06 დეკემბერი, 2013
რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის
ეს აწუხებს ჩემი რომანის მთავარ პერსონაჟსაც და ამიტომ ეს სათაური კონცეფციის თვალსაზრისით ყველაზე უკეთ ასახავს წიგნში ჩადებულ აზრს 28 ნოემბერს მაღაზია ''ბიბლუსის'' სამკითხველო დარბაზში ტორესა მოსის წიგნის ''სიბრძნე სიცრუისას'' პრეზენტაცია გაიმართა. დებიუტანტმა მწერალმა წიგნი მკითხველს თავად წარუდგინა.
ტორესა მოსი - თავდაპირველად ამ ფსევდონიმით ''კვირის პალიტრის'' ბლოგებზე გამოჩნდა. მისი პირველი რომანი ''სიბრძნე სიცრუისა'' კი ''გამომცემლობა ''პალიტრა L'' -მა გამოსცა. ვახო მოსიაშვილს დღეს ყველა ასე იცნობს და თავადაც გადაჩვეულია, როცა მას ''ნამდვილი'' გვარ-სახელით იხსენიებენ. მის პირად არქივში
არაერთი გამოუცემელი თხზულებაა, მათთან შედარებით ''სიბრძნე სიცრუისა'' პირადად მას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. როგორც თავად ამბობს, ეს არქივი ხელშეუხებელი დარჩება, როგორც მისი ''პირადი მარცხები'' და ისინი ყოველთვის გაახსენებს, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა....

- თელავში არის ტრადიცია, როცა მეტსახელი მამიდან შვილზე გადადის. ტორესას მამაჩემს ეძახდნენ და მეც ასე მომმართავდნენ. შემდეგ მამა სასულიერო პირი გახდა და ეს სახელი საბოლოოდ მე ''გადმომილოცეს'' . თელავში დავიბადე, გავიზარდე. პროფესიით იურისტი ვარ და სხვადასხვა კომპანიაში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, თელავის თეატრშიც მიმუშავია იურისტად... რაც შეეხება წერას, ბავშვობაში რაღაცებს სულ ვწერდი. მე და მამაჩემს ორი გამოგონილი პერსონაჟი, პასკუ და მასკუ გვყავდა და მათ შესახებ ზღაპრებს ვიგონებდით. მეხუთე კლასში გეოგრაფიული მოთხრობა დავწერე და მოგზაური პერსონაჟები გამოვიგონე. ეს პროცესი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამას ისე არ აღვიქვამდი, რომ აუცილებლად მწერალი უნდა გამოვსულიყავი. არც ახლა მივიჩნევ, რომ მწერლის სახელს ვიმსახურებ. ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ფოლკნერის, ჯოისის, კაფკას მერე ვერ ვიტყვი, რომ მწერალი ვარ. თუ ოდესმე ჩემი შემოქმედება მოწონებას დაიმსახურებს, მოხარული ვიქნები.
- ''კვირის პალიტრის'' ბლოგების წერა როდის დაიწყეთ?
- 2012 წლის გაზაფხულზე. ჯერ ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს ვეხმიანებოდი. ბლოგების წერა ჩემი მეგობრის სალომე ლილუაშვილის რჩევით დავიწყე, რომელიც ''კვირის პალიტრის'' ჰოლდინგში მუშაობდა. მისივე ინიციატივა იყო ჩემი წიგნის გამოცემაც. ბლოგების პარალელურად ვწერდი წიგნის ტექსტს. დასრულებული ჩემს რამდენიმე მეგობარს წავაკითხე, მათ შორის სალომესაც. მან გამომცემლობაში მიიტანა და ასე გადაწყდა წიგნის ბედიც.
- მოკლედ გადმოგვეცით თქვენი რომანის ''სიბრძნე სიცრუისას'' სიუჟეტი. რაზეა ეს წიგნი?
- ის ჩემი თაობისთვის მტკივნეულ თემებს ეხება. მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის 90-იან წლებში. თუმცა დრო მაინც პირობითია და აქცენტი არ მაქვს იმ პერიოდის ტრადიციულ ასახვაზე. პერსონაჟი 15 წლისაა და რომანის განმავლობაში იზრდება 25 წლამდე. ეს მის ლექსიკასაც ეტყობა. ეს არის რომანი პიროვნებაზე, რომელიც საკუთარ თავს აყალიბებს და იწყებს ჩაკეტილი წრიდან გამოსავლის ძიებას. ტექსტში პერსონაჟებს პირობითი სახელები ჰქვიათ: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, ხოლო მთავარ პერსონაჟს ჰქვია ნოტი. მას შეემთხვევა შვიდი დამოუკიდებელი ამბავი შვიდ პერსონაჟთან და სწორედ ამ პროცესში ყალიბდება მისი პიროვნებაც. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ''ფეისბუქზე'' არსებობს გვერდი, რომელსაც ჰქვია ''მე ვარ ნოტი'' . ''სიბრძე სიცრუისას'' წაკითხვის შემდეგ, თუ ეს პერსონაჟი დააინტერესებთ, შეუძლიათ, ნებისმიერი შეკითხვა დაუსვან და ეკონტაქტონ. ამ გვერდის ადმინისტრატორი მე არ ვარ, მის მუშაობაში არ ვერევი, ჩემი სამი მეგობარი გარკვეული სქემის მიხედვით დაინტერესებულთა ყველა კითხვას უპასუხებს.
