14 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმრის გულახდილი ინტერვიუ
შეიძლება, ამ სიყვარულში ოროსანი ვარ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, ბოლომდე ვიცხოვრო და არა ვიარსებო. ლევან შანიძე ტელეკომპანია ''ობიექტივში'' მუშაობს. ამ საქმიანობაში ანაზღაურებას არ იღებს, მაგრამ ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისთვის მთავარია, თავისი სათქმელი მაყურებლამდე მიიტანოს. ბატონი ლევანი აფხაზეთის ომში ''სიენენის'' კორესპონდენტი იყო და ამის გამო მეგობრები სიენენას ეძახდნენ. რაც აფხაზეთში ბოლო თვეების განმავლობაში ნახა, დღემდე თვალწინ უდგას. საკუთარ თავს ძველ დროში ჩარჩენილს უწოდებს, რადგან ვერ ხალისობს და ძველ ტკივილს ვერ ივიწყებს. ლევანი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის მეუღლე
იყო და ლიკასთან დღემდე მეგობრობს.

- როგორც ვიცი, აფხაზეთის ომში ჟურნალისტად იყავით წასული. მაშინ, ალბათ, ასაკით პატარა იყავით. რომ მიდიოდით, არ იფიქრეთ, რომ წასვლა საშიში იყო?
- 1963 წელს ვარ დაბადებული. აფხაზეთის ომში რომ წავედი, მაინცდამაინც პატარა არ ვყოფილვარ. სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა. ომში მარტის და აპრილის შემოტევების დროს წავედი. იქ სრული ორი თვე ვიყავი.
- ვიცი, რომ მეგობრები სიენენას გეძახდნენ.
- ასე იმიტომ მეძახდნენ, რომ ინფორმაციას მხოლოდ ''სიენენს'' ვაწვდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მქონდა, სხვა მედიასაშუალებასთან არ ვთანამშრომლობდი. ჩემი დევიზია - ორი ღმერთი არ არსებობს და ორ ხელისუფალს არ უნდა ემსახურო. ზნეობის მომენტია. 1996 წლის ჩათვლით ანაზღაურებას ''სიენენი'' მიხდიდა. ''სიენენს'' ჩემთვის დავალება არ მოუცია, ორი თვე ომში იყავი და ინფორმაცია მოგვაწოდეო, მაგრამ სადაც ჩემი კლასელი და მეგობარი ლევან აბაშიძე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ირაკლი ამირეჯიბი დაიღუპნენ, იმ ყველაფერს ტელევიზორით ვერ ვუყურე. როგორც კი აფხაზეთში წასვლის შანსი გაჩნდა, წავედი. გარდა ამისა, გოგა ხაინდრავა იღებდა ფილმს, რომელშიც მიმიწვია. დავთანხმდი, გარკვეულწილად ჩემივე თავი უნდა მეთამაშა.
- პროფესიით ჟურნალისტი ხართ?
- პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, თუმცა იმის მიმართ, რაც გასული საუკუნის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, წესით,# გულგრილი არავინ უნდა დარჩენილიყო და როცა ადამიანმა წინასწარ იცის, რაც მოხდება, იმის თქმის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. სანამ თბილისში 9 აპრილი მოხდებოდა, ვიხილე, რა შეიძლება მომხდარიყო.
- რას გულისხმობთ?
- სუმგაითის მოვლენები რომ დაიწყო, აზერბაიჯანში ჯარში მომიწია სამსახურმა და ვნახე პროცესები, რომლებიც მერე ჩვენთანაც გამეორდა. სამწუხაროდ, ყარაბაღის ამბებს ვეზიარე. ქერა და ცისფერთვალება არ ვარ და მიწევდა, სომხური მოსახლეობისთვის მემტკიცებინა, რომ არ ვარ აზერბაიჯანელი და პირიქით. ორივე მხარე გვესროდა და მე კი სროლის არანაირი სურვილი არ მქონდა. როგორ იქნები მხარე, როდესაც ხარ ოფიცერი და გაცვია ფორმა. როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, მაშინვე ჟურნალისტობა დავიწყე.
- სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტო, ''მთაწმინდელი ბიჭები'' , რომელიც აფხაზეთის ომში წასვლამდეა გადაღებული. იქ თქვენც ხართ აღბეჭდილი. იმ ბიჭებიდან ალბათ უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარაა.… რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად აფხაზეთში გატარებული ბოლო ორი თვიდან?
- მთაწმინდელი არ ვარ, სოლოლაკელი გახლავართ, მაგრამ ეს ჩემთვის განუყოფელი უბანია. რაც აფხაზეთში გადამხდა, ყველაფერი კარგად მახსოვს. თავს ძველ დროში ჩარჩენილს ვეძახი. შეიძლება, ეს ჩემი პრობლემაა. არავის ვადანაშაულებ. ვერ ვხალისობ. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხალისის დრო დაუდგა. აფხაზეთიდან რომ ჩამოვედი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. მუსიკაზე ვგიჟდები, სტუდია მქონდა, მაგრამ აღარ მაქვს სურვილი, რომ რაიმე ვაკეთო. შეიძლება, ოდესმე გადავლახო ეს მომენტი. ბევრი კარგი კეთდება, მაგრამ ხომ ვხედავ, რომ ვიღაც საჭმელს ნაგვის ურნაშიც ეძებს...
- თქვენ არ იბრძოდით?
- აფხაზეთში ყოფნისას კამერის გარდა ხელში სხვა იარაღი არ ამიღია. სამხედრო ოჯახში ვარ გაზრდილი. ბევრს იარაღი მხოლოდ ფილმებში რომ ჰქონდა ნანახი, მე კარგად ვიცნობდი და თან ჯარშიც ვიყავი ნამყოფი, სადაც ოცეულის უფროსი გახლდით. მაგრამ ჩემი თავისთვის მქონდა ნათქვამი, აფხაზეთში იარაღს ხელს არ მოვკიდებ, თუ ჩემ გვერდით მეგობრებს არ დაუწყეს სროლა-მეთქი. მერე გამწარებულს შეიძლება ხელში იარაღი ამეღო და იმ მომენტიდან ჩემი ჟურნალისტობა დამთავრდებოდა. მადლობელი ვარ უფლის, რომ აფხაზეთში ყოფნის დროს იარაღისკენ ხელის გაწევაც კი არ დამჭირვებია. მამაჩემის ბიძაშვილის შვილი აფხაზეთში ცხოვრობდა. მამა ქართველი ჰყავდა, დედა - აფხაზი. რომ გამესროლა, ხომ შეიძლებოდა, მას მოხვედროდა?..
- როგორ ფიქრობთ, დავიბრუნებთ აფხაზეთს?
- შეიძლება, რასაც ახლა ვიტყვი, ბევრს არ მოეწონოს. ჩვენ, ქართველებს, კი გვაქვს ერთმანეთის გულები დაბრუნებული? ჩვენს ქვეყანაშია ათასი რამ არეული და სანამ აქ არ დავეწყობით, რას ვთავაზობთ აფხაზებს? მცირე ხნის წინ ''იმედზე'' ეკა ხოფერიას გადაცემაში მიმიწვიეს. არავისზე არ მინდა აუგის თქმა, მაგრამ ხომ მაქვს უფლება ვთქვა, რაც ამ გადაცემაში არ მომეწონა?! 1991 წლის 22 დეკემბერზე დაიწყო საუბარი. უცბად აღმოჩნდა, რომ ჩემ წინ ისხდნენ ქალბატონები, ყოფილი ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტები, ე.წ ზვიადისტები. მეორე მხარეს ვიყავით მე, მაკა რაზმაძე და თინიკო გოგუაძე. მეუბნებიან, რომ ვარ მოწინააღმდეგე მხარე. 50 წლის შევსრულდი და მხარე ვერავინ მიწოდა. ისე განვვლე ჩემი ცხოვრება და კერძოდ იმ წლებში, როდესაც ჟურნალისტიკაში ვიყავი, ვერავინ მომნათლა და ვერ მაკადრა, მხარე ხარო და ეს ამ გადაცემაში მითხრეს. ''სიენენის'' ერთმა კორესპონდენტმა გადაიღო კადრები, რომლითაც ზვიად გამსახურდია ძალიან უკმაყოფილო დარჩა. კადრში ჩანდა, როგორ გაიხსნა ავტომატის ცეცხლი პარლამენტის შენობიდან. მე იმ დღეს თბილისში საერთოდ არ ვყოფილვარ. იმ სიუჟეტთან არაფერი მაკავშირებს. მას მერე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ''სიენენის'' გაგონება საერთოდ არ უნდოდა. ''სიენენში'' მარტო მე ხომ არ ვმუშაობდი? აქედან გამომდინარე თუ მომნათლეს მხარედ, არ ვიცი.
- თქვენ დღეს ''ობიექტივში'' მუშაობთ.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვაგან მუშაობა არც შემიძლია. ირმა ინაშვილმა მომმართა, ახალ პროექტს ვაკეთებთ, კოლეგებთან ერთად ხომ არ გაუძღვებოდი გადაცემასო და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ალალად ვამბობ, ამ საქმიანობაში არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებ.
- არ გიფიქრიათ, რომ თქვენი პროექტებით სხვაგან მიხვიდეთ?
- სად უნდა მივიდე? მოდით, საკითხი ასე დავსვათ - ''იმედში'' ? როგორ უნდა მივიდე ''იმედში'' , როდესაც ამ ტელეკომპანიაში ისევ ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში რეჟიმის მიმართ ან ლოიალურები იყვნენ, ან მასთან თუნდაც დუმილით თანამშრომლობდნენ?! დღეს ისინი კვლავ ლოიალურები და მდუმარენი არიან ისევ იქ, ამა თუ იმ ფორმით და სხვადასხვა გადაცემაში აქტიურად მონაწილეობენ. ამასთან შეგუება მიჭირს! ისევ იმ გადაცემას დავუბრუნდები, სადაც მიწვეული ვიყავი. არავის ვეგონო დეგენერატი, რომელმაც არ იცის, რომ გადაცემის მომზადება ეკაზე არ არის დამოკიდებული. ე.ი. ვიღაც იძლევა განკარგულებას, რომ გაკეთდეს გადაცემა, სადაც ჭრილობაზე მარილს ვაყრით. 20 წლის წინანდელ ამბებს ვიხსენებთ და ერთმანეთს ვაპირისპირებთ ჟურნალისტებს, ისევ მხედრიონზე რატომ მიდის საუბარი? ისევ ვაღვივებთ ძველ ტკივილებს? მე არ ვამბობ, რომ ისტორია დავივიწყოთ, უბრალოდ, ხომ შეიძლება, კარგი რამ გავიხსენოთ, რაც აფხაზებსა და ქართველებს გვაკავშირებს. რომ ქართველები და აფხაზები და-ძმები ვართ და თუ ვინმე შეცდა, პატიებას უნდა შევეცადოთ და თუ ვერ ვაპატიეთ, მტრობა იმაზე მეტად არ გავაღვივოთ, ვიდრე ახლა არის. თუნდაც
ფრანკოს ესპანეთი გავიხსენოთ. დავდგათ ძეგლი ამ დაპირისპირების სამახსოვროდ და ამ მომენტიდან გამოვაცხადოთ შერიგებაც. შევეცადოთ, შერიგების გზები ვეძებოთ და არა დამნაშავეები.
- ე.ი. ფიქრობთ, რომ ამ გადაცემით აფხაზებთან არ გაიგზავნა მესიჯი, რომ ისინი გვენატრებიან და მათი დაბრუნება გვინდა?
- რასაკვირველია, არა. ამ გადაცემაში მე დავინახე, ბუა მიშა აღარ არის და გეშინოდეთ, 90-იანი წლები არ დაბრუნდესო. ვიღაც დაინტერესებულია, ჩვენ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდეს. უფსკრულში შეიძლება, ნაგავი ჩაყარო და კიდევ უფრო აყროლდეს და შეიძლება, უფსკრულზე ხიდი გადო. დროებითი მაინც, თუ კაპიტალური არა.… სიტუაცია ტელევიზიებში დაახლოებით ერთნაირია. ძალაუფლება ხელისუფლების ხელშია და ხელისუფლებასთან ცუდად ყოფნა არავის უნდა. რომელი ტელევიზიებიც მეტ-ნაკლებად მოერგებიან ხელისუფლებას, ისინი იქნებიან მეტ-ნაკლებად კარგ პირობებში.
- თქვენს ცხოვრებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პირად ცხოვრებას. ლიკა ქავჟარაძე თქვენი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მეუღლეა.
- ჯერჯერობით ასეა.
- ლიკაზე ბევრი იყო შეყვარებული. როგორ გახდა ის თქვენი მეუღლე?
- ლიკა ვარსკვლავია, რომელიც ქართულმა კინომ ვერ გამოიყენა. თუმცა ქართულმა კინომ ბევრი სხვა მსახიობიც ვერ გამოიყენა. ზოგადად ამ პერიოდში ბევრი ვინმე დაიჩაგრა.… 38 წლის ვიყავი, როცა მე და ლიკა შევუღლდით. ეს 2002 წელს მოხდა. 38 წლის სრულფასოვანი მამაკაცი მანამდე შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ. ლიკას ჰქონდა ოჯახი და რასაკვირველია, მისი ოჯახის დანგრევაზე არასდროს ვიფიქრებდი. ჩვენ ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩემმა მეგობარმა ლიკას ჯგუფელი შეირთო ცოლად. მე მეჯვარე გახლდით. ლიკა გოგოს მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჯვრისწერაზე ვერ მოვიდა. გამიხარდა, რომ ლიკას მირონით არ დავუნათესავდი. რა თქმა უნდა, ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე მაშინ არც მიფიქრია. დამოუკიდებლად ვცხოვრობდით. არაერთხელ მყვარებია. როცა ამ გრძნობას არ განვიცდი, ცუდად ვარ. ვინც მიყვარდა, დღემდე ყველა მიყვარს. ჩემთვის სიყვარულს წარსული დრო არ აქვს.
- ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის მოხიბვლა როგორ მოახერხეთ?
- ეს ლიკას უნდა ჰკითხოთ. მე კი ამ შეკითხვაზე ცოტა შორიდან გაგცემთ პასუხს. 1984 წელს პეტერბურგში შეყვარებულ გოგონასთან ერთად ვიყავი. სასტუმროში, სადაც ვიყავით, დათო ევგენიძე შემოგვიერთდა და დიდი შინაურული კონცერტი მოვაწყვეთ. გოგონამ, რომელიც მიყვარდა, სპეციალურად ამ დღისთვის ლამაზი კაბა ჩაიცვა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. იმ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ რუსთაველზე მივდიოდი და ია ფარულავა შემხვდა, მითხრა, პეტერბურგში დაგინახეთ, მაგრამ ისეთი გოგო გახლდა, ვერ მოვედიო.… ლიკას არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ვინც მიყვარდა, ყველა ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ ცოლად არც ერთი არ მომიყვანია, მარტო ლიკა მოვიყვანე. იმას, რასაც სხვები არ უფრთხილდებიან, ლიკა ფაქიზად მოეპყრო. ჩვენს დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი. ლიკამ თქვა, ხუთი წელი მაინც ხომ ვიქნებით ბედნიერებიო და მეც დავფიქრდი დაოჯახებაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული მაქსიმუმ ხუთ წელს გრძელდება. მე და ლიკა თითქმის რვა წელი ვიყავით ერთად. დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. როგორც ლიკამ გადაწყვიტა, ყველაფერი ისე მოხდა. ქალბატონებთან ხომ არ უნდა ვიჭიდაოთ?!
- როდესაც ლიკა თქვენი მეუღლე იყო, თამამ სცენებში მონაწილეობდა. მოგწონდათ ლიკას მიერ შესრულებული თამამი როლები?
- ლიკა მსახიობია და ამით ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია.
- ამ როლების გამო არასდროს გიკამათიათ?
- რეჟისორი ფრანკო ძეფირელი რომ ყოფილიყო, ბევრად იოლი მისაღები იქნებოდა ჩემთვის. როდესაც ვიღაც უბრალოდ იტყვის, ლიკა უნდა გადავიღოო, ლიკა მონატრებულია კამერას, რეჟისორი კი ამით ისარგებლებს და ჰონორარსაც არ გადაუხდის, მივიჩნევ, რომ ეს ულამაზო საქციელია. მაგრამ ლიკას ვერ ვეტყოდი, ასე არ მოიქცე-მეთქი. მაშინ უნდა დავხმარებოდი, გავმხდარიყავი პროდიუსერი და ჰოლივუდში ჩამეწყო საქმე. ამის თავი კი მე არ მქონდა.
- როგორც ვიცი, ყოფილ მეუღლესთან დღემდე მეგობრობთ.
- ერთმანეთს ხშირად მოვიკითხავთ ხოლმე. ორი წლის წინ ცუდად გავხდი. მერე მითხრეს, რომ ერთ-ერთმა პირველმა ლიკამ იზრუნა ჩემზე. თანხაზე არ ვამბობ. ლაპარაკია იმაზე, რომ ესმის, როცა მისი მეგობარი ცუდადაა, გვერდში უნდა დაუდგეს.
- როგორც აღნიშნეთ, თქვენი კარგად ყოფნისთვის სიყვარული აუცილებელია. ახლა კარგად ხართ?
- კარგად ვარ, რადგან გავაცნობიერე, რომ ყველაზე დიდი არის უფლისადმი სიყვარული. შეიძლება, ამ სიყვარულში ოროსანი ვარ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, ბოლომდე ვიცხოვრო და არა ვიარსებო.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 68 /
გივი ტევზაძე
ლევან,ჯამრტელობას გისურვებ,გმერტმა დაგლოცოს!!!
09:49 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ბატონო ლევან!ძალიან კარგი ინტერვიუა.უფრო მეტი გავიგე თქვენს შესახებ.კარგი ადამიანი ხართ.ვამაყობ,რომ გიცნობთ,თუნდაც მხოლოდ ფეისბუქში.გაიხარეთ!!!
11:56 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
გაიხარეთ ბატონო ლევან, მართლა ნაღდი ჟურნალისტი ხართ. ჟურნალისტმა ხალხი ერთმანეთს კი არ უნდა გადაკიდოს არამედ პირიქით, უნდა შეარიგოს, რომელსაც დგევანდელ ჟურნალისტებში იშვიათობაა. გაიხარეთ ქალაქის მერი მართლა თქვენნაირი ადამიანი უნდა იყოს.
10:38 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინე
წინადადება შემომაქვს ბატონი ლევანის კანდიდატურა დავაყენოთ თბილისის მერად,თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე,სერიოზულად.
06:07 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რა ალალი ადამიანი ხარტ,მოვიხიბლე ტქვენი საუბრიტ,ტიტქოს ცოცხლად მესმოდა ტქვენი ლაპარაკი.გაგიმარჯოტ გმერტმა.გამოჯანმრტელებას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებტ.
01:16 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ლევან,თქვენ წესიერი და ღირსეული პიროვნება ხართ,და ძალიან გული მწყდება,რომ თქვენ არ იყავით ლიკას პირველი ქმარი,თორემ სულ სხვანაირად წარიმართებოდა მისიც და თქვენი ცხოვრებაც... ის გამოსირებული სანდრო თაქთაქიშვილი აბა რა კაცი იყო,ანდა ვინ ეგდო? რაც იყო,იყო...ცხოვრება გრძელდება... იმედია,რომ თქვენც, და ლიკაც,ორივენი ნორმალურად იქნებით... ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
01:07 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ბატონო ლევან,თქვენ ხართ ნამდვილი ქართველი და სულაც არ ხართ ძველ დროში ჩარჩენილი.თქვენნარი მამულიშვილები უნდა ყავდეს საქართველოს
00:35 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
ძალიან მომეწონა.ღირსეული ადამიანია.ბედნიერებას ვუსურვებ,ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ასეთ ღირსეულ ახალგაზრდებს
22:48 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევან შანიძე
მადლობა ყველას , მიუხედავად იმის რაც არ უნდა დაწეროთ, მაინც ყველა ადამიანი ძვირფასია, მხოლოდ პატარა კორექტირებას შევიტან, პირველი გავამახვოლებ ყურადღებას რომ სრულიად ვიზიარებ მუშნიკოს მოსაზრებას ,,...პიროვნება უნდა წარმოეჩინა და არა ვინ ვისი ყოფილი მეუღლეა...'' და რომ მცოდნოდა ამ სათაურით გაკეთდებოდა ინტერვიუ არ ც დავთანხმდებოდი, ჩემთან ავტორმა აფხაზეთის სურათზე დაიწყო საუბარი და ძირითადად ეს იყო თითქოს მთავარი ტემა... მაგრამ ესეც არაფერი, აი ქალბატონ ლალის კი ვეტყვი რომ კარგად გადახედოს ტექსტს სადაც მე ვამბობ რომ: ,,...მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული მაქსიმუმ ხუთ წელს გრძელდება...'' ასე რომ ქალბატონი ლალი კომენტარში წერს: ,,ხოო მაგრამ თან იმას ამბობს სიყვარული 5 წელი გრძელდებაო და თან ვინც მიყვარდა, ყველა ისვ მიყვარსო.:)) ეს როგორ? ერთდროულად რამდენი შეიძლეაბ გიყვარდეს?:))) ე.ი. ნამდვილად არავინ გყვარებიათ ბატონო ჩემო!! იმიტომაც დარჩით მარტო. თუმცა თუ გრძნობთ რომ უფალი თქვენთანაა, მაშინ მარტო ნამდვილად არ ხართ.'' ასეთი უზუსტობების გამო ხდება ადამანებშიც და სახელწიფოებშიც სწორედ უთანხმოებები :))))) ასე რომმე ვიცი ბევრს არ უყვარვარ ჩემი ლოგიკური ააზროვნების გამო, რის მეშვეობითაც ხშირად მიმხელია ბევრი უზუსტობებში, ალბატ ასეთია ცემი ხვედრი! :))) ისე კი ყველას მაინც გიხდით მადლობას და ყველანი მიყვარხართ, თუნდაც იმიტომ რომ ჩემს უფალს უყვარხართ! :)
22:05 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
არც ერთი უარყოპითი კომენტარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არავის ლანძღავენ, იაფფასიან ინტერვიუებს რომ იზლევით, მერე გკვირთ და მკითხველს ბოროტს უწოდებთ/კაცური კაცის სიტყვას სხვა ფასი აქვს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები და არა ძალად ,,რაინდები,,
20:52 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS