რამდენიმე დღის წინ, „რეიტინგისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რომა რამაზაშვილი „მისტერ ევროპის“ სილამაზის კონკურსზე მიემგზავრება, სადაც ის რუსეთის სახელით მიიღებს მონაწილეობას.
„რეიტინგი“ მოდელს დაუკავშირდა. აღმოჩნდა რომ ის ნამდვილად იმყოფება რუსეთში და მსოფლიოს სილამაზის კონკურსისთვის ემზადება.
- რომა,
- დაახლოებით ერთი თვის წინ წამოვედი რუსეთში, მოწვევა მქონდა აქაური შოუ-ბიზნესიდან.
- ვინ მიგიწვიათ?
- რამდენიმე სააგენტომ მიმიწვია, ახლა მოლაპარაკებები მაქვს ზაიცევის სააგენტოსთან. აქ უფრო დიდი ბაზარია, ათჯერ მეტი შესაძლებლობებია. ამიტომ დავინტერესდი და წამოვედი.
- პირველად ხართ რუსეთში?
- უკვე მეხუთედ ვარ რუსეთში. ადრე მოსკოვის „დინამოში“ ვთამაშობდი. შემთხვევითობის გამო აირია ყველაფერი და მოვხვდი შოუ-ბიზნესში. ფეხბურთს კი ტრავმების გამო დავანებე თავი. მთელი ჩემი ცხოვრება იყო ფეხბურთი. ამ ეტაპზე შოუ-ბიზნესში არანაკლები წარმატება მაქვს და ვნახოთ რა იქნება.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „მისტერ ევროპაზე“ მიემგზავრებით...
- მეც გუშინ გავიგე ეს ამბავი.
-მოღალატეც გიწოდეს ამის გამო...
- მოღალატე რატომ?
- იმიტომ რომ „მისტერ ევროპაზე“ რუსეთის სახელით უნდა მიიღო მონაწილეობა...
- ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საქართველო არ დამაფინანსებს და რუსეთი მაფინანსებს. ვისაც რა უნდა ილაპარაკოს, ვინც დამაფინანსებს მისი სახელით გავალ. ჩემი ხარჯებით კონკურსზე გასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. პატრიოტიზმი შენი ქვეყნის სიყვარულია, სხვისი სახელით კონკურსზე გასვლა, არაპატრიოტიზმს არ ნიშნავს. 5 წელია შოუ-ბიზნესში ვარ და სადაც დიდი ბაზარია და გადამიხდიან, იმის სახელით გავალ კონკურსზე.
- გამოდის გიყიდა რუსეთმა...
- ჯერ ვერ ვიტყვი ასე. მოლაპარაკებები მიდის.
- იმ ფონზე, როცა მავთულხლართები რუსებმა ფაქტიურად გორის გზაზე გადმოიტანეს, მისაღებია შენთვის რუსეთის სახელით კონკურსზე გასვლა?
- ანუ?
- მავთულხლართების გადმოწევას ვგულისხმობ...
- მე პოლიტიკისგან შორს ვარ. სადაც ვარ იქ კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ.
- რუსეთი ოკუპანტია?
- რატომ მეკითხებით? მე არ ვერევი პოლიტიკაში. ზეწოლაა ის რაც ხდება, მაგრამ ამას რუსი გააკეთებს თუ სომეხი სულერთია. ცუდია ნამდვილად. მე არ ჩავერევი ამ საქმეში, რადგან ვერაფერს ვუშველი. ვინც წყვიტავს იმან უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა.
- ე.ი. არ გრცხვენიათ ამის გამო?
- მე არ მრცხვენია და არასდროს შემრცხვება. მე ქართული გვარი მაქვს და ამ გვარით მივდივარ კონკურსზე. საქართველო თუ დამაფინანსებდა, საქართველოს სახელით მივიღებდი მონაწილეობას.