- ბატონო კახა, ძალიან პოპულარული ხართ, თქვენს ვიდეოებს სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში ვხედავთ...
- ჰო, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციით. ამ
- რა პროფესიის ხართ?
- კინორეჟისორი გახლავართ. ერთი ფილმიც მაქვს გადაღებული ''კიბე'', რომელიც არის გოგონას სიზმარზე, სიურრეალისტული სტილია. გია ლეჟავა, ზურა შარია თამაშობენ ამ ფილმში, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ზურა, ზედმეტად ანცობდა, ხშირად გვიშლიდა გადაღებას. ასევე მაქვს გადაღებული ფილმი ''არავინ'', რომელშიც ნანუკა ხუსკივაძე თამაშობს. იმ პერიოდში ''მეორე არხზე'' ვმუშაობდი სერგი გვარჯალაძესთან ერთად. მიმყავდა საავტორო გადაცემა ''მედიტაციები ჩარჩოს გარეშე''.
- როგორ მოხვდით კინორეჟისორი მუსიკაში?
- ეს დედაჩემის დამსახურებაა. ნახა ჩემი მონაცემები და მონდომება და მიმიყვანა ვოკალის პედაგოგთან. თავიდან კლასიკის განხრით ვემზადებოდი. 18 წლის ასაკში პაატა ბურჭულაძემ მომისმინა და თქვა, ასეთი ხმა პლასიდო დომინგოსაც კი არ აქვს, მაგრამ დამუშავება სჭირდებაო. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსში ლენინგრადში, ოდესაში. პაატა ბურჭულაძის სახელობის პრიზიც მაქვს მოპოვებული. ჩემი პედაგოგი გახლდათ ჯონი სალარიძე, რომელიც ასევე ასწავლიდა პაატას, თამარ ივერს, გია გაგნიძეს... მქონდა მოწვევა ლასკალადან მასტერკლასზე. რიკარდო მუტი და ლუჩანო პავაროტი აწერდნენ ხელს ამ მოწვევას. კულტურის სამინისტრო ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ ფინანსები ვერ მოვიძიე, რომ წავსულიყავი. შემდეგ ''იბერვიზიაზე'' დავიწყე გადაცემის მომზადება ჯაზზე. იმ პერიოდიდან მივატოვე კლასიკა და დავიწყე ჯაზის შესრულება. მე ვმღერი ჯაზს, რომელსაც ინსტრუმენტი არ სჭირდება.
- რატომ ხდება შემდეგ თქვენი შესრულება ქილიკის საბაბი?
- რა გითხრათ, ანტირეკლამაც ხომ რეკლამაა. მე მგონია, რომ საქართველოში ჯაზი არ ესმით. ''ქართული ოცნების'' კულტურის ჯგუფის წევრი ვიყავი. თავიდან ამ ამპლუაში მიმიწვიეს ''ობიექტივში''. იქ არ არის ისეთი აპარატურა, მიკროფონი, როგორიც ფილარმონიაში დგას. იქ სულ რომ სირინოზის ხმა ამომეშვა, მაინც არ იქნებოდა სრულყოფილი. წინასწარ გავაფრთხილე კიდეც გადაცემის წამყვანები... მსახიობიც ვარ, ვითამაშე ფილმში ''მოუშვით ონკანები''. ლევან უჩანეიშვილი ჩემი მეგობარია, სულ ვეხვეწები, რაიმე საინტერესო თუ გამოჩნდება, სიამოვნებით წავალ იქ. მე ვარ მომღერალი, რომელიც თან ცეკვავს... ერთი წლის განმავლობაში მარიონეტების თეატრიდან ამერიკაში გვქონდა გასტროლი, იქ ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შემძინა.
- ლექსებსაც წერთ ცოტა უცნაურს...
- ''როცა დაჰბერავს ჯაზურად წვიმა,
ყველაფრის კეთება გიჟურად მინდა.
ქუჩაში ვცეკვავ, მთვარეზე მძინავს,
შენს სახეს ვხედავ პიკასოს შტრიხად.
ვზივარ ნაპირთან, ვკენჭაობ ზღვასთან,
იმდენი ფარსია ჩვენ ირგვლივ ახლა,
შეუნდოთ მაგათ უფალმა ღმერთმა''. პატარა გოგონას ვემეგობრებოდი ბათუმში და ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. იქ, შავი ზღვის სანაპიროზე დავწერე ეს ლექსი.
- ის გოგონა თქვენზე რამდენი წლით უმცროსი იყო?
- დაახლოებით 20 წლით. თვითონ მოსწონდა ჩემთან მეგობრობა, ჩემი ფანი იყო. მისი მეგობრობა ბოროტად ნამდვილად არ გამომიყენებია. ჩემს ფანებში პატარა ასაკის გოგონები ჭარბობენ. ბავშვებს ვუყვარვარ. ეს ალბათ ჩემი ხასიათის ბრალია. სახლშიც მეუბნებიან, რომ დიდი პატარა ბავშვი ვარ. ჩემი მამაოც იმავეს მეუბნება. ოდესმე თუ ფეხზე დავდგები და ნორმალური შემოსავალი მექნება, მინდა გავაკეთო ფონდი, რომელიც უპატრონი ბავშვებს, მოხუცებს დაეხმარება. დავით სარაჯიშვილი ჩემი დიდი ბაბუა იყო და ქველმოქმედების სურვილი ალბათ მისგან მომდევს.
- თქვენ ხართ მსახიობ ნანული სარაჯიშვილის დისშვილი. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
- ნეიტრალური. ნანული მიიჩნევს, რომ საქმეს უფრო სერიოზულად უნდა მივუდგე. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში სერიოზული არც შოუა და არც ბიზნესი. ნანული მიიჩნევს, რომ ჩემგან თემურ ჭყონია ან გოგო თოფაძე უნდა გამოსულიყო. მე არ ვეთანხმები.
- ქალბატონი ნანული თავადაც ხომ მსახიობია, რატომ ვერ გაგიგოთ?
- რა გითხრათ, იყო პატარ-პატარა კონფლიქტები. დიდი ხანია, ერთმანეთთან კონტაქტი გავწყვიტეთ. ცოტა მძიმე ხასიათის გახლავთ, დედაჩემისგან განსხვავებით. დედა ''გეპეის'' ჯაზში უკრავდა და მიიჩნევდა, რომ ყველანაირი ექსპერიმენტი გამართლებულია. ამაში ვგავარ დედას... მოკლედ, აქ ჩემი ადგილი არ არის, საქართველოში ჩემი არ ესმით. ამერიკაში მინდა წასვლა.
იხილეთ კახა სარაჯიშვილის სიმღერა ინაუგურაციაზე
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















