28 ნოემბერი, 2013
''სახელმწიფო ელემენტარულ რაღაცას რომ არ გაგიკეთებს, რაზეა ლაპარაკი?!.''
კვირეული ახალი სახეების აღმოსაჩენად კეთდება, გარდა ამისა, იმ დიზაინერებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება, დეფილე საკუთარი ძალებით მოაწყონ, რადგან 10 000 ლარზე ნაკლები არ დაუჯდებათ ნინო იოსელიანი თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ღონისძიება რამდენიმე წელია ტარდება და წელს პირველად მოხდა, რომ ის ჩაიშალა. მიზეზი, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში, დაფინანსების არარსებობაა. როგორც ნინომ გვითხრა, თბილისის მოდის კვირეული მსოფლიო კალენდარშია შეტანილი, უკვე ბილეთები დაჯავშნილი იყო და სტუმრები მოწვეული, როდესაც აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ და კულტურის
სამინისტრომ ორგანიზატორებს უარი განუცხადეს დაფინანსებაზე, არადა, მანამდე შეთანხმებული იყვნენ.

- თბილისის მოდის კვირეული ნოემბრის შუა რიცხვებში, 13-17 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. რეალურად მოდის კვირეული ყოველთვის იმართებოდა ორგანიზატორების სახსრებით და ასევე გარკვეული სახის დახმარებით სახელმწიფოსგან თუ კერძო პირების დაფინანსებით. ეს საერთაშორისო ღონისძიებაა და მხარდაჭერა სჭირდება. გვეგონა, რომ თბილისის მერიიდან და კულტურის სამინისტროსგან გვქონდა მხარდაჭერა, მაგრამ ბოლო წუთს გვითხრეს უარი. შეკვეთილი გვქონდა ბილეთები, მოვიწვიეთ სტუმრები, თანხების ჩარიცხვის დრო რომ დადგა, მაშინ გამოვარკვიეთ, რომ ვერ გვეხმარებოდნენ. აღმოჩნდა, უი, ბიუჯეტი არ გვაქვსო. კულტურის სამინისტრომ კი გვითხრა, მოდა ჩვენთვის პრიორიტეტი არ არისო.
არადა, თბილისის მოდის კვირეულს უამრავი ახალგაზრდა სახე აღმოუჩენია მოდის სფეროში, ეს ხომ არ არის ჩემი და თაკო ჩხეიძის კერძო შოუ. შეიძლებოდა გამართულიყო წელსაც, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბით, რაზეც თავად ვთქვით უარი, რადგან საერთაშორისო ღონისძიებაა და მცირე მასშტაბით გამართვას ჯობდა, საერთოდ არ ჩატარებულიყო. დიზაინერსაც არ აქვს ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს ისეთ ღონისძიებაში, სადაც არც ბაიერი ჩამოდის და არც ჟურნალისტი. გვინდოდა, მოდის კვირეული ყოველ ჯერზე უკეთესი ყოფილიყო და უკან ნაბიჯს არ გადავდგამდით.
ზოგადად, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს ბოლო წუთს თქმა, რომ არ დაგვეხმარებოდნენ. დოკუმენტებზე გვარბენინეს აქეთ-იქით და საბოლოოდ უარი გვითხრეს. ძალიან ცუდია, როცა მოდის კვირეული მსოფლიო კალენდარშია მონიშნული, ყველა ჟურნალისტმა და ბაიერმა იცის, რომ ამა და ამ დროს იმართება თბილისში და ათი დღით ადრე აუქმებ ღონისძიებას. უცბად დავწერეთ, აღარ იმართებაო. ასეთი რამ ქვეყანაში მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა მიწისძვრაა ან დაინგრა ყველაფერი.
- მოდა რატომ არ არის პრიორიტეტულიო, რა გითხრეს კულტურის სამინისტროში?
- ეტყობა, ისევ ძველი მენტალიტეტია შემორჩენილი და არ ესმით მოდის სფეროს საჭიროება. კვირეული ახალი სახეების აღმოსაჩენად კეთდება, გარდა ამისა, იმ დიზაინერებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება, დეფილე საკუთარი ძალებით მოაწყონ, რადგან 10 000 ლარზე ნაკლები არ დაუჯდებათ, მაშინ, როდესაც ჩვენთან მხოლოდ 1300 ლარს იხდიდნენ და დანარჩენით ჩვენ უზრუნველვყოფდით, რადგან როცა ამხელა ღონისძიებას ატარებ, შესაბამისად, ბევრი რამ ნაკლებ ფასად გაქვს.
- რა ჯდება თბილისის მოდის კვირეული?
- 60-100 ათასი ლარი. თუკი ასი ათასი გაქვს, ძალიან კარგი სტუმრების ჩამოყვანაა შესაძლებელი. ცუდია, რომ ასეთი რამ მოხდა, რადგან როცა ქვეყანას ამდენი ჟურნალისტი და სტუმარი ეწვევა, ისინი შემდეგ საქართველოს თავიანთ ქვეყნებში აპიარებენ, აცნობენ მათ ქართველ დიზაინერებს. ეს მცირე ბიზნესია და სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუწყოს?!.. ამ სფეროში ბევრი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. თუნდაც ჩვენი მოდის კვირეულის მიმდინარეობისას უამრავი ადამიანი, დიზაინერები, ფოტოგრაფები, ვიზაჟისტები, მოდელები ერთვებიან საყვარელ საქმეში. მათ სამუშაო უჩნდებათ. მოდის კვირეული ამ სფეროს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
- როგორ ფიქრობ, შეიცვლება რაიმე მორიგი მოდის კვირეულისთვის?
- დიდი იმედი გვაქვს. პრესკონფერენციაც გაკეთდა ამის თაობაზე და საზოგადოებას გავაცანით ჩვენი პოზიცია, ასევე მომზადდა დიდი სატელევიზიო გადაცემაც. იმედია, მიხვდებიან და გაიაზრებენ, რომ ეს სფერო საჭიროა და გაზაფხულზე მოდის კვირეული აუცილებლად გაიმართება.
- მერიამ ვრცლად არ განგიმარტათ უარის მიზეზი?
- ბიუჯეტი არ ჰქონდათ, თუმცა მათ უნდა მოეცათ განათება, გახმოვანება შეღავათიან ფასად და მათი დახმარება დაფინანსებას არ ითვალისწინებდა. როცა სახელმწიფო ელემენტარულ რამეს არ გაგიკეთებს, რაზეა ლაპარაკი?!.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
თეონა
იოსელიანს, ,,ჩუბიკას" და მსგავს სუბიექტებს როგორ შევაგნებინოთ, რომ სახელმწიფო ასეთ იდიოტურ ღონისძიებებს ( დიახ, იდიოტურს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობის გათვალისწინებით)არ უნდა აფინანსებდეს და სატინგიცო ადგილი სადმე სხვაგან მონახონ!!!
20:00 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ნეტა ერთი რა!!! რა კვირეული,რის კვირეულიიი????მსგავსი მოტხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილება ცოტა ნაადრევი ხომ არაა ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის? თუ რაიმეს თავი გავთ,სპონსორი მოიძიეთ და მას თხოვეთ დაფინანსება...მაგრამ,ჯერ სათანადო დონე და ხარისხია საჭირო...
16:44 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გაძეხი?
ფეხზე არ კიდიათ ვის რა აქვს. თვითონ ხომ ამოვსებული კუჭებით და გაქონილი ტუჩებით დადიან კაკებეშნიკების შტამომავლები. სხვა მენტალიტეტი აქვთ ხალხს და ესენი პროგრესულად მოაზროვნენი არიან!
14:38 / 05-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მოდის კვირეულები და მარიაჟობა კი არა,უამრავ ბავშს სახლი არ აქვთ და გომურებში ცხოვრობენ,სიცივისგან უწამლობისგან,გაჭირვებისგან შიმშილით იხოცებიან,ხალხს და განსაკუთრებით მოხუცებს,სიცივისგან და შიმშილისგან სული ხდებათ!თქვენ კი ამ დროს რაღაც სულელურ მოდის კვირეულებს ითხოვთ!???სამაგიეროდ თქვენ შვილებს არ უჭირთ(ღმერთმა ნურც გაუჭირვოთ)ცოტა თუ აზრზე მოხვალთ,კარგი იქნება!
12:05 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS