- ყველას გულით ვულოცავ დამდეგ ახალს წელს და ვისურვებდი, საქართველოში გაჭირვებული ადამიანი არ ყოფილიყო, ყველას ოჯახს ჰქონოდეს შემოსავალი. ეს არის ჩემი მთავარი სურვილი... ყველაფრის
- სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას?
- იცით, ადრე, ბავშვობის წლებში ტრადიციად მქონდა, რომ ყოველ წელს ჩემს ოჯახში ვხვდებოდი, შინაურ გარემოში, მაგრამ შემდეგ შევცვალე ტრადიცია და ბოლო წლებში ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილებში ვხვდებოდი. ძალიან მიყვარდა ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე დასწრება, ყველა ერთად რომ არის შეკრებილი...
- შარშან არ ყოფილა კონცერტი...
- დიახ, სამწუხაროდ, წელსაც არ იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის... ძალიან გულღიად მინდა ვთქვა - საქართველოში კარგი მომღერალი რომ ჩამოდიოდა ან ქართველი მომღერლები დიდ კონცერტებს მართავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გადაყრილი ფული და ფუფუნება. როგორც ახლა გვეუბნებიან, ფუფუნება არ ყოფილა ახალი მანქანები, გაზრდილი ხელფასები, პრემიები და 100 მილიონით გაზრდილი სახელფასო ფონდი... ის ფუ-ფუნება კი არა, აუცილებელი საჭიროება იყო. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს, იცნობდნენ და, რაც მთავარია, მსოფლიოს მასშტაბით საინტერესო იყოს, კეთილი უნდა ვინებოთ და ლამაზი, სწორად დაპიარებული ღონისძიებები გავაკეთოთ, სადაც თუნდაც ახალ წელს შევიკრიბებით და ერთმანეთს მივულოცავთ, მოვისიყვარულებთ და წარმატებას ვუსურ-ვებთ. სხვათა შორის, მუდმივი ბრძოლისა და კრიტიკის ფონზე, რომ ეს ყველაფერი თურმე უაზრო ფულის ხარჯვაა, თბილისი გახდა ქალაქი, სადაც ახალი წლის შესახვედრად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ეს ახლაც ხდება, მაგრამ ეს ტრადიცია მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ჩვენ შემოვიღეთ ღია ცის ქვეშ კონცერტები და გართობა. მინდა, თბილისში ახალი წლის შესახვედრად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ. რა არის ამაში ცუდი?.. მინდა, ჩემი ქალაქი კულტურის, სიხარულის, თავისუფლების ცენტრი იყოს და ქვეყანაში ყოველთვის მხიარული ახალი წელი დგებოდეს.
- განსაკუთრებით დაუვიწყარი ახალი წელი გახსოვთ?
- რაღაც ულტრაორიგინალური ახალი წელი არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზად მახსენდება ის 31 დეკემბერი, როდესაც პირველად შევხვდი ახალ წელს თავისუფლების მოედანზე. ეს ჩემთვის მართლაც საოცარი იყო, რადგან მანამდე ამ დღესასწაულს ყოველთვის შინ ვხვდებოდი. იმ ღამეს, ჩემი ოჯახის პატივისცემის მიუხედავად, მეგობრებთან ერთად გავედი ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე. ძალიან ვისიამოვნე და გავერთე. მართლაც დაუვიწყარი იყო... ისე კი, თქვენ და თქვენს მკითხველსაც მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და გირჩიოთ, თუ მხიარულ გარემოსა და ხალხმრავლობაში ვხვდები ახალ წელს, მთელი წელი წარმატებული მაქვს. მართლა კარგად მაქვს დაცდილი...
- საახალწლო სამზადისზეც გკითხავთ...
- კარგი, ოღონდ მეუღლეს თუ ეხმარები სამზარეულოშიო, არ მკითხოთ და სხვა ყველაფერზე გიპასუხებთ...
- ვიცი, რომ ტრადიციული სუფრები, ყანწების „ტრიალი“ და გრძელი სადღეგრძელოები მაინცდამაინც არ გიყვართ...
- იცით, მეც წავიკითხე ასეთი რამ ჩემ თავზე და გაოცებული დავრჩი, ეტყობა, ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ასე დავეხასიათებინე. სინამდვილეში, ყანწებიც „მიტრიალებია“ , განსაკუთრებით დიდი „განსხვავებულებიც“ დამილევია და თამადაც ხშირად ვყოფილვარ, თანაც ქორწილებში. არ ვტრაბახობ, მაგრამ საკმაოდ კარგი მსმელი ვარ და თამადობაც მიყვარს, უბრალოდ, ვერ ვიტან პირფერობასა და მლიქვნელობას, სადღეგრძელოს წარმოთქმის დროსაც კი. სადღეგრძელოშიც კი ვცდილობ, რომ ამ ყველაფერს თავი ავარიდო და როდესაც სხვა პირფერობს, ამ დროს ჩემთვის სუფრა ამაზრზენი ხდება. შეიძლება, არც ისე კარგია, მაგრამ სუფრაზე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და ამით გამოვხატავ ქართული ტრადიციების მიმართ პატივისცემას. ამ პრინციპს ვიცავ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და მაშინაც, როდესაც ხელში ჭიქა მიჭირავს და თამადა ვარ, ნებისმიერ ადამიანს იმას ვეუბნები, რასაც მასზე ვფიქრობ და არასდროს ვეპირფერები...
- „ოცნების“ წევრს რომ ადღეგრძელებდეთ?..
- (იცინის) მერე რა?.. მასაც იმას ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ, თუნდაც იმიტომ, რომ მე საქართველოს „ოცნებად“ და „ნაციონალებად“ არ ვყოფ... „ქართულ ოცნებაშიც“ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და იმას ვიტყვი, რასაც მის ღირსებად და დამსახურებად მივიჩნევ. თუ მას ეს მხარეები არ გააჩნია, საერთოდ არაფერს ვიტყვი და ჩუმად შევსვამ სადღეგრძელოს, ჩემი ნება არ არის?.. მით უფრო, თუ თამადა ვარ...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“




















