14 მაისი, 2013
''მოდის კვირეული ყოველთვის იყო და იქნება ჩემი''
თბილისის მოდის კვირეული გვაჩვენებს იმას, რაც არ აქვს. მე პროფესიული თვალით ვუყურებ და ვხედავ, რომ ხალხს ატყუებენ. რასაც ისინი აკეთებენ, მოდა არ არის, ეს დეფილეა. ხალხის გასულელებას ცდილობენ...
ნატალია სამადალაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამოდელო სააგენტო ,,ნატალის'' ხელმძღვანელი, პროფესიით ბალერინაა, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა და ახალგაზრდობაში თავად გახლდათ მოდელი.

სამოდელო სააგენტოს დაარსების შემდეგ საქართველოში მოდის კვირეულის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სპონსორების დათანხმება გაუჭირდა. მისი თქმით, ყველა ბიზნესმენი სააკაშვილზე იყო დამოკიდებული და მის გარეშე
არაფერი ხდებოდა, ამიტომ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე კვირეულის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიწვია.

ბოლო ერთი წელია, საქართველოს მოდის კვირეული აღარ ტარდება. შემოდგომაზე ნატალია სამადალაშვილი განახლებულ საქართველოს მოდის კვირეულს გვპირდება.

- როგორც ვიცით, თქვენ თავად მანეკენი იყავით ახალგაზრდობაში.
- 1970-იან წლებში საქართველოში მოდის სახლი ფუნქციონირებდა და იქ მიწვეული ვიყავი, როგორც მანეკენი, ტანსაცმლის დემონსტრატორი. ვმოგზაურობდი საზღვარგარეთ: საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთში, მსოფლიოს ქართულ და თანამედროვე სამოსს ვაცნობდით. ჩვენება დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, ყველას მოწონდა. მაშინ მოსკოვი იყო ცენტრი და მკერავები თუ კონსტრუქტორები იქ გადიოდნენ პრაქტიკას. საქართველოს საკუთარი წარმოების აბრეშუმი, შალი და ტრიკოტაჟი ჰქონდა. ქარხნები მუშაობდა და დიზაინერები გვყავდა. მაშინ გამოვიდა პირველი ქართული მოდის ჟურნალი და ქართულმა მოდამ განვითარება დაიწყო. ტარდებოდა საერთაშორისო გამოფენები, სამოსს ჩვენი მანეკენები აჩვენებდნენ.
- ბალერინობას მოდელობა რატომ არჩიეთ?
- ცეკვა და სცენა ძალიან მიყვარდა. ჩვენებები წელიწადში ოთხჯერ იმართებოდა და ელიტურად მიიჩნეოდა. რუსეთიდან და საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიოდნენ. ჩვენებები რუსთაველის თეატრში იმართებოდა. ნამდვილი შოუ იყო. ყველა დიზაინერი თავის თემას აჩვენებდა, ერთხელ ბრეჟნევიც ჩამოვიდა და პიონერთა სასახლეში ჩვენებას დაესწრო. საქართველოში ეს სფერო ძალიან კარგად ვითარდებოდა, ომი რომ არ დაწყებულიყო. შემდეგ დამდგმელი-ქორეოგრაფი გავხდი და მოდელებისთვის მეთოდიკა შევქმენი. შოუს ვდგამდი. როდესაც პოლიტიკური მღელვარება და სამოქალაქო ომი დაიწყო, არეულობამ ყველაფერი უკან დაწია და ყველაფერი დაანგრია.
- მას შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა, ახლა რა უშლის ხელს ქართული მოდის განვითარებას?
- საქართველოში ბაზარი არ არის, არაფერი მუშაობს, არ გვაქვს ფაბრიკები. ეროვნული პროდუქცია უნდა იქმნებოდეს, ადგილობრივი მსუბუქი წარმოება უნდა განვითარდეს, პროფესიონალი კონსტრუქტორები, მკერავები და დიზაინერები უნდა გვყავდეს. არ გვაქვს ბაზარი და შესაბამისად, არ გვაქვს მოდა. სამწუხაროდ, რაც გვქონდა, ყველაფერი დაიშალა.
- თუმცა სამოდელო სააგენტო მაშინ გახსენით, როცა საერთოდ არაფერი არსებობდა.
- 1995 წელს გამოვაცხადე კასტინგი და გავხსენი სააგენტო ''ნატალი''. მაშინ მოვიდა დღეს ცნობილი ყველა მოდელი - თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, კრისტი და სხვები. ხალხს ფული ჰქონდა, მაგრამ მაინც დამცინოდნენ, რა დროს ეს არის, ყველაფერი უკან მიდისო. ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ვასწავლიდი ქორეოგრაფიას, ეთიკას, ესთეტიკას, სიარულს, მეტყველებისა და ქცევის კულტურას.
შემდეგ პირველი ავანგარდული მოდის ფესტივალი ჩატარდა. საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ ცნობილი დიზაინერები, პირველად მაშინ გამოჩნდა ავთო, ბერგერი, რაღაც გაზეთებისგან დაამზადეს კოლექციები. ირაკლი ჩარკვიანი მღეროდა და მისი სიმღერის სტილით ხალხი გაოცდა. ამით მომავალი დღე ჩანდა და საფუძველი ჩაეყარა ახალს. მაშინ გამოჩნდა მაკა ასათიანი და მას ვეხმარებოდი. გამოიკვეთა რამდენიმე ტოპმოდელი. ისინი იმდენად პროფესიონალები გახდნენ, მაკამ რუსეთის მოდის კვირეულზე წაიყვანა. გოგონები თავიანთი კარგი გარეგნობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. მათ რუსული პრესა ''შავ მარგალიტებს'' უწოდებდა.
შემდეგ საქართველოში კრიზისი დაიწყო, ბევრი წავიდა ქვეყნიდან, უსინათლობა და გაჭირვება იყო. ხალხი თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და არაპროფესიონალიზმი ჩამოყალიბდა, ის, რაც დღეს ხდება მოდის სფეროში, მაშინ ჩამოყალიბებული სითავხედის ბრალია. იმხელა ინფორმაცია წამოვიდა, უვიცობის გამო არასწორად მიიღეს ყველაფერი.
მოდას საკუთარი კულტურა უნდა ჰქონდეს, რაც ახლა ჩვენ არ გვაქვს. მე არ მრცხვენია, როცა რამე არ ვიცი. ''სწავლა სიბერემდეო'', ვისწავლი, რაც არ ვიცი. თანამედროვე თაობამ ბევრი რამ არ იცის, არ არიან პროფესიონალები, მაგრამ მაინც წინ მიდიან. ამით რა მივიღეთ?! ფიასკო. მომავალ დღეზე არ ფიქრობენ, ერთი დღით ვცხოვრობთ.
- თუმცა ყველა თქვენი ტოპმოდელი კარგად გაათხოვეთ.
- მაშინ მანეკენს ცუდად უყურებდნენ, ამიტომ ხალხის მენტალიტეტზე ვიმუშავე და ჩამოვაყალიბე დამოკიდებულება, რომ მოდელობა არის ძვირფასი პროფესია და არა ჰობი. გოგონებთან დედა ტერეზასავით ვიყავი. ახლა უკვე აღარ მაქვს ამდენი მოთმინება. ისინი ყველგან დამყავდა, რომ გახსნილიყვნენ და განვითარებულიყვნენ, ყველაფერს ვაჩვენებდი. თუ არ მომწონდა მათი თაყვანისმცემელი, გადავაფიქრებინებდი ხოლმე. მათი მეორე დედა ვიყავი. ყველაფერს ვასწავლიდი.
- მოდის განვითარებას პოლიტიკაც უშლიდა ხელს?
- მოდა თავისუფალი უნდა იყოს. როდესაც ამბობენ, რომ საქართველო პატარა ბაზარია, აიღონ კავკასიის ბაზარი და გააკეთონ რამე. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ამ სფეროს. ყველაფერი განადგურებულია, ერთი-ორი კომერციული ფაბრიკა მუშაობს მხოლოდ. ამ სფეროში ანარქიაა და სამწუხაროდ, ამაში ჩემი ყოფილი მანეკენები მონაწილეობენ. ისინი ქვეყნის მომავალზე არ ფიქრობენ.
- პირველი მოდის კვირეული ხომ თქვენ გააკეთეთ?
- დიახ. მინდოდა გამეღვიძებინა ეს სფერო, ფუნდამენტი ჩაგვეყარა ქართული მოდისთვის და აქტიური მუშაობა დაგვეწყო. იმ პერიოდში საფრანგეთში დავდიოდი და იქიდანაც ვიწვევდით სტუმრებს. მოდის კვირეული კარგია, რომ გაჩნდეს დიზაინერებისთვის სამუშაო, საჩვენებელია, პირველი ეტაპია, მაგრამ თან მასტერკლასები უნდა ტარდებოდეს. ბაიერებს იმიტომ ვიწვევთ, რომ სამოსი წაიღონ და გაყიდონ. ევროპას ჩვენთან მოდის ბიზნესი არ აინტერესებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი დიზაინერებიც არ იყვნენ მზად ხარისხიანი ნაწარმის შესაქმნელად ევროპისთვის. ჩვენი მეზობელი თურქეთი ავიღოთ მაგალითად, როგორ განავითარა წარმოება, როგორი ტექსტილი აქვთ. ჩვენც უნდა მოვიფიქროთ, რა ვქნათ.
- რატომ აღარ აკეთებთ მოდის კვირეულს?
- იმიტომ, რომ ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. მთავარია არა რაოდენობა - ჩავატარო ექვსი ან რვა მოდის კვირეული, ან დეფილეები მოვაწყო, როგორც ამას სხვები აკეთებენ, მთავარი ხარისხია. ერთ დღეს ყველა უნდა შევიკრიბოთ და დავსვათ კითხვა: რისთვის გვინდა მოდის კვირეული? 2006 წლიდან დავიწყე მოდის კვირეულზე ლაპარაკი. მადლობელი ვარ მაკა მეტრეველის, დიდი პროექტის ორგანიზებაში დამეხმარა. საქართველოს მოდის კვირეული მისი პატრონაჟით კეთდებოდა და ბევრი რამ გააკეთა. ეს იყო ჩემი იდეა და მაკა ჩემთან ერთად შევიდა ისტორიაში. როცა მოდის კვირეულის გაკეთება დავიწყე, ძალიან გამიჭირდა სპონსორების ნახვა, ბიზნესმენებს არ ესმოდათ, რა საჭირო იყო მოდის კვირეული. ჩვენთან მოდის კვირეულები არ აღიქმება ბიზნესად, გასართობი ''ტუსოვკა'' ჰგონიათ. ჩვენი ბიზნესმენები არ დებენ ინვესტიციებს ფაბრიკებში, საერთაშორისო გამოფენებში, როგორც ეს საზღვარგარეთ არის. ჩვენ უნიკალური აბრეშუმის ჭია გვყავდა. პირველ რიგში, საკუთარი ქსოვილი უნდა გვქონდეს. ამისთვის არავის სცალია, ყველა პოლიტიკითაა დაკავებული. რაც დღემდე გავაკეთეთ, ისიც ჩაქოლეს, თვითონ კი არ იციან, რას აკეთებენ.
- სამაგიეროდ, სამოდელო სააგენტოა ბევრი.
- იმდენი სამოდელო სააგენტოა საქართველოში, რამდენი გოგონაც არ არის. ორი კარგი სააგენტოც საკმარისი იქნებოდა: ერთი შიდა ბაზარზე იმუშავებდა, მეორე - მოდელების საზღვარგარეთ გაშვებაზე. მე იმდენი გავაკეთე, რომ მოდელის ანაზღაურება გავზარდე შრომის ბაზარზე, მაგრამ სხვა სააგენტოებმა ისევ დასწიეს. დღეს კი ისევ ისინი წუწუნებენ მოდელის დაბალ ჰონორარზე. ამდენი სააგენტო რა საჭიროა? ჩვენ ხომ სლავური გარეგნობის გოგონები არ გვყავს, რომლებზეც მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. როცა ბაზარი არ გაქვს, რისთვის ხსნი სააგენტოს?
- თქვენ თაკო ჩხეიძეს გულისხმობთ, რომელიც თქვენი მოდელი იყო და თქვენი გაზრდილია?
- პირველად ჩემთან მოვიდა ის ჯგუფი, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის გაკეთებას აპირებდა და მე უარი ვუთხარი მათ. თაკოს სააგენტო ჰქონდა და შემდეგ მასთან მივიდნენ. ის წამოეგო ამ წინადადებას. თბილისის მოდის კვირეული გვაჩვენებს იმას, რაც არ აქვს. მე პროფესიული თვალით ვუყურებ და ვხედავ, რომ ხალხს ატყუებენ. რასაც ისინი აკეთებენ, მოდა არ არის, ეს დეფილეა. ჯობია, სახელი შეუცვალონ და ფესტივალი ან სხვა რამე დაარქვან, პრიზები დააწესონ, მოდის კვირეულს კი ნუ დაარქმევენ. ხალხის გასულელებას ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა.
სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, ამბიცია გვკლავს. ყველას გვგონია, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს მარტო თაკო ჩხეიძის ბრალი არ არის, მას ქმარი და მამამთილიც უწყობენ ხელს და როგორც ჩანს, მათი ამბიციაც არის. შეიძლება, ჩვენც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ მე ვსწავლობ შეცდომებზე.
ვინც სამხატვრო აკადემიას ამთავრებს, თავი დიზაინერი და უკვე პროფესიონალი ჰგონია. მათ კი პრაქტიკა და გაზრდა სჭირდებათ, რისთვისაც ცალკე ინსტიტუტის შექმნაა საჭირო, საზღვარგარეთიდან პროფესიონალების მოწვევა და მთავრობის ხელშეწყობა.
- საქართველოს მოდის კვირეულს როდის განაახლებთ?
- შემოდგომაზე ვაპირებთ ისევ ჩატარებას. რას ვგეგმავთ, ჯერ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იდეას მომპარავენ, როგორც ხდება ხოლმე (იცინის), მაგრამ გეტყვით, რომ მოდის კვირეული ძალიან დიდი სიახლეებით დაბრუნდება. მაკამ პროექტი გადმომაბარა.
- საქართველოს მოდის კვირეულის ჩასატარებლად მაკა მეტრეველის სახელი განაპირობებდა სპონსორების მოზიდვას?
- ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იყო, რომ მთავრობის გარეშე არაფერი ხდებოდა. სააკაშვილის გარეშე არც ერთი ბიზნესმენი არ დაგეხმარებოდა. მოდის კვირეული პირველად კეთდებოდა და ეს იმიჯისთვის სჭირდებოდა ქვეყანას. მაკას სახე დაგვეხმარა, რომ პროექტი შემდგარიყო, თუმცა პროექტი ყოველთვის იყო და იქნება ჩემი. ვფიქრობ, ისტორია არ განმეორდება და გონიერი ბიზნესმენები გამოჩნდებიან, რომელთაც ესმით, რა არის მოდა.

ზაზა გიგაური

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
zizi
მაგარი ქალი ხარ ნატალი მხოლოდ შენი სააგენტოა საიმედო.
19:32 / 20-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS