10 დეკემბერი, 2013
''თემურ ქეცბაიას ადგილას წავიდოდი''
მანამდე რამდენიმე კარგი სტადიონი გაგვიყიდეს, მერე ფიზკულტურის ინსტიტუტის გაყიდვა რომ მოინდომეს, პროტესტი გამოვთქვი რამდენიმე სპორტსმენთან ერთად დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი დაპირისპირებაა. რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მსგავსი პრობლემა ყოველთვის დგას - მწვრთნელიც და ფეხბურთელიც გამარჯვებას საკუთარ შრომას მიაწერენ. რეზო ძოძუაშვილის აზრით კი წარმატება მწვრთნელსა და ფეხბურთელზე თანაბრადაა დამოკიდებული. ყოფილ ფეხბურთელს შინ ვესტუმრეთ და ვთხოვეთ, გაეხსენებინა ძველი დრო, როცა ქართველები ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობდნენ.

როდის თამაშობდა ფეხბურთს ფეხშიშველი

- მამაჩემი, მიშიკო ძოძუაშვილი, ფეხბურთელი გახლდათ. ფოტო
ძალიან ძველია. გადაღებულია 1945 წლის 10 აპრილს. მამა ომიდან ახალი დაბრუნებული იყო, დაჭრილი ჩამოვიდა. ქუთაისის პირველ ფეხბურთის გუნდში თამაშობდა, რომელსაც ''მერცხალი'' ერქვა. მამას ფეხბურთი ძალიან უყვარდა. თბილისში უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და რამდენჯერმე დინამოს სტადიონზე წამიყვანა ფეხბურთზე დასასწრებად, სპორტის ამ სახეობის სიყვარული მაშინ ჩამივარდა გულში. მთელ თავისუფალ დროს ბურთთან ერთად ვატარებდი.
ამ ფოტოზე ოთხი წლის ვარ. ბავშვობაში ბურთს ფეხშიშველი ვთამაშობდით. ფოტოს გადაღების ადგილიდან დაახლოებით ორას მეტრში პატარა სტადიონი გვქონდა და სათამაშოდ სულ იქ მივდიოდით.

Rating

- ფეხშიშველი რომ თამაშობდით, ფეხები არ გტკიოდათ?
- გვტკიოდა, მაგრამ ისე ძალიან არა, რომ თამაშზე უარი გვეთქვა. თურმე ასეთი ვარჯიშიც აუცილებელია. თუ ტკივილი არ გინახავს, შენი შრომის ფასს ვერ გაიგებ. ფოტოზე ჩემ გვერდით დგას მომღერალ აჩიკო გულედანის მამა, ჩემი დეიდაშვილი მურთაზ გულედანი და ჩვენი მეზობლის ბავშვი გიორგი ხვედელიძე, რომელმაც სწავლა რუსეთში გააგრძელა. მეც და მურთაზიც დედისერთები ვართ. როგორც ძმები, ისე ვიზრდებოდით.

Rating

- მომდევნო ფოტოდან ჩანს, რომ ბავშვობაში ცეკვის მოყვარული ყოფილხართ.
- დედა პროფესიით მუსიკის მასწავლებელი იყო. მეც ძალით მასწავლიდნენ მუსიკას. ძლივს გამოვედი, ფაქტობრივად, გამოვიქეცი მუსიკალური სკოლიდან. დედა საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებელი გახლდათ და ძალიან ხშირად ვიყავი პრივილეგირებული ამ საკითხში. მასწავლებელი დედა ხან მამღერებდა და ხან მაცეკვებდა, მაგრამ მე ფეხბურთის გარდა არაფერი მინდოდა.

Rating

- ბავშვობა ქუთაისში გაატარეთ?
- ქუთაისში მე- 17 რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. სკოლა ჩემს სახლთან ახლოს იყო. პარალელურად დავდიოდი ფეხბურთზე. ქუთაისის სპორტული სკოლის მოწაფეები ვართ მომდევნო ფოტოზე, რომელიც 1961 წელსაა გადაღებული. სპორტული სკოლის ბავშვებისგან ჩამოყალიბდა ფეხბურთის გუნდი და სხვადასხვა რაიონისა და ქალაქის გუნდებს ვეთამაშებოდით. ამ გუნდიდან სამი უძლიერესი ფეხბურთელი გამოვედით - ჯემალ ხერხაძე, სერგო კუტივაძე და მე.

Rating

- იმ პერიოდში ეს გუნდი საქართველოში ყველაზე მაგარი იყო?
- პირველ ადგილას თბილისის გუნდები იყო და მეორე ადგილზე ყოველთვის ქუთაისი გავდიოდით.

რა შემთხვევაში ექნებოდა ძალიან ბევრი ფული

- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- სურათი უკრაინაშია გადაღებული. მაშინ პირველად ვიყავი წასული სპარტაკიადაზე. ქალაქ კრიმენჩუკში ჩატარდა დიდი ტურნირი, სადაც ეს გოგონა გავიცანი.
- თქვენს ალბომში ამ ფოტოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი სახელი გახსოვთ?
- არ მახსოვს. ფოტოები გადავიღეთ და მერე გამომიგზავნა სურათი. მას მერე არც მინახავს.

Rating

- ეს გოგონა თქვენი პირველი სიყვარული იყო?
- პირველ სიყვარულს ვერ დავარქმევ. პირველი რუსი გოგონა იყო, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიცანი და დავძმაკაცდით.
- სკოლაში კარგად სწავლობდით?
- კარგ მოსწავლეობას ვერ დავიჩემებ. ძირითადად სპორტით ვიყავი დაკავებული. ფეხბურთის გარდა კრივზე დავდიოდი. ქალაქის ჩემპიონი ვიყავი. ამიტომ, როგორც სპორტსმენს, შეღავათები მქონდა. სიმართლე გითხრათ, კარგი მოწაფეობა არც მინდოდა. მინდოდა, კარგი სპორტსმენი ვყოფილიყავი და მთელი ყურადღება ამაზე მქონდა გადატანილი.
- სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესია აირჩიეთ?
- სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და პრივილეგიები გვქონდა. ''გეპეიში'' სამშენებლო ფაკულტეტზე მომაწყვეს. მერე სოხუმში ვთამაშობდი და საბუთები სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გადავიტანე. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე იყო ის ბედი და იღბალი, რომ საქართველოს ნაკრებიდან თბილისის ''დინამოში'' გადავედი. სკოლიდან მოვხვდი დიდ აკადემიაში, თბილისის ''დინამოს'' სკოლას ვგულისხმობ, რომელსაც უმაგრესი მწვრთნელი მიხეილ იაკუშინი ჰყავდა. თბილისის ''დინამოს'' თუკი რაიმე მიღწევები ჰქონდა, მისი დამსახურებაა.
- შემდეგ ფოტოზე ვისთან ერთად ხართ?
- მომდევნო ფოტოზე სლავა მეტრეველი, რამაზ ურუშაძე, მიშიკო ჭელიძე არიან. დღეს ცოცხალი არც ერთი აღარ არის. ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.

Rating

- თქვენი საფეხბურთო კარიერა როგორ გაგრძელდა?
- თბილისის ''დინამოდან'' ერთი წლის შემდეგ გადავედი ქუთაისის ''ტორპედოში'' , მერე ვითამაშე სოხუმის ''დინამოში'' და წელიწად-ნახევრის შემდეგ დავბრუნდი დიდ ფეხბურთში. ვიყავი თბილისის ''დინამოს'' ძირითად შემადგენლობაში და ბოლოს ვითამაშე საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. 1966-დან 1976 წლამდე დიდ ფეხბურთში ვიყავი და თუკი რამის მიღწევა იყო შესაძლებელი, ყველაფერს მივაღწიე. მომდევნო ფოტო გადაღებულია 1970 წელს მექსიკაში.

Rating

- გოგონებში პოპულარული ყოფილხართ. ბევრი ფოტოა თქვენს ალბომში გოგონებთან გადაღებული.
- რა თქმა უნდა, ვიქნებოდი პოპულარული, თუკი რამე დიდი ტურნირი იყო, ყველგან მივიღე მონაწილეობა. ფოტო 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროსაა გადაღებული. მექსიკელი გოგონები მოვიდნენ და აუცილებელი იყო ავტოგრაფის მიცემა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა…. მიხარია, რომ ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. მერე წავედი მწვრთნელად. შევქმენი ძალიან კარგი გუნდი, სადაც თამაშობდნენ ძმები არველაძეები, ქინქლაძე. მე-20 საუკუნის ბოლოს ვთამაშობდით, რუსეთში ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და 21-ე საუკუნის გუნდი დაგვარქვეს. მომდევნო ფოტოზე ეს გუნდია გადაღებული.

Rating

რატომ ვერ გამონახა საერთო ენა ყოფილ ხელისუფლებასთან

- შემდეგ ფოტოზე ვისთან ერთად ხართ?
- ეს ძალიან მაგარი ფეხბურთელი ფოგთსია. ევროპის ჩემპიონატზე მე და ფოგთსი გვაღიარეს საუკეთესო მცველებად. ახლა ის აზერბაიჯანის ნაკრების უფროსი მწვრთნელია. ამ პერიოდში, როცა ეს ფოტოა გადაღებული, ძალიან ბევრი მიწვევა მქონდა უცხოეთიდან. საბჭოთა კავშირში უცხოეთში წასვლაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, თორემ რომ დავთანხმე ბოდი, ახლა იმდენი ფული მექნებოდა, შეიძლება, ჩემს ბინაში ვერ დატეულიყო.

Rating

- ბოლო დროს აქტუალური გახდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობა. თუმცა ეს თემა ადრეც აქტუალური იყო. ამბობენ, დავით ყიფიანი ფეხბურთიდან იმიტომ წავიდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში არ აიყვანეს.
- ასე ამბობდნენ, მაგრამ ფეხბურთიდან დათოს წასვლის მიზეზი ფეხის ტრავმა იყო.
- თქვენ გახვეულხართ მსგავს სკანდალში?
- ძალიან ბევრი უთანხმოება მქონია. სხვაგვარად ფეხბურთში არც შეიძლება იყოს. ჩემს ცხოვრებას რომ გადავავლებ თვალს, არ შეიძლება, არ ვიამაყო. მწვრთნელად სადაც მიმუშავია, ყველა იმ გუნდს ყოველთვის ექვსი, შვიდი საფეხურით მაღლა ვწევდი. მაგრამ ყოველთვის, როცა წარმატებას მივაღწევდი, იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ევროპის ჩემპიონატებზე კლუბის პრეზიდენტებს აღარ მივყავდი. სხვა მწვრთნელები აჰყავდათ. ამ დროს მომდიოდა კონფლიქტი. ოთხი წელი ლატვიის ფეხბურთში ვიყავი. ნაკრების მწვრთნელადაც ვიმუშავე, მერე არაბეთში მიმიწვიეს, მაგრამ ამ დროს დამირეკეს და მითხრეს, ქუთაისს სჭირდება შენი დახმარებაო და ჩამოვედი. გუნდმა წარმატებას მიაღწია, მაგრამ მერე ყოფილ ხელისუფლებასთან ვერ გამოვნახე საერთო ენა. ფიზკულტურის ინსტიტუტის დასაცავად გამოვედი. მანამდე რამდენიმე კარგი სტადიონი გაგვიყიდეს, მერე ფიზკულტურის ინსტიტუტის გაყიდვა რომ მოინდომეს, პროტესტი გამოვთქვი რამდენიმე სპორტსმენთან ერთად. ამის შემდეგ არსად აღარ გვამუშავეს.
- თემურ ქეცბაიას დღეს ბევრს აკრიტიკებენ, თქვენ ქართულ ფეხბურთში შექმნილ სიტუაციაზე რა აზრის ხართ?
- ეს ძალიან ღრმა თემაა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვთქვი, თემურის ადგილას წავიდოდი-მეთქი. ფეხბურთში იმდენი მამაძაღლობა ხდება, სიმართლეს ვერ დაადგენ.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი მხარე არ იწუხებს თავს.
- ამიტომაა საჭირო, რომ სანამ ჩვენ ფეხზე ვდგავართ, ჩაგვრთონ ფეხბურთში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შერჩევასთან დაკავშირებით.
- თქვენ დღეში რამდენ საათს ვარჯიშობდით?
- მე დღემდე 24 საათს ვვარჯიშობ. დღემდე ვაკეთებ ჩანაწერებს. მაქვს ძალიან ბევრი დღიური, სადაც ყოველი თამაშის მერე ჩანაწერს ვაკეთებდი.… რამდენიმე ფეხბურთელი ეუბნება ქეცბაიას, შენთან არ ვიმუშავებო. შეიძლება მას ჰყავს ამ ბიჭების შემცვლელები, მაგრამ ეს საუბარი რომ იწყება, უნდა იფიქრო, რომ ამის უკან სხვა ძალა დგას, მაგალითად, მწვრთნელთა საბჭო, რომელიც მის გვერდით ზის. თუ თემური მათ ერთი ხელის მოსმით მოიშორებს, მაშინ მოგებული იქნება, მაგრამ თუ დატოვებს, სულ ეჭვებში დარჩება, ძალით ხომ არ მაგებინებენ თამაშსო. ეს ყველაფერი დიდ სტრესს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, მართლა ძალით წააგებინონ თამაში და მერე ცუდად წავა. მე მის ადგილას ამიტომ წავიდოდი ახლა, მსგავსი რამ რომ არ მომხდარიყო. ბევრჯერ ვარ წასული გუნდის მწვრთნელობიდან. როცა გუნდის პრეზიდენტთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა, უნდა წავსულიყავი, თორემ მაინც ''გამაფუჭებდნენ'' .

''თუკი რამეს მივაღწიე, ამაში ოჯახმა ხელი ძალიან შემიწყო''

- მომდევნო ფოტოზე ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ. მე და ჩემმა მეუღლემ სამი შვილი გავზარდეთ. ლაშა, კახა და მიშიკო. უფროსებმა იურიდიული დაამთავრეს. მე და ჩემს ცოლს პირველი მეუღლეები გარდაცვლილი გვყავს და ორივეს პირველი ქორწინებიდან შვილი გვყავდა. მეუღლეს - კახა, მე - ლაშა. რომ დავქორწინდით, საერთო შვილი - მიშიკო გვეყოლა, რომელიც სოფო ხალვაშის მეუღლეა. ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე ჩემს საქმიანობაში ხელი არ შემშლოდა. სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი და ის ბავშვებს ზრდიდა. მართალია, ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან, მაგრამ მაინც რთულია ძირითადად ბავშვებთან მარტო ყოფნა. ფეხბურთისთვის ვიყავი თავშეწირული და თუკი რამეს მივაღწიე, ამაში ოჯახმა ხელი ძალიან შემიწყო.

Rating

- როგორც ვიცი, შვილებიდან ფეხბურთი მხოლოდ მიშიკომ აირჩია.
- მიშიკომ რატომღაც ფეხბურთის მენეჯერობა აირჩია. ლატვიაში რომ ვიყავი, ჩემს პრეზიდენტს ძალიან მოეწონა და მე რომ წამოვედი, დაახლოებით ექვს წელს კიდევ იმუშავა მენეჯერად. დღეს ხელოვნებაში მოღვაწეობს სოფოსთან ერთად. ჩვენს ოჯახში ხელოვნება და სპორტი გაერთიანებულია.
- მომდევნო ფოტოზე გვიამბეთ.
- სურათზე დედაჩემი ჩემს შვილებთან კახა ბერიშვილთან, პატარა მიშიკოსა და ლაშასთანაა. მიშიკოს ბავშვობაში დიდი და ხვეული თმა ჰქონდა. მიშიკოს გვერდით აჩიკო გულედანი და მისი და არიან.

Rating

- რამდენი შვილიშვილი გყავთ?
- შვიდი. კახას ბიჭი და გოგო ჰყავს, ლაშას ორი გოგო და ერთი ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. ჯერ პატარაა, მაგრამ იმედია, თამაშს გააგრძელებს. მიშიკოს ჯერჯერობით ორი გოგო ჰყავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
თამაზი
მე რეზოს რუსთავიდან ვიცნობ,ეს კაცი დასაკარგი არ არის და რატომ არ ვიყენებთ მას საინტერესოა, დარწმუნებული ვარ ამას ჩააბარეთ რომელიღაც სოფლის გუნდი, მიეცით მუშაობის საშუალება და ამგუნდს 2 წელიწადში საქართველოს ჩემპიონს გახდის.
23:05 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ფეხბურთის ქომაგი
დააბრუნეთ ძოძუაშვილი ნაკრების მწვრთნელად. მწვრთნელის ხელი მაგის დროს ეტყობოდა ნაკრებს
20:17 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კოლხი
გამაგიჟებს ეს ხალხი, ქეცბაიაში რა ნახეს კარგი:(:(:( მწვრთნელის კარგობა შედეგით არ იზომება?! თუ სხვანაირად არის ეხლა?? ძოძუაშვილს ადარებთ ამ დებილ ქეცბაიას?!
07:42 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მოხუცი
ბესტი, ჯაიცჰი, სხვებზე აგარც სჰევცჰერდები:ფეხი არ გაატოკებინა. მსოფლიოსჰი ბევრი დაიტრაბახებს ამიტ? მაგარი ფეხბურტელი ბრდზანდებოდიტ ბატონო რეზო. საქარტველოს ნაკრები კი, მარტო ტქვენ(საკუტრად) არ მახსოვს, მაპატიეტ. მჯერა, მაგრად უხელმზგვანელებდიტ. სადაც მიხვედიტ, ყველგან დადეტ სჰედეგი. მადლობა.
23:17 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაპი
ქეცბაია შენზე ბევრად კარგი მწვრტნელი როა ეგ გალაპარაკებს?გაიხსენე შენი ნაკრები რას გავდა
23:15 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი მეკოშკიშვილი
ბ-ო რეზო ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ, ნამდვილად ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ბრძანდებით , გისურვებთ წარმატებებს
17:48 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS