- დედობა მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა... 24 წლის ვიყავი დედა რომ გავხდი, ანუ არც ისე პატარა. თუმცა ამ გადასახედიდან პატარა ვიყავი. ძალიან სერიოზულად აღვიქვამდი ყველაფერს, დიდი მოლოდინი მქონდა და მთელმა ორსულობამ არანორმალურ რეჟიმში ჩაიარა. მეტისმეტად ყურადღებიანი და ემოციური ვიყავი. პირველი კვირიდან ცხრა თვემდე სულ ექიმებში დავდიოდი, ყველანაირ ანალიზს ვიკეთებდი და
ნიკუშა რომ გაჩნდა, დედაჩემმა დაიძახა, რა ლამაზი ცხვირ-პირი აქვსო... მე მხოლოდ ის ვიკითხე, ბავშვი ხომ ჯანმრთელია-მეთქი და რომ მითხრეს კიო, ვთქვი გაიყვანეთ, სხვა აღარაფერი მაინტერესებს-თქო... სამი დღე სიარულიც კი მიჭირდა, ისე ცუდად ვიყავი. იმ დროს კლინიკაში სულ სამი ბავშვი იყო და მხოლოდ ჩემს შვილს ჰქონდა დღე და ღამე არეული. მთელი ღამე ეღვიძა და მთელი დღე ეძინა. ღამე რომ მესმოდა ბავშვი რომ მოჰყავდათ, ვიცოდი რომ ჩემი შვილი იყო, თვალებს ვხუჭავდი და უი, დედას ძინავსო, ისევ უკან მიყავდათ...
დაბადებიდან ექვს თვეში მოვნათლეთ. ნიკოლოზი ქვია და გვსურდა, ნიკოლოზობას მოგვენათლა. 9 ნათლია ჰყავს - ნიკა ლომიძე (ნიკუშას მოსახელე და მოგვარე), გვანცა კილასონია, ნატო დუმბაძე, სოსო ჯავახიშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო კერესელიძე, თამუნა გომართელი, ნინო კოკილაშვილი... ბავშვის ნათლობის დღეს კურიოზი შემემთხვა: ეკლესიაში ვერ მივედი, რადგან თმის და მაკიაჟის გასაკეთებლად ვიყავი სალონში. რესტორანშიც კი მესამე სადღეგრძელო იყო, მე რომ მივედი. არადა დიდი ნათლობა გვქონდა... მასშტაბურ ღონისძიებაზე კარგა ხანი აღარ ვიყავი ნამყოფი, ახალნამშობიარევი ვიდრე ფორმაში ჩავდგებოდი. ამიტომაც ძალიან მოვინდომე გაპრანჭვა და შვილის ნათლობამ ლამის უჩემოდ ჩაიარა.
- შემდეგ ისე მოხდა რომ ფაქტიურად მარტომ გაზარდეთ შვილი, თქვენს საქმეში წარმატებული ხართ, მუდმივად ფორმაში ხართ... ამდენს როგორ ასწრებთ?
- ძალიან რთული მისია მაქვს, მაგრამ სასიამოვნო. მარტო ვზრდი შვილს, მარტო ვუმკლავდები ოჯახს და ყველაფერს მე ვაკეთებ. ქალიც ვარ და კაციც... ზედმეტად ყურადღებიანი დედა ვარ, რაც ნიკუშას აწუხებს. 15 წლის არის და ყოველ წუთას –დე, სად ხარ, დე, რა ჭამე, რა გაცვია – უკვე აღიზიანებს. ამიტომაც ვცდილობ, შევფუთო და რომ ვურეკავ, ვეკითხები, გარეთ როგორი ამინდია-მეთქი... მიზეზებს ვეძებ დასარეკად, ოღონდაც მისი ხმა გავიგნო კარგად რომ არის. რასაკვირველია, ხვდება და დამცინის, საინტერესოა, შემდეგ დარეკვაზე რა მიზეზს გამონახავო...
ბიჭის გაზრდა მარტივი არ არის და მეც ვხვდები რომ ზედმეტი ყურადღებით ვაწუხებ... ერთი მყავს და ქვეყანას მირჩევნია. მისით ვსუნთქავ და ვარსებობ! დედა-შვილური დამოკიდებულება არ გვაქვს, რადგან ძალიან ვმეგობრობთ. ერთად გავდივართ ფონს, ერთად გაგვაქვს ცხოვრება. ნიკუშას ადრიდან აქვს დამოუკიდებლობის შეგრძნება, იცის რომ ერთადერთი მამაკაცია სახლში. ამიტომაც ძალიან მეგობრული დამოკიდებულება და ჩვენი ტრადიციები გვაქვს: კვირაში ერთხელ კინოში და პიცერიაში დავდივართ... თავის საიდუმლოებები ექნება და არც ვთხოვ, ყველაფერი მომიყვეს. პირად ცხოვრებაზე არასოდეს არ ვეკითხები. თუ ჩათვლის საჭიროდ, მეტყვის, მაგრამ დიდად მოლაპარაკე არ არის, ღირსეული ბიჭია...
განაგრძეთ კითხვა: