის ბაბუა ჩემთან...
- „კიდევ“ აქ სრულიად ზედმეტია. მძიმე ბავშვობა მქონდა. ჩემთან არ მოდიოდა თოვლის ბაბუა. ისე, ახლა ყველაზე მეტად გამიხადებოდა მისი მოსვლა. ჩემთანაც ხომ შეიძლება მოვიდეს ერთხელ. მანქანა მინდა. ორი კვირაა, აღარ მყავს.
- რა უყავი?
- გავყიდე, ჩვენი სახლის გათბობამ შეიწირა. ახლა ბათუმის სახლს ვყიდი და მეყოლება მანქანა.
- ბათუმში სახლს ყიდი მანქანის გამო?
- არ მინდა სახლი, არა! მანქანა მინდა!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“