- მე რომ დავიბადე...
- მე რომ დავიბადე, იყო თოვლი, სიცივე და ზამთრის უსაზღვრო სევდა. და ეს სევდა ჩემი ხასიათისა და
- მხიარულ გუგავასაც ვიცნობთ ჩვენ...
- მხიარულება ხომ სევდასაც არ გამორიცხავს.
- თვალს ვარიდებ...
- ადამიანი საკუთარ სისუსტეს არიდებს თვალს, მეც ადამიანი ვარ და ჩემი სისუსტე მაქვს, დაკონკრეტება არ ღირს.
- ერთხელ იმდენი დავლიე...
- პირველად რომ დავლიე, კაი გვარიანადაც დავთვერი. ''ღირსეულად'' მიმასვენეს სახლში.
- ვერ ვივიწყებ როგორ...
- ასეთი ძალიან ბევრია, ზოგი სიყვარულთან, ზოგიც სიხარულთან და ზოგიც სირცხვილთანაა დაკავშირებული.
- ერთ-ერთი კონკრეტული გაიხსენეთ.
- ბავშვობაში, როცა მთაში ვიყავი და პირველად მზის ამოსვლა ვნახე კავკასიონის მარადყინულოვანი ქედის ფონზე, ამ საოცარ ხატებას დღემდე ვერ ვივიწყებ და ცოცხლობს ჩემში.
- არ მომწონს ქალი, რომელიც...
- ბოროტ ინტრიგებს ხლართავს.
- არაფერში გავცვლი...
- თავისუფლებას.
- ლეიბორისტების ოფისი რომ იწვებოდეს, პირველ რიგში, გამოვიტანდი...
- ფუი ეშმაკს, სრული ''ბედნიერებისათვის'' ეგღა გვაკლია.
- მაინც, მაინც?
- ჩაქრობაზე ვიზრუნებდი.
- მე მაინც მგონია, რომ ტრიბუნა უნდა გადაარჩინოთ.
- (იცინის) მართალია.
- ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც სიყვარულისთვის გამიკეთებია, იყო...
- სიყვარულისათვის ბევრი ''სიგიჟე'' ჩამიდენია, თუმცა ვფიქრობ, არ ღირს ამის საჯაროდ განხილვა.
- არასდროს გამისინჯავს...
- გველისა და ბაყაყის ხორცისგან დამზადებული კერძები.
- დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე...
- იმავეს ავირჩევდი, რადგანაც ვფიქრობ, ეს ჩემი მოწოდებაა.
- ხვალ რომ ლეიბორისტული პარტია დაიშალოს...
- ეს რა კითხვებია?! ხან ცეცხლი წაგვიკიდე, ახლა დაიშალოსო, რა დაგიშავეთ ასეთი (იცინის)?
- ყველა შესაძლო შემთხვევისთვის მზად უნდა იყოთ.
- არ დაიშლება, ბევრი კი არის ჩასაფრებული და ერთი სული აქვთ, რომ დავიშალოთ, მაგრამ მტრის ჯინაზე არ დავიშლებით.
- სახლში ვყვირი როცა...
- მრცხვენია, მაგრამ როცა ძალიან მშია.
- როგორც იქნა, ჩემი რესპონდენტი გაიხსნა.
- არ მეგონა, ჩემი ნაკლოვანებების საჯაროდ გამოტანა ასე თუ გაგახარებდა...
- გული მწყდება...
- ეჰ, ბევრ რამეზე მწყდება გული. სევდიანი ისტორიაა, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ამაზე და გული მართლაც მწყდება... მამა ბოლო რამდენიმე წელი ავადმყოფობდა და ჩემი საქმის გადამკიდე, იშვიათად ვახერხებდი სოფელში მშობლებთან ჩასვლას. რომ გარდაიცვალა, ამას ახლა ვხვდები და გული მწყდება იმაზე, უფრო მეტი დრო რატომ არ გავატარე მასთან, ალბათ, მონატრებამ იცის.
- მრცხვენია...
- ბავშვობის დროს ჩადენილი ზოგიერთი საქციელის დღესაც მრცხვენია. მე და ჩემი მეგობარი მეზობელს ახლად შემოსულ ბალს ვპარავდით, თავზე წაგვადგა პატრონი, მერე მამაჩემსაც უთხრა. თავზე რომ წამოგვადგა, მაშინ შემეშინდა, ხოლო მამაჩემს რომ უთხრა - საშინლად შემრცხვა, მით უმეტეს, სახლში გვედგა ბლის ხე, მაგრამ ბავშვებმა მაინც მეზობლის ხილის მოპარვა ვარჩიეთ.
- სააკაშვილმა საკუთარ დაბადების დღეზე რომ მიმიწვიოს...
- სხვათა შორის, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ჩვენ საკრებულოს წევრები, დაბადების დღეზე მთელი საკრებულო დაგვპატიჟა, დაახლოებით ნახევარ საათს ვიყავი და მერე წამოვედი. ეტიკეტი დავიცავი. დარწმუნებული იყავით, დღეს ნაღდად არ მიმიწვევს.
- რა აჩუქეთ მაშინ?
- არ მახსოვს, ჩვენმა ფრაქციამ იყიდა საჩუქარი.
- ქალი რომ ვიყო...
- ოფისი დაგვიწვი, პარტია დაგვიშალე და ახლა ქალადაც მაქციე, დაგიშავე რამე?!
- არაფერი, ვიხალისოთ ცოტა.
- ასეთ თემაზე ვერ ვხალისობ. ამაზე რა პასუხი უნდა გაგცე?! სხვა კითხვა დამისვი. არ მიფიქრია. კაცი მგონია ჩემი თავი და ქალობაზე რატომ მაფიქრებ?!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















