15 დეკემბერი, 2013
როდის წერდა ცალმხრივად შეყვარებული ქეთევან კანტიძე ლექსებს
ძალიან მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. ცოტა ბოჰემური ქალი იყო, რომელსაც უყვარდა დალევა. მე დღემდე მიყვარს დალევა და მარტო ამით ვგავარ ამ პერსონაჟს „ბავშვობაში წიგნებს ჩემი და მარინა მირჩევდა. ორი დედმამიშვილი ვართ, ჩემი და ჩემზე სამი წლით უფროსია, პროფესიით ინჟინერ-მეტალურგია. ზაფხულში, სოფელში რომ ვისვენებდით, წიგნები იქაური ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდა. ღამით ბებია შუქს რომ აქრობდა, მარინა ასანთს ანთებდა და მის შუქზე კითხულობდა. მახსოვს, კითხვა მისი მითითებით „ტომ სოიერის თავგადასავლით“ დავიწყე და გავაგრძელე „სამი მუშკეტერით“, - გვითხრა მსახიობმა ქეთევან კანტიძემ,
რომელთანაც საუბარი მისი პირადი ბიბლიოთეკის მიმოხილვით დავიწყეთ...

- უწინ შინ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. შემდეგ სახლი გამოვიცვალეთ და წიგნების ნაწილი რაიონში წავიღეთ, მეორე ნაწილი კი მე ჩემთვის გადავაწყვე. ეს ის წიგნებია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვკითხულობ. ჩემი საყვარელი ავტორია ერნესტ ჰემინგუეი, მის მოთხრობებს ხშირად ვკითხულობ. განსაკუთრებით მიყვარს ჰემინგუეის რომანი „ფიესტა“, რომელიც ექვსჯერ მაინც მექნება წაკითხული. ასევე ძალიან მიყვარს გურამ რჩეულიშვილი და მისი მოთხრობები. ჩემს ბიბლიოთეკაში გამორჩეული წიგნია „ამერიკული ნოველა“, რომელშიც რამდენიმე ავტორის ნოველაა თავმოყრილი.
- თითქმის ყველა მსახიობისთვის გამორჩეული ავტორი შექსპირია. თქვენთვისაც ასეა?
- შექსპირის სონეტები ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტრაბახებ, რომ მის პიესებს ხშირად ვკითხულობ. პიესის კითხვას მისი თეატრში ნახვა მირჩევნია.
- მსოფლიო ლიტერატურიდან დადებითად განწყობილი რომელი პერსონაჟების მიმართ ხართ?
- ბავშვობაში დ"არტანიანი და არამისი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟები იყვნენ. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა „უსახელო უფლისციხელის“ გმირზე ვგიჟდებოდი. ასევე ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები. ვგიჟდებოდი კაი ყმაზე და მინდოდა, ცხოვრებაში სწორედ ასეთი თვისების მამაკაცი შემხვედროდა. რაც შეეხება ქალებს, „ფიესტაში“ არის პერსონაჟი, ბრეტ ეშლი. ძალიან მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. ცოტა ბოჰემური ქალი იყო, რომელსაც უყვარდა დალევა. მე დღემდე მიყვარს დალევა და მარტო ამით ვგავარ ამ პერსონაჟს (იღიმის). ჰაეროვანი ქალი იყო, ბერეტს ატარებდა, მე ბერეტი არ მიხდებოდა; ფიზიკურად თხელი გახლდათ, მე სრული ვარ, მაგრამ შინაგანად ჩემში ისეთივე ჰაეროვნება „დაფრინავს“, როგორიც ბრეტს ჰქონდა.
- როგორი მახსოვრობა გაქვთ?
- კარგი. ჯერ ერთი, ბევრჯერ ვკითხულობ იმას, რაც გამორჩეულად მიყვარს და ალბათ, აქედან გამომდინარე კარგადაც მამახსოვრდება. მახსოვს ფრაზები როგორც წიგნებიდან, ისე ფილმებიდან.
- განსაკუთრებულად რომელი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმები მოგწონთ?
- ახლა კონკრეტული მაგალითების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ თითქმის არც ერთი ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზება არ მომწონს. კითხვის დროს შენ თვითონ „ქმნი“ ფილმს, პერსონაჟს და მის გარეგნობას აყალიბებ. შემდეგ, როცა ვხედავ რეჟისორის მიერ შერჩეულ მსახიობს ამა თუ იმ როლში, არ მაკმაყოფილებს და მიმაჩნია, რომ ჩემი გამოგონილი უფრო მეტი და უკეთესია. ახლა „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ გამახსენდა. ამ ფილმში გრეგორი პეკი თამაშობს, ვგიჟდები ამ მსახიობზე, ამბობენ, რომ ძალიან კარგი ეკრანიზაციაა, მაგრამ როცა ამ ნაწარმოებს ვკითხულობდი, მისი პერსონაჟი სულ სხვაგვარად მყავდა წარმოდგენილი.
- რომელიმე ნაწარმოების კითხვის დროს თუ გიტირიათ?
- როგორ არ მიტირია?! დღემდე ასე ვარ. საერთოდ, ვგიჟდები ტირილზე! ტირილი ძალიან კარგია, უარყოფითი ემოციებისგან იცლები. ალბათ, ყველას ჰგონია, რომ სულ უგონოდ ვიცინი, არადა, ძალიან ხშირად ვტირი. ჩვენ, იუმორის მქონე ადამიანებს, გვაქვს მეორე მხარეც - ძალიან სათუთი, რომელსაც არავის ვაჩვენებთ. ძალიან ნაღვლიანები და სევდიანები ვართ. მით უმეტეს, ზოდიაქოთი თევზები ვარ.
- ვინ ნახულობს თქვენს ცრემლებს?
- აბსოლუტურად არავინ.
- ბოლოს ვის რა წიგნი აჩუქეთ და თქვენ ვინ დაგასაჩუქრათ?
- საერთოდ, ყველა ცდილობს, პარფიუმერია გაჩუქოს, არადა წიგნები საოცრად კარგია.
წიგნები ისეთი ძვირია, რომ თავად არავის ვჩუქნი. თუ ვიყიდი, მხოლოდ ჩემთვის, მაგრამ როცა წიგნებით მასაჩუქრებენ, ძალიან მიხარია. ახლახან ჩემმა მეგობარმა ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ მაჩუქა. სულ მაინტერესებდა ეს ავტორი, საინტერესო იყო, რის გამო გადაეცა ამ კაცს ნობელის პრემია. რაღაცები წავიკითხე, რომ წარმოდგენა შემექმნას. დიდი ბოდიში მის მოყვარულებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფამუქის შემოქმედებამ ძალიან დამაინტერესა. და რომ არ მომწონს, ალბათ, არ ჩამქოლავენ.
- თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნებს თუ იძენთ?
- კი, როგორ არა. ჩემი უსაყვარლესი მწერალია გურამ დოჩანაშვილი. ძალიან მიყვარს აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე... ძალიან მომწონდა სამადაშვილის, სამსონაძის, ჯავახაძის მოთხრობები, რომლებსაც ჩემს ახალგაზრდობაში ჟურნალ „ცისკარში“ ვკითხულობდი.
- პოეზიაზე არაფერი გვითქვამს...
- ლექსებზე ვგიჟდებოდი. მიყვარს: ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, ანა კალანდაძე, პაოლო იაშვილი. ჩვენ ისეთი მწერლები და პოეტები გვყავს, როგორ შეიძლება, ისინი არ იკითხო?! საერთოდ, ახალგაზრდობაში მე ვიყავი ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. თავადაც ვწერდი მოთხრობებს, რომლებიც ჩემი, მე-4 საშუალო სკოლის გაზეთში იბეჭდებოდა. ეს ქალაქში ერთადერთი გერმანული სკოლა იყო. ლექსებსაც ვწერდი, მაგრამ მათ არავის ვაკითხებდი.
- რა ასაკში შეწყვიტეთ წერა?
- სკოლის შემდეგ აღარაფერი დამიწერია.
- რა თემებზე წერდით?
- ძირითადად რა თემა იქნებოდა, აბა, თუ მიხვდებით?!
- მივხვდი...
- დიახ, „ლავ სთორი“, სიყვარული, სიყვარული და კვლავ სიყვარული! სულ ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული და ჩემი პოეზიის ძირითადი თემაც სწორედ ეს იყო.
- თქვენი კოლეგებიდან ვის მიიჩნევთ ნაკითხ, წიგნიერ ადამიანად?
- ლევან წულაძეს. ის ძალიან გონიერი და ნაკითხი ადამიანია. რობერტ სტურუასთან რუსთაველის თეატრში 25 წელს ვმუშაობდი და მას მერე გაოცებული დავდივარ, როგორი განათლებული ადამიანია და როგორ საუბრობდა.
- ახალგაზრდა ქართველი პოეტებიდან ვინმეს შემოქმედებას ხომ არ გამოარჩევთ?
- ამას წინათ ბექა ელბაქიძის მიერ ორგანიზებულ პოეზიის საღამოზე გახლდით, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა კითხულობდა საკუთარ ლექსებს. ძალიან მომეწონა და დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი ახალგაზრდები ჰყავს.

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS