ტიციან ტაბიძის შთამომავალია, კერძოდ, პოეტის ერთადერთი ქალიშვილის ნიტას ვაჟი. მამამისი, ალექსი ანდრიაძე, კარდიოლოგი გახლდათ და თავადაც მისი პროფესია აირჩია. პოეტის ქალიშვილი 2007 წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან სიცოცხლის ბოლო წლები იმ ბინაში გაატარა, სადაც ფეხი აიდგა... მის ვაჟს, გივი ანდრიაძეს, სწორედ იმავე ადგილას, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციანის ბინა-მუზეუმში შევხვდით. აქ პოეტი, მისი მეუღლე ნინო მაყაშვილი და ქალიშვილი ნიტა 1921-დან 1937 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ. ტიციანი ბევრი სხვასავით ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, მათ ბინაში სხვებიც შეუსახლეს, თუმცა 1957 წელს, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1985 წლიდან პოეტის ბინაში მუზეუმი გაიხსნა და კედლებმა, ნიტა ტაბიძის მითითებით, ძველებური იერი დაიბრუნა. გარშემო პოეტის უამრავი ნივთი და არაერთი ფოტო გაბრუნებს წარსულში. მათ შორის: ავეჯი, ცისფერი ყანწი, კალამი, სამელნე, ჩიბუხი, ჭიქები. იქვეა პიეროსა და კოლომბინას ფიგურები, რომელიც პაოლო იაშვილმა ტიციანსა და მის მეუღლეს ქორწილის დღეს აჩუქა. ამავე ოთახში ინახება ის საათი, რომელიც ტიციანის დაკავების ღამეს 3 საათზე გაჩერდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია...
ქართველი სიმბოლისტი პოეტისა და `ცისფერყანწელთა~ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლის ბინის მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ `ცისფერყანწელები~ და სხვა ცნობილი პოეტები: ბორის პასტერნაკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ვლადიმერ მაიაკოვსკი... კედლებზე კი ტიციანის პორტრეტები და ფოტოებია გამოფენილი. საოჯახო ალბომის დათვალიერების შემდეგ პოეტის შვილიშვილი საკუთარ თავზე, ოჯახსა და წინაპრებზე გვესაუბრება...
გივი ანდრიაძე:
- 1966 წელს სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ასპირანტურა მოსკოვში გავიარე და 1969 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ცნობილი კარდიოლოგის, აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის ხელმძღვანელობით. 10 ივნისს ის 85 წლის გახდება და ამ იუბილეზე დაპატიჟებული ვარ.
თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, შემდეგ ისევ ჩაზოვთან გავემგზავრე. 1989 წელს დავასრულე სადოქტორო დისერტაცია და მოსკოვში კარდიოლოგიის ცენტრში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გავხდი. წლების განმავლობაში თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი. ბოლოს დავაარსე კარდიორეანიმაციული ცენტრი და დღემდე მისი დირექტორი ვარ.
ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ფარიკაობის სექციაზე ანატოლი ფიოდოროვთან ვვარჯიშობდი. თავიდანვე მიმართლებდა, ჯერ ქალაქის პირველობა მოვიგე, შემდეგ 12-14 წლის მოფარიკავეთა შორის საქართველოს ჩემ
პიონი გავხდი... ამას მოსკოვში `სპარტაკის~ პირველობაზე პირველი ადგილი მოჰყვა. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს ტრიფონ (ბიჭიკო) მესხთან ვვარჯიშობდი და 1961 წელს საბჭოთა კავშირის პირველობა მოვიპოვე. 1962 წელს 19 წლის ასაკში მეორედ გავიმარჯვე საბჭოთა კავშირის პირველობაზე და ეგვიპტეში გავემგზავრე. იქ ბრძოლა ფრანგ მოფარიკავე კურტილიასთან წავაგე, რომელიც მარცხენა ხელით ფარიკაობდა. 20 წლის ასაკში მესამედ მოვიპოვე საბჭოთა კავშირის პირველობა. კურტილიას კიდევ ერთხელ შევხვ-დი ბელგიაში, ქალაქ გენტში. პირველი ბრძოლა ხუთ ჩხვლეტამდე გრძელდება და როგორც მერე გაზეთები წერდნენ, ერთ წუთში ხუთით ერთი მოვუგე, ანუ იმ ერთ წუთში მოწინააღმდეგეს ხუთი ჩხვლეტა მივაყენე. კურტილიას შემდეგ მეორე ბრძოლა წარმატებით დავასრულე და მესამეზე რომ გამემარჯვა, მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი. არ ვიცი, დაძაბულობის ბრალი იყო თუ ნერვული სტრესის, ხელი გამიკავდა და ბრძოლა ბოლომდე ვერ მიმყავდა. არადა, საბჭოთა კავშირიდან `რაპირისტებს~ შორის არავის ჰქონია ეს ტიტული მოპოვებული და მე ამ გამარჯვების რეალური კანდიდატი ვიყავი. მასაჟი გამიკეთეს, ცოტა შევისვენე და ბრძოლა განვაახლე. მოწინააღმდეგეს ჩხვლეტა მივაყენე, წი-თელი ნათურა აინთო და ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მომცვივდნენ მწვრთნელი, მეგობრები და ხელში ამიტაცეს. ეს იყო 1963 წლის აპრილი. დიდი ხმაური ატყდა, გავიმარჯვე, ასე გავხდი ახალგაზრდა მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი.
ამის შემდეგ ფარიკაობას ჩამოვშორდი. რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ვეტერან მოფარიკავეთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. ამერიკაში ქალაქ ტამპაში 2002 წელს გავემგზავრე და მას შემდეგ შეხვედრებში სულ ვმონაწილეობ. მსოფლიო ჩემპიონატებზე აღებული მაქვს მეათე და მეხუთე ადგილები. სამწუხაროდ, წელს თებერვალში მეუღლე გარდამეცვალა. მისი დაბადების დღე 12 მაისს არის და ჩემი გამარჯვებაც ამ დღეს დაემთხვა. იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩავედი და იმ დღეს მესამე ადგილი მოვიპოვეთ მე და ერთმა უნგრელმა. იმისათვის, რომ სულ ფორმაში ვიყო, ყოველდღე 3 კილომეტრს დავრბივარ, შაბათ-კვირას აუზს ვსტუმრობ და თითო კილომეტრს ვცურავ. მინდა, მოვემზადო მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელიც იუგოსლავიაში ჩატარდება, შემოდგომაზე კი ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და იქაც მივიღებ მონაწილეობას.
- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...
- ჩემი მეუღლე, მანანა ანდრიაძე, კონსერვატორიის პრორექტორი იყო სასწავლო დარგში. უკრავდა, მღეროდა, აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ის და რექტორი მანანა დოიჯაშვილი ერთად ბევრს მუშაობდნენ. ჩემმა მეუღლემ კონსერვატორიაში პირველად ჩამოაყალიბა საეკლესიო მუსიკის კათედრა. მანანა 25 თებერვალს დავკრძალეთ. პატრიარქი მას დიდ პატივს სცემდა და ქაშუეთის ეკლესიაში გადაგვასვენებინა. დასაფლავებაზე თავად მობრძანდა და ჩემს მეუღლეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა. მანანას ძალიან უცნაური დაავადება დაემართა, კუნთების ატროფია. არავინ იცის, ის საიდან და რატომ ჩნდება, არც წამალი არსებობს. რამდენჯერმე ჩინეთში ჩავედით და იქ ვმკურნალობდით ერთ-ერთ პროვინ-ციაში. შემდეგ პეკინში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გაუკეთეს, მაგრამ დაავადება ვერ დავამარცხეთ. პეკინიდან დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ჩემი მეუღლე ძილში გარდაიცვალა.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ორი: მარიამი და ლექსო. სამი შვილიშვილი მყავს: ზურაბი, ელენე და ნიკოლოზი. ჩემი შვილები და რძალი მგულშემატკივრობდნენ, როცა იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე. მარიამი ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური მენეჯერია, ხოლო ლექსო - ერთ-ერთი სიგარეტის ფირმის გენერალური დირექტორი.
- ექიმმა მუსიკოსი მეუღლე სად გაიცანით?
- ნუცა ჭირაქაძე, ლექსო თორაძე და მანანა კლასელები იყვნენ. ნუცა ფალიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მასთან მოსკოველი სტუმარი ჩამოვიდა, რომელმაც ჩემთვის ამანათი ჩამოიტანა. მის წამოსაღებად რომ წავედი, ნუცას ბინის კარი მანანამ გამიღო. დავინახე თუ არა, მაშინვე მომეწონა. 29 წლის ვიყავი. სამი წელი ვცდილობდი, მისთვის თავი მომეწონებინა. რას აღარ ვაკეთებდი. მანანა მოსკოვში სამუშაოდ რომ გაემგზავრა, ერთი თვის განმავლობაში ყოველ პარასკევს მასთან მივფრინავდი და შაბათ-კვირას იქ ვრჩებოდი. ვპატიჟებდი დიდ თეატრში, კინოში და ა.შ. მიმყავდა პასტერნაკებთან სტუმრად. მოგეხსენებათ ბებიაჩემს, დედაჩემ ნიტას და პასტერნაკებს რა ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ასპირანტურაში სასწავლებლად რომ ჩავედი, მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეის მოპირდაპირე მხარეს პასტერნაკებთან ვცხოვრობდი, რადგან მათ სხვაგან არ გამიშვეს. ტიციანი ხუთი წელი მოსკოვში სწავლობდა და იქ დაუმეგობრდა პასტერნაკებს, ესენინს, მაიაკოვსკის და სხვა პოეტებს.
აქვე გეტყვით, რომ 22 დეკემბერს ტიციანისა და ნიტას ხსენების დღეა, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოდის ნატაშა სოკოლოვსკაია, ანა კანდინსკაია და ლენაჩკა პასტერნაკი, ანუ ბორის პასტერნაკის შვილიშვილი, რომელიც ჩვენს ოჯახში გაჩერდება.
ერთხელ მანანასთან ერთად პერედელკინოში ჩავედი. ზღაპარი ადგილია, სადაც პასტერნაკის მუზეუმია. იქ შესანიშნავად დაგვხვდნენ და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ბოლოს, 2 აპრილს ტიციანის დაბადების დღეს, მანანას ცოლობა შევთავაზე და დამთანხმდა.
- ანუ სამი წლის შემდეგ...
- დიახ, სამი წლის შემდეგ (იღიმის). მანანა პირველად რომ დავინახე, მას შემდეგ ვცდილობდი, სადმე მენახა, შევხვედროდი. საღამოობით 10 საათზე ტელეფონზე ვურეკავდი. სულ ყურადღებას ვაქცევდი და ვცდილობდი, რამეთი მესიამოვნებინა. ასე ნელ-ნელა დავახლოვდით და ბოლოს დავოჯახდით კიდეც.
- რაც შეეხება წინაპრებს, ახლა მათზე ვისაუბროთ. რას გიყვებოდათ დედა მამამისზე - ტიციანზე...
- ნიტა თბილი, კეთილი ადამიანი იყო, როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა. მოგეხსენებათ, რომ 1937 წელს ტიციანი ბერიამ დაიბარა და უბრძანა, პაოლო იაშვლზე დაეწერა, რომ ჯაშუში იყო. მან კი ეს არ გააკეთა. ამის შემდეგ ტიციანს სულ ჰქონდა იმის განცდა, რომ დააპატიმრებდნენ. მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ ღამით კიბეზე ფეხის ხმა შემოესმათ, ზარი დარეკეს და რამდენიმე კაცმა ტიციანი სახლიდან წაიყვანა. ეს ამბავი ბებიამ და დედამ ძალიან განიცადეს. მაშინ დედა 16 წლის გახლდათ. როგორც მიყვებოდნენ, ტიციანს შვილისთვის უთქვამს, შეიძლება ვეღარ მნახო, მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე, არასოდეს შეგრცხვება და არასოდეს გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო. ტიციანი ათი წლით გადაასახლეს, მიმოწერის უფლების გარეშე. ბებია სულ ელოდებოდა მეუღლის გამოჩენას, თან ათას რამეს ეუბნებოდნენ. ზოგი ამბობდა, ციმბირში ვნახეთო, ზოგიც სხვა ადგილს უსახელებდა. დღემდე არ ვიცი სიმართლე. ერთ-ერთი ვერსია ისიცაა, რომ ის სხვებთან ერთად რუსთავის გზაზე დახვრიტეს. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, როდის რა მოხდა.
