16 დეკემბერი, 2013
50-80-იანი წლების სამოსი ისევ აქტუალურია
წელს ამ თვალსაზრისით შერწყმულია 50-80-იანი წლების ტენდენციები დახრილი მხრები, ე.წ. ''ოვერსაიზები'', ანუ თავისუფალი ზედები, სამხედრო სტილის ყელიანი ფეხსაცმელები და ზოგადად, დაპრინტული ქსოვილისგან შეკერილი სამოსი წლევანდელი მოდის ყველაზე აქტუალური დეტალებია, რომელთა შესახებ დიზაინერმა ლელა ელოშვილმა ჩვენთან ისაუბრა...

- რა ხდება ახალი შემოქმედებაში? თუ მუშაობთ ახალ კოლექციაზე?
- თბილისში გავხსენი მაღაზია ''ინფორმალი'', სადაც იყიდება ჩემი და სხვა დიზაინერების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ასევე დავიწყე ინტერიერის აქსესუარების - ბალიშების, სუფრების, ფარდებისა და სხვა ნივთების შექმნა. ვმუშაობ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის
კოლექციაზე, რომელსაც თბილისის მოდის კვირეულზე წარვადგენ. კოლექციაში გამოვიყენებ ლურჯ, შავ, კრემისფერ და ნაცრისფერ ქსოვილს, რომელზედაც დაპრინტული იქნება 20-იანი წლების მხატვრის, კუბოფუტურიზმის მიმდევრის, Lლუბოვ პოპოვას გრაფიკული ნახატები.
- რომელი წლების გავლენა ახდენს ზემოქმედებას 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციებზე?
- 1950-იანი წლების.
- რაც შეეხება ზოგადად სილუეტს, როგორი სილუეტის სამოსის ტარებას გვირჩევთ?
- კაბა უნდა იყოს წელზე დაფიქსირებული, პალტო და ქურთუკი - თავისუფალი, ასევე წელს მოდურია ე.წ. რეგლანი.
- რამდენად მოდურია ზამთარში ჭრელი სამოსი?
- ჭრელი სამოსი ადამიანმა შეიძლება ჩაიცვას ნებისმიერ სეზონზე – გააჩნია განწყობას, ეს მთლიანად ხასიათზეა დამოკიდებული.
- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?
- შავი, ''ელექტრიკი" ლურჯი და ასევე პრინტიანი ქსოვილი.
- გარდა სქელი ნაქსოვისა, კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- შალის ტანსაცმელი და ასევე სქელი, ე.წ. ''ტვიდის" ქსოვილისგან შეკერილი სამოსი მართლაც მოდურია.
- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?
- წელს ამ თვალსაზრისით შერწყმულია 50-80-იანი წლების ტენდენციები, შესაბამისად, კაბა ფიქსირდება წელზე და სიგრძე - შუა წვივზე.
- შარვლის ტოტის საკითხი როგორ დგას ამ სეზონზე? შედარებით ფართოტოტიანი შარვლები ხომ არ ხდება აქტუალური?
- კი, შარვლის ტოტი თავისუფალი უნდა იყოს.
- ბეწვი და ტყავი წელსაც ინარჩუნებს აქტუალობას?
- დიახ, ტყავი და ბეწვი კვლავ აქტუალურია.
- როგორი ზედატანის ჩაცმას გვირჩევთ?
- ორი ტიპის სამოსს შემოგთავაზებდით: ტანზე მომდგარი, რომელსაც მაღალწელიან შარვალთან ან ქვედაბოლოსთან ჩაიცვამთ; და ასევე ფართო ბლუზებს, ე.წ. ''ოვერსაიზებს".
- მაღალი მხრები ინარჩუნებს აქტუალობას?
- მაღალი მხრები არ არის აქტუალური, პირიქით, დახრილი მხრებია მოდაში.
- დასასრულ, გვითხარით, ქართველი ხალხი რამდენად უწყობს ფეხს მსოფლიო მოდის ტენდენციებს.
- ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ გემოვნებიანი ხალხი ვართ, თუმცა ახლის მიღება ძალიან გვიჭირს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS