კახა მიქიაშვილი:
- მადლობა ღმერთს, თეატრალურ საქმიანობას ვაგრძელებ, საკმაოდ დაკავებული ვარ ამ მხრივ, რამდენიმე დღეში მივდივართ გასტროლებზე ფინეთსა და თურქეთში, გარდა ამისა, ბატონი ავთო ვარსიმაშვილი იღებს ფილმს სახელწოდებით „სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“, რომელშიც ძირითადად „თავისუფალი თეატრის“ მსახიობები ვთამაშობთ, გამონაკლისი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე იქნებიან, სწორედ ამ ფილმით შედგება მათი კინოდებიუტი. მაყურებელი ფილმის ნახვისას ბევრს იცინებს, მაგრამ მასში ცოტა სევდა და ის რეალობაც იქნება გადმოცემული, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რის გამოც სახლი იპარება ფანჯრიდან. მეტს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ ყოფილ პოლიციელ კახა ქავთარაძეს განვასახიერებ, ამ შემთხვევაში ფილმშიც კახა მქვია.
ოჯახის მთავარი საზრუნავი...
არ მიყვარს, როცა მშობლებს საკუთარი შვილი ყველაზე გამორჩეული ჰგონიათ და აქებენ, ამიტომ გაფეტიშებული მამის პოზიციიდან ვერ გამოვალ, თუმცა გეტყვით, რომ თინათინი მალე ერთი წლის გახდება, ძალიან კარგი გოგოა, ხალისიანი და ჭკვიანი. სულ მიკვირს, მე რანაირად მყავს ასეთი კეთილი შვილი (იღიმის). ეტყობა, სალომეს გენეტიკა და ნიჭიერება უფრო ჭარბობს მასში. საწყის ეტაპზე, როცა პატარა იყო, უფრო აქტიურად ვიყავი მის აღზ-რდაში ჩართული, ახლა, როგორც კი დროს გამოვნახავ, მასთან ურთიერთობის სიამოვნებას არ ვიკლებ. როდესაც დაღლილი ხარ ან პრობლემა გაქვს, განსაკუთრებით მაშინაა კარგი პატარასთან ყოფნა, ერთს რომ გაგიღიმებს და ხელს მოგისვამს, ყველაფერი გავიწყდება ადამიანს, ამიტომ არასდროს დამიწუწუნია იმის გამო, რომ ბავშვს ბევრი დრო და ყურადღება სჭირდება...
რასაკვირველია, ჩემს უფროს შვილს, ანასტასიას, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თინასთან, მართალია, ის მხოლოდ 7 წლისაა, მაგრამ უფროსი ადამიანივით ეპყრობა და ეკონტაქტება დას, ეფერება, რამდენჯერმე იტალიიდან საჩუქარი ჩამოუტანა, ხშირად კითხულობს და მოდის მის სანახავად. გულწრფელად მიხარია, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი. მინახავს, როცა უფროსი შვილი დედმამიშვილზე ეჭვიანობს ხოლმე, ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმართლა, ანასტასია ძალიან გონიერი და შეგნებული ბავშვია და ალბათ სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო.
მეორე შვილმა პასუხისმგებლობა გამიორმაგა, სანამ მამა გავხდებოდი, თუ მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი, ჩემს ჩაცმასა და სიამოვნებაზე, ახლა, როცა გასტროლზე მივდივარ, პირველ რიგში, იმას ვფიქრობ, ბავშვებს რა ვუყიდო, რა სჭირდებათ და მერე, თუ დრო და ფინანსები მრჩება, საკუთარ თავზე ვიწყებ ზრუნვას.
მეუღლე - სალომე
- სალომე „ჯი-ემ-ჯი ქალთა კლუბში“ მუშაობს, სადაც გადაცემა „დღის აკორდი“ ეკა სოსელიასთან ერთად მიჰყავდა, ეკა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, ეთერში ჯერ არ დაბრუნებუ-ლა, ამიტომ ახლა სალომეს ნიკა წულუკიძე უწევს პარტნიორობას, ასევე კვირაში ერთხელ კულინარიულ გადაცემა „უცხო სურნელს“ უძღვება. სალომეს დედა ძალიან ეხმარება, როცა თავად სამსახურშია, ბავშვზე მისი ოჯახი ზრუნავს, ძიძა კარგია, მაგრამ უკეთესია, პატარა ოჯახის წევრებთან გაიზარდოს, ჯერჯერობით ამას ვახერხებთ და ვნახოთ, მომავალში როგორ წარიმართება მოვლენები.
განაწილებული საოჯახო ფუნქციები
- რაც შეეხება სალომეს კულინარობას, ოჯახის წევრებისგან ის ამ მხრივ მეტად განებივრებული იყო, ამიტომ ნელ-ნელა სწავლობს რაღაცების მომზადებას. ისე, რამდენიმე კერძი ძალიან გემრიელი გამოსდის და ამას ჩემი მეგობრებიც აღიარებენ. ადამიანს რომ მოშივდება, ისეთი კარგი რაღაცების გაკეთებას შეძლებს, თვითონაც გაუკვირდება, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. ხანდახან მეც ვმზარეულობ. ჯერჯერობით საფირმო კერძები არ მაქვს, მაგრამ ბორშჩს, ჩაქაფულს, ოსტრის, სოუზს, ლობიოს კარგად ვამზადებ, ვინც მიირთმევს ჩემს ნახელავს, მოსწონთ და იმედია, არ მატყუებენ (იღიმება). კეთების დროს მთავარია, არ იჩქარო და სიამოვნება მიიღო პროცესისგან, ამ შემთხვევაში კერძიც გემრიელი გამოდის, კერძს ყოველთვის ეტყობა, გულითაა გაკეთებული თუ არა.
უპრეტენზიო ქმარი
- სანამ დავქორწინდებოდი, ოჯახის წევრებისგან ყველანაირად განებივრებული ვიყავი, ხშირად მისაყვედურია იმის გამო, თუ რამე მოწესრიგებული არ მხვდებოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვარ, ამ მხრივ ცუდი შვილი და შვილიშვილი უფრო ვიყავი, ვიდრე ქმარი.
ზრუნვა საკუთარ თავზე...
- მიუხედავად იმისა, რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ ვიზუალს, დიდ დროს მაინც არ ვუთმობ მომზადებას და რაიმე განსაკუთრებული რიტუალები არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს არხზე კვირაში ორჯერ დილის გადაცემა მიმყავს, ადრე მიწევს ადგომა, მაგრამ სახლიდან გასვლამდე მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი მჭირდება, სავსებით საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ ფორმაში ჩავდგე.
საყიდლებზე...
- ძირითადად გასტროლებზე სიარულისას დავდივარ საყიდლებზე, თბილისში ნაკლებად ვარ ამით დაკავებული, სიამოვნებას მანიჭებს ყიდვისა და საჩუქრების კეთების პროცესი, მაგრამ სამოსის გასინჯვა ძალიან არ მიყვარს, თან ძალიან პრეტენზიული ვარ, მარტივად ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას, ბევრს ვფიქრობ, რაღაცას რომ ვნახავ, მაშინვე არ ვიძენ, შეიძლება, სახლში წავიდე, დავფიქრდე - მერე მივბრუნდე, მაგრამ რომ მივალ ან დამხვდება ის ნივთი, ან - არა და ასე. საერთოდ, სალომე ძალიან უპრეტენზიო ადამიანია და ჩაცმა-დახურვაზე გადარეული არაა. მიყვარს მისთვის სიურპრიზების გაკეთება.
მსახიობი
- როდესაც მსახიობები ვამბობთ, ყველა როლი საყვარელიაო, ალბათ ამაში მაინც იმას ვგულისხმობთ, რომ არც ერთი გმირი არ გვძულს, ყველა სპექტაკლს თავისი ისტორია და მოგონება აქვს და, აქედან გამომდინარე, ყველას გვაქვს გამორჩეულად საყვარელი როლები. სპექტაკლ „ძმებში“ ჩემ მიერ განსახიერებული დათო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი გმირია, ეს სპექტაკლი გახლდათ ჩემი, ჩემი მეგობრებისა და დასის თეატრში დამკვიდრების პროცესი, სწორედ მან მოგვიტანა წარმატება, გამარჯვება, ასევე ეს როლი იყო ჩემი ნიკოსთან ახლოს ყოფნის და დამეგობრების დასაწყისი. სწორედ ეს სპექტაკლი გახდა თეატრის სავიზიტო ბარათი „კომედიანტებთან“ ერთად. არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი შესრულებით, მაგრამ თეატრს ეგ ხიბლი აქვს ზუსტად, რომ ყველა წარმოდგენაზე შეგიძლია შეცვალო, დაამატო, გაამრავალფეროვნო და გააუმჯობესო შენი გმირი.
რასაკვირველია, ვღელავ სცენაზე გასვლის წინ, მაყურებელი ბილეთში ფულს იხდის, ხარჯავს დროს, რომ ნახოს სპექტაკლი და შენ ვალდებული ხარ, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთო, გამიგია, რომ მსახიობებს გარკვეული რიტუალები, ან თილისმები აქვთ, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მახასიათებს. პრემიერის წინ მსახიობები რეჟისორთან ერთად ვიკრიბებით, ხელებს ვადებთ ერთმანეთს, ვყვირით და ვუშვებთ, ესაა და ეს.
შეფასება მეორე ნახევრისგან- სალომე კეთილგანწყობილი მაყურებელია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არასდროს არ გამოდის ჩასაფრებულის პოზიციიდან, ყოველთვის ცდილობს, კარგი დაინახოს და ამ კარგზე გააკეთოს აქცენტი, ცუდს ან არ აღნიშნავს, ან კორექტულად მიგანიშნებს.
მე ცოტა მომთხოვნი ადამიანი ვარ, ამიტომ უფრო კრიტიკული თვალით ვუყურებ ხოლმე სალომეს, მაგრამ შენიშვნას არ ვაძლევ, რადგან მართლა არაფერი სჭირს ჩემი გასაკრიტიკე-ბელი. სანამ ჩვენ ერთმანეთს გავიცნობდით, სალომე მანამდე გახლდათ თავისი საქმის პროფესიონალი და ეს მხოლოდ ჩემი, როგორც მეუღლის, ტენდენციური აზრი არ არის, ბევრი აღნიშნავს ამას, სწორედ ამიტომ ჩემი სარჩევი და გასაკრიტიკებელი არაფერი სჭირს. თუმცა რჩევის სახით ჩემი, როგორც მაყურებლის, აზრი გამიზიარებია.
მართალია, ბევრ საკითხში ჩემი და სალომეს აზრები ემთხვევა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ერთნაირი ადამიანები ვართ, მე გაცილებით ფიცხი, კრიტიკული და ფეთქებადი ვარ, სალომე კი ძალიან მშვიდი და დამთმობია, მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მისნაირი ვიყო.
ღამის ცხოვრება...
- სალომეს ხალხმრავალ ადგილებში - კლუბებში სიარული არც ბავშვის დაბადებამდე უყვარდა და მით უმეტეს, არც ახლა, მისთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება უახლოეს მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში საუბარია, ხშირად ერთმანეთს სტუმრობენ გოგონები და ამით შემოიფარგლება ყველაფერი. რაც შემეხება მე, სალომესგან განსხვავებით, ადრე უფრო მიმიწევდა გული და დავდიოდი გასართობად, მაგრამ ახლა ათასში ერთხელ შეიძლება მომიხდეს გასვლა. თითქმის ყველა საღამოს სპექტაკლი მაქვს, ამის შემდეგ კი გასართობად წასვლას სახლში დაბრუნება მირჩევნია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















