''ჩემთვის არ არსებობს ცენზურა, ჩარჩო...''
- პროექტ ''დასის'' დამთავრების შემდეგ გარშემო აჟიოტაჟი ატყდა, ყველას ჩემთან მეგობრობა უნდოდა, ძველი ნაცნობებიც კი შემეხმიანნენ, მაგრამ გავიდა დრო და ყველაფერი ჩაცხრა. დარჩნენ ისინი, ვინც ნებისმიერ დროს შენი მეგობარია. ბევრი შემოთავაზება მქონდა სატელევიზიო რეკლამებიდან, მაგრამ იმის გამო, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე, ყველაფერზე არ ვთანხმდები. საქართველოში ხომ მარტივია პოპულარობა, მთავარია, ავანტიურისტი იყო და უცებ გახდები ცნობილი სახე. შემდეგ ამ ადამიანებს შოუებში იწვევენ და აზრსაც ეკითხებიან (იღიმის).
''დასის'' შემდეგ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ ''რომეო და ჯულიეტაში'' რომეოს როლი ვითამაშე, შემდეგ სარეჟისოროზე მაგისტრატურაში ჩავაბარე, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ დავამთავრებდი, ბატონი შალვა გაწერელია გარდაიცვალა. ჩვენ ვიყავით მისი უკანასკნელი ჯგუფი. ასევე დავდგი მესხიშვილის თეატრში ''ზაფხულის ღამის სიზმარი'' . ახლა ვანო ხუციშვილთან ''მაკბეტზე'' ვმუშაობ. ერთ-ერთი კუდიანის როლი მაქვს. შემოქმედებით შიმშილს არ განვიცდი.
- ფოტოების სამყაროში როგორ აღმოჩნდი?
- თეატრალურის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ქუჩაში აღმოვჩნდი, სწორედ მაშინ დავიწყე ფოტოების გადაღება. ფოტოაპარატი თავად შევიძინე. წლების შემდეგ იმ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ეს რას ვიღებდი-მეთქი, მაგრამ ახლა თქვენი რუბრიკისთვის ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მაშინ გადაღებული რამდენიმე ფოტოც შევარჩიე. ყველაფერს ვიღებდი, რაშიც მხატვრულ სახეს ვხედავდი, რადგან ჩემთვის არ არსებობს ცენზურა, ჩარჩო... ვინ დამინიშნა საზღვრები და ჩარჩოები, რომ რაღაცას არ უნდა გავცდე?!.

- ძალიან ლამაზია ერთ-ერთი ფოტო, წელზევით შიშველი გოგონა, რომელიც ტალახით არის მოსვრილი...
- თეატრშიც ყოველთვის ესთეტიკას ვეძებ. ყველანაირ ჟანრს შემიძლია ვუყურო, მაგრამ ყველაზე მტკივნეულიც კი ესთეტიკურად უნდა იყოს გადმოცემული. ამ ფოტოს გადაღებისას არ მქონია სერიოზული ჩანაფიქრი. ეს იყო გოგონა ლამაზი მკერდით და გადავწყვიტე გადამეღო. წლების წინ მეგობარმა ფოტო მაჩუქა, სახელწოდებით ''დროს ვერაფერი შეაჩერებს'' , მაშინ ვფიქრობდი, რით შემეჩერებინა დრო და საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ფოტოგრაფია ამის საუკეთესო საშუალებაა. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ფოტოები შინაარსის მატარებელი იყოს, თუნდაც ეს იყოს შეკვეთა და მისი დადგმა მომიხდეს. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა მთხოვა, სპექტაკლ ''დიდოსტატის ნადიმის'' ბანერისთვის ფოტო გადამეღო. ქალბატონ ელდინო საღარაძეს ვთხოვე და სამოცმეტრიანი კაბით ფოტოები კლდეებზე გადავუღე. ეს იყო დადგმული გადაღება, მაგრამ მაქვს ფოტოები, რომელზეც ყოველდღიურ საინტერესო მომენტებს ავსახავ. ჩემს ფოტოებზე ასახულ ადამიანებს გმირებს დავარქმევდი, რადგან ისინი არ პოზირებენ.

- კახა, შენმა ერთ-ერთმა ფოტომ კონკურსშიც გაიმარჯვა.
- ამ ფოტომ მართლა ძალიან დიდი სტიმული მომცა. მე მას ''ფერების ქურდი'' დავარქვი. ერთ დღეს ელექტრონულ ფოსტაზე მომივიდა წერილი, რომ სურვილი ჰქონდათ, ამ ფოტოს კონკურსში მიეღო მონაწილეობა. თემატიკა ასეთი იყო - ''მთავარია ფერი'' . კონკურსი მოსკოვში ტარდებოდა და პირველი ადგილი ავიღე. ამ სურათს ძალიან საინტერესო ამბავი უკავშირდება. ფოტოსტუდიისთვის ფერებს ვეძებდი. ლილოს ბაზრობაზე წავედი და უბრალოდ, ნაჭრები გადავიღე, რომ ფოტოზე მენახა, რომელი ფერი უფრო დამჭირდებოდა სტუდიისთვის.

- თუ არსებობს შენს გადაღებულ ფოტოებში ერთი მაინც, რომლის გამოქვეყნებაც სერიოზულ სკანდალს გამოიწვევს? მსახიობებს გიყვართ სკანდალები...
- ზოგადად, ადამიანებს უყვართ სკანდალები, მაგრამ მე ნაკლებად. შარშან, როდესაც პოლიტიკური მოსმენების ერთიანი კამპანია დაიწყო, მაშინ ყველაფერი ისმინებოდა, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა და ამ დროს სოციალურ ქსელში ჩემი გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე. ბავშვებს თვალები დახუჭული აქვთ, ყურებზე ხელები აფარებული და მხოლოდ პირზე უკეთიათ გაღიმებული ნიღბები. ჩემთვის ეს უფრო მხატვრული ყვირილია, პროტესტი, ვიდრე ყურადღების მიქცევა. ალბათ, უნდა იყო ისეთი ტიპი, რომ საკუთარი თავი კარგად გაყიდო. ფანტასტიკური პიარმენეჯერი ვიქნებოდი სხვისთვის, მაგრამ იმავეს ჩემთვის ვერ გავაკეთებ.
- არსებობს ქვეყანა, ქალაქი ან ადგილი, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებდი და გადაიღებდი?
- ყველას ჰგონია, რომ კომფორტს ვერასოდეს მივატოვებ, რეალურად კი გავიკეთებდი აცრას, აფრიკისა და ინდოეთის ნაკრძალებში წავიდოდი და ველურ ბუნებას ვეზიარებოდი. ახლა, ჩვენი საუბრისას აღმოვაჩინე, რომ რეალურად ჩემი ქვეცნობიერი იბრძვის, თორემ მე ბრძოლის უნარი არ მაქვს. ეს შიშის გამო არ ხდება, არაფრის არ მეშინია, გარდა მარტოობისა, არ მინდა, წლების შემდეგ მარტო ვიყო.

- როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ფოტოაპარატი არ გაქვს.
- რატომღაც ასე მოხდა. უკვე რამდენიმე თვეა, ტელეფონით ვიღებ. ეს ძალიან დიდი დროა იმისთვის, როცა ძალიან გიყვარს გადაღება.

- რამ შეიძლება გაუფუჭოს ხელი ფოტოგრაფს?
- რეალურად ხელს ვერც ქორწილების გადაღება გაგიფუჭებს და ვერც შეკვეთები. როდესაც ისე ვეღარ იღებ ფოტოებს, უნდა დაფიქრდე, რომ შეიძლება, შენ დაცარიელდი და შევსება უნდა დაიწყო წიგნით, ბუნებით, სამყაროთი. მხატვარი გენიოსები სიგიჟეებს აკეთებდნენ, რომ შემდეგ კარგად დაეხატათ. არ მიყვარს რამეზე გადაბრალება. ასე ურთიერთობებშიც არასოდეს ვიქცევი. თუ ვერ იღებ, პრობლემა შენშია...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