- ტექსტს უწოდებთ და არა რომანს, ნაწარმოებს და ა.შ. ასე რატომ ამბობთ?
- დიახ და იმაზეც მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა, რა ჟანრისაა ეს წიგნი. ვცდილობ, მაქსიმალურად დიდი სივრცე დავუტოვო მკითხველს შეფასებისთვის. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხრობა იყოს, აღიქვას ასე. თუმცა ტრადიციული გაგებით, ამ წიგნს შეიძლება, რომანი ვუწოდოთ.
- ამ რომანზე მუშაობის დროს თუ გრჩებოდათ წიგნის კითხვის დრო, საერთოდ რას კითხულობთ?
- ქაოტური მკითხველი ვარ და სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებებს ვკითხულობ. ერთ-ერთი ბოლო წიგნი, რაც წავიკითხე, იყო რობერტ მუზილის ''უთვისებო კაცი'' , რომელმაც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მიყვარს ფოლკნერი, თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან კი - გამორჩეულად აკა მორჩილაძის რამდენიმე წიგნი, მათ შორის ''სანტა ესპერანსა'' და მადათოვის ტრილოგია. განსაკუთრებით მიზიდავს ფენტეზის ჟანრი. ამ კუთხით ჯონ ტოლკიენის ''ბეჭდების მბრძანებელს'' გამოვარჩევ. ასევე სიამოვნებით ჩავუჯექი ჯორჯ მარტინის ''სამეფო კარის თამაშებს'' . რაც შეეხება კლასიკას, რასაკვირველია, ბევრი რამ წაკითხული მაქვს. არის რამდენიმე წიგნი, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდები. მაგალითად, ასეთია ''ვეფხისტყაოსანი'' . მგონია, რომ ლიტერატურაში არსებობს ტექსტები, რომლებზეც ვერ იტყვი, რომ წაკითხული გაქვს. ის ყოველთვის ცოცხალია და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა რომ კითხულობ, ბევრ ახალ აღმოჩენას აკეთებ. ასევეა სახარება და მასაც ხშირად ვუბრუნდები. რამდენჯერმე წავიკითხე ჯეიმს ჯოისის ''ულისე'' . კითხვის დროს წლებთან ერთად, ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, სულ სხვადასხვა აქცენტს აკეთებ და ზოგ რამეს აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ხედავ. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მიყვარს სულხან-საბა ორბელიანი.
- და აქედან გამომდინარე დაარქვით თქვენს წიგნს ''სიბრძნე სიცრუისა'' ? არ გიფიქრიათ, რომ ამ სათაურს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდებოდა?
- წერის პროცესში წიგნს რამდენჯერმე გადავარქვი სახელი, მათ შორის გამოცემის წინაც, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სათაური ამ რომანის შინაარსს მიესადაგება. პირველი: პერსონაჟი საკუთარი თავის ჩამოყალიბების პროცესში ხვდება, რომ სიმართლე არ არის მხოლოდ ფაქტები. შეიძლება, ფაქტი ფაქტს არ დაემთხვეს, მაგრამ ერთ კონკრეტულ ამბავში იდოს რაღაც ტიპის ჭეშმარიტება. მეორე: ადამიანის გარშემო ყოველთვის ხდება მოვლენები, რომელიც ზოგჯერ წარმავალია და შეიძლება, მას ვუწოდოთ სიცრუეც, რომელსაც იმავდროულად ჭეშმარიტება უპირისპირდება. თითოეული ადამიანის პრობლემა ისაა, რომ შევძლოთ ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო მოვლენების განსხვავება. ეს აწუხებს ჩემი რომანის მთავარ პერსონაჟსაც და ამიტომ ეს სათაური კონცეფციის თვალსაზრისით ყველაზე უკეთ ასახავს წიგნში ჩადებულ აზრს.
არ დავმალავ და გეტყვით იმასაც, რომ ბავშვობიდან მქონდა გარკვეული ტიპის პროტესტი, როცა სულხან-საბას ტექსტს ''სიბრძნე სიცრუისა'' განიხილავდნენ როგორც საბავშვო, დიდაქტიკური ჟანრის იგავ-არაკების კრებულს. რეალურად კი, ჩემი აზრით, ეს ტექსტი ''ვეფხისტყაოსნის'' შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მესამე ფაქტორი ისაა, რომ სულხან-საბა, როგორც მოღვაწე, ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა. მის კალამს ეკუთვის ''სიტყვის კონა'' , რომელშიც მან კოლოსალური შრომა ჩადო. შეიძლება, ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ რაღაცნაირად მივამსგავსე ეს პროცესი - სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' ფაბულა ადამიანის აღზრდაა და ჩემს ტექსტშიც იმავე თემაზეა საუბარი, მხოლოდ ჩემთან პერსონაჟი თავად წვრთნის თავს და მას არ ჰყავს მასწავლებელი. ასე რომ, ბევრი თანხვედრა იყო და ამ სათაურს აღარ გავექეცი. კი, შეიძლება თქვან, რომ მეყო თავხედობა, ჩემი წიგნისთვის ასე მეწოდებინა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე და არც ის გამითვლია, რომ ხმაური მოჰყოლოდა... სიმართლე გითხრათ, ამ რომანზე ბევრს აღარ ვფიქრობ, ის უკვე მკითხველის საკუთრებაა (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS