20 დეკემბერი, 2013
დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ხატავს
ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. მოულოდნელად დაიღუპა. მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და დიაგნოზის დადგენიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა ინსტრუმენტიდან პალიტრასთან, ხან პირიქით ხდება. ფაქტია, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ასე, ერთი სფეროდან მეორეზე ინაცვლებს და დროდადრო კონცერტებს გამოფენებით ''ცვლის''...
პიანისტსა და კომპოზიტორ დინი ვირსალაძეს თბილისის საკონცერტო ორკესტრის მორიგ რეპეტიციამდე, დილით კაფეში ვხვდებით. ორკესტრი საგასტროლო სამზადისშია და აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ერთი საათი გვაქვს, ამიტომ მაშინვე მაგიდასთან ვსხდებით. მისი დილა აუცილებლად იწყება ჭიქა ყავითა და მცირე
ულუფით. ბავშვობიდან ამ რეჟიმშია, ჯანმრთელობისთვის კარგია და თან, შეეჩვია...

- ქალბატონო დინი, პროფესიით როცა მუშაობ, წლების მერე წარსულს რომ გადახედავ, შეიძლება იფიქრო, ''რომ არა ეს, მე ვიქნებოდი''... როგორ დაასრულებთ ამ ფრაზას?
- რთულია, თავი არამუსიკოსად წარმოვიდგინო, იმდენად ორგანულია მუსიკა ჩემთვის. ეს სპეციალობა არ არის, ჰაერივითაა. იმავდროულად ჩემთან ახლოსაა ფსიქოლოგობა, რომელიც რთული პროფესიაა. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ფსიქოლოგი. ხშირად მეგობრები რომ ვიკრიბებით ან
ერთი-ერთში ვსხედვართ, ვცდილობ, მოვუსმინო და მათ პრობლემები შევუმსუბუქო. მიუხედავად ამისა, ამ შეკითხვაზე პასუხი ჩემთვის მაინც ძალიან რთულია, რადგან მუსიკა ჩემთვის ყველაფერია.
- და თქვენთვის ვინ არის ის ადამიანი, ვინც გისმენთ?
- ჩემი და, მშობლები და რამდენიმე ახლო მეგობარი.
- ბავშვობიდან მშობლებთან გახსნილი იყავით?
- არა. საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ ზოგჯერ მაქვს მომენტები, როცა მათთან მთლიანად ვიხსნები.
- შეგიძლიათ უცხო ადამიანთან თქვენთვის მნიშვნელოვან ფაქტზე ან დეტალზე საუბარი?
- არა, საერთოდ ლაპარაკი ნაკლებად, უფრო მეტად მოსმენა მიყვარს. რა თქმა უნდა, არიან ახლობელი ადამიანები, რომელთაც ყველაფერს ვუყვები. უბრალოდ, როცა ვიმყოფები საზოგადოებაში და თვალს ვადევნებ ხალხის ქმედებებს, ვხედავ, როგორ ცდილობენ და მიისწრაფვიან დაასწრონ ერთმანეთს რამის თქმა ან წინ მიიწევენ. მე ყოველთვის ჩუმად ყოფნა მირჩევნია.
- როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი მეგობრებს შორის, რა შეიძლება ითქვას და რა - არა?
- ვფიქრობ, ყველაფრის თქმა არ არის საჭირო, არც ლამაზია, ყველა ადამიანს აქვს თავისი ინტიმური თემები. ადამიანს აქვს უფლება, რაღაც თქვას და რაღაც არ თქვას. ზოგს ამაზე პრეტენზია უჩნდება: ''როგორ, ეს მე არ უნდა მცოდნოდა?!'' ვერ ვხვდები რატომ. ეს უკვე ჩემი უფლებაა, რას ვიტყვი და რას არა. მე, მაგალითად, როცა ჩემს დას რამეს არ ვუყვები, მას ამაზე არავითარი პრეტენზია არ აქვს. ის შეკითხვებს არ მისვამს. ძალიან ვღიზიანდები, როცა ადამიანები, რომლებიც 20 წლის უნახავი გყავს, ქუჩაში გხვდებიან და პირად
თემებზე რაღაცების გარკვევას იწყებენ. როცა მეკითხებიან, ''შენს პირად ცხოვრებაში რამე ხდება?!'' ვიბნევი. ვერ ვეუბნები, შენ ეს უნდა იცოდე?! ვამბობ ისე, როგორც არის, ან მოკლედ, ''გმადლობთ, კარგად'', ან ''რა ვიცი, არაფერი ახალი''. მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები.
- იქნებ, პირდაპირ მიახალოთ, რომ მას არავინ ეკითხება...
- ჩემს სტილში არ არის, რომ ვინმეს რამე მივახალო, თუმცა მივიჩნევ, რომ ზოგი ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. ეს მხოლოდ ჩემთან დაკავშირებით კი არ ხდება, შეიძლება, ჩემს ახლო მეგობარზე რამე მკითხონ და მოითხოვენ პასუხს. შეიძლება, სხვაზე რომ მეკითხებიან, უფრო ვუთხრა, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ცოდნა და განხილვა მათი საქმე არ არის, მაგრამ ჩემზე ასე ვერ ვაკეთებ და ამის თქმა აქამდე ვერ ვისწავლე.
- თქვენ დაიბადეთ იმ ეპოქაში, როცა საბჭოთა კავშირში ჯაზი იკრძალებოდა...
- ჩემს დროს აღარ იკრძალებოდა, მაგრამ მამაჩემისა და ბიძის პერიოდში ასე იყო. ჯაზი მათ შემაყვარეს. ბიძაჩემი, კობა ჯიჯიხია, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ახალგაზრდობაში საქართველოს კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა. ის ძალიან მუსიკალური ადამიანი იყო და ჯაზის ფირფიტების საოცარი კოლექცია ჰქონდა. ხშირად ვიყავი ბებიასთან, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა და მან ბავშვობიდანვე მიმაჩვია კარგი მუსიკის მოსმენას. დედა მუსიკოსია, მამა - ექიმი, მაგრამ ისიც ძალიან მუსიკალური ადამიანია და კარგად უკრავს. უმცროსი და მყავს, კომპოზიტორია.
- სპორტი გიყვართ ძალიან...
- დიახ, მიყვარს და თავში პროფესიაზე რომ მკითხეთ, ეს უნდა მეთქვა. არ ვიცი, რამდენად გამოვიდოდა ჩემგან კარგი სპორტსმენი, მაგრამ სპორტული ვარ. ბალეტის შემდეგ ჩოგბურთზე დავდიოდი, ძალიან მომწონდა, მაგრამ მაჯის დამძიმება ვიგრძენი, რაც დაკვრაში ხელს მიშლიდა. შემდეგ იყო ცურვა, რომელიც ჩემთვის ისეთივე ჰაერია, როგორიც მუსიკა და ძალიან მჭირდება.
- რა რეჟიმით ცურავთ, თან თითქმის ყოველთვის გაქვთ კარგი რუჯი...
- სამწუხაროდ, სისტემური რეჟიმი არ მაქვს. ზოგჯერ თვეში ერთხელ ვახერხებ ცურვას, ხან აუზზე რამდენიმე დღე ზედიზედ მივდივარ. ზოგჯერ ორთვიანი პაუზაც მაქვს ხოლმე, მაგრამ ზაფხულში უფრო ინტენსიურად ვცდილობ ცურვით დაკავებას. როცა უნდა მივიდე აუზზე, ცურვის შემდეგ სულ ვამბობ, რა კარგია, ნეტავ შემეძლოს და ყოველდღიურ რეჟიმში ვცურავდე-მეთქი.
- ცურვა ვინ გასწავლათ?
- მამამ. დასასვენებლად ბიჭვინთასა და გაგრაში დავდიოდით. მამამ ბავშვობაში გაგრაში მასწავლა ცურვა. წყალიც ძალიან ორგანულია ჩემთვის.
- თქვენი ზოდიაქოს ნიშანი რა არის?
- ქალწული, სექტემბრის დასაწყისში ვარ დაბადებული, მაგრამ წყალი საოცრად მიყვარს. ჩანს, არ არის აუცილებელი, წყლის სტიქია იყო (იღიმის). თხილამურებზე სრიალიც ძალიან მიყვარს, მაგრამ პირველი ჩემთვის მაინც ცურვაა.
- თქვენი პირველი შეხება ინსტრუმენტთან...
- საკმაოდ პატარა, 3-4 წლის ვიქნებოდი და ეს დედის წყალობით მოხდა. არ მახსოვს, როდის წამიყვანა პირველად კლასიკური მუსიკის კონცერტზე, მაგრამ ღრმა ბავშვობიდან ეს ჩემთვის აუცილებელი და ჩვეულებრივი ფაქტი იყო. ზოგი კონცერტი, ალბათ, პატარა ბავშვისთვის დამღლელიცაა, მაგრამ მე მორჩილად ვისმენდი, რადგან მსიამოვნებდა და ამას მშობლებმა თავიდანვე მიმაჩვიეს.
- არ ვიცოდი თქვენი ხატვით გატაცების შესახებ. ეს როდიდან?
- კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ხატვის სურვილი და მოთხოვნილება გამიჩნდა. აკვარელით ხატვა დავიწყე, მერე პასტელიც ვცადე და ახლა შერეული ტექნიკით ვხატავ. ნახატებში ხშირად მაქვს გამოყენებული ქალის პარფიუმერია: ჩრდილები, ''რუმიანა'', ტუჩსაცხი. ერთხელ აგარაკზე ყოფნისას ვხატავდი, თეთრი ფერი არ მქონდა და კბილის პასტა გამოვიყენე. სხვათა შორის, მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა და ისევ ისეა, არ დაზიანებულა. დღემდე 12 პერსონალური გამოფენა მქონდა.
- მინდა გკითხოთ პირადზეც, და მხოლოდ იმ დოზით, როგორც თქვენ შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ, პასუხი გამცეთ. 19 წლის გათხოვდით, მეუღლე, ჯარჯი მაღალაშვილი, კომპოზიტორი იყო...
- დიახ. ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. მოულოდნელად დაიღუპა. მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და დიაგნოზის დადგენიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ამით ამოვწუროთ.
- კი ბატონო, მხოლოდ იმას გკითხავთ, ერთი სფერო გქონდათ და ალბათ, ბევრიც საერთო...
- დიახ, მუსიკის გარდა ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა. ხასიათითაც ვგავდით. ორივეს ძალიან გვიყვარდა ბანქოს თამაში, მეგობრები სათამაშოდ ხან ჩვენთან ვიკრიბებოდით, ხან მის მეგობრებთან. ბევრ საერთოსთან ერთად, ასევე ბევრი განსხვავებული თვისება გვქონდა, მაგრამ ალბათ სწორედ ეს არის პლუსისა და მინუსის მიზიდულობა (იღიმის). და, რა თქმა უნდა, უდიდესი გრძნობა გვქონდა. 22 წელი ერთად ვიყავით. ის იყო უდიდესი მეგობარი, პირველ რიგში, მას ვუზიარებდი ჩემს მუსიკას, ნახატებს ვაჩვენებდი. დიდი სტიმული მქონდა მისგან, როგორც ქალსა და როგორც შემოქმედს. ძალიან რთულია, ასეთი ნიჭიერი და ყველა მხრივ საინტერესო ადამიანის შემდეგ მარტო დარჩენა. უდიდესი დანაკარგია, მაგრამ ეს არის ცხოვრება, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ შეცვლი. უძლური ხარ, ეს ასეა და მორჩა.

Rating

- გაქვთ პერიოდი, როცა საერთოდ არ ეკარებით ინსტრუმენტს, ან არ გინდათ ხატვა?
- მუსიკის შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, არაფერი მინდოდა, მაგრამ შეგნებულად მალე გავედი სამსახურში. ვითომ კარგად ხარ, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავსა და ტკივილს ებრძვი. თან არ მიყვარს, როცა ვიღაცამ იცის, რომ ცუდად ვარ. იმ დროს ჩემი ორკესტრის ხელმძღვანელმა გივი გაჩეჩილაძემ მითხრა, რომ ამ საშინელი ამბის მიუხედავად, მაინც უნდა გამეგრძელებინა მუშაობა: ახალგაზრდა, კარგი მუსიკოსი ხარ, საჭირო ჩვენთვისო. მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, თუმცა ამან არ გადამაწყვეტინა სამუშაოდ გასვლა, მე ისედაც მომართული ვიყავი საამისოდ და შეგნებულად მქონდა ეს გაცნობიერებული. შემოქმედება არ უნდა დამევიწყებინა. რთული იყო, რას და როგორ ვუკრავდი, არ ვიცოდი, მაგრამ სპეციალობაც ასეთი მაქვს და ცხოვრებაც ისეთია, რომ არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.
რაც შეეხება ხატვას, ძალიან დიდი პაუზები მაქვს. მხატვარი არ ვარ, დროც არ მრჩება იმისათვის, რომ სისტემატურად ვხატო. არის პერიოდები, რომ ბევრს ვხატავ და მერე გამოფენას ვაწყობ. ახალი გამოფენა მაძლევს სტიმულს, მალევე მეორე გავმართო, მაგრამ მერე ეს მავიწყდება და დიდი პაუზა მოსდევს. ჯარჯის გარდაცვალებიდან ძალიან მალე მქონდა ახალი გამოფენა. 40 დღე რომ გავიდა, 25-მდე ნამუშევარი გამოვფინე და მას მივუძღვენი. ესეც ჩემი ემოციის ერთ-ერთი გამოხატულება იყო.

Rating

- ბუნებრივია, კონცერტისა და გამოფენის წინ ღელავთ, მაგრამ განსხვავდება ეს ემოციები ერთმანეთისგან? სად უფრო თავისუფალი ხართ?
- რასაკვირველია, განსხვავდება. მუსიკაში უფრო თავისუფალი ვარ. რაც შეეხება ხატვას, არ ვფიქრობ გამოფენებზე, უბრალოდ, ასე მოხდა და ძალიან მსიამოვნებს, როცა გამოფენის გამართვას მთავაზობენ. ძალიან მახარებს ეს პროცესი.
- ვინ მოგცათ ბიძგი, რომ ნამუშევრები საჯაროდ გამოგეფინათ?
- ჩემმა მეგობარმა მხატვარმა გოგა მაღლაკელიძემ მირჩია. მას ჩემს ნახატებს ვაჩვენებდი და მეუბნებოდა, ხატვა არ შემეწყვიტა. გადამიწყობდა რამდენიმეს გვერდით, რომელსაც უკეთესებად მიიჩნევდა და რაც არ მოსწონდა, მირჩევდა, ისინი არ გამომეფინა. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა და თან მის გემოვნებას ძალიან ვენდობი. გია ბუღაძემაც მირჩია გამოფენის მოწყობა. პირველად ჩემი ნამუშევრები ჯგუფურ გამოფენაზე გავიტანე, სადაც მონაწილეობას ძირითადად პროფესიონალი მხატვრები იღებდნენ და რამდენიმე თვითნასწავლს შორის ჟანრი ლოლაშვილი, ოთარ კობერიძე და მე ვიყავით... აქედან წამოვიდა სტიმული და რამდენიმე წლის შემდეგ პირველი პერსონალური გამოფენა ''ქარვასლაში'' გავაკეთე. ამის შემდეგ კიდევ 11 გამოფენა მქონდა.
- წლებია, საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში დადიხართ. თქვენთვის ყველაზე ახლო რომელი ქვეყანაა?
- რთულია თქმა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს მისთვის დამახასიათებელი სილამაზე, მხოლოდ მისეული რაიმე ნიშანი...
- ოდრი ჰეპბერნის გმირის, პრინცესა ანას ფრაზები გამახსენდა, ''რომაული არდადეგებიდან'': ''ყველა ქალაქს თავის ხიბლი აქვს''...
- (იღიმის) და ბოლოს რომ ამბობს, ''რომი, რა თქმა უნდა, რომი''... არა, მართლა ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს და ამიტომ ვერ გამოვარჩევ. პარიზს თავისი ხიბლი აქვს, ლონდონს თავისი და ქუჩაში რომ დავდივარ, სულ მინდა, მე რასაც ვხედავ და ვათვალიერებ, იმ დროს ჩემი ახლობლები ჩემ გვერდით იყვნენ. ასე რომ, არც ამაზე მაქვს პასუხი და არც იმაზე, როცა საყვარელი კომპოზიტორის დასახელებას მთხოვენ. მრავალფეროვნება მიყვარს და ამიტომ დაკონკრეტება და ჩარჩოში მოქცევა არ შემიძლია...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იზი
მგონი ფსიქოლოგობაც ძალიან მაგრა გამოუვა, როგორც ყველაფერი რასაც ეხება.
06:45 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
ყოჩაღ დინი კარგი ნახატებია:))
10:48 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS