21 დეკემბერი, 2013
როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი
გამიხარდა ძალიან, ეს რომ არ ყოფილიყო, თბილისში გაჩერება გამიჭირდებოდა. ალბათ, თვითონ დავიწყებდი რაღაცის კეთებას ვანიკო თარხნიშვილი, ცნობილი ქართველი პრომოუტერი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, ეს სიტყვა საქართველოში პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა, მაკა ასათიანის კომპანიის ორგანიზაციული საკითხებით იყო დაკავებული, პირველად სწორედ მან დაიწყო ე.წ. ''ივენთების'' ორგანიზება, ჟურნალისტებთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. თუმცა რატომღაც წლების წინ საქართველოდან გაუჩინარდა და მის შესახებ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში აფრიკაში ცხოვრობდა. გასულ წელს ვანიკო თბილისში დაბრუნდა, თუმცა პრესასთან ურთიერთობა
ძველებური სიხშირით აღარ მოინდომა. ვანიკოს კინო ''რუსთაველში'' გადაღებებზე შევხვდით, სადაც მას, არც მეტი, არც ნაკლები, ახალ ფილმში ''ჩემი ცოლის დაქალი კინოში'' იღებენ. მას აქვს პროდიუსერის როლი, რომელმაც, ''ქიციც იცის და ქიცმაცურიც''. მონატრებული რესპონდენტი დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია.

- ვანიკო, კინოში როგორ აღმოჩნდი? ქიციც იცი თურმე და ქიცმაცურიც.
- ოოო, ეს ძალიან მაგარი ამბავია. თავიდან რომ შემომთავაზეს ფილმში მონაწილეობა, ძალიან გამიკვირდა. არასდროს მქონია ასეთი გამოცდილება და საერთოდ გონზე არ ვიყავი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. იდეით კი დავმუღამდი, მაგრამ ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი. პროფესიონალიზმიც სწორედ ეს არის, გიორგი ლიფონავამ იმდენად კარგად იცის თავისი საქმე, რომ ერთ წუთში ამიხსნა, რა უნდოდა ჩემგან. ასეთი გამოწვევა, ინტერესი, მუღამი, ვნება სხვა კიდევ რა საქმიანობისადმი უნდა მქონდეს, არ ვიცი. გადაღებები თითქმის ყოველდღეა და თუკი რომელიმე დღეს ჩააგდებენ, დეფიციტი მაქვს. ახლა ჩემთვის ნომერი პირველი პრიორიტეტული საქმე ეს არის.
- როგორც ჩანს, ფილმში ხშირად გამოჩნდები, რადგან ასეთი ინტენსიური გადაღებები გაქვს.
- როლზე ძალიან ბევრს ვერ ვილაპარაკებ და არ მიწყინოთ. ეს ფილმის ავტორების პრეროგატივაა და მით უმეტეს, ეკრანებზე მალე გამოვა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მაქვს, პროდიუსერის.
- თავად ხარ ამ სერიალის მაყურებელი?
- საერთოდ, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ თუკი რაიმე მაქვს ნანახი ქართულ ტელესივრცეში, სწორედ ეს სერიალია (იღიმის). ძალიან პროფესიონალურად არის გაკეთებული. სანამ კინოში შემომთავაზებდნენ გადაღებას, მანამდეც დაინტერესებული ვიყავი ''ჩემი ცოლის დაქალებით'', რადგან ბიზნესი, სადაც მე ვარ ჩართული, გარკვეულწილად კინოს უკავშირდება. გვაქვს პორტალი, სადაც ფილმები იდება. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იქ წამყვან ადგილზეა, ყველა უყურებს. როცა ვნახე, როგორი გუნდი მუშაობს ამ პროექტზე, აღარც მიკვირს, რომ ასეთი პოპულარული და წარმატებულია.
- კამერის წინ არ გეხამუშა დადგომა?
- როცა რეჟისორი სწორ ინსტრუქციას გაძლევს, მთავარია, მიჰყვე.
- ტექსტების დამახსოვრებაც არ გაგიჭირდა?
- (იცინის) ტექსტების დამახსოვრებაზე გეტყვით, რომ იყო ერთი წინადადება, რომელზეც მაგრად ''გავჭედე''. მგონი, ჩემ გამო ათი დუბლი მაინც გადაიღეს. ახლაც რომ გავიხსენო, მაინც ვერ ვიტყვი ბოლომდე. რაღაც კარმა იყო, მგონი, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვეულებრივი ამბავია.
- მსახიობებს თუ იცნობდი, სანამ გადაღებებზე მიხვიდოდი?
- რამდენიმე ჩემი ახლობელი თამაშობს ამ სერიალში, მაგალითად, დათო დარჩია. მე და გიორგი პოპიაშვილი ვართ ახალბედები და ერთმანეთს ვეხმარებით.
- როგორ ფიქრობ, მსახიობობა შენია?
- ამ წუთში ამით ვცხოვრობ. ჩემი მეგობრები ძალიან მეხმარებიან. მაქსიმალურად მიდგანან გვერდში, მეუბნებიან, მიდი, ამიგო, კონცენტრაცია არ დაკარგოო. სამსახურში იშვიათად მიწევს მისვლა, ზოგ დღეებში საერთოდ ვერ მივდივარ, რადგან გადაღებებზე ვარ.
- ვანიკო, რამდენიმე წელი საერთოდ არ გამოჩენილხარ. ვიცი, რომ აფრიკაში ცხოვრობდი.
- ბიზნესის კუთხით ვიყავი წასული აფრიკაში, სადაც ძალიან საინტერესო ოთხი წელი გავატარე. მე ისეთ ქვეყანაში წავედი, რომელიც განვითარების თვალსაზრისით ბოლოდან მეორე თუ მესამე ადგილზეა - სიერა-ლეონეში. თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორია ველური ქვეყანა, ასე ვთქვათ, უმი, შეუძლია, იქ გაემგზავროს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოშლილია. ადრე აფრიკის დონისთვის საკმაოდ განვითარებული ქვეყანა იყო, მაგრამ სამოქალაქო ომმა ყველაფერი მოსპო. საერთოდ სხვა პლანეტაა და სხვანაირი ურთიერთობები, ხალხში შინაგანი კულტურა ბევრ ქვეყანაზე მაღალია. იქ ისეთ რაღაცას შეეჯახები, რასაც სხვაგან ვერსად ნახავ.
პირველად რომ ჩავედი, ვიფიქრე, აქ რა მინდა, რა სიგიჟეა-მეთქი, მაგრამ წუწუნი არ მჩვევია. იქ გახლდით ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებთან, მეგობრებთან ერთად. ვიფიქრე, ამაზე ბოლო ადგილი მსოფლიოში მეორე არ არის, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია-მეთქი. ეს პირველ ჩასვლაზე იყო და უკან ნევროზით დავბრუნდი. პირველ ჩასვლაზე ფულისთვისაც კი მეზიზღებოდა ხელის მოკიდება, იმდენად ბინძური ფულია და ვერაფერს ვყიდულობდი. როგორი ქაოსია, იცი? ქუჩაში რომ მიდიხარ, არის ხალხის ზღვა. მანქანით ვიყავი და გავაჩერე, მერე მითხრეს, არ გააჩერო და ნელა იარეო, ხალხი ნელ-ნელა იწეოდა და გეგონება, ზღვაში მიცურავდი. მეორე ჩასვლაზე ბევრი საინტერესო, ეგზოტიკური რამ დავიჭირე და ამ ქვეყნით მოვიწამლე. რამდენიმე წელი დავრჩი. ბოლო ორ წელს ახალ წელსაც იქ შევხვდი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას მეპატიჟებოდნენ. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეგზოტიკა. ეს ადგილი არ არის მოსაწყენი, რუტინული ცხოვრების მოყვარული ხალხისთვის.
- სახიფათო სიტუაციაში თუ ჩავარდნილხარ?
- ერთი-ორი ასეთი შემთხვევა იყო. ერთი განსაკუთრებით სახიფათო, ადგილობრივები მანქანით მომდევდნენ, აღარ გავიხსენებ დაწვრილებით ამ შემთხვევას (იცინის). იქ ხდება ასეთი რაღაცები.
- საქართველოს შესახებ რამე იცოდნენ?
- როგორ არა. ვისაც განათლება აქვს მიღებული, საკმაოდ კარგი დონე აქვს. თუკი ვინმეს განათლების მიღების საშუალება ჰქონდა, ან ამერიკაში მიდიოდა, ან ინგლისში. შესაბამისად, იცოდნენ საქართველოს შესახებაც და ბევრი სხვა რამ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმ დონეზეა გაუნათლებელი, რომ საკუთარი ქვეყნის სახელიც არ იცის.
- ანუ იყო კატეგორია, რომელმაც იცოდა, რომელი ქვეყნიდან იყავი.
- ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთმანეთის სამშობლოებზე რომ ლაპარაკობენ, ეს ჩემთვის ყველაზე მოსაბეზრებელია. რამდენი მეგობარი მყავს ლიბანიდან, დანიიდან, შვედეთიდან, მაგრამ ცხოვრებაში არ მიკითხავს მათთვის მათი ქვეყნების შესახებ. არასდროს მილაპარაკია, რა ხდება ჩვენთან. ეს ჩემთვის რუტინული საუბარია. თუკი ადამიანთან მეგობრობ, გაინტერესებს ტიპი და არა მისი ქვეყანა.
- ვანიკო, საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, სიტყვა პრომოუტერი პირველად შენთან მიმართებით და შენგან გავიგეთ. მაკა ასათიანთან ერთად ბევრი რამ გააკეთე, ცალკეც. საქართველოდან რატომ წახვედი?
