24 ნოემბერი, 2013
რა პრეტენზია აქვთ „ერთი ერთშის“ ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს
ძალიან ბევრი ნაცნობი ესწრება კონცერტებს. მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ კონცერტზე დასწრება ბევრად მაგარია და სულ სხვა განწყობაა, სამწუხაროდ, ბევრი რამ ვერ ხვდება ტელეეკრანზე, რაც სცენაზე ხდება ჯდს-ზე ახალი პროექტი სულ რამდენიმე კვირაა დაიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში მაყურებელი აქტიურად აზიარებს ვიდეოებს პროექტიდან „ერთი ერთში“ . ის ჰოლანდიური კომპანიის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს რვა მონაწილის მიერ ყოველკვირა სხვადასხვა ცნობილი მომღერლის განსახიერებას. მსგავსება იდეალური უნდა იყოს, შესაბამისად, კოსტიუმის ავტორმა და გრიმიორმა მაქსიმალური სიზუსტით
უნდა იმუშაონ, გარდა ამისა, პროექტში ჩართული უნდა იყვნენ ქორეოგრაფი და ვოკალის პედაგოგი, ასევე მონაწილეებს უნდა ჩაუტარდეთ დრამის გაკვეთილები. რვავე მონაწილე ყოველკვირა იმდენ გაკვეთილზე დადის, რომ როგორც „ერთი ერთშის“ კონკურსანტები დათო გომართელი და ელენე კალანდაძე გვიმხელენ, სხვა არაფრისთვის დრო არ რჩებათ. დათოს ლუი არმსტრონგმა და ელენეს ემი უაინჰაუსმა ჯერჯერობით ყველაზე მეტი სიმპათია დაიმსახურეს. ვნახოთ, თავად როგორ აფასებენ ამ პროექტს და იქ საკუთარ ადგილებს.

დათო:
- ზუსტად აღარ მახსოვს, ვინ დამირეკა ამ პროექტისთვის, მაგრამ როდესაც ტელე-ვიზიაში მოვედი და თემურ გოგოლაძეს, ობობას შევხვდი, შემდეგ - გვანცა კილასონიას, რომლებიც ამ პროექტს ამზადებენ, უკვე ნანახი მქონდა „ერთი-ერთშის“ რუსული ვერსია. ამიტომაც დაახლოებით ვიცოდი მის შესახებ. მიუხედავად ბევრი საქმისა, როგორც ყველამ, ყველაფერი გადავდე. ამ პროექტის საშუალებით შეგიძლია, მაყურებელს, შენს თაყვა-ნისმცემელს თავი სხვა კუთხით დაანახვო. დათანხმების შემდეგ გაგვაცნეს ტექნიკური საკითხები და გვითხრეს, რომ იქნებოდა საუკეთესო პირობები. მივიღეთ ყველანაირი მტკიცებულება, რომ ეს პროექტი უცხოურ დონეს არ ჩამოუვარდებოდა და აქედან გა-მომდინარე დავთანხმდით მონაწილეები.
ელენე:
- მეც ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს არხიდან, ელენე კოლელიშვილმა მითხრა, რომ ამგვარი პროექტი იწყებოდა. მე, დათოსგან განსხვავებით, არაფერი ვიცოდი ამ გადაცემის შესახებ. პასუხი საკმაოდ გვიან მივეცი, დაახლოებით ორ კვირას ვფიქრობდი. ეს არ იყო მარტივი პროექტი, რადგან ძალიან ბევრ რაღაცას ვეღარ ვასწრებ მის გამო. მაგალითად, ჩემს სტუდიაში ბავშვებთან ვეღარ მივდივარ და ვოკალის გაკვეთილებს ვეღარ ვუტარებ, ოჯახის წევრები თვალით არ მინახავს. ყველას მოგვიხდა რაღაცების გადადება. გავეცანი შოუს ფორმატს და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. თანაც, როცა გავიგე, ვინ იქნებოდნენ მონაწილეები, გამიხარდა. უკან არ დავიხიე.
- ვოკალისა და ქორეოგრაფიის პედაგოგები ამერიკიდან არიან, რაც თავისთავად საინტერესოა.
- ძალიან დიდი პრაქტიკაა და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მასტერ-კლასია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამერიკელ ვოკალის პედაგოგთან ვიმეცადინოთ. ძალიან მიხარია, რომ ეფრემ შანელთან მაქვს შეხება, ისევე, როგორც სხვა პედაგოგებთან კონტაქტი მახარებს, ქართველებსა თუ უცხოელებთან.
- დათო, რაიმე ახალი თუ აღმოაჩინეთ საკუთარ ხმაში?
- საერთოდ, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, არასდროს უნდა თქვა, რომ ყველაფერი იცი. ალბათ, სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის რაღაცას სწავლობ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თუნდაც ახალგაზრდა კოლეგებისგან ისწავლი რაღაცას. მაილს დევისი სპეციალურად იყვანდა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომ მათგან ბევრი რამ ესწავლა. ჩემი აზრით, დიდი ფუფუნებაა ასეთ პედაგოგებთან მუშაობა. ამერიკელ პედა-გოგთან მოსახვედრად ამერიკაში წასვლა და ფულის გადახდაა საჭირო, ჩვენ კი აქეთ გვეწვივნენ და გვასწავლიან. ჟიურიში რამდენად ძლიერები არიან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან მადლობლები ვართ გაკვეთილებისთვის.
- რატომ, ფიქრობთ, რომ ჟიურის ორი უცხოელი წევრი ობიექტურად არ გაფასებთ?
- შეფასების კრიტერიუმი ცალკე საკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით, პედაგოგი, რომელიც გასწავლის და იცის შენი პლუს-მინუსები, ჟიურიში არ უნდა იჯდეს. აქ კი ასეა. ჟიურის წევრმა უნდა შეაფასოს ის პროდუქტი, რომელსაც იმ წუთში დაინახავს. შეიძლება, რეპეტიციების დროს რაღაც არ მოგეწონოს, ვერ იმღერო, რადგან ხმა არ გაქვს, განწყობა არ გაქვს, ჟიურის წევრი კი ამ ყველაფერს არ უნდა ხედავდეს. შესაძლოა, რეპეტიციაზე ვერაფერი გააკეთო, მაგრამ „დაგლიჯო“ კონცერტზე. შემოქმედ ადამიანზე ბევრი რამ მოქმედებს, ამინდი, განწყობა, რა ხდება ოჯახში. როცა შიდა სამზარეულო იცის, ჟიური „იჭრება“ და აღარ იცის, რა უნდა გააკეთოს. არც ერთ კონკურსზე ჟიურის წევრი არ ესწრება რეპეტიციებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტურის შეფასება და არც მხოლოდ ჩემდამი ჟიურის დამოკიდებულება, ზოგადად ვამბობ. იყო საუბარი ჟიურის მეხუთე წევრის დამატებაზე.
- წინა ოთხშაბათს ორივე თქვენგანმა დაბალი შეფასება მიიღო და ამას ხომ არ უკავშირდება?
- გუშინ, უბრალოდ, წერტილი დაესვა ამ ყველაფერს. მანამდე ცოტა ვორჭოფობდით ამ თემაზე, გუშინ კი საბოლოოდ გამოჩნდა. თუმცა ალბათ არ არსებობს შემთხვევა, როცა რომელიმე კონკურსის მონაწილე ჟიურითი ბოლომდე კმაყოფილი იყოს (იცინის).
ელენე:
- მეც ვეთანხმები დათოს. როცა ყოველდღიური შეხება გაქვს ადამიანთან, მერე მისი შეფასება ძნელია. რაც შეეხება ქართულ ჟიურის, არის რაღაც, რაშიც ვეთანხმები და არის შეფასება, რაშიც არ ვეთანხმები. უბრალოდ, ზოგჯერ ნომრის შემდეგ სიტყვიერი შეფასება და საბოლოოდ, ქულების დაწერა ერთმანეთს არ შეესაბამება ხოლმე და ეს გვიჩენს ეჭვს. გეუბნებიან კარგ კომენტარს და დაბალ ქულას გიწერენ ან პირიქით.
დათო:
- ძალიან ძნელია, როცა ჟიურის უცხოელმა წევრმა უნდა შეაფასოს, ქართველ ან რუს მომღერალს როგორ ასახიერებ. თუ უცხოელმა წევრმა არ იცის რუსი მომღერალი ან არ მოსწონს და ამიტომ წერს დაბალ ქულას, ეს გაუგებარია. უნდა შეაფასო რამდენად კარგად გავართვი თავი. ძნელია შეფასება, რადგან არ იცის მისი შემოქმედება. ალბათ, სამომავლოდ, ამას გაითვალისწინებენ, როცა ჟიურის შეარჩევენ.
- როგორია მონაწილეებს შორის დამოკიდებულება. თანაც, ერთმანეთს ქულებს ჩუქნით, რაც, ალბათ, საკმაოდ რთულია.
ელენე:

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ მაქვს მიზეზი, რატომ უნდა მქონდეს რომელიმე მონაწილესთან ცუდი დამოკიდებულება. დათოს ვუყურებ, როგორც უფროს კოლეგასა და მეგობარს. ვცდილობ, ჩემზე უფროსებისგან რაღაც ვისწავლო. ყოველთვის ვეკითხები აზრს ჩემს გამოსვლაზე. არ მგონია და არ მინდა დავიჯერო, რომ ვიღაც კარგს მეუბნება და ზურგს უკან ცუდად ფიქრობს. ცუდის ამოქექვა არ მინდა, ამიტომაც მაქვს ყველასთან კარგი ურთიერთობა. თუკი ჩემგან ვინმეს რჩევა სჭირდება, გულწრფელად ვეტყვი.
- დათოს პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?
- გუშინ, პრესნიაკოვის შესრულების შემდეგ მართლა შოკში ვიყავი. გენერალურ რეპეტიციაზე უკმაყოფილება შევატყვე, მივხვდი, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. მე აჩიკო მეფარიძის განსახიერებისას თავიდანვე ცუდად განვეწყვე და დათომაც არაკომფორტულად იგრძნო თავი, თუმცა ძალიან კარგად გაართვა თავი. სამი კონცერტიდან ყველაზე მეტად პრესნიაკოვი მომეწონა, ვოკალურადაც და სხვა კუთხითაც ერთი ერთში იყო ნამდვილად. ჩემი ოჯახის წევრებიც ასე ფიქრობენ.
დათო:
- რაც შეეხება კონკურენციას, წინასწარ ვიკითხე, ვინ იღებდა მონაწილეობას. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ პროექტში მონაწილეობ, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორი გარემო შეიქმნება იქ. როგორც კი მოვედი, მაშინვე ვთქვი, რომ არ მიღირდა პროექტი ნერვების მოშლად.
- კი, მაგრამ, ხომ შეიძლება იფიქრო, რომ ვიღაც მაღალ ქულას არ იმსახურებდა და მაინც დაუწერეს.
- ჩვენთან პირიქით ხდება, ჯერჯერობით იმაზე გამოვხატავთ უკმაყოფილებას, რომ რომელიმე მონაწილე მაღალ ქულას იმსახურებდა და არ დაუწერეს (იღიმის). ამას ჩვენი ხუთი ქულის გაცემისასაც გამოვხატავთ ხოლმე. ჯერ მაღალი ქულა დაუმსახურებლად არავისთვის დაუწერიათ. ჩემი აზრით, მონაწილეებს შორის ძალიან ნორმალური ურთიერთობაა, მეგობრული, და ასეც უნდა გაგრძელდეს. ელენეს განსახიერებული როლიდან კი გუშინდელი, აჩიკო მეფარიძე, ყველაზე ნაკლებად მომეწონა. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც პირველი გამოსვლა იყო, რობი უილიამსი, რადგან ვიზუალურადაც კარგი სანახავი იყო, გარდა ამისა, განსხვავებული სქესი განასახიერა და ძალიან კარგადაც. მეორეც, ემი უაინჰაუსიც კარგი გახლდათ.
- როგორ ფიქრობთ, დათო გომართელის განსახიერება მოუწევთ მონაწილეებს?
- (იცინის) არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია! ვინ გაართმევს ყველაზე კარგად თავს? მაინ-ტერესებს, როგორ გაართმევს თავს სალომე ქათამაძე (იღიმის).
- ვის აზრს ითვალისწინებთ გამოსვლების შემდეგ?
- ჩემი ოჯახი მთლიანად არის ჩართული და ორმაგად განიცდიან. მყავს შემფასებლები, მაგის მეტი რა არის, ნათესავები, მეგობრები. „ვაიბერში“ ჩემი ფანკლუბი გახსნეს, სადაც 40 კაცამდეა გაწევრიანებული და გამოთქვამენ მოსაზრებებს. სახალისოა ნამდვილად. ჩვენს მეგობრებს საქმე გაუჩნდათ (იცინის), ოთხშაბათობით სხედან და უყურებენ. ძალიან ბევრი ნაცნობი ესწრება კონცერტებს. მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ კონცერტზე დასწრება ბევრად მაგარია და სულ სხვა განწყობაა, სამწუხაროდ, ბევრი რამ ვერ ხვდება ტელეეკრანზე, რაც სცენაზე ხდება.
- ელენე, ოჯახის წევრებისგან რა შენიშვნებს ისმენთ?
- ჩემზე ბევრად მეტად განიცდიან და ბევრს მსჯელობენ. ჩასხდებიან ხოლმე და დაიწყებენ ლაპარაკს. მე უფრო ზედაპირულად ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, გუშინდელი კონცერტის განხილვა ჩემს ოჯახში ერთი კვირა იქნება. ზოგადად, ჩემი ოჯახის წევრების აზრს მაქსიმალურად ვითვალისწინებ, რადგან როცა არ დავუჯერე, ყოველ ჯერზე ვინანე. რაც მთავარია, მათგან დიდ თანადგომასა და მხარდაჭერას ვგრძნობ. ასევე მეგობრებისგანაც და მიხარია, რომ ასეთი თანადგომა მონაწილეებს ერთმანეთის მიმართაც გვაქვს. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ პროექტის მიმდინარეობისას ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ. გავიმარჯვებ თუ არ გავიმარჯვებ, ეს პროექტი ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, რაც სამომავლოდ გამომადგება.
- პირდაპირი ეთერისას კურიოზები თუ ყოფილა?
დათო:

- ჩვენ შემთხვევაში არა, მაგრამ ლაშა რამიშვილის სეზარია ევორას „პადაგრა“ მოსძვრა (იცინის), ანრის კი კბილი ჩამოუვარდა (იცინიან).
- საინტერესოა, თქვენი პოპულარობის ახალ ტალღას თუ გრძნობთ პროექტის გამო?
- ამას წინათ ნაცნობმა ნოტარიუსმა დამირეკა, რომელიც ზოგადად არ არის აქტიური მსმენელი და არ აქვს შეხება შოუბიზნესთან, თავისი მოსაზრება გამიზიარა გადაცემის შესახებ. ყველა თავის აზრს გამოხატავს და საინტერესოა, რადგან ეს პოპულარობის კიდევ ერთ ტალღას ნამდვილად გაძლევს.
ელენე:
- ქუჩაში ვეღარ გავდივარ, ამიტომ არ ვიცი, როგორ შემხვდებოდნენ მაყურებლები, მაგრამ პოპულარობის მატება შეიგრძნობა სოციალური ქსელებიდან. გამორიცხულია, რომ დღე ისე გავიდეს, ვინმემ რაიმე თბილი და სასიამოვნო არ მომწეროს და მეგობრებში დამატება არ მთხოვოს. ლოგიკურია, რომ ამგვარ პროექტს პოპულარობის ერთი ნაბიჯით წაწევაც მოჰყვებოდეს.
- პროექტის გარდა რას საქმიანობთ?
დათო:

- პოლიტიკამ წაგვიღო მთელი შოუბიზნესი და შეგვჭამა (იღიმის). სტუდიაში ვმუშაობ და დავამთავრე ახალი სიმღერა, რომელსაც მსმენელი საახალწლოდ მოისმენს. გარდა ამისა, არის კარგი კონცერტები, რომლებშიც ვმონაწილეობ. რაც შეეხება ცხოვრებისეულ რუტინას, ოჯახი, მეგობრები, ბიზნესსაქმიანობა... ტელევიზიაში 11 საათზე მოვდივარ და მთელი დღე აქ მიწევს ყოფნა, ამიტომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ ვიცლი, უნდა მოირგო გრიმი, პარიკი, კოსტიუმი. მთელი დღე ხარ დაკავებული საქმით, მერე გამოდიხარ სცენაზე, ნერვიულობ, რადგან ადამიანი ხარ და რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გინდოდა. ეს სტრესს უკავშირდება, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ და ეს პროფესია ავირჩიე, ამიტომ ამის გამო სხვა სფეროებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ესეც ჩემი არჩევანია.
ელენე:
- როგორც გითხარით, მეგობრებთან ერთად სტუდია მაქვს, სადაც სიმღერას, ცეკვასა და ინსტრუმენტებს ვასწავლით. იქ დროებით ჩემი შემცვლელია, ბავშვები დავაღალატე, მაგრამ არა უშავს. გარდა ამისა, ვსწავლობ მუსიკის კომპოზიციას, რომ ჩემი მუსიკა თავადვე ვაკეთო. ასევე მაქვს პროგრამა დიჯეისა და ბენდთან ერთად და თითქმის ყოველი უიქენდი დაკავებული გვაქვს.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS