26 ნოემბერი, 2013
რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს
მჯერა, რომ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას დიდი ისტორიული წარსულის მქონე ჩვენს ოპერას და ისე გამოაცოცხლებენ, როგორც ეს ჩემი თაობის პერიოდში იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, შვეიცერის საპატიო მედლის მფლობელი, ღირსების ორდენოსანი ცისანა ტატიშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოპრანოა, რომელსაც 40-წლიანი ბრწყინვალე კარიერისთვის 2010 წელს თბილისის ოპერის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

იშვიათი სილამაზისა და ძალის დრამატული სოპრანო ნებისმიერ ვოკალურ სირთულეს ძლევდა.
მის რეპერტუარში იყო უამრავი სხვადასხვა ტიპის საოპერო ნაწარმოები. რიჰარდ შტრაუსის ''სალომეას'' შესრულება საბჭოთა სივრცეში, პრაქტიკულად, მხოლოდ მან შეძლო და მონსერატ კაბალიესა და ბირგიტ ნილსონთან ერთად მსოფლიო სამეულში შევიდა. ქალბატონ ცისანას ევროპის მრავალ თეატრში უმღერია, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც თბილისის ოპერის სცენა იყო... სიმღერის სიყვარული ბავშვობიდანვე გაუღვივდა. 6 წლის იყო, როცა კინოთეატრში დედასთან ერთად ''დიდი ვალსი'' უნახავს, სწორედ მილიცა კორიუსის შთამბეჭდავმა სიმღერამ და თამაშმა გადააწყვეტინა საოპერო მომღერლობა...

- ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა - ქეთევან ზანდუკელი, მე და ჩემს ძმას მარტო გვზრდიდა. მისი მოგონებებითა და მონაყოლით ვიცნობდით მამას. მამას, ბეჟან ტატიშვილს, თავის დროზე პარიზში სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია, შემდეგ ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს, მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა, ამის შემდეგ მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა, იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა.
- ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს პროფესიულ არჩევანს?
- ჩემს ძმას ძალიან უნდოდა მემღერა. ამ მხრივ სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა, აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში და თქვა: ''შენი ლამაზი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას, ნამდვილი ვარსკვლავი დადგე და ჩვენი სამშობლო ასახელო'' . თავის ასისტენტ გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა, ჩემთან მეცადინეობა დაეწყო. თავად მაესტრო მძიმედ ავად გახლდათ, ლოგინს იყო მიჯაჭვული, ამიტომ ჩემთან მუშაობას ვერ შეძლებდა.
ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ძმა. კიდევ ერთი დიდი გულშემატკივარი მყავდა, გოგი თოთიბაძე - ჩემი მეუღლე, მეგობარი, ბრწყინვალე ადამიანი და ფერმწერი. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. ყოველთვის ერთმანეთის ურთიერთგაგება და დიდი პატივისცემა გვქონდა. სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ გოგი მეტად ელეგანტური და მომხიბლავი ადამიანი იყო. ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქართული ენის გრამატიკის შემდგენელის სილოვან ხუნდაძის შვილიშვილი გახლდათ. ჩემი მეუღლე ჩემი შემოქმედების ზუსტი და ობიექტური შემფასებელიც იყო, რაშიც მას მუსიკალური განათლებაც ეხმარებოდა. ათი წლის განმავლობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. თითქმის ოცდაათი წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ამ ხნის განმავლობაში როგორც მე ვღელავდი მის გამოფენებზე, ისე ის კარგავდა სიმშვიდეს ჩემი სპექტაკლების დროს...
- თქვენ ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში ცეკვავდით...
- დიახ, საოცრად მორცხვი ბავშვი ვიყავი, ამიტომ ქართული ცეკვების შესასწავლად და სცენასთან შესაგუებლად დედამ ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში შემიყვანა. იქ ერთი წელი ვიცეკვე სოლოპარტიები, სხვათა შორის, ჩემი მეწყვილე გამოჩენილი მოცეკვავე ომარ მხეიძე იყო. წარმატებით გამოვდიოდით სხვადასხვა კონცერტზე, ამიტომ, როცა ჯანოსთან მივედი და ანსამბლიდან წასვლის შესახებ ვუთხარი, ცოტა განაწყენებულმა მითხრა: შენც ახლა ნადეჟდა ხარაძეს არ აჯობოო. მე კი ვუთხარი, ჯანო, შენ აუცილებლად მოხვალ ჩემს სპექტაკლებზე და ლოჟიდან ტაშს დამიკრავ-მეთქი. დავტოვე ანსამბლი და საკუთარი თავი მთლიანად სიმღერას მივუძღვენი.
- ქალბატონო ცისანა, თეატრში ახალი მისული იყავით, როცა დადგა საკითხი თქვენი გათავისუფლების შესახებ. რა მოხდა მაშინ?
- თეატრში რომ მივედი, დამხვდა მოქმედი სოპრანოების რამდენიმე თაობა და ის ვითარება, რომელშიც ბრძოლა პირველობისთვის წესებს არ ითვალისწინებს. თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი არასოდეს. თურმე ჯანსუღ კახიძეს გაუგია, თეატრიდან ჩემს გაშვებას რომ აპირებდნენ, როგორც პროფესიულად უვარგისი კადრის. ამიტომ მან, პეტრე თომაძემ და შოთა კიკნაძემ თენგიზ მუშკუდიანს მიმართეს დასახმარებლად. თენგიზი უკვე პოპულარული და აღიარებული მომღერალი იყო. ჩემი ბედი მისმა სიტყვამ გადაწყვიტა. დირექტორთან მივიდა და უთხრა, ბრძანებისთვის ხელი არ მოეწერა. ამასობაში დეპოში გაიმართა კონცერტი და ვიმღერე არდიტის ვალსი. ვხედავდი დირექტორის კმაყოფილ სახეს, როგორი სიამოვნებით მისმენდა. მოგვიანებით აღუნიშნავს თენგიზთან საუბარში, გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი, ცისანა რომ თეატრიდან გამეშვაო.
- მალევე გახდით თეატრის პირველი სოპრანო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაშიც მონაწილეობდით...
- სომხეთის გასაბჭოების 50-ე წელს ვასილ მჟავანაძემ ერევანში წაგვიყვანა მე და აკადემიკოსი მელიქიშვილი, იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ბრეჟნევის დასახვედრად თხუთმეტივე რესპუბლიკის პირველი მდივნები და დელეგაციის წევრები მოგვამზადეს. თვითმფრინავიდან ჩამოსულ ბრეჟნევს სომხეთის პირველი მდივანი შეეგება, ერთმანეთს მიესალმნენ და ბრეჟნევი სტუმრების მწკრივისკენ წამოვიდა. ქართველები პირველები ვიდექით, ჯერ მჟავანაძეს ჩამოართვა ხელი, გადაეხვია და შემდეგ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. ხელი ხელზე მომკიდა და თქვა: ''Áîæåñòâåííàÿ гðóçèíêà, ðàä, ÷òî ëè÷íî ïîçíàêîìèëñÿ ñ âàìè â Åðåâàíå". შემდეგ ოპერის თეატრში წაგვიყვანეს, სადაც გალაკონცერტი გაიმართა. მასში საბჭოთა კავშირის საუკეთესო შემსრულებლები მონაწილეობდნენ. გვიან საღამოს კი ვახშამზე მიგვიყვანეს. ვეებერთელა დარბაზში საკონცერტო როიალი იდგა და კამერული ორკესტრი უკრავდა. სტუმართა შორის იყო მუსლიმ მაგომაევი, ის როიალს მიუჯდა და სადღესასწაულო განწყობა ერთი ორად გაზარდა. ამასობაში ჩვენს მაგიდასთან სომხეთის კულტურის მინისტრი მოვიდა და მთხოვა მემღერა. მუსლიმმა მითხრა, ცისანა, დაგიკრავ და თუ თანახმა ხარ - იმღერეო. მაშინ ვიმღერე ტოსკას არია.
- ''ტოსკას'' ხშირად მღეროდით ევროპის თეატრებში და როგორც ვიცი, არაერთი შემოთავაზება გქონდათ საზღვარგარეთ დარჩენაზეც...
- მიუნჰენში ერთ-ერთი გასტროლის დროს სპექტაკლის შემდეგ ჩემთან შემოვიდნენ ბაზელის, კიოლნის, ბერლინისა და ბონის თეატრების დირექტორები და მთხოვეს, მათთან მემღერა ''ტრუბადური'' . ''გოსკონცერტთან'' შეუთანხმებლად ვერ დავთანხმდებოდი, ხოლო როცა მოსკოვში დავრეკე, მიპასუხეს: ''დაბრუნდით, თორემ ვეღარასოდეს ეღირსებით ვერც ერთ გასტროლს'' . ბევრი მაცდური შემოთავაზების მიუხედავად, ვერც სამშობლო დავტოვე და არც ოჯახი გავიმეტე სამუდამო წვალებისთვის. დავრჩი ჩემი თბილისის ერთგული. ინდივიდუალური გასტროლებით ხშირად ჩავდიოდი ევროპის დედაქალაქებში და წამყვან თეატრებში ვმღეროდი. მახსოვს, პარიზის ''გრანდ ოპერის'' მენეჯერმა მომისმინა ბერლინში, სპექტაკლის შემდეგ ის ჩემთან მოიყვანეს. მან ასეთი რამ მითხრა: ''მე შემიძლია გაქციოთ მსოფლიო ვარსკვლავად, დამთანხმდით, გამომყევით პარიზში, იქ არაჩვეულებრივ პირობებს შეგიქმნით. დილის 6 საათზე სასტუმროს ეზოში დაგელოდებათ მანქანა, რომელიც აეროპორტში მოგიყვანთ, იქ მე დაგხვდებით და ერთად წავალთ'' . რასაკვირველია, შთამბეჭდავი წინადადება იყო, დავფიქრდი, მაგრამ ისევ ოჯახი დამიდგა თვალწინ. გამახსენდა, რომ დააპატიმრეს და დახვრიტეს ''დიდი თეატრიდან'' წასული სოლისტების ოჯახის წევრები და კატეგორიული უარი ვუთხარი საკუთარ თავს მსოფლიო დიდებაზე. ბოლოს 90-იან წლებში ვიყავი ლონდონსა და ავსტრიაში ინდივიდუალური კონცერტებით. ლონდონში ჩემმა აგენტმა ''კოვენტ-გარდენის'' დირექტორთანაც მომიწყო მოსმენა. დამინიშნეს თერთმეტი სპექტაკლი ''ტოსკა'' , მაგრამ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და გამგზავრება ვეღარ შევძელი. მსგავსი ხელისშემშლელი მომენტი ბევრი იყო... ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ მილანის ''ლა სკალაში'' ვერ ვიმღერე. იტალიაში ხშირად ჩავდიოდი, რომში, ვენეციაში, ბუსეტოში, სხვა ქალაქებში, მაგრამ ''სკალაში'' , სამწუხაროდ, არ მიმღერია. იყო ამის ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რაც ჩემთვის უსიამოვნო გასახსენებელია და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- დიდ თეატრსა და ''მარიას თეატრში'' გადასვლაზე რატომ თქვით უარი?
- პეტერბურგის ''მარიას თეატრში'' სიმღერა ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება იყო და ერთმანეთზე უკეთესი საოპერო პარტიები მაქვს ნამღერი იქ: ''ტრუბადური'' , ''აიდა'' , ''პიკის ქალი'' , ''ტოსკა'' ... მაგრამ კლიმატის გამო პეტერბურგში გადასვლას და ცხოვრე
ბას ვერ შევძლებდი. რაც შეეხება დიდ თეატრს, 5-ჯერ იდგა საკითხი მოსკოვში ჩემი გადასვლის შესახებ, მაგრამ ჩემი იქ ყოფნა ბევრს არ აწყობდა და ყველა საშუალებით მიშლიდნენ ხელს. ბოლოს კი თვითონვე ვთქვი უარი, მგლების ხროვაში გამიჭირდებოდა თავის დაცვა.
- მაგრამ მოსკოვის დიდ თეატრში ბევრი სპექტაკლი გიმღერიათ, პრემიერებიც მათ შორის...
- კი, დიდი თეატრის ხელმძღვანელობა ხშირად მიწვევდა სპექტაკლებზე. ჩავდიოდი და ვმღეროდი აიდას, სანტუცას, ლეონორას, ლიზას... შტრაუსის ''სალომეა'' დიდ თეატრში რომ ჩავიტანეთ, მახსოვს, სპექტაკლებზე ანშლაგი იყო. რუსეთის ქალაქებიდან ჩამოვიდნენ ოპერის მოყვარულები, ჩემი გულშემატკივრები. ბილეთები ერთი თვით ადრე გაიყიდა, ხალხი ფეხზე იდგა... სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი.
- ქალბატონო ცისანა, სპექტაკლებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი, ძვირფასი კოსტიუმები გეცვათ, თბილისში იკერავდით თუ საზღვარგარეთ?
- სხვათა შორის, ჩემს სასცენო კოსტიუმებს დიდი თეატრის საამქროში ვაკერინებდი და საზღვარგარეთ რომ მივდიოდი, იქაც ვიცვამდი სპექტაკლებში. თეატრიდან რომ წამოვედი, კოსტიუმები იქ დავტოვე. თუ მომავალში მუზეუმს გამოადგება და არ განადგურდება, გამიხარდება!
- თუ არის ისეთი საოპერო პარტია, რომლის შესრულებაც ვერ მოასწარით ან არ მოხერხდა?
- არის, ნამდვილად. ჯანსუღ კახიძეს უნდოდა ძალიან, ''კარმენი'' მემღერა. ბება თუმანიშვილი მოიწვია დიდი თეატრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, თუმანიშვილი გარდაიცვალა. ასევე ვერ ვიმღერე ''ტურანდოტი'' . მისი დადგმა რობერტ სტურუას ჯანსუღმა შესთავაზა, თავიდან თითქოს რობიკო დათანხმდა, მაგრამ იმდენად დატვირთული იყო რუსთაველის თეატრში და სხვაგან, რომ ვერ შეძლო სპექტაკლზე მუშაობა. მახსოვს, ''ნაბუქოს'' პარტიტურა გამომიგზავნა პრაღის თეატრის ადმინისტრაციამ, პრემიერისთვის ემზადებოდნენ და დამპატიჟეს, უნდა მესწავლა პარტია და ჩავსულიყავი, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვითარება დაიძაბა, გარკვეული პერიოდი შეწყდა მიმოსვლა და პრემიერებზე ვეღარ ჩავედი.
- რეჟისორმა ფელეზენშტეინმა ბერლინის ოპერაში სპექტაკლისთვის მზადება რომ დაიწყო, მთავარ პარტიაზე ''აიდაში'' თქვენ მიგიწვიათ... იქ მთელი სეზონი მღეროდით.
- ასე იყო... პრემიერის დღე რომ მოახლოვდა, გადაღლილობისგან შეუძლოდ გავხდი. კლინიკაში წამიყვანეს, იქ საუკეთესო ექიმმა გამსინჯა, რომელიც თურმე თავის დროზე ჰიტლერის პირადი ექიმი ყოფილა. მანვე მირჩია დავბრუნებულიყავი თბილისში და დამესვენა. სხვა შემთხვევაში გამოკეთების იმედს ვერ მაძლევდა. პრემიერამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და სამუშაო პროცესს ვერაფრით ვერ დავტოვებდი, ამიტომ კატეგორიულად ვიუარე. ''მაოცებს თქვენი გამბედაობა და საქმის სიყვარული'' , - მითხრა ექიმმა და დაამატა, რომ აუცილებლად მოვიდოდა სპექტაკლზე და მომისმენდა. გამამხნევა და დამარწმუნა, რომ სპექტაკლები ჩემი დიდი გამარჯვებით ჩაივლიდა. გამიხარდა, გავთამამდი, აქტიურად ჩავერთე სარეპეტიციო პროცესში. ერთ-ერთი რთული მიზანსცენის დროს დეკორაციაში ფეხი ჩამივარდა, დირიჟორმა ორკესტრი გააჩერა. დაძაბული სახეებით ყველა მე შემომცქეროდა, ეგონათ, ფეხი მოვიტეხე. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. პრემიერა შესანიშნავად ვიმღერეთ მე და ნოდარ ანდღულაძემ. მრავალი ათეული წელი ნოდარი ჩემი მაესტრო და საუკეთესო პარტნიორი იყო. საერთოდ, პარტნიორების მხრივ განებივრებული ვიყავი, არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა თბილისშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც.
- ფონ კარაიანსაც უნდა შეხვედროდით, თუმცა თქვენი შეხვედრა არ შედგა...
- გერმანიაში დირიჟორმა კიოლერმა გალაკონცერტი გამართა და მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლები მიიწვია, მათ შორის იყვნენ ბირგიტ ნილსონი და მონსერატ კაბალიე. თბილისიდან მე ჩავედი. კონცერტს კარაიანის ნდობით აღჭურვილი პირი ისმენდა. ის მომიახლოვდა და მითხრა, მაესტრო ''ტრუბადურს'' დგამს და ლეონორას შემსრულებელს ეძებს, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მოსმენა გაახარებსო. მართლაც მოგვიანებით კარაიანის პრესსამდივნო ''გოსკონცერტს'' დაუკავშირდა და მოითხოვა ჩავსულიყავი ზალცბურგში მაესტროსთან შესახვედრად, თუმცა მოსკოვიდან ასეთი პასუხი მიუღიათ, ცისანა ტატიშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, სამაგიეროდ, შეგვიძლია, დიდი თეატრის სოლისტი მილაშკინა შემოგთავაზოთო, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ასე ხშირად ჩაუშლია ჩემთვის მოსკოვს უცხოური ტურნეები.
- თქვენი კარიერის განმავლობაში თბილისის ოპერის თეატრი ბევრ საერთაშორისო სტატუსის თეატრს უწევდა მნიშვნელოვან კონკურენციას. რა მდგომარეობაა ამჟამად ამ მხრივ საქართველოში და როგორია თქვენი შეფასება?
- სამწუხაროა, რომ საოპერო ჟანრს დღეს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ამიტომ ჩვენი მომღერლები იძულებულნი არიან, გაიქცნენ საქართველოდან. თუ ასე გაგრძელდა, მალე თბილისის ოპერას დასი აღარ ეყოლება. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ოპერის თეატრი, ის ხომ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია... მჯერა, რომ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას დიდი ისტორიული წარსულის მქონე ჩვენს ოპერას და ისე გამოაცოცხლებენ, როგორც ეს ჩემი თაობის პერიოდში იყო. იმხანად ჩვენც დავდიოდით საგასტროლოდ და აქაც ბევრი, მსოფლიო ტიტულის შემსრულებელი ჩამოდიოდა. მინდა, საოპერო ხელოვნება საქართველოში ისევ მნიშვნელოვანი გახდეს და მალე ვნახო აღორძინებული ჩემი მშობლიური თეატრი. მით უმეტეს ამის პოტენციალი რეალურად გვაქვს. ჩვენს კონსერვატორიაში ვოკალისტების არაჩვეულებრივი თაობა იზრდება!..

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS