- გაგრაში დავიბადე, ოღონდ იძულებით გადაადგილებული პირი არ ვარ. დედა არის გაგრიდან, მამა ქუთაისელია. ოთხი წლის განმავლობაში ხან გაგრაში ვიზრდებოდი, ხან - ქუთაისში. რაღაც დეტალები მახსოვს აფხაზეთიდან. ღამით უამრავი ციცინათელა ინთებოდა, მას შემდეგ ასეთი რამ არსად მინახავს. რატომღაც მშობლებს არასოდეს გავუყვანივარ ზღვაზე, ამიტომ ზღვა არ მახსოვს. ქუთაისში ვიზრდებოდი. თბილისში სტუმრად ჩამოვდიოდი ბებიასთან, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ. 90-იან წლებში დედაქალაქი რაღაც საოცრება მეგონა. აქ იყო მეტრო, ცირკი... ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ენერგიული, ენას არ ვაჩერებდი, სულ ვლაპარაკობდი, ვმღეროდი. სამი წლიდან ვხატავ, ასევე ვძერწავდი. დედა ექიმია და ადამიანის ანატომია კარგად ვიცოდი. მომწონდა და შინაგან ორგანოებს ვძერწავდი (იღიმის).
- პოპულარობაზე, ალბათ, ბავშვობიდან ოცნებობდი...
- დიახ, მთელი ბავშვობა ხელოვნებით ვიყავი დაკავებული. მსახიობობაც მინდოდა. საკუთარი სამეფო შევქმენი. ტელეფონის სადენები დავშალე და სირმებისგან გვირგვინი გავიკეთე. პატარა თეატრი დავაარსე და სპექტაკლებს ვდგამდი. ასე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება 2003 წლამდე. ენციკლოპედიური განათლება მქონდა, რომანების მაგივრად ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებდი. ასევე ძალიან მიყვარდა ისტორიული პერსონაჟები, რუზველტი, ჩერჩილი, ნაპოლეონი, სტალინი - ოღონდ, არა როგორც კულტი... გარდატეხის ასაკში ხმაზე პრობლემები შემექმნა და სწორედ მაშინ დავიწყე სტვენა. ჩუმად ვუსტვენდი. ერთ დღეს ტელევიზიით ფრანკო ძეფირელის ფილმი - ''კალასი სამუდამოდ'' ვნახე. მანამდე ოპერა არ მიყვარდა, მაგრამ ამ ფილმმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ არიების შეგროვება დავიწყე. კალასიდან წამოვიდა ოპერის სიყვარული. თავიდან სტვენით ვერთობოდი, მაგრამ მერე რაღაცნაირად გამომივიდა. ჩავიკეტებოდი საათობით და სხვადასხვა არიას ვუსტვენდი.
- ოჯახი შენს გატაცებას როგორ შეხვდა?
- ძალიან ცუდად. მეუბნებოდნენ, სტვენამ სიღარიბე იცის, ნუ წაიღე ტვინიო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. აქ უფრო მომეცა საშუალება, რომ ახალი ჩანაწერები მომეპოვებინა. მხოლოდ ოპერასა და თეატრში დავდიოდი, კინოში - არა. შეგროვებული ჩანაწერები არდადეგებზე ქუთაისში ჩამქონდა, ოთახში მარტო ვრჩებოდი და ახალ არიებს ვუსტვენდი. მსიამოვნებდა, ენერგიას ამით ვხარჯავდი. შემდეგ ინტერნეტსივრცეში მოვიძიე ინფორმაცია, რომ არსებობს სტვენის კონკურსები, მაგრამ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არ მინახავს.
- რამე განსაკუთრებული მოფრთხილება თუ სჭირდება ხმას, როდესაც ასე კარგად უსტვენ?
- არ ვეწევი, ალკოჰოლს არ ვსვამ, თავს ვუვლი. ერთადერთი ლუდი მიყვარს. მომავალში კონსერვატორიაში ვაპირებ ჩაბარებას. მართალია, კარგად ვმღერი, მაგრამ არასოდეს მიცდია მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა. არასოდეს მყოლია პედაგოგი და მაინც მეშინოდა, რომ ''პრიკოლებში'' არ მოვხვედრილიყავი. ეს დამანგრევდა, მომკლავდა. შემდეგ საკუთარი თავისთვის ვიდეოს გადაღება დავიწყე, ვწერდი სიმღერებს, სტვენას და ''იუთუბზე'' ვტვირთავდი. მაშინ არავინ იცოდა, ვინ ვიყავი, დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი, როგორ მიკრავდნენ ტაშს.
- როგორ მოხვდი ''ნიჭიერში'' ?
- ქართველს ცოტა ხელი თუ არ წაჰკარი, შეიძლება, საკუთარი ნიჭით გამოჩენა ვერ გაბედოს. ''ნიჭიერში'' მონაწილეობა რამდენჯერმე შემომთავაზეს და ბოლოს ამ სეზონზე გადავწყვიტე. ოჯახში ამ ამბავს საშინელი პროტესტი მოჰყვა, სტანდარტული ტექსტებით, რომ სამასხარაოდ გავიხდიდი თავს და ოჯახსაც დასცინებდნენ. მაშინ არც მე ვიცოდი, ხალხი როგორ შეხვდებოდა ჩემს გამოსვლას, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. გამოსვლამდე რამდენიმე დღე იმდენად ვნერვიულობდი, რომ გავჭაღარავდი. ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ხატვას გავყოლოდი, ამ კუთხით კი თავს გავიმაიმუნებდი. ბოლოს რჩევა ჩემს მეგობარს, ლუკა ზაქარიაძეს ვკითხე და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. კონკურსზე გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტოსკას არია ჩავწერე და ინტერნეტში ავტვირთე. ნიკა გვარამია მეგობრებში მყავს და როდესაც ნახა, მირჩია, აუცილებლად უნდა გამოხვიდეო. მაშინ გამიცნო ნიკამ. ''ფეისბუქზე'' დაწერა, ამ ბიჭის ფანი გავხდიო.
- სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობდი?
- არა, ნიკამ იცოდა უკვე ჩემ შესახებ. ხატიას იმედიც მქონდა... გეგა და ია ხარისხს რომ დაინახავდნენ, მოეწონებოდათ. როდესაც გადაცემა ეთერში გავიდა, ყველაფერი შეიცვალა. თურმე მე ვინ ვყოფილვარ (იცინის). ყოჩაღ, მამა, დედა... ტელეფონი აფეთქდა, ყველა მეუბნებოდა, რომ მაგარი ვყოფილვარ. ნერვები მომეშალა იმ ადამიანებზე, რომელთა წინაშეც ამდენი წელია იმავეს ვაკეთებ და სანამ ვიღაცამ არ ჩაარტყათ თავში, ვერ დაინახეს. მათ თვალწინ იმაზე რთულ არიებს ვმღეროდი, ვიდრე ''ნიჭიერში'' შევასრულე. პირველი ტურის გადალახვის შემდეგ სამი თვე ვფიქრობდი, მეორე ტურში რა გამეტანა და ბოლოს არჩევანი ''ჯამბაზებზე'' გავაკეთე. თან არია პოპულარული უნდა ყოფილიყო, ხალხს სცოდნოდა. ''ჯამბაზების'' არიას ძალიან დრამატული ტექსტი აქვს, ''დასცინე შენს თავს, იმიტომ, რომ ხალხი ამაში ფულს იხდის'' ... გამოსვლის დროს თვალებში ვუყურებდი ხალხს და სიტყვებს ასე გადმოვცემდი.
- მეორე გამოსვლის დროსაც არ ნერვიულობდი?
- არა, ორკესტრთან რეპეტიციებმა კარგად ჩაიარა. სცენაზე გასვლის წინ კი ყველაფერი სხვა დავბლოკე. ერთადერთი, იმაზე ვნერვიულობდი, რომ თამაშის დროს ენერგია მეტად არ დამეხარჯა, სუნთქვა უნდა მყოფნოდა. გარე სამყაროსგან გათიშული ვიყავი. ნომერი რომ დამთავრდა, თვალები დახუჭული მქონდა და რომ გავახილე, ჟიურის წევრები თავიანთ ადგილებზე სხდებოდნენ. მერე მითხრეს, ჟიური ფეხზე მხოლოდ ჩემი გამოსვლის დროს ადგა. იმედი მქონდა, რომ ჟიურის ფავორიტი გავხდებოდი. ძალიან გამიხარდა, ხალხის ფავორიტი ''სითი ბენდი'' რომ გახდა, ამ ჯგუფმა ხარისხი დადო. ამ დროს მაინც მშვიდად ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი, თუ მე საკუთარი თავის, ხალხისა და იმ საქმის წინაშე ვიქნებოდი მართალი, რასაც ვაკეთებ, მაშინ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია შესრულებული იყო. ეს ვიგრძენი და დავმშვიდდი. ამიტომ არ ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი, რომ ჟიურიმ გადამიყვანა.
- ზურა, რას გააკეთებ ამ კუთხით მომავალში?
- ცოტა ხნის წინ თუმანიშვილის თეატრში ჩემი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მქონდა. თან არიებს ვუსტვენდი. ბევრმა ხალხმა გამიცნო და უამრავი ადამიანისგან მივიღე კარგი გამოხმაურება. კონსერვატორიის ტენორებმა მომწერეს, ძალიან მაგარი იყოო. არ ვიცი, ცოტა ძნელია იმაზე ფიქრი, რაში შეიძლება გამოვიყენო საქართველოს პირობებში სტვენა.
- ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თავადაც კარგად უსტვენს. ერთად თუ გიცდიათ რაიმე კომპოზიციის შესრულება?
- არა, ვერ მოვახერხეთ. ნიკას არ ეცალა და მე ვერ მივიდოდი, მოდი, ერთად დავუსტვინოთ-მეთქი. თვითონაც ძალიან კარგი სმენა აქვს... ახლა ფინალისთვის ვემზადები, ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ. რაღაც იდეები მაქვს და ვნახოთ.
- ზურა, დასასრულ პირად ცხოვრებაზე გკითხავ. შეყვარებულია პირველი ქართველი მსტვენელი?
- ერთი გოგონა მომწონს, მაგრამ ვერ გავიგე, მასაც მოვწონვარ თუ არა. ჯერჯერობით გაურკვეველი სიტუაციაა. სცენაზე პირადი ცხოვრების ასაწყობად არ გავსულვარ. პოპულარობას ამისთვის არ გამოვიყენებ. ჩემი გამოსვლის შემდეგ მომწერა, მაგრამ ბევრი საქმე დამაწვა და პასუხის გასაცემად ვერ მოვიცალე. სერენადა არავისთვის დამისტვენია ფანჯარასთან, მაგრამ ''რომეო და ჯულიეტას'' სიმღერას ნებისმიერს ვუმღერებ, ვინც მომეწონება.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















