06 სექტემბერი, 2017
ლალი მოროშკინას ახალი ამბიციური სეზონი
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გამოჩნდა, სადაც საკმაოდ რეიტინგულ გადაცემას „ფაბრიკას“ უძღვებოდა, თუმცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ მან ტელეკომპანია დატოვა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ლალი მოროშკინა, რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის პირველ არხზე სამ გადაცემაში კავკასიის საკითხებში ექსპერტად მოგვევლინა, მისმა გამოსვლამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

სად გააგრძელებს საქმიანობას ჟურნალისტი, ამის შესახებ „რეიტინგს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ქალბატონო ლალი, რატომ შეწყვიტეთ „იბერიასთან“ თანამშრომლობა?

- ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი
და ამიტომ „იბერიასთან“ თანამშრომლობაზე უარი ვთქვი. დიდ მადლობას ვუხდი არხის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და იმედი მაქვს ჩემს პროექტს სხვები გააგრძელებენ.
Rating

- რა შემოთავაზებები მიიღეთ?

- სამი დიდი შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი. ქუთაისს და რუსეთს შორის მომიწევს მოგზაურობა. ქუთაისში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელსაც ჩემს ძმასთან ერთად ვუხელმძღვანელებ. პროექტის სახელწოდება არის „ლეგარაჟ“. კარგად ვითარდება საპარლამენტო ქალაქი და ეს პროექტი ძალიან კარგი საჩუქარი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. უფრო ვრცლად ამ პროექტის დეტალებზე პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ.
რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს არის მხატვრული ფილმი, რომელიც „ტვ პირველზე“ გავა და პირველ რიგში, რაც მთავარია რუსეთის პირველ არხზე, ამერიკელ, უკრაინელ და ფრანგ ექსპერტებთან ერთად, ვიქნები ექსპერტი კავკასიის საკითხებში. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემთვის, ისევე როგორც სხვა საქმეები რასაც ამ ზაფხულს მოვკიდე ხელი.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გამოსვლას რუსეთის პირველ არხზე, რის გამოც სააკაშვილის მხარდამჭერებმა მკაცრად გაგაკრიტიკეს და თქვეს რომ თქვენ, ყოფილი პრეზიდენტის კლასელი არ ყოფილხართ...

- მიშა ჩემი კლასელი ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ თბილისში და რუსეთში რატომღაც ასე ჰგონიათ, ყველა გადაცემაში ვამბობ ორი წლით ნუ მაბერებთ-მეთქი. ეს წიგნი „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც 2009 წელს გამოსცა ჰოლდინგმა „კვირის პალიტრამ“, მიშამ წაიღო გაეროში, წიგნში რაც ეწერა ის კრიტიკა რომ არ მიეღო, გაეროში არ წაიღებდა. მას წიგნის გაყიდვიდან ამოღებაც შეეძლო, ისე როგორც აკრძალეს ჩემი ბოლო წიგნი „გისოსებს მიღმა საქართველოა“. მაგრამ ამ წიგნის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა. იქ, რეალურად ადამიანურად წერია იმ წლებზე რომელიც გვაკავშირებს. სააკაშვილს ახლა სჭირდება შველა იმ მარგინალებისგან, რომლებიც თითქოს იცავენ.

- თქვენ მზად ხართ დახმარებისთვის?

- მე დავეხმარები. სააკაშვილის ხსნა ან ციხეშია ან ეკლესიაში... თუმცა ბოლოსთვის ის ჯერ არ დაბრძენებულა.... ის წლები ძალიან მალე გავა, ამნისტია შეეხება, ის გაცილებით უფრო კომფორტულად იქნება ციხეში, ვიდრე იმ მდგომარეობაში როცა ეღადავებიან სხვადასხვა ქვეყნები. მას შეუძლია გისოსებს მიღმა კარგი წიგნი დაწეროს. მიშა იყო პრეზიდენტი, რომელსაც გონება უჭრის, თავად წერდა საკუთარ სიტყვას და მან მიიწება ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ მას ანგრევენ. მასთან წლები მაკავშირებს და მისი ცუდი არ გამეხარდება. ბევრი დიდი ადამიანი იჯდა ციხეში, მაგალითად ჭაბუა ამირეჯიბი და მათ შეძლეს გადარჩენა. სააკაშვილისნაირი ყოფა მტრისთვისაც არ მემეტება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS