28 ნოემბერი, 2013
''ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სისხლი მტკივა''
არის ვერსია, რომ გიორგის მისი მკვლელი, ვახტანგი აბუაშვილი იცნობდა. ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც ვანო მერაბიშვილს სურდა 2006 წლის რვა მაისს პატრულმა ვახტანგ აბუაშვილმა დაუმორჩილებლობის გამო გიორგი გამცემლიძე მოკლა. გიორგის ოჯახი დღემდე ცდილობს სიმართლის დადგენას. სასამართლოს გადაწყვეტილების არ სჯერათ. საქმეში ბევრი რამ დაუჯერებლად ეჩვენებათ. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ახალ ხელისუფლებას მათი შვილი აღარ ახსენდება. არადა, ერთი წლის წინ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ყველაფერი სხვაგვარად იყო.
ინტერვიუსთვის გიორგის მამას, ჯამბულ გამცემლიძეს ვესტუმრეთ და მისი ოჯახის ფოტოარქივი დავათვალიერეთ...

''გიორგიმ
ცოტა იყალთაბანდა და გამოცდები ვერ ჩააბარა''

- თქვენი ოჯახის შექმნის ამბავი გვიამბეთ.
- ჩვენი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. მე და ჩემი მეუღლე ერთ უბანში ვცხოვრობდით. 1973 წელს შევუღლდით. მე და გულიკოს ორი ბიჭი შეგვეძინა. ბიძინა და გიორგი. მათ შორის სხვაობა სამი წელია. ფოტოზე მთელი ჩვენი ოჯახია.

Rating

- თქვენ და თქვენს მეუღლეს რა პროფესიები გაქვთ?
- ეკონომისტი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკათმცოდნეა. დღემდე არსად უმუშავია. ახალგაზრდობაში ვმუშაობდი მუშად, მძღოლად, ვიყავი საბანკო სისტემაში, ვმუშაობდი ღვინისა და შამპანურის ქარხნებში.
- როგორც ჩანს, არც ერთ სამსახურს არ თაკილობდით.
- არასდროს არანაირი სამუშაო არ მითაკილია. ვიყავი არასამთავრობო სექტორში. მქონდა კერძო ბიზნესი. ხარაგაულის რაიონში საკრებულოს დეპუტატი გახლდით. ახლა ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ''გადაარჩინე სიცოცხლის'' თავმჯდომარის მოადგილე.

Rating

- ბავშვობაში გიორგის, როგორც ჩანს, მსახიობობის ნიჭი ჰქონდა. სურათზე მუშკეტერის ფორმა აცვია.
- სკოლაში სპექტაკლებს დგამდნენ ხოლმე. გიორგის ერთხელ დ"არტანიანის როლი ჰქონდა. ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული. გარდა იმისა, რომ სამსახიობო ნიჭი ჰქონდა, მღეროდა და უკრავდა კიდეც.
- ვის ჰგავდა გარეგნულად?
- გიორგი დედას ჰგავდა, ბიძინა მე მგავს. გიორგი სისხარტითაც დედას ჰგავდა. დედამისი დღესაც საოცრად სწრაფია. სამოცი წლისაა და კიდევ არ შეცვლილა.
- რომელ სკოლაში სწავლობდა?
- გიორგიც და ბიძინაც 126-ე სკოლაში სწავლობდნენ. ვერ გეტყვით, გიორგი კარგად სწავლობდა-მეთქი. მოძრავი ბიჭები სწავლას თავს არიდებდნენ, მაგრამ არც ისე ცუდი მოსწავლე იყო, რომ დიდი პრეტენზიები გვქონოდა. უფროსი შვილი უფრო კარგად სწავლობდა. გიორგი ძალიან კარგად ცეკვავდა. სუხიშვილების სტუდიაში დადიოდა. მახსოვს, ერთხელ ნინო რამიშვილმა მისი ცეკვა რომ ნახა, თქვა, შენ გენაცვალე, ბიჭო, აი, რა არის ქართული გენიო.
- გიორგის ფოტო სად აქვს გადაღებული?
- ბორჯომში. გიორგის ეს სურათი დაახლოებით მეშვიდე კლასში აქვს გადაღებული. ცხოველები ყოველთვის უყვარდა.

Rating

- სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგიმ სად გააგრძელა სწავლა?
- სოხუმის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ ამერიკაში განაგრძო სწავლა. ჯერ ბიძინა წავიდა ამერიკაში. ბიძინამ ატლანტაში მერსერის უნივერსიტეტი დაამთავრა, გიორგიმაც იმავე უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ვერ დაამთავრა, დიპლომი ვერ აიღო. მას ჰქონდა საბუთი, რომ კურსი მოისმინა. ცოტა იყალთაბანდა და გამოცდები კარგად ვერ ჩააბარა.
- მომდევნო ფოტო, როგორც ვხვდები, ამერიკაშია გადაღებული?
- ძმებმა სურათი ამერიკაში სწავლის დროს გადაიღეს. გიორგი ძალიან მაგარი ბიჭი იყო. ქუჩაში რომ მიდიოდა, ხალხი ბრუნდებოდა და უყურებდა. მარილიანი ბიჭი იყო. გარეგნობაც კარგი ჰქონდა და იუმორიც.

Rating


''ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც ვანო მერაბიშვილს სურდა''

- მომდევნო ფოტო სადაა გადაღებული?
- ტალინში. ამ ქალაქში ბიძინა მუშაობდა და გიორგი მასთან იყო სტუმრად ჩასული. ფოტოზე გიორგი ბიძინას შვილებთან ერთადაა. ჩემი უფროსი შვილი ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი. მან ატლანტაში მერსერის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სიგარეტების ერთ-ერთ ფირმაში. იყო ''ფილიპ მორისის'' წარმომადგენელი უკრაინაში, მოლდავეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ახლა ალმა-ატაშია. მომდევნო ფოტო გიორგის ბიძინას შვილთან აქვს გადაღებული.

Rating

- დღემდე მსჯელობენ იმის შესახებ, იყო თუ არა გიორგი დამნაშავე, როდესაც პატრულმა ესროლა. ამბობენ, რომ მასთან დაპირისპირება ჰქონდა და ამ პატრულს არაერთხელ დაუჯარიმებია.
- დანამდვილებით არაფერი ვიცი. გიორგის ჰყავდა სპორტული მანქანა ''ბეემვე ზე 3'' , რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე იყიდა. გიორგის სწრაფად სიარული უყვარდა. მხოლოდ ის პატრული არ აჯარიმებდა, რომელმაც საბოლოოდ იმსხვერპლა. მის გარდა, ბევრი სხვაც აჯარიმებდა და დასაჯარიმებელიც იყო. ჩვენს ოჯახში სულ ამ თემაზე ვკამათობდით, ვეუბნებოდი, ჩქარა ნუ დადიხარ-მეთქი. თვითმხილველი არ ვარ, მაგრამ ამბობენ, გიორგი მთაწმინდიდან მოდიოდა. ჭონქაძის ქუჩაზე პატრულმა რუპორით სთხოვა გაჩერება. როგორც ჩანს, გიორგის მაგნიტოფონი ჰქონდა ჩართული და ვერ გაიგო, თორემ რატომ არ გააჩერებდა. გამოეკიდა პატრული. ზანდუკელის ქუჩაზე გიორგიმ მანქანა შეაჩერა და გადმოვიდა. მოხდა მყისიერი გასროლა, რამაც ჩემი შვილი იმსხვერპლა, შემდეგ პოლიციელებმა მას ხელი მოჰკიდეს და აგონიაში მყოფი შეიყვანეს ერთ-ერთ ეზოში. ეზოში არის კბილის კლინიკა და მის წინ დაასვენეს. მანქანიდან გადმოიტანეს მზის სათვალე და გვერდით დაუდეს. ამის შემდეგ სათვალე საქმიდან გაქრა. მისი ხელის ანაბეჭდები არ იქნებოდა მზის სათვალეზე და საეჭვო გახდებოდა ვერსია, რომ გიორგი პატრულს არ დაემორჩილა და გაიქცა. მაგრამ გიორგის გასაქცევი არაფერი ჰქონდა. არ იყო ნასვამი და არ გახლდათ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ამ ყველაფრის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს და არ იყო ძებნილი, რომ გაქცეულიყო. მხოლოდ მეორე დღეს, გამთენიისას, ავტოფარეხის თავზე იპოვეს იარაღი, რომელიც თითქოს გიორგის ჰქონდა და გაქცევისას გადააგდო, თუმცა პატრულის ყველა თანამშრომელი აღიარებს, რომ გიორგის, მანქანიდან რომ გადმოვიდა, ხელში არაფერი არ ეჭირა. თუკი გიორგიმ სახურავზე იარაღი დააგდო, თითების ანაბეჭდი ხომ უნდა ყოფილიყო. ასე არ იყო და შემდეგ დაადგინეს, რომ იარაღზე გიორგის ტანსაცმლის ბუსუსები იყო. ამ ყველაფერს შეესწრო ეზოში მცხოვრები ოთარ თენეიშვილი, რომელმაც თქვა, დავინახე, იარაღი სახურავზე ვინ დადოო. ეს გამოძიებას არ ესიამოვნა, შარი მოსდეს, პირველ ჩვენებაში რატომ არ თქვიო და სამი ათასი ლარით დააჯარიმეს. მისი ჩვენება საქმიდან ამოაგდეს. საქმეში არის პატრულის ოთხი თანამშრომლის ჩვენება და ოთხივეს ჩვენება ისე ჰგავს ერთმანეთს, როგორც ჩემი ორი ხელი. წერტილი და მძიმეც არ გამოუტოვებიათ, ერთმანეთისგან ისე გადაიწერეს. ანუ ეს საქმე თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფით შეკერეს. რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა,
არის ვერსია, რომ გიორგის მისი მკვლელი, ვახტანგი აბუაშვილი იცნობდა. ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც ვანო მერაბიშვილს სურდა. ვახტანგ აბუაშვილს ჩემი შვილის მკვლელობისთვის ორი წელი მიუსაჯეს.

Rating

- და ახლა ის, როგორც ვიცით, თავისუფალია.
- ის უკვე დიდი ხანია თავისუფალია.
- შეხვედრიხართ მას?
- მე მას არ შევხვედრივარ და არასდროს მინახავს. სასამართლო პროცესზეც არ მივედი, რომ არ მენახა. ქრისტიანი კაცი ვარ და სადმე რომ შემხვედროდა, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებდი. ჯობდა, არ მენახა. შეიძლება, ქუჩაში მხვდება კიდეც, მაგრამ მე მას არ ვიცნობ. ყველანაირად დაზღვეული ვარ, რომ ბოროტებას თავი ავარიდო. მწამს, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობს. მინდა, ჩემს შვილთან მივიდე, მაგრამ მსურს, მივიდე პირნათელი. მინდა, ბოლომდე ვიბრძოლო ამ საქმის გამოსაძიებლად. დღემდე ვერაფერს მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ ნაძირალების წასვლის შემდეგ ახალი მთავრობის დიდი იმედი მქონდა. იმედი დღესაც არ დამიკარგავს.

''დღე არ გავა, ჩემი შვილის საფლავზე არ მივიდე''

- მთავრობის იმედი არ დაგიკარგავთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ გიორგის დაბადების დღე ჰქონდა და თქვენ ''ფეისბუქზე'' დაწერეთ, გიორგი მთავრობის ერთ წევრსაც კი არ გაახსენდაო. ახალ მთავრობაზე აშკარად გულნატკენი ხართ.
- ერთი წლის წინ გიორგის დაბადების დღეს და მისი დაღუპვის ადგილზეც მოდიოდნენ ახლანდელი უმრავლესობის წევრები. ერთ ამბავს მოგიყვებით. ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეს მის საფლავზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. ვინც დღეს მთავრობაშია, ყველა მოდიოდა. დეპუტატებისა და მინისტრების უმრავლესობა გამოხატავდა გულისტკივილს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მე, იური ვაზაგაშვილი და ია მეტრეველი დავდივართ.
- ერთი წლის შემდეგ სიტუაცია რომ არ შეიცვალოს, რის გაკეთებას აპირებთ?
- ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სიმართლე დავადგინო. ჩემი შვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი, საიდანაც კარგი მესიჯები მოდის და ვფიქრობ, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც დამთავრდა გირგვლიანის საქმე. ეს საქმე არაიურისტმაც რომ წაიკითხოს, ისიც კი მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი. საააკაშვილმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში თქვა, ისინი კრიმინალები იყვნენ, იმიტომაც დავხოცეთ და ასე გავაგრძელებთო. მის ნათქვამზე დეპუტატები რომ ადგნენ და ტაში დაუკრეს, მაშინ ძალიან ცუდად გავხდი. ვინც იცის და მიხვდა, რა ჩაიდინეს მათ და მაინც უჭერენ მხარს, მათ ადამიანებს ვერ დავარქმევ. ისინი არიან სექტის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანების გაუბედურებით ტკბებიან. რაც მათ ჩაიდინეს, არც გამიგონია, არც წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს. მხოლოდ ოთხმა ოჯახმა, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, მეტრეველის და მე გავბედეთ ხმის ამოღება. ვიბრძვით სამართლიანობის დამკვიდრებისათვის და არა აღდგენისთვის. აღსადგენი არაფერია. სამართალი არასდროს ყოფილა და მისი აღდგენა არაფრით არ შეიძლება. იმას, რაც მე დამემართა, არავის ვუსურვებ. გიორგის სიკვდილის შემდეგ სისხლი მტკივა. თვალცრემლიანი ვიღვიძებ და თვალცრემლიანი ვიძინებ. როცა თბილისში ვარ, დღე არ გავა, ჩემი შვილის საფლავზე არ მივიდე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ყოველდღე მელოდება. მგონია, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს.
- მომდევნო ფოტო გიორგის მეუღლესთან ერთად აქვს ვადაღებული, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე?
- საერთო მეგობრები ჰყავდათ. ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ახლა სალომე შვილებთან ერთად ცხოვრობს. ძალიან კარგი გოგოა და ძალიან მეცოდება, ადრეულ ასაკში რომ დაქვრივდა.

Rating

- სალომეს პირად ცხოვრებაზე არ უფიქრია?
- რაც გიორგი დაიღუპა, საერთოდ არ გაუცინია. გაოცებული ვარ ამ გოგონას ქცევით და დიდ პატივს ვცემ. მის ასაკში ასეთი საქციელი დიდი იშვიათობაა.

Rating

- გიორგის შვილები ალბათ, უკვე დიდები არიან.
- უფროსი, მარინკა, თექვსმეტის, ლიზი თორმეტის და საბა რვა წლისაა. შვილებთან ერთად ფოტო გიორგის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აქვს გადაღებული.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ჩუტალა
ღმერთმა გაგაძლებინოთ ამ უსამართლო ტრაგედიის გადასატანად, რა დასანანია???????
08:18 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
ღმართი დასჯის იმ ნაძირალას,კლავ ახალგაზრდა სიცოცხლეს ვინ ხარ ან ვინ გაგზარდა,კაცობის ელემენტი არ იყო იმ ახვართა ხროვაში ნაცხებში!!!
06:53 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტუტია
მარითლა;ერი;ხარ;თუ;რა;,ჯიშის;ხარ;შე;საზიზღარო;,ჯიშო
23:24 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
როგორ ფიქრობთ, არამზადა პოლიციელი შეიცვლებოდა? ყურადღებით იყავით ის ისევ მუშაობს მაგრამ ამ ბავშვების ცოდვით ვერ გაიხარებს
12:52 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
NK
ჯამბული, შენს გვერდში ვართ გიორგის ყველა მეგობარი, სულ მალე დავამკვიდრებთ სამართლიანობას და ყველას საკადრისი მიეზღვება. გიო იმიტომ იყო მაგარი კაცი რომ შენ ხარ ეგეთი მაგარი კაცი. გენაცვალე კაცობაში
10:39 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS