- საახალწლოდ თავისუფლების
- რაც შეეხება ''ფულის გემოს'' და შოპინგს...
- ძალიან მიყვარს ჩაცმა, მაგრამ არ მივეკუთვნები ქალების კატეგორიას, ვისთვისაც შოპინგი თერაპიაა, ბევრი სხვა რაღაც უფრო ღირებულია ცხოვრებაში, ვიდრე ტანსაცმელი, განწყობას მხოლოდ ჩაცმა ვერ დამიბრუნებს. ჩემთვის ამაზე მეტად სასიამოვნოა სადმე გასართობად წასვლა და ჭამა, გურმანი ვარ და ამაში არ მენანება ფული, განსაკუთრებით ჩინური სამზარეულო მიყვარს და ბოლო კაპიკებსაც მასში დავხარჯავდი.
- ფულის შეგროვება თუ შეგიძლია? ოდესმე ყულაბა გქონია?
- არაფრით არ გამომდის ფულის შეგროვება. თუ მაქვს, ვხარჯავ.
- პირველი ჰონორარის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრა?
- პირველი ჰონორარი მივიღე 14 წლის ასაკში, მაშინ ქუთაისში ვმღეროდი ჯგუფ ''ტეტრაკორდში'' , გასტროლებზე ბაქოში გავემგზავრეთ, ვმართავდით კონცერტებს, ამაში კი 45 დოლარი გადაგვიხადეს, მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ ეს თანხა არ მეყო (იღიმის). ბაქოსთვის მით უმეტეს არ იქნებოდა საკმარისი. ყველაზე დიდი ჰონორარები კი ''შინამანაკენას'' დროს მქონდა, ამ სიმღერის გამოსვლის შემდეგ ვიშოვე ყველაზე მეტი ფული, ის ზაფხული ჩემთვის ყველაზე შემოსავლიანი გახლდათ.
- პირველი ჰონორარი 14 წლის ასაკში მიგიღია, მაგრამ ფინანსურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან გახდი?
- უკვე ძალიან პატარას მქონდა ჩემი ფინანსები, თუმცა მაინც ოჯახზე ვიყავი დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ჩემი მოწოდება და ამბიცია გახლდათ ის, რომ საკუთარ თავზე ამეღო და გავძღოლოდი ოჯახის ფინანსურ საკითხებს, მიყვარს, როცა მე ვზრუნავ სხვაზე და არა პირიქით. ამიტომ მქონდა ამბიცია, რომ მეშოვა ჩემი ფული. გიგას ხელში ცოტა გავზარმაცდი, თორემ ყოველთვის ბევრს ვშრომობდი, ვწვალობდი და ჩემი შემოსავალი მქონდა.
- როდესაც ფინანსურად კრიზისული პერიოდი გაქვთ, დასახმარებლად ვის მიმართავთ?
- რა თქმა უნდა, მეუღლეს. გიგა საოჯახო საქმეებს ფინანსური თვალსაზრისით მშვენივრად უძღვება, მე ვმუშაობ იმიტომ, რომ მინდა, მქონდეს ჩემი ფული. მოგეხსენებათ, მარტო ჩემი სიმღერით ეკონომიკურად კარგად ვერ ვიქნები, ამიტომ ჩემი მეუღლე დამეხმარა, ქუთაისში გამიხსნა საბავშვო სტუდია, რომელსაც ვხელმძღვანელობ, თვეში ერთხელ ჩავდივარ და ყურადღებას ვაქცევ.
- სხვა სფეროში თუ გიმუშავია?
- არა, არასდროს, ახლა დირექტორობა შევითავსე, თორემ სიმღერის მეტი არაფერი მიკეთებია და სიმართლე გითხრათ, სულ არ მინდა, სხვა რამე ვაკეთო, მინდა ვიშრომო, ვიმღერო, ოღონდ ამაში მხოლოდ პირის დაღებას არ ვგულისხმობ, ჩავწერო სიმღერები და ამით ვიშოვო ფული, მხოლოდ პოპულარობის გამო ნამდვილად არ მინდა სიმღერა. მსმენია, რა ემღერებათ, როცა ასეთი სიტუაციაა ქვეყანაშიო, მაგრამ ასე არ არის. ჩემი აზრით, მომღერლებმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა იმღერონ, რათა ადამიანებმა 3-4 წუთით მოახერხონ განტვირთვა და პრობლემებისგან თავის დაღწევა. დღეს მარტო შოუბიზნესით ოჯახის რჩენა ძალიან რთულია, მეუღლე რომ არ მყავდეს, ალბათ, უამრავ ადგილას მომიწევდა სიმღერა, ან კიდევ სტილისტურად შევცვლიდი რეპერტუარს, გავაკეთებდი უფრო კომერციულ, მასაზე გათვლილ სიმღერებს.
- ამაში ქალაქურ სიმღერებს გულისხმობთ?
- კი, ოღონდ შეიძლება, კარგად გაკეთდეს ქალაქური სიმღერაც, რომელიც სასიამოვნო მოსასმენი იქნება. მოგეხსენებათ, ეს უფრო მეტად იყიდება, ვიდრე ჯაზი, როკი.. ამ მიმართულებებით ფულის შოვნა ძალიან ძნელია, რადგან შეიძლება, მუსიკალურად განათლებულმა ათმა კაცმა მოგისმინოს, ქალაქურ სიმღერებს კი უცებ აიტაცებს საზოგადოება, მალევე ჰიტდება, რაც განსაზღვრავს შენს მოთხოვნადობას. მაგრამ, როცა შვილი გეტყვის, სადღაც წამიყვანეო, ვერ უპასუხებ, გემოვნებიან მუსიკას ვქმნი, არ მყავს მსმენელი და ამიტომ ფული არ მაქვსო. ფინანსური მხარის გამო ადამიანებს ხშირად უწევთ ისეთი რაღაცების კეთება, რაც შეიძლება, თავადაც
არ მოსწონდეთ. ამიტომ სხვების შორიდან გაქილიკება არ შეიძლება და მიუღებელია.
- რამდენად მნიშვნელოვანია ანაზღაურება, როდესაც საქმეს გთავაზობენ?
- ეს არის თემა, რომელზე ლაპარაკიც ყოველთვის მიჭირს. საზღვარგარეთ ამ საკითხზე მომღერალს არ უწევს ლაპარაკი, ჩვენთან კი ასე არ არის, თავადვე ვაგვარებთ ამ პრობლემას, არადა, ფინანსებზე საუბრისას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. კარგია, როცა დიდ თანხას გთავაზობენ, მაგრამ როცა ანაზღაურება მცირეა და მეტი საშუალება არ არის, მაშინაც არ ვამბობ უარს სიმღერაზე.
- წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ პოლიტიკა ხელოვნებაში იყო შეჭრილი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენთვის, შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიცვალა რამე?
- მე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ შარშან ახალ წელს სახლში ვისხედით, იმის წინა წლებში კი ყოველთვის დაკავებული გახლდით. წელსაც იგეგმება კონცერტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოქმედება შეინიშნება, დღევანდელ მთავრობაში არის ბევრი კარგი ადამიანი, რომელსაც ესმის ჩვენი საქმის, ამიტომ ვიმედოვნებ, წინსვლა გვექნება, ჯერ მთავარია, პოლიტიკოსებმა დაალაგონ სიტუაცია და მათი ქმედება არ გახდეს სანახაობა. შემდეგ კი იმედია, მეცენატობა წამოიწევს წინ და ჩვენს საქმეშიც ჩადებენ ფულს, ამის გარეშე რაღაცის გაკეთება ძალიან რთულია.
- მივუბრუნდეთ ჩვენს თემას და გვითხარი, ოდესმე ლატარიაში თუ მოგიგია რამე?
- არა, არასდროს, თუმცა 2012 წელს გადაცემა ''ეტალონში'' მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, მომანიჭეს ''იღბლიანი მომღერლის'' სტატუსი, ეს იყო და ეს. აზარტული არ ვარ, ლატარიის თამაშიც არ მიზიდავს და არც მიცდია ბედი, შესაბამისად, არც მომიგია.
- არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აისახება შენს განწყობაზე?
- კი, რადგან ეს ძალიან საჭირო რამაა. ფულის გარეშეც შემიძლია მეგობრებთან ერთად კარგად გავერთო, მაგრამ როცა გაქვს ფინანსები, მეტი შანსიც გეძლევა იმისთვის, რომ უფრო კარგად გაერთო, ისიამოვნო და ასიამოვნო გვერდით მყოფნი.
- რაც შეეხება საფულეს, რის მიხედვით არჩევ ამ ნივთს?
- მიყვარს ტევადი საფულე, რადგან მინდა, ბევრი ფული მქონდეს, რომ საყვარელი ადამიანები გავახარო, ვგიჟდები ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე, ეს ჩემი მოტივიაციაა.
- ყველა მშობლის სურვილია, შვილს მაქსიმალური გაუკეთოს, ახერხებ სანდროს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას?
- კი. საკმაოდ მომთხოვნია, მეც და მამამისიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უარი არაფერზე ვუთხრათ. რაც ბავშვობაში მე დამაკლდა, მინდა, მას ჰქონდეს. როცა პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი არ იყო შეძლებული, რომ ჩემი ყველა სურვილი აესრულებინა, თუმცა დედა და მამა ყოველთვის ცდილობდნენ, ყველაფერი მქონოდა, მაგრამ რაც მაკლდა, იმასთან დაკავშირებით გულისტკივილი მახსოვს, ამიტომ ვცდილობთ, სანდროს არაფერი მოვაკლოთ. ახლა ''აიფონი'' მოუნდა და ელოდება, როდის ვუყიდით, შეიძლება, ამ ასაკის ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ასეთი ტელეფონი, მაგრამ ამბობს, რომ მასთან კლასში აქვთ და მასაც უნდა. ეს ალბათ ბავშვის ზედმეტი გატუტუცებაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, სურვილი შევუსრულოთ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















