26 ნოემბერი, 2013
''ცხოვრებაში მთავარი ღირსებაა და მერე - სპორტსმენობა''
ქართველი მორაგბეები ბოლო ათი წელია, სულ წარმატებას აღწევენ და მგონი, ეკუთვნით ბიჭებს, რომ საკუთარი მოედანი ჰქონდეთ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ამჯერად მხოლოდ კლუბ ''არმაზში'' თამაშობს. მალე რაგბის თამაშს თავს საერთოდ დაანებებს და საქართველოში რაგბის განვითარებაში უფრო აქტიურად ჩაერთვება. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში რაგბიში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სათამაშო მოედანი არ აქვთ.

- გილოცავთ სპორტის რაინდის ტიტულის მონიჭებას!
- მორაგბეებიდან ეს ტიტული მამუკა გორგოძესაც მიანიჭეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, სპორტის რაინდის
ტიტული რომ გადმომცეს, ალბათ, ქართული რაგბის განვითარებაში პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ დაფასებას.
- ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი აღარ ხართ…...
- ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო ნაკრებიდან წასვლა, თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაც გიყვარს, იმას თავი უნდა დაანებო.
- დღემდე თქვენი ''ფეისბუქის'' გვერდზე ქართული რაგბის გულშემატკივრები გწერენ, დაბრუნდი საქართველოს ნაკრებშიო. გამორიცხულია, ასე რომ მოხდეს?
- გამორიცხულია. იყო მიზეზები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ამ მიზეზებს არ დავაკონკრეტებ. ცხოვრებაში მთავარი ღირსებაა და მერე - სპორტსმენობა.
- ისეთი ასაკი არ გაქვთ, რომ ამ სპორტს თავი დაანებოთ?
- კიდევ რამდენიმე წელი შემეძლო თამაში. წამოვედი ნაკრებიდან, მაგრამ ისევ ვაგრძელებ ამ სპორტში მოღვაწეობას. რაგბის ფედერაციის სპორტული დირექტორი ვარ. მევალება სპორტული დონის აწევა, მწვრთნელების შერჩევა, ბავშვების გამოვლენა რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის. ახლა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელია, რომელიც ღირსეულად უძღვება საქმეს, გუნდში ერთ-ერთი ლიდერია. ბიჭებში დაძაბულობა არასდროს ყოფილა და არც იქნება. როცა გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, ყველაფერს მიაღწევ. მაგარი მწვრთნელი თუ გყავს, მაგრამ გუნდში არეულობაა, წარმატებას ვერ მიაღწევ.
- ნაკრებიდან წასვლის შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- ვთამაშობ კლუბ ''არმაზში'' . საფრანგეთიდანაც წამოვედი. უნდოდათ, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ წამოსვლა ვარჩიე. სამუდამოდ საფრანგეთში დარჩენას არ ვაპირებდი. ჩემთვის ეს იქნება ბოლო წელი სპორტში.
- საფრანგეთში რამდენი წელი თამაშობდით?
- თერთმეტი წელი ვიყავი. ეს სპორტი საფრანგეთში ძალიან პოპულარულია და ანაზღაურებაც ნორმალურია. ადრე ინგლისში იყო ასეთი სიტუაცია რაგბიში, მაგრამ ახლა ინგლისელებიც საფრანგეთში მიდიან სათამაშოდ. საფრანგეთში მიდიან სამხრეთაფრიკელებიც, ფიჯელებიც, ქართველებიც.
- ამ სპორტში წარმატებები აქვთ მაშინ, როდესაც რაგბის სათამაშო მოედნებიც კი არ არის საქართველოში.
- ძალიან ცუდია, რომ საკუთარი სათამაშო მოედანი არ გვაქვს. დიდ თამაშებს რომ ვმართავთ სანაკრებო დონეზე, უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია, რომ ავჭალის და შევარდენის მოედნებზე არ გავმართოთ ასეთი შეხვედრები.
- გეგმის მიხედვით როდის უნდა აშენდეს?
- არის ლაპარაკი, მაგრამ უახლოეს მომავალში არ იგეგმება რაგბის მოედნის აშენება. ძალიან დიდი მოედანიც არ გვინდა. გვჭირდება მოედანი, სადაც 20 000-დან 30 000-მდე მაყურებელი დაეტევა. თანამედროვე რაგბის მოედნის აშენებას დაახლოებით 30 მილიონი სჭირდება. ქართველი მორაგბეები ბოლო ათი წელია, სულ წარმატებას აღწევენ და მგონი, ეკუთვნით ბიჭებს, რომ საკუთარი მოედანი ჰქონდეთ.
- რადგან ახალგაზრდებთანაც გიწევთ მუშაობა, ალბათ, ყველაზე უკეთ შეგიძლიათ თქვათ, რამდენიმე წელიწადში ასეთივე წარმატებული იქნებიან ქართველი მორაგბეები?
- ქართულ რაგბის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ცხრამეტ წლამდე ნაკრებმა ცოტა ხნის წინ დიდ წარმატებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მათ ქართველი მწვრთნელები ჰყავთ, ძალიან დიდი შრომა ჩადეს და დაუფასდათ. ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს ჰონკონგის მსოფლიო ჩემპიონატის 22 წლამდელთა საგზური. იმედია, ჰონკონგშიც დიდ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ ყოველთვის უკანა ხაზზე თამაშის პრობლემა გვქონდა. არ ველოდებოდი, ასე კარგად თუ ვაბურთავებდით ბურთს. რაგბი ვაჟკაცური სპორტია. ამ სპორტმა ყველა ქართველ სპორტსმენს ბევრი რამ შეგვმატა. ამ თამაშით ერთხელ თუ მოიწამლები, იქიდან წამოსვლა ძალიან რთულია. ქართველებს გვახასიათებს ბუნებრივი სიძლიერე. ტექნიკური მხარეა დასახვეწი, რასაც ნელ-ნელა ვუმატებთ.
- ცნობილია, რომ რაგბის თამაშის დონით ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან. საქართველოს რაგბის ნაკრებმა შეიძლება, ესპანეთის გუნდს მოუგოს, მაგრამ ვერაფრით მოუგებს ზელანდიის ნაკრებს.
- როცა რაგბის გუნდი ძლიერია, არ ხდება ისე, რომ შემთხვევით ლელო გაუტანო. ქართველებმა ძალიან უნდა მოვუმატოთ თამაშს, მაგრამ ისინი, ვინც კარგად თამაშობენ, გაჩერებულები ხომ არ არიან. წინ მიდიან, ამიტომ რთულია მაგარი გუნდების მოგება.
- ვინ არიან ჩვენი რეალური კონკურენტები, ვისაც აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რომ შემდეგ უკვე ძა 
ლიან ძლიერ ნაკრებად გვაღიარონ?
- ჩვენ მსოფლიო თასზე მოვუგეთ და დავამტკიცეთ, რომ რუმინეთზე მაგრად ვთამაშობთ. იყო პერიოდი, რუმინეთი სულ გვიგებდა და თავს ზევით ძალა არ იყო. ახლა უნდა მოვუგოთ იტალიას, შოტლანდიას და ირლანდიას, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. მთავარია, რწმენა გვქონდეს და შევძლებთ ამის გაკეთებას. 2007 წელს მსოფლიო თასზე 14:10 წავაგეთ ირლანდიასთან. შედეგის მხრივ წავაგეთ, მაგრამ ჩვენთვის ეს გამარჯვების ტოლფასი იყო. 2003 წელს ჩვენმა ნაკრებმა ვითამაშეთ ირლანდიაში და 63:7 მოგვიგეს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 2015 წელს თუ პირველ ადგილზე დავამთავრებთ, გასული წლის შედეგს გავიმეორებთ და ორი წლის ჯამში ახალი ზელანდიის ქვეჯგუფში მოვხვდებით. ძალიან რთული იქნება მათთან თამაში, მაგრამ ასეთი გუნდებისგან ბევრ რამეს სწავლობ და იზრდები. ახალ ზელანდიაში თუ ჩახვალთ, ყველგან რაგბის ბურთს დაინახავთ. ზელანდიაში ბიჭი რომ იბადება, მშობლებს ოცნებად აქვთ, რომ შვილმა ნაკრებში ითამაშოს.
- რამდენი შვილი გყავთ?
- სამი. პირველი ოჯახიდან 13 წლის ბიჭი მყავს. მეორე მეუღლესთან კი - გოგონა და ბიჭი.
- თქვენი ოცნებაა, რომ ბიჭებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ?
- დაძალებით არც ერთს არაფერს დავაძალებ. სხვადასხვა სპორტზე შევიყვან ორივეს, მაგრამ რადგან მე ვიყავი მორაგბე, არ ვეტყვი, შენც აუცილებლად ამ სპორტს უნდა გაჰყვე-მეთქი.
- ამ ეტაპზე რას ამბობენ, უნდათ მორაგბეობა?
- ფეხბურთელობა უნდათ. ჯერ მხოლოდ ცურვაზე დადიან. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მეც თექვსმეტი წლის ასაკში დავიწყე რაგბის თამაში, მანამდე ცურვასა და ქართულ ცეკვაზე დავდიოდი. მერე ბევრი მეგობარი გადავიდა რაგბიში. თავიდან მინდოდა, უბრალოდ მომესინჯა ძალები და პირველივე თამაშზე მოვიწამლე ამ სპორტით.
- რაგბიში ქართველი ქალებიც არიან ჩართული?
- შვიდქალა გვყავს და საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნაა, რომ ქართველ ქალ მორაგბეთა რაოდენობა შვიდასამდე გავზარდოთ. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ რაღაც შედეგები აქვთ და რაც უფრო მეტი შეხვედრა ექნებათ და ტურნირებზე ითამაშებენ, უფრო მოუმატებენ თამაშს.
- მეუღლეს, ალბათ, რაგბი ძალიან უყვარს.
- რა თქმა უნდა, უყვარს, მაგრამ ტრავმას რომ ვიღებ, არ მოსწონს. ძალისმიერი სპორტია და დაზღვეული არაფრისგან არ ხარ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS