წელს ივნისში, რობერტ სტურუას ახალ
- მიმაჩნია, რომ უფროს ასაკში უფრო ნაკლებს ვკითხულობთ, ვიდრე სინორჩის დროს. ახლა გაცილებით ნაკლებს ვკითხულობ და თან მაქსიმალისტური დამოკიდებულება გამიჩნდა წიგნებისადმი, ისევე როგორც სპექტაკლებისადმი. მინდა წავიკითხო და ვნახო ყველაფერი საუკეთესო.
- რის მიხედვით არჩევთ ავტორებს, საზოგადოების აზრს ითვალისწინებთ, მოდად ქცეულ მწერლებს ეცნობით, თუ?..
- მოდაში შემოსვლის გამო პირადად მე ერთგვარი პროტესტი გამიჩნდა პაოლო კოელიოსადმი (იღიმის). ასე მგონია, წიგნის მაღაზიაში შესვლისას ამ ავტორის წიგნები რომ მოვიკითხო, აქეთ-იქით გავიხედავ, ნაცნობმა არ დამინახოს და მეც სხვებივით მოდას აყოლილ მკითხველად არ მიმიჩნიოს. ვფიქრობ, არაჯანსაღია აჟიოტაჟი რომელიმე ავტორის გარშემო იმ ადამიანებისგან, რომლებიც „მკითხველ პუბლიკას“ არ განეკუთვნებიან. ასეთ დროს სურვილი არ მიჩნდება, შევიძინო ესა თუ ის წიგნი და ჩავეწერო ამ საზოგადოებაში. დღეს წასაკითხ ლიტერატურას რომ ვირჩევ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ავტორი ყველასათვის ცნობილი იყოს. მცირე ხნის წინ ჩემი მეგობარი მსახიობის, ზურა პირველის მეშვეობით აღმოვაჩინე ერთი ახალგაზრდა პოეტი ქალი ლია ლიქოკელი. ძალიან მომეწონა. ხევსურეთშია დაბადებული და ჭეშმარიტად ბუნების შვილია. დავტკბი, ისეთი შეურყვნელი ენით წერს. ამ ახალგაზრდა ქალმა გრძნობათა სიწრფელე და სისპეტაკე შეინარჩუნა. ის არის ბავშვი, როგორიც უნდა იყოს ყველა ხელოვანი და იმავდროულად მასში არსებობს გარკვეული სიბრძნე, რაც მისი ასაკისათვის გასაკვირიც კია.
- გეყოლებათ გამორჩეული პერსონაჟები მსოფლიო ლიტერატურიდან, ვის მიმართაც დადებითად ხართ განწყობილი...
- ასეთი ბევრია. მსოფლიო დრამატურგიიდან ჩემი უსაყვარლესი შექსპირის ჰამლეტს გამოვყოფ. რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ ის სწორედ რომ ადამიანია. ასევე ძალიან მიყვარს დოსტოევსკის პერსონაჟები. მაგალითად, ილუშენკას მამა - „ძმები კარამაზოვებიდან“. მას და ჰამლეტის როლს სიამოვნებით ვითამაშებდი, ასევე შევასრულებდი „იდიოტიდან“ ნასტასია ფილიპოვნას და ტოლსტოის „ანა კარენინადან“ ანას როლს. საზღვარგარეთის ლიტერატურას ძირითადად რუსულ ენაზე ვკითხულობდი და დღემდე ასე ვარ. გული მწყდება, რომ რუსული ენა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ შეიძულა და მტრის ენად შერაცხა. სამწუხაროა, რომ ახალმა თაობამ ის არ იცის და ვერც რუსულად კითხულობენ. საერთოდ, დოსტოევსკი ჩემთვის იმდენად ახლობელია, რომ ეკლესიაში შესული, სულის მოსახსენებელში მას ყოველთვის ვიხსენიებდი ისე, როგორც ჩემს ახლობლებს. და როცა გავიგე, რომ ერთ დღეს, 30 ოქტომბერს ვართ დაბადებული, ძალიან გამიხარდა.
- საკუთარი შემოსავლით შეძენილი პირველი წიგნებიც გეხსომებათ...
- ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის დროს იქ მიღებული ერთ-ერთი სტიპენდიით შევიძინე ვლადიმერ ნაბაკოვის ოთხტომეული. ეს მწერალი მომწონს, თუმცა დოსტოევსკივით დიდი არ არის, მისი დონისად შეიძლება, მხოლოდ შექსპირი ჩავთვალო. როგორც თომას მანმა თქვა: „დოსტოევსკი საშინლად დიდებულია“ .
- ცალკე თაროზე ხომ არ გიწყვიათ ავტორების მიერ ნაჩუქარი წიგნები?
- არა და თან ასეთი არცთუ ისე ბევრი წიგნი მაქვს. თუმცა, როცა ბესიკ ხარანაული თავის წიგნს წარწერით მჩუქნის, ეს ჩემთვის გამორჩეული მოვლენაა. მივიჩნევ, რომ დიდი პოეტი და მასშტაბური პიროვნებაა და ეს არა მხოლოდ ჩემი აზრი, არამედ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ასეთივე ძვირფასი დამოკიდებულება მაქვს იმ ნახატების მიმართ, რომელსაც მისი მხატვარი ვაჟი ლევანი მჩუქნის და წამიწერს ხოლმე „ლევან ხარანაული“ .
- ბევრი მშობელი ჩივის, რომ ბავშვის წიგნთან მიყვანა ძალიან რთულია. თქვენი შვილი თამაზი ახლა 11 წლისაა, მისი წიგნით დაინტერესების როგორი მეთოდი გაქვთ?
- მცდარი გზა ავირჩიე, თუმცა ვიცოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი. ფეხმძიმობის დროს გადავიკითხე მთელი ის ლიტერატურა, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდებოდა. თეორიულად ვიცოდი, რომ ბავშვს არასოდეს უნდა შეჰპირდე სამაგიეროდ რამე ჯილდოს, თუ ის წიგნს წაიკითხავს, მაგრამ მე ისე მინდოდა, კითხვა დაეწყო, რომ მოქრთამვის გზა ავირჩიე. ერთხელ, სათამაშო მაღაზიაში ძვირად ღირებული, სულელური ობობა ვიყიდე (იცინის) და სხვათა შორის, შედეგი მაინც ვერ მივიღე. ზოგჯერ შეპირება შეპირებად რჩებოდა, ან ის მხოლოდ ჩემთვის კითხულობდა, სრულიად უგულოდ.
- და ამ სათამაშო ობობის საფასურად რა უნდა წაეკითხა?
- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ . შეიძლება, მე შევცდი და ნაადრევად მივაწოდე. სპეციალურად ვუყიდე, ფერადი, დასურათებული და მეგონა, ეს მოხიბლავდა. შვილის ამგვარ მოქრთამვას ჩემს შეცდომად მივიჩნევ. ახლა მიხარია, რომ კითხვის სურვილი გაუღვივდა. „სამი მუშკეტერის“ წაკითხვას აპირებს. მის ასაკში კარგი მკითხველი ვიყავი და იმედი მაქვს, რომ მასში ჩემი გენები გაიღვიძებს.
- ბოლოს ვის რა წიგნი აჩუქეთ და თავად რა გისახსოვრეს?
- როცა მარია კალასის როლზე ვმუშაობდი, მარია კალასის ბიოგრაფია შევიძინე. ნათელა არველაძემ თავისი წიგნი „მარადი ბერიკა“ მაჩუქა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილზე დაწერა. მე კი ჩემს შვილს ვუყიდე ახალი გამოცემა, დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“ .
- დაბოლოს, თქვენს ახალ როლზეც გკითხავთ...
- ჯერ ერთი სპექტაკლი, რომელზეც რობერტ სტურუა მუშაობს, უკვე საინტერესოა. მეორე - ეს შეეხებოდა მარია კალასს, რომელიც დღემდე განუმეორებელ შემოქმედად რჩება. უამრავი მასალა წავიკითხე მის შესახებ, მოვისმინე მისი თანამედროვე და შემდგომი ბრწყინვალე მომღერლები, მაგრამ მარია კალასს ვერავინ შეედრება. მამაჩემი კომპოზიტორი იყო, ტრომბონზე უკრავდა და ვირტუოზ შემსრულებლად ითვლებოდა. ბავშვობიდან მუსიკის სამყაროში ვიზრდებოდი და ამდენად მარია კალასიც ვიცოდი. მახსოვს, ნორმას ცნობილ არია „კასტა დივას“ აბაზანაში ვმღეროდი. და თან, იცით, როგორი შთაგონებით?! მამა ამბობდა, რომ საოპერო ხმა მქონდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მარია კალასის როლს შევასრულებდი. მის ბიოგრაფიას რომ გავეცანი და კალასის სამყაროში უფრო ღრმად შევედი, ის ჩემთვის დოსტოევსკივით ახლობელი გახდა. მისმა ბევრმა თვისებამ მომხიბლა. ბევრი მსგავსებაც აღმოვაჩინე. ის არასოდესაა პრაგმატული, არ იყო ვერაგი, თავის შეცდომებშიც გულწრფელია და როგორც ამბობენ, გულწრფელობა ბევრი ცოდვისგან გათავისუფლებს. კალასი ტრაგიკული ბედის ადამიანია, მაგრამ რეალიზებული. ცხოვრებაში აუცილებელია უშუალობა და ასევეა სცენაც: თუ ყოველდღიურობაში ტაკიმასხარაობას ხარ დაჩვეული, სცენაზე არაფერი გამოგივა. ცნობილი ავბედითი მოვლენების შემდეგ სტურუას მორიგმა ახალმა შესანიშნავმა სპექტაკლმა ყველას ჩასჩარა პირში ბურთი. როცა ჩვენ ყველანი ძალით გაგვხადეს პოლიტიკოსები, სტურუამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არსებობს ჭეშმარიტი, დიდი ხელოვნება, რომელიც უკვდავია. მართალია, ამ სპექტაკლში ვთამაშობ, მაგრამ არ მრცხვენია ვთქვა, რომ ბრწყინვალეა. ყველა ფენისა და თაობის მაყურებელი გვყავს, რომლებიც დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ექცევიან. „მარია კალასი - გაკვეთილი“ მაყურებელმა არაჩვეულებრივად მიიღო და ამით ბედნიერი ვარ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