- შვიდი წელიწადი ამ საქმით ვიყავი დაკავებული. კი არ მომბეზრდა, ვეღარ დავინახე განვითარების ტემპი. საერთოდ, 2000 წლების შუაში შოუბიზნესი ძალიან ჩაკვდა. ინტერესი დავკარგე. ვერ ვიტან სტაგნაციას. გადაწყვეტილი მქონდა, რომ არაფერს ვაკეთებდი, თუმცა მაინც მომიხდა ''ევროვიზიის'' ორგანიზება, როცა სოფო ხალვაში მიემგზავრებოდა ჰელსინკიში. იმ დროს ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა რეალურ ბიზნესში გადართვა და მკითხა, ვიყავი თუ არა აფრიკაში წამსვლელი. გადავწყვიტე, ''ევროვიზიიდან'' გამოვთიშულიყავი. გავემგზავრე აფრიკაში, მერე უკან ჩამოსვლამ მომიწია, რომ ჰელსინკიში დელეგაციასთან ერთად გავმგზავრებულიყავი. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს, რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ არაფრის საქმის კურსში არ ვიყავი და ლაპარაკი სხვა რაღაცებზე გადამქონდა (იღიმის), უკვე აფრიკაში ვიყავი ფიქრით.
თბილისში ორი-სამი დღით ჩამოვდიოდი ხოლმე, მეგობრების სანახავად. აფრიკაში ჩვენმა საქმიანობამ პიკს რომ მიაღწია, შარშან უკან დავბრუნდი და შემოვრჩი აქ. რომ დავბრუნდი, არ მინდოდა, ამის შესახებ ბევრ ხალხს სცოდნოდა. ადრე ჟურნალისტებთან ურთიერთობა ჩემი საქმიანობის ნაწილი იყო. ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა ინტერვიუზე ახლაც, მაგრამ პირველი ხარ, ვისაც ინტერვიუზე დავთანხმდი ამ წლინახევრის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ თუკი საზოგადოებრივ მოღვაწეობაში არ ხარ ჩართული, პრესაში არ უნდა გამოჩნდე.
- შოუბიზნესში არ აპირებ დაბრუნებას?
- არა მგონია, მაგრამ შესაძლოა, ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად დაუკავშირდეს ამ სფეროს. ახლა ამ სფეროსთან მხოლოდ ის კავშირი მაქვს, რომ ყოველ შაბათ-კვირას კლუბური ცხოვრებით ვარ დაკავებული. სხვათა შორის, საქართველოში ამ მხრივ უმაღლესი დონეა, ბევრად მაღალი, ვიდრე უამრავ ევროპულ ქვეყანაში. ეს იმის დამსახურებაა, რომ მსოფლიო დონის დიჯეები გვყავს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ვინც კი უცხოელი ჩამოდის, ყველა ამას ამბობს. ჩემი მეგობრები გაგიჟდნენ აქაურ კლუბურ ცხოვრებაზე. მუსიკა, რომელსაც აქ უკრავენ, განსაკუთრებულია. გამიხარდა ძალიან, ეს რომ არ ყოფილიყო, თბილისში გაჩერება გამიჭირდებოდა. ალბათ, თვითონ დავიწყებდი რაღაცის კეთებას.
- მაკა ასათიანი ვახსენეთ, გავიხსენოთ ის პერიოდი რამდენიმე სიტყვით.
- ''კოკა-კოლაში'' ძალიან სერიოზული თანამდებობა მქონდა. იმ პერიოდში მაკა ასათიანმა მასთან გადასვლა შემომთავაზა. მითხრა, რომ კომპანიის ჩამოყალიბებას აპირებდა. მომეწონა მისი მონდომება. უნიჭიერესი ადამიანია და აპირებდა ქართული ტანსაცმლის ბრენდის შექმნას, ამის ბიზნესად ქცევასაც გეგმავდა. ძალიან გაუჭირდათ ჩემი გადაწყვეტილების გაგება ძველ სამსახურში. ვერ მიხვდნენ, რატომ ვტოვებდი იმ პოზიციას. ჩემთვის კი ყოველთვის მნიშვნელოვანია რაღაცის შექმნაში მონაწილეობა. დაიწყო მუშაობა და აგორდა ძალიან მაგარი ამბები. შემიძლია ვთქვა, რომ მაკა ასათიანმა დიდი გარდატეხა მოახდინა საქართველოში. მე ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებდი. მაკას მეგობრები იყვნენ ჩართული, თეონა თავართქილაძე, იკა ბობოხიძე და სხვები. მგონია, რომ იმან, რაც მაშინ მოხდა, საქართველო ევროპასთან დააახლოვა. ხალხმა ცოტა შორს გაიხედა და გამოიხედა. დავიწყეთ ფეშენშოუების კეთება. გვქონდა ჩვენება პარიზშიც, ძალიან ბევრი შეთავაზება მიიღო მაშინ მაკამ. მერე ღონისძიებების კეთება დავიწყე, როგორც მაკა ასათიანის ეგიდით, ასევე ცალკეც. ყველანაირი ტიპის ''ფართებს'' ვაკეთებდი.
- ამ გადასახედიდან რაიმეს ნანობ?
- არასდროს არაფერს ვნანობ (იღიმის)!.. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS