- მოდელის კარიერა როგორ დაიწყეთ?
- ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხი "მარიონელაში" ავიდგი.
სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში მოდელობაზე არ ვოცნებობდი, თუმცა საოცრად მინდოდა მსახიობობა და ბროდვეის სცენაზე დგომა.
- ანუ თქვენი "ამერიკული ოცნება" ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება. ნიუ-იორკში როგორ წახვედით და რამდენად რთული აღმოჩნდა სამოდელო კარიერის იქ გაგრძელება?
-კი, ჩემი ოცნება ავიხდინე და ვიზით წავედი ქვეყანაში, სადაც უსაზღვრო, შესაძლებლობებია. იქ, სადაც სასწაულები ხდება. მალევე ერთ-ერთი კონკურსის, couture fashion week-ის შესახებ გავიგე და მონაცემები გავაგზავნე. სიმართლე გითხრათ, იმდენად არ მოველოდი, რომ დამიკავშირდებოდნენ, მიმავიწყდა კიდეც, თუმცა დამირეკეს და შეხვედრა დამინიშნეს. ასე აღმოვჩნდი NEW YORK FASHION WEEK-ზე, სადაც მონაწილეობა თითქმის ყველა ჩვენებაში მივიღე. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. შემდეგ მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა ფოტოგრაფებისა და დიზაინერებისგან. ვთანამშრომლობდი MANHATTAN PORTAGE-სთან, SOMEMOMENT-თან და MR. WEEKEND-თან. გასულ ზაფხულს PIERRE CARDIN-ის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მუზეუმში მოეწყო.
- როგორ ფიქრობთ, ქართული სამოდელო ბიზნესი, რით განსხვავდება ამერიკულისგან?
-საქართველოში სამი წელია არ ვყოფილვარ,მაგრამ რასაც აქედან ვხედავ,ქართველმა დიზაინერებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს და ვიმედოვნებ მსოფლიო მოდის სამყაროში სათანადო ადგილს დავიკავებთ.
მაინც მგონია, რომ ქართველები უფრო მეტ დროს იმაზე ფიქრს ვუთმობთ, თუ რას იფიქრებს სხვა ჩვენს ჩაცმულობაზე, ეს ზღუდავს დიზაინერის ფანტაზიას. ჩემი აზრით, ქართულ მოდას მეტი სიგიჟე აკლია. რა თქმა უნდა, გვყავს კარგი დიზაინერებიც, მათ შორის, თამუნა ინგოროყვა.
- თქვენ როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემი აზრით, რაც უფრო შერწყმულია ხელოვნება და ბუნებრივობა, მით უფრო მომხიბვლელი და ფასეულია ქმნილება, თუ ტანისამოსი ზედმეტად ხელოვნურად გამოიყურება, ის ჩემთვის არაა საინტერესო.
- ახლა ვისთან თანამშრომლობთ და რას გეგმავთ სამომავლოდ?
- PROJECT RUNWAYS CASTING DIRECTION-ის მოდელი ვარ. ესაა ამერიკული სატელევიზიო შოუ, სადაც დიზაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ჯერჯერობით საკუთარ თავს ამერიკულ სამოდელო სამყაროში ვგეგმავ...
- რა არის თქვენი კრედო? როგორც მოდელი, რაზე ოცნებობ?
- ინდივიდუალურობა. როგორც მოდელს რაიმე განსაკუთრებული ოცნება არ მაქვს, არ მინდა ოცნების კოშკები ავაგო, მერე რომ ჩამოინგრეს, ნანგრევებში თავადვე აღმოვჩნდები. ჩემი მიზანია, ვიყო უბრალოდ რეალიზებული ქალი.
- გარდა მოდელობისა, რითი ხართ დაკავებული?
- ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში ფსიქოლოგიას ვსწავლობ. ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და მომწონდა ეს სფერო. ამას გარდა, მანჰეტენის სკოლაში შევისწავლე კომპიუტერული ტექნოლოგიები. მოკლედ, სამომავლოდ რა გზას გავაგრძელებ არ ვიცი.
მემი მემორი