- კიდევ რა გახსოვთ ტიციანზე დედის მონათხრობიდან?
- ტიციანი ტანსრული კაცი იყო. თურმე ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრა უძნელდებოდა და ამის გაკეთებას შვილს სთხოვდა. თუ ბავშვზე გაბრაზებული ან ნაწყენი იყო, ნიტას უფლებას არ აძლევდა, მისთვის თასმები შეეკრა (იღიმის). 1957 წელს, ტიციანის რეაბილიტაციის შემდეგ, გოგებაშვილის ქუჩის #43-ში, მწერალთა კავშირის სახლში, ხუთოთახიანი ბინა მოგვცეს. მახსოვს, ერთ დღეს პოეტი ნატაშა სოკოლოვსკაია მოვიდა ჩვენთან. დედასთან დიდხანს ისაუბრა და დარჩა. მას შემდეგ ის ჩვენს ბინაში 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
- ალბათ ბევრს დააინტერესებს, ქალბატონი ნიტა თუ წერდა, ან თქვენ?
- არა, ლექსების წერის ნიჭი არავის გამოგვყოლია. არც მე და არც ჩემს დას ნინიკოს, რომელმაც ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ლექსებსა და მოთხრობებს არ წერს. შეიძლება, წერის ნიჭი ჩვენს შემდგომ თაობებში გამოვლინდეს.
- თუ იცით, ვინ უვლიდა ტიციანის ლექსებს, თუ ამას თავად აკეთებდა და ამ საკითხში მოწესრიგებული იყო?
- როგორც ბებიასგან მახსოვს, ტიციანი ღამით დგებოდა, წერაში ღამეებს ათენებდა და პირველად ლექსებს მეუღლეს უკითხავდა. მერე ცოტა ხნით გადადებდა ნაწერებს და მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაახლებდა ლექსებზე მუშაობას.
- ბოლო პერიოდში შინ ან სხვებთან რამე ისეთი ლექსი, ცნობა ან ნივთი ხომ არ გიპოვიათ, რომლის არსებობის შესახებ დღემდე არაფერი იყო ცნობილი...
- ახლახან სამოქალაქო რეესტრში რაღაც საქმეზე ვიყავი და ისეთ ცნობას გადავაწყდი, რომლის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი. ეს არის ტანიტ ტიციანის ასულის, ანუ დედას დაბადების ცნობა, რომელიც 1921 წლით თარიღდება. არ ვიცოდი, ამგვარ ცნობას თუ გასცემდნენ, იქვე მოხსენიებული არიან მოწმეებიც. აი, ინებეთ და წაიკითხეთ, რა წერია...
- ვკითხულობ: ტანიტ ტაბიძე, დაბადების თარიღი 1921 წელი, 16 იანვარი.
დაბადების ადგილი თბილისი. მამა ტიციან ტაბიძე - 28 წლის, დედა ნინო მაყაშვილი - 25 წლის.
მოწმეები: პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კოტე მარჯანიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, ელენე მაყაშვილი, შალვა თუმანიშვილი და კიდევ რამდენიმე გვარია, მაგრამ ვერ ვარჩევ, რომ ამოვიკითხო...
- დიახ, დანარჩენები ვერც მე ამოვიკითხე. ვფიქრობ, მართლაც საინტერესო ფაქტი და მნიშვნელოვანი საარქივო ცნობაა (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















