29 ნოემბერი, 2013
''დაუჯერებელია, მაგრამ მამა თითქმის არასდროს იტყუებოდა...''
გარკვეულმა პიროვნებებმა ზვიად გამსახურდიას მიმართ მტრობა ჩემზე გადმოიტანეს სულ ახლახან კონსტანტინე გამსახურდიამ ვიქტორიანულ ეპოქაში მოღვაწე პრერაფაელისტი მხატვრების პოეზია თარგმნა და წიგნად გამოსცა... სამშობლოში დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, ჩვეულებრივი, ინტელიგენტი კაცის ცხოვრებით ცხოვრობს. ''ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება...'' - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია ჩვენთან საუბარში. ერთფეროვნება არ უყვარს, ამიტომ ბედი ყველგან სცადა, მათ შორის, პოლიტიკაშიც. ახლა კი ტაიმაუტი აქვს...

- ამ ეტაპზე არც სახელმწიფო სამსახურში ვარ და აღარც არასახელმწიფოებრივში. ჩვეულებრივი, ინტელექტუალი კაცის ცხოვრება
მაქვს. ხანდახან მიწვეული ლექტორის სტატუსით, სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში ან რომელიმე სხვა სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობ. წიგნი და კითხვა ჩემთვის შორეული არასდროს ყოფილა და ბედნიერი ვარ, რომ ზოგჯერ ლექციების ჩატარების საშუალება მაქვს....
- შორიდან დავიწყოთ საუბარი, თქვენი ოჯახის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, ალბათ, არც ისე უშფოთველი ბავშვობა გქონდათ...
- ბავშვობის რაღაც მცირე მონაკვეთი მართლაც ლაღი და უშფოთველი მქონდა, იმ პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ კონსტანტინე გამსახურდიაზე, ანუ ბაბუაჩემზე ზეწოლა შეწყვიტა და ქართველ კლასიკოსად აღიარეს. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ჩემი დიდი სიხარული ამასთან დაკავშირებით... ბაბუა ამ სასიამოვნო სიახლეს, რა თქმა უნდა, ჩვეული სიმშვიდით, სიდინჯითა და ემოციების გარეშე შეხვდა... ასეთი დიდი სიხარულის კვალდაკვალ, მუდმივად იყო სტრესი, შიში, თავდასხმები, თვალთვალი ჩვენს ოჯახზე. ''კაგებეს'' თანამშრომლები შუაღამეს შემოცვივდებოდნენ სახლში და კუთხე-კუნჭულს ჩხრეკდნენ. 13 წლის ვიყავი, როდესაც სკოლიდან ტროლეიბუსით ვბრუნდებოდი, უცნობმა ჩხუბი და ყვირილი დამიწყო, ჯიბიდან ფულს მპარავდიო... ბევრჯერ ქუჩაშიც დამხვედრიან... ბრძოლის თითქმის ყველანაირ მეთოდს შეჩვეული გახლდით, მაგრამ ასეთი ფაქტები მოზარდის ფსიქოლოგიაზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა. კვირაში ერთხელ მაინც იყო მუქარის ზარები, გაგანადგურებთო...
საბედნიეროდ, ძალიან კარგად მახსენდება სკოლაში სწავლის პერიოდი. ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. მასწავლებლებიც საოცრად კარგები იყვნენ, რაც ძალიან მშველიდა. დიდ კონსტანტინეს სკოლაშიც საოცარ პატივს სცემდნენ, მაგრამ როდესაც მამაჩემი, ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, პედკოლექტივის აზრი ორად გაიყო - ერთმა ნაწილმა ''ხალხის მტრის'' შვილად შემრაცხა, მეორე, საკმაოდ დიდი ნაწილი, უკვე დისიდენტურად იყო განწყობილი და სოლიდარობას მიცხადებდა... კლასელებთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემს კლასში სწავლობდა ცეკას ერთ-ერთი მდივნის ვაჟი, გიორგი ანდრონიკაშვილი, ასევე განათლების მაშინდელი მინისტრის თამარ ლაშქარაშვილის შვილიშვილი. ორივე მათგანი ოჯახის წევრების, მამისა და ბებიის პოლიტიკური პოზიციის წინააღმდეგი იყო. ჩვენთან მეგობრობდა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილიშვილი გაგა ინაური, რომელიც ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი საბჭოთა წყობილების მიმართ... ერთად ვკითხულობდით ივანე ჯავახიშვილს, მიხეილ ჯავახიშვილს, ალექსანდრე ყაზბეგს, ქართული სიტყვის სხვა დიდოსტატებს და აზრებსაც ვცვლიდით... მათ თანადგომას მუდმივად ვგრძნობდი. ეს ძალიან მჭირდებოდა, განსაკუთრებით მამაჩემის დისიდენტობის წლებში, როდესაც მამას წარამარა იჭერდნენ. ''კაგებეს'' დაუღალავი ბრძოლის კვალდაკვალ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვერდში გვედგნენ. კომუნისტურ პარტიაშიც კი იყვნენ ისეთები, ვინც გვმფარველობდა, რადგან ისინი დიდ კონსტანტინესთან მეგობრობდნენ. მაგალითად, ქალბატონი ვიქტორია სირაძე, რომელიც ცეკაში რანგით მესამე პირი იყო... მუდმივად ვგრძნობდი, რომ ბაბუას ყველა პატივს სცემდა.
- თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ ბაბუასთან?
- არაჩვეულებრივი. მკაცრი, სიტყვაძვირი, პირქუში გამომეტყველების, ამაყი მოხუცი ოჯახში ძალიან თბილი, გახსნილი, მზრუნველი და გულისხმიერი იყო. ჩვენ განსაკუთრებით ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. წერა-კითხვა მან მასწავლა და ხშირად, როგორც თანატოლს, ისე მეთამაშებოდა. ცნობილია, რომ ბაბუას ძალიან უყვარდა ცხენი და მის მიმართ სიყვარული მეც გადმომედო. დღემდე ვჯირითობ, როდესაც საფრანგეთში, ელზასში ჩავდივარ... დიდ კონსტანტინეს მამაჩემის დისიდენტური ცხოვრება ძალიან აშინებდა, რადგან იცოდა, რა შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი. მან პატიმრობა 1926-29 წლებში, გულაგში, თეთრ ზღვაში, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან მდებარე სოლოვკის კუნძულებზე გაატარა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. იქ ყოფნის პერიოდს მიუძღვნა ცნობილი ნოველა ''მტრების მეგობრობა'' ... ჩემთან საუბარში იქ გატარებულ უმძიმეს წლებს ხშირად იგონებდა და ყველაფერს ისეთი საოცარი სიზუსტით ჰყვებოდა, რომ ის საშინელება თვალწინ დამიდგებოდა ხოლმე.
- მამის მიერ არჩეულ გზას თქვენ როგორ უყურებდით?
- მამის გზას მეც შიშით ვუყურებდი, მაგრამ მაინც მიმაჩნდა, რომ ის მართალი იყო. თავდაპირველად მან, თანამებრძოლებთან ერთად, ადამიანთა უფლებე ბისთვის დაიწყო ბრძოლა. მათ სურდათ, ქართველს თავისი ეროვნული უფლებები ჰქონოდა, მშობლიურ ენაზე მიეღო განათლება, დაცული ყოფილიყო საქართველოს ისტორიული ძეგლები... შემდეგ კი ეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. ვამაყობ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ეს ძალიან აღმატებული განცდაა. თუმცა, გულახდილად გეტყვით, ზოგჯერ, უფრო ბავშვობის ასაკში, დავფიქრებულვარ, ნეტავ, როგორია მშვიდი, მყუდრო, აპოლიტიკური ოჯახი, სადაც სრულიად სხვა პრობლემებია-მეთქი. ასეთი ოჯახები მხოლოდ ჩემს მეგობრებთან მენახა...
- ზვიად გამსახურდია მუდმივად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, შვილებთან ურთიერთობის დრო რჩებოდა?
- კი, როგორ არა... მე მისი პირველი შვილი ვარ და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ბევრი რამ ვისწავლე მისგან, მეგობრობის ფასი, ადამიანური ურთიერთობები და რაც მთავარია, გულწრფელი და უანგარო სიყვარული... იცით, ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ მამა თითქმის არასდროს იტყუებოდა. ის ჩემთვის უფროსი მეგობარივით იყო. მოგეხსენებათ, ბრწყინვალედ იცოდა ინგლისური და ამ ენის საფუძვლები მან მასწავლა. როდესაც წამოვიზარდე, რელიგიასა და ისტორიაზე ვლაპარაკობდით. ძალიან გახსნილი და თავისუფალი მოსაუბრე გახლდათ. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ შენზე მეტი იცოდა. ზოგჯერ ძალიან მენატრება ის დღეები... თუ ეცალა, შვილებისთვის დრო არასდროს ენანებოდა. მთელი ოჯახი, თითქმის 10 წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას სიონის საკათედრო ტაძარში დავდიოდით წირვაზე. მაშინ სიონში იატაკქვეშა, ''ეროვნულ-სამართალდამცავი მოძრაობის'' წევრები იკრიბებოდნენ და მუდმივად რაღაცაზე თათბირობდნენ...
სახლთან მუდმივად იდგა ''კაგებეს'' მანქანა და ჩვენს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდა. მამას ავტომანქანის მართვის უფლება წართმეული ჰქონდა. საჭესთან მე ვჯდებოდი და ვხედავდი, როგორ მოგვყვებოდა ''ჟიგულის'' მარკის ავტომანქანა, მათი ნომერიც კი მახსოვს. თითქმის ყველას ერთნაირი სერია ჰქონდა... ხშირად, ქალ-ვაჟიც დაგვყვებოდა, ვითომ შეყვარებული წყვილი, მაგრამ ისეთი უბედური სახეები ჰქონდათ, სიყვარულის არაფერი ეტყობოდათ. ამაზე ზოგჯერ ვხუმრობდით კიდეც...
- ასეთი ოჯახის შვილობა, ალბათ, გარკვეული პასუხისმგებლობაც არის...
- დიახ, სიმძიმეც არის, პასუხისმგებლობაც და მტრობაც ახლავს თან, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვგრძნობდი და დღესაც ვგრძნობ. გარკვეულმა პიროვნებებმა ზვიად გამსახურდიას მიმართ მტრობა ჩემზე გადმოიტანეს...
- თქვენ ხელმძღვანელობდით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელ გარემოებათა კომისიას...
დეკემბერში გამოვა წიგნი, რომელიც ჩვენ მიერ მოპოვებული მასალების 365-გვერდიანი დოკუმენტებით არის აკინძული და ''მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?'' ერქმევა. იმ დასკვნასთან შედარებით, რომელიც თვითმკვლელობას უკავშირდება, ბევრი უზუსტობა აღმოვაჩინეთ და თანდათან მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. თუმცა, ვერსიების დადების უფლება ჩვენ, დეპუტატებს, არ გვქონდა. იმედი მაქვს, წიგნის გამოცემის შემდეგ მართლმსაჯულება თავის სიტყვას იტყვის...
- ბატონო კონსტანტინე, ვიცი, რომ არც ისე კარგი ურთიერთობა გაქვთ ძმებთან...
- დიახ, არა მგონია, რომ ამ თემის დრამატიზება ღირდეს, უბრალოდ, აღარ გვაქვს ურთიერთობა... მოვერიდები ამ თემაზე საუბარს.

Rating

- შვილებზეც გკითხავთ, ვიცი, რომ ორი ბიჭი გყავთ...
- დიახ, 25 წლის დემეტრე და 21 წლის ზვიადი... დემეტრე ცხოვრობს და სწავლობს შვეიცარიაში. ძალიან კარგად უკრავს ფორტეპიანოზე. ორივე ძმა მუსიკით არის გატაცებული. დემეტრე კომპოზიტორიც არის და მის ნაწარმოებებს უკრავენ როგორც კამერული ორკესტრები, ისე ცალკეული მუსიკოსები. ზოგჯერ თავადაც აკეთებს ხოლმე საკუთარი ნაწარმოებების პერფორმანსს. ხოლო ზვიადი ვიოლინოზე უკრავს, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ბაზელის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის პირველი კონცერტმაისტერი და ახალგაზრდული კვარტეტის პრიმარიუსი. ამჟამად ბერლინში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და მუშაობს ფილმის გადაღებაზე, რომლისთვის მუსიკაც თავად დაწერა... ორივე თავისუფლად ლაპარაკობს და კითხულობს მშობლიურ ენაზე. ჩვენგან განსხვავებით, ძმებს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და ბედნიერი ვარ ამით. საქართველოსგან შორს არიან, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი. თუ ქვეყანას მათი კვალიფიკაცია დასჭირდა, ჩამოვლენ, თუ არადა, იქ დარჩებიან, სადაც იყვნენ და შორიდან ეყვარებათ სამშობლო... ოჯახი არც ერთს არ აქვს. მიმაჩნია, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის ჯერ პატარები არიან და საბედნიეროდ, თავადაც ასე ფიქრობენ. რაც შეეხება მათ დედას, ერთად აღარ ვართ და ამ თემაზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
NINA
დიდებული ოჯახისშვილი და რაოდენ საწყენია ძმებს ცუდი ურტიერტობა რომ აქვტ ერთმანეთში.იქნებ დრომ შეცვალოს ყველაფერი მატდა სასიკეტოდ.
03:11 / 19-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS