- დღეს ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. ჩემს ოჯახში ტელევიზორს არავინ უყურებს. ინფორმაცია მაინტერესებს თუ რაიმე ფილმის ყურება მინდა, კომპიუტერში ვიძიებ. სწრაფი და მარტივი ხერხია ამა თუ იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩემს შვილს საშინაო დავალებას რომ აძლევენ, მის მოძიებას ინტერნეტში სთხოვენ. სიტყვას მიუთითებ, შესაბამის ტექსტს ამოაგდებს და იქ„
ყველაფერი კომპაქტურად წერია. მარტივია და ახალ თაობას ბიბლიოთეკაში ჯდომას, გასაგები მიზეზების გამო, ასე ურჩევნია.
- თქვენ თუ გიწევდათ ბიბლიოთეკაში სიარული?
- არა, თუ რამე მჭირდებოდა, სახლში ყოველთვის გვქონდა. სტუდენტობის დროს თეატრალურ ინსტიტუტში რაც გვჭირდებოდა, იქვე ბიბლიოთეკას მივმართავდით. ჩემს ოჯახში ყოველთვის კარგი წიგნები და საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. ეს იყო მამაჩემის ბაბუის, გიორგი ქუჩიშვილის დროინდელი ბიბლიოთეკა. მამას მამიდა, ციალა ჩხეიძე, „ლიტერატურულ საქართველოში“ მუშაობდა და მასაც უამრავი წიგნი ჰქონდა.
- ბავშვს „პატარა უფლისწულს“ აკითხებთ. თქვენ ვინ გირჩევდათ ლიტერატურას?
- დედაჩემი. ალბათ უმრავლესობა ოჯახში ასეა, დედები აქცევენ ყურადღებას, რომელ ასაკში რა უნდა წაიკითხოს ბავშვმა. ბავშვობაში კითხვა უნდა დააძალო, რადგან ბავშვს ერთი სული აქვს გაკვეთილები მოამზადოს და ეზოში სათამაშოდ გავარდეს. გარკვეულ ასაკში თავად გიჩნდება წაკითხვის სურვილი. შეიძლება, რომელიმე ნაწარმოებს მოგვიანებით მიუბრუნდე. ბევრია ისეთი წიგნი, რომელიც არ მახსოვს, წაკითხული მაქვს თუ არა. ალბათ იმიტომ, რომ „უნდა“ გვეკითხა. ეს ძირითადად სკოლის ასაკში წაკითხულ წიგნებს ეხება. ზაფხულობით, არდადეგებზე ინტენსიურად ვკითხულობდით. ხანდახან კითხვის პროცესში მახსენდება, რომ ის წიგნი ადრე წაკითხული მაქვს. სიმართლე გითხრათ, მეხსიერება არ მივარგა, ფილმებზეც ასე ვარ, ზოგიერთი ნანახი მაქვს და ვერ ვიხსენებ, მეხსიერებაში „ვჭედავ“.
- თუმცა მეხსიერება მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტექსტის ათვისების თვალსაზრი-სით...
- სანამ ტექსტს დაისწავლი, ბევრჯერ კითხულობ, რეპეტიციებს გადიხარ. ცუდი მეხსიერება მხოლოდ წიგნისა და ფილმის სიუჟეტთან დაკავშირებით ვიგულისხმე.
- ბავშვობაში ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება თქვენზე რომელმა წიგნმა მოახდინა?
- ეს იყო ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო“, შტეფან ცვაიგის „ამოკი“. ბალზაკის „მამა გორიო“...
- წიგნის კითხვისას გიტირიათ?
- არ მახსოვს, ალბათ. ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი მსახიობობაზე, ნაწარმოების კითხვის დროს მისი ერთ-ერთი პერსონაჟი აუცილებლად მე „ვიყავი“. შეიძლება ყველა ასეა, არ ვიცი. წარმოსახვა იღვიძებს და ფილმივით უყურებ წაკითხულს.
- რომელი პერსონაჟი მოგწონდათ ისე, რომ გსურდათ მისი თვისებები გქონოდათ?
- ასე ვერ გეტყვით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რაღაც პიესას კითხულობ და რომელიმე პერსონაჟის თამაში გინდება. ძალიან მინდოდა გერტრუდას როლი და ახლა ეს ნატვრა ამიხდა. მომწონდა ლედი მაკბეტიც. საერთოდ, მომწონს ძლიერი, ძალაუფლების მოყვარული ქალები, რაც ალბათ ცხოვრებაში არ მქონდა და არ ვარ ასეთი ტიპი. არასოდეს გამჩენია სურვილი, ანა კარენინა ვყოფილიყავი, არც მომწონს ეს პერსონაჟი.
- რატომ, თუ შეიძლება განვავრცოთ...
- კაცის გამო შვილს არ უნდა უღალატო, არ არის გამართლებული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს კაცსა და ქალს, ცოლსა და ქმარს შორის, მაგრამ ამას შვილი თუ ეწირება, საკუთარი განცდები უნდა დათმო. მორალივით გამოდის, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე შვილი დგას.
- პროფესიიდან გამომდინარე, თანამედროვე ქართველი ავტორების, დრამატურგების კითხვა გიწევთ. ვის გამოარჩევთ?
- აკა მორჩილაძეს. ლაშა ბუღაძეს მე რომ ვკითხულობ, არ მომწონს, თავად რომ კითხულობს, კი (იღიმის). ლაშამ კარგად იცის, რა დაწერა. მისი პიესები არასოდეს ჰგავს იმას, რასაც დგამენ. ლაშას წაკითხული უკეთესი მგონია, სხვა დამოკიდებულება და იუმორი აქვს, ლაღია.
- მის პიესაში თამაშმა მოგიწიათ...
- კი, თუმანიშვილის თეატრში ლაშას „შვიდი პატარა პიესა“ დაიდგა. მანამდე სამეფო უბნის თეატრში „ნუგზარი და მეფისტოფელში“ ვთამაშობდი. სპექტაკლში ზალიკო ჩიქობავა, ნიკა თავაძე და მე ვმონაწილეობდით და რამდენიმე წელი ანშლაგებით მიდიოდა. ლევან წულაძე აპირებს ლაშა ბუღაძის „ნავიგატორის“ დადგმას. როგორც ლევანმა მითხრა, ამ პიესაში დავჭირდები. ასე რომ, ლაშას რიგით მესამე პიესაში მომიწევს თამაში. ხუთი წელია მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ წარმატებულად მიდის თამარ ბართაიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „პეიზაჟს აკლია სითბო“. ეს დღევანდელი ქალის ცხოვრებაა. შეიძლება სწორედ ამიტომ ჰყავს მაყურებელი, რამდენჯერმე ნახულობს ხალხი და მერე თავის აზრებს „ფეისბუქზე“ მიზიარებენ.
- რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის თეატრში ითამაშეთ გურამ ბათიაშვილის პიესაში „კოტე მარჯანიშვილი“. თუ დაკვირვებიხართ, თქვენს როლებში ქართველ ავტორთა პიესები ჭარბობს თუ უცხოელი დრამატურგების?
- არ დამითვლია, არა მგონია, ქართველი ავტორების პიესები ჭარბობდეს, თუმცა, რასაკვირველია, კარგია, რომ ქართული პიესები იდგმება და მათ მაყურებელი ჰყავს.
- დღეს დაძაბული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ბევრს მსუბუქი ლიტერატურა ურ-ჩევნია...
- ეს იგივეა, სერიალის ყურება გერჩივნოს კარგი ფილმის ნახვას. მე ასეთ არჩევანს არ ვაკეთებ. უპირატესობას „მძიმე“ ფილმს ვანიჭებ, რომელმაც შეიძლება ამატიროს. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ სერიალებს ვერ ვიტან. რაღაც პროფესიული დამემართა, რაც მე სერიალები ვახმოვანე, ალბათ ყურება აღარ შემიძლია (იღიმის). სერიალებში თამაშზეც უარს ვამბობ. არა იმიტომ, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ, უბრალოდ, არ მიზიდავს, როგორც ჟანრი.
- უწინ აქტუალური იყო წიგნის ჩუქების ტრადიცია...
- პირველი, რასაც ვაკეთებ, საჩუქრის საყიდლად წიგნის მაღაზიაში შევდივარ. ინგლისიდან უზარმაზარი ძვირად ღირებული წიგნი ჩამოვიტანე „ბითლზზე“. ჩემს ბითლომან მეგობარს ვაჩუქე და ძალიან გაუხარდა. ვფიქრობ, წიგნი კარგი საჩუქარია, მაგრამ დღეს ალბათ ოქროს საყურე უფრო ფასობს. როცა ჩემი შვილი დაბადების დღეზე მიდის, წიგნის მაღაზიაში შევდივართ. როცა საჩუქარზეა ლაპარაკი, პირველად ყოველთვის წიგნის ყიდვის აზრი მიჩნდება. შეიძლება, ბავშვებს სათამაშო ურჩევნიათ, ისევე, როგორც ჩემს შვილს, ის „ლეგოს“ ასაწყობ კონსტრუქციებზე გიჟდება, მაგრამ როცა საჩუქარზეა ლაპარაკი, პირველად მაინც წიგნის ყიდვაზე ვფიქრობ.
- მამაზე გკითხავთ. პეტერბურგის თეატრიდან წამოსვლას აპირებდა. ახლა თბილისშია?
- დიდი ხანია საქართველოშია და მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს დგამს. პრემიერა ივნისში გვექნება.
- თქვენ ხართ დაკავებული?
- დიახ, ბატონო, გახლავართ (იღიმის). ეს არის ესპანელი დრამატურგის ჟორდი გალსერანის ფსიქოლოგიური აბსურდი „გრონჰოლმის მეთოდი“. საკმაოდ რთული პიესაა. ინტელექტუალი მაყურებელი სჭირდება. თემურს უყვარს სერიოზული სპექტაკლები, მოსასმენი, რომელსაც ტვინი უნდა დააყოლო. არ ვიცი, როგორ აღიქვამს მას ვოდევილის მოყვარული მაყურებელი, მაგრამ დრამატულ თეატრს ასეთი სპექტაკლებიც სჭირდება.
- დღეს სალაროსთან მისული მაყურებელი მოლარეს სპექტაკლზე ეკითხება, „სასაცილოა“?
- ალბათ ეს არის ჩვენი ტრაგედია. „შაბათის შოუზე“ რომ მიდიხარ, ტარკოვსკის კინოს აღარ ნახავ, რა თქმა უნდა.
- დღეს კითხულობთ რამეს?
- ახლა ამ პიესას ვარ მიფიჩინებული. ძალიან დიდი ტექსტია და უნდა ვისწავლო. ბოლო ერთი თვეა სხვა არაფერი წამიკითხავს და თუ არ ვისწავლე, მამობაზე აიღებს ხელს, რეჟისორობას რომ თავი დავანებოთ (იღიმის).
- პოეზიაზე არაფერი მიკითხავს. გიყვართ?
- ვგიჟდები, ძალიან! ახმატოვა, ცვეტაევა, ესენინი მიყვარს. შეიძლება მთლიანი ლექსები არა, მაგრამ რამდენიმე კუპლეტი ხშირად მახსენდება.
- საჯაროდ კითხულობთ?
- არა, თუმცა მიყვარს, ლექსს რომ ვიღაც კითხულობს, მაგალითად, ნიკო გომელაური რომ კითხულობდა. მომწონს, როცა ასე იქცევიან, მაგრამ დღეს ეს აღარ არის მიღებული, ცოტა სასაცილოა. ახლა მე ჩემი მეგობრების წრეში, თეატრალებში თუ არათეატრალებში რომ დავჯდე და ლექსების კითხვა დავიწყო, იტყვიან, ხომ არ გაგიჟდაო (იღიმის).
- დაბოლოს, ნებისმიერი საუკუნიდან დასახელეთ ავტორი, რომელსაც შეხვდებოდით და მის შემოქმედებაზე ისაუბრებდით.
- ჩეხოვი... დოსტოევსკისაც შევხვდებოდი, მაგრამ ცოტა დამამძიმებდა. და, რა თქმა უნდა, შექსპირი, შექსპირზე გადარეული ვარ!
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















