23 ნოემბერი, 2013
სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ
ეს არის ცდა, სხვადასხვა გზით, მუსიკასთან, ნივთებთან, წიგნებთან ასოციაციაში შექმნა ადამიანის გარკვეული პორტრეტი ჩვენი რესპონდენტის საავტორო გადაცემა ''სტუმრად მარიკა დარჩიასთან'' ''პალიტრა ტივის'' ეთერში საღამოს 8-ის ნახევარზე გადის, რადიომსმენელს კი FM 103.9-ზე მისი მოსმენა დღის ორი საათიდან შეუძლია. ალბათ დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში იშვიათია ისეთი ტელეწამყვანი, რომელსაც ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მარიკა დარჩიას ენერგია და ენთუზიაზმი წლების მატებასთან ერთად იზრდება. მისი ინტერესის სფერო კი ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ თავის მძაფრ ინტერესიანობას უკავშირებს იმას, რომ ბევრი რამის
გემო გაიგო და ბევრი რამ ისწავლა, თუმცა სწავლას ახლაც აგრძელებს და ახალ საქმეს შეეჭიდა...

- ეს არის თოქშოუ?
- რატომღაც ავცდი ამ სიტყვას, მაგრამ კლასიკური ჟურნალისტიკის გაგებით, ეს ასეც არის. ძირითად შემთხვევაში, ერთი თემა მაქვს და მის შესახებ ორი ან მეტი ადამიანი მსტუმრობს, ზოგჯერ ერთი. მაგალითად, როდესაც უსინათლოთა საერთაშორისო დღეს ვსაუბრობდით, იქ ორი სტუმარი მოვიწვიეთ, ღიმილის საერთაშორისო დღეს კი გადავწყვიტე, რომ გადაცემაში არა მიმები და ჯამბაზები, არამედ სევდიანი ღიმილის მქონე ქალბატონის, ინოლა გურგულიას შვილები მომეწვია. უმეტეს შემთხვევაში, თუკი კონკრეტული თემა არ არის, ჩემი გადაცემა მცდელობაა, ადამიანების პორტრეტები შევქმნა. ამ კუთხით საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები მაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთ რამედ შეიკრას, მაგალითად, - ადამიანები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ. ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა შეიკრას ეს ყველაფერი, ვიდეოებად, მუსიკალურად... სხვათა შორის, ჩემს სტუმრებს ვთხოვ ხოლმე, მათი ცხოვრების თანამდევი მუსიკა მოიტანონ. მაგალითად, დათო ლორთქიფანიძე მოგვიყვა საინტერესო ისტორიას იმის შესახებ, რამაც მის ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილ ქალის ძვლებს, რომელსაც შემდგომ ლიუსი დაარქვეს, იმიტომ, რომ გათხრებისას ამ სახელწოდების სიმღერას უსმენდნენ... ყველას მოაქვს კომპოზიციები და ყველასთვის ეს განსხვავებული მუსიკაა, მათ ცხოვრებასთან ასოცირებული.
''სტუმრად მარიკა დარჩიასთან'' არის მშვიდი საუბარი ადამიანებთან, რომლებიც მიყვებიან თავიანთი ცხოვრების გზაზე, არჩევანზე. ეს არის ცდა, სხვადასხვა გზით, მუსიკასთან, ნივთებთან, წიგნებთან ასოციაციაში შექმნა ადამიანის გარკვეული პორტრეტი.
- თქვენთვის რომელი რესპონდენტი იყო ყველაზე საინტერესო?
- მართალი გითხრა, ყველა რესპონდენტმა გამაკვირვა. მათთან შეხვედრამდე წინასწარ ვემზადები, ვაგროვებ ინფორმაციას, ბევრი მეხმარება ამაში და დიდი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ხანდახან რესპონდენტი ისეთი გზით წაგიყვანს, რასაც არ ელოდები და აქამდე არ იცოდი. მაგალითად, დათო ყვირილიანს, უსინათლოს, დავუსვი შეკითხვა თავის ქორწინებაზე, მიპასუხა, ჩემს მეუღლეს მხოლოდ დილით და საღამოს ვხედავო. გამაჟრიალა... ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ის ამ სიტყვას ისევე იყენებს, როგორც ვთქვათ, მე. როდესაც ინოლა გურგულიას შვილმა დათო შუღლიაშვილმა მითხრა, სიმღერას ვამბობო, ამანაც გამაკვირვა, მაგრამ ის ამბობს, ჰყვება სიმღერას და ამიტომაც იყენებს ამ სიტყვას. როდესაც ექიმი გეუბნება, - ნუ გეშინია დიაბეტის, პელე, ელა ფიცჯერალდი, ჰემინგუეი, უამრავი ადამიანი დიაბეტით იყო დაავადებულიო, უცბად გეცვლება დამოკიდებულება და სხვა ხედვა გიჩნდება. მე საერთოდ ამიტომ დამაინტერესა ამ პროექტის იდეამ და დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ სამსახურით, პროექტებით, ლექციებით. ყველაზე საინტერესო ფენომენი ადამიანია და ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე. მათ თავს ვერ ავარიდებთ, რადგან მათაც აქვთ ისეთი მხარეები, რომლებიც მაყურებლისთვის აღმოჩენა იქნება. შესაძლოა, ძალიან კარგად ვიცოდეთ, რამდენ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მოგვისმენია მათი ყველაზე დიდი ფასეულობის შესახებ. გია ნიჟარაძეს სიმღერის სიტყვები რომ ჰქონია დაწერილი, ეს ბევრმა არ იცოდა. ცნობილი სიმღერაა, ''საკვამურები'' ჰქვია. ასევე ფანტასტიკური კულინარი ყოფილა და გადაცემაში მომიყვა, როგორ უნდა ჩავაბასტურმო ხორცი, ეს ძალიან მოულოდნელი იყო და მე სასიამოვნო მოულოდნელობებს ვაგროვებ. მე ცნობილი ადამიანებიც მაინტერესებს, ოღონდ სხვა კუთხით, და უცნობებიც, რომლებიც საინტერესონი არიან.
- ''ყვითელი'' ადამიანი არ ხართ, მაგრამ ტელევიზიაში კომერციას ვერ გავექცევით და სად გაქვთ თქვენ ეს ჩადებული?
- მუსიკა რომ ჩავდე, უკვე განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ''ყვითელი'' არ ვარ, ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას (იღიმის). როდესაც გადაცემა დავიწყეთ, წითელ სავარძელში ვიჯექი და ვთქვი, ეს სავარძელი მაწუხებს-მეთქი. ჩემი ფერია ყვითელი, ფერი მზისა და ცხელი ქვიშისა... დღეს ყვითელ სავარძელში ვზივარ (იღიმის). ვიცი, რომ ყვითელი ამბები კარგად იყიდება და აინტერესებთ, მაგრამ მგონია, რომ ადამიანი ყვითელზე მეტი ფერისგან შედგება და ამ ფერებს ვეძებ ჩემს გადაცემაში. თუკი ძალიან ყვითელს დავარქმევთ, მაგალითად, სექსის თემას, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ და არც ვიცი ამაზე ლაპარაკი. მაინტერესებს პირადი თემები, მაგრამ აქაც ძალიან ღრმად ვერ შევიჭრები. ეს ჩემი ძირითადი თემა არ არის. ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი რესპონდენტი ''გამოაღვიძეს'' . ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის ერთი ასეთი მაინც.
- თქვენთვის ვინ არის ასეთი ადამიანი?
- მადლიერი ვარ ასეთი ადამიანების. მყავდა რუსულის მასწავლებელი, ნინა, რომელმაც, პრაქტიკულად, ლიტერატურის გემო გამაგებინა. თავად შეშლილი იყო ლიტერატურის ნიადაგზე და მეც ასე ''ამცრა'' . ასეთი ადამიანი იყო ჩემთვის გურამ რჩეულიშვილის მამა, მიშა რჩეულიშვილი. მან არა მარტო კახეთი, არამედ საქართველო მაჩუქა. ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა, როცა მასთან ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, კახეთში მანამდეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ მან მაჩუქა ეს კუთხე გემოთი, სუნით, რომ გაიხედავ, დაინახავ და ვეღარ ამოისუნთქავ. შეგიწვავს ისეთ მწვადს, რომლის მსგავსი არ გიჭამია და გაგასინჯებს ჩურჩხელას, რომელსაც ისტორიას მოაყოლებს, როგორ მიჰქონდათ ის ომში ქართველებს... ასეთი ადამიანების ძალიან მადლიერი ვარ.
- თავად რომ ყოფილიყავით მარიკა დარჩიას სტუმარი, რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
- საკუთარ თავს ვკითხავდი, როგორ გავხდი დედა და ამას დიდი სიამოვნებით მოვყვებოდი. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ბავშვები? ჩემი ინტერესი ბავშვების მიმართ თითქმის ნული იყო. როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა, ნინო, პატარა ვიყავი, 18 წლის. ახლაც კი მაჟრიალებს, როცა ამას ვიხსენებ. საოცარი მოვლენაა და სხვათა შორის, მეცოდება ყველა კაცი, რადგან არ შეუძლიათ ამის შეგრძნება. ამიტომაც იღებენ მაზალო ფილმებს იმის შესახებ, როგორ გააჩინა კაცმა შვილი. ამ დროს იცლები და ფეხის თითიდან იწყებ ავსებას, თმაში ვიგრძენი რაღაც ტალღა. მივხვდი, რომ მარტო ნინო კი არ მიყვარს, არამედ ყველა ბავშვი ამქვეყნად. დღეს ბავშვებზე მეტად ცოტა რამ მიყვარს, პრაქტიკულად, არ არსებობს გარემო, სადაც უკეთ ვისვენებ, ვიდრე ბავშვებთან ერთად. 18 წლამდე საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს და დღემდე მაოგნებს. ასევე გავამახვილებდი ყურადღებას ჩემს ურთიერთობაზე ლიტერატურასთან. ჩემი მშობლები ძალიან ღელავდნენ, რადგან კითხვისას გამოვვარდებოდი ოთახში და ყველაფერს, რასაც ვგრძნობდი, გადმოვცემდი.
- არაფერს ჰკითხავდით საკუთარ თავს იმაზე, რომ ძალიან ენერგიული ხართ?
- ჩემი ენერგიულობა ჩემი ინტერესიდან გამომდინარეობს. არ ვიცი, რა არის სიტყვა ''ვერ'' . საკუთარ თავს ალბათ ვერ გადაახტები, მაგრამ მგონია, რომ გამიჭირდეს, გავმარგლავ და გავთოხნი კიდეც. ამაზე გვიან დავფიქრდი და მივხვდი მიზეზს. მყავდა ულამაზესი ბებია, პეწიანი, რომელიც ყველაფერს თავად აკეთებდა და მეც მასწავლიდა. მიკვირდა, რაში უნდა დამჭირდეს ქარგვა და მაქმანების ქსოვა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეიძლება ისწავლო და ყველაფერი დაგჭირდეს. ეს თვისება დღემდე მაქვს, მინდა, ყველაფერი ვისწავლო. ამ გადაცემის შემთხვევაშიც ასეა. შესაძლოა, ჭკვიანურიც ყოფილიყო, რომ არ დავთანხმებოდი ამ გადაცემის წაყვანას. ახლა მახსენდება, როგორ ვისწავლე გამოცდებამდე სამი თვით ადრე მათემატიკა. აღმოვაჩინე, რომ ეს საგანი საოცრება იყო. სულ მაქვს ინტერესი, როცა რაღაც არ იცი და შეიძლება იყოს სასწაული. მიუხედავად ამ თვისებისა, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და მართალი გითხრა, ძალიან დიდი შიშით ვუყურებ ამ ახალ გადაცემას. შემიძლია ვთქვა ყველაფერი, რაც არ მომწონს. მაგალითად, სტუმარს ზოგჯერ სხვაგან მივყავარ, არის მეტყველების კუთხით ისეთი დეტალი, რომელიც არ მომწონს...
- და გამოასწორებდით?
- ვერ გეტყვით, გამოვასწორებ თუ არა, რადგან ჩემი დაბადების მოწმობაში რომ ჩავიხედო, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამდენი დრო გამოსწორებისთვის (იცინის).
- მაყურებლის გამოხმაურება როგორია?
- ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს ''ფეისბუქზე'' . მეუბნებიან, რომ დიდი სიამოვნებით უსმენენ. გადაცემა ყოველდღიურია. ამის წინააღმდეგი ვიყავი. ვფიქრობდი, ხომ არ იქნებოდა მოსაბეზრებელი, მაგრამ რადგან ყოველდღე ახალ-ახალი რესპონდენტია და თემებიც განსხვავებულია, როგორც ჩანს, მაყურებელსა და მსმენელს მოსწონს. გადაცემა გადის რადიო ''პალიტრისა'' და ''პალიტრა ტივის'' ეთერში. მინდოდა, რომ ამ გადაცემას განსხვავებული ფორმატი ჰქონოდა, Mამიტომაც აუდიტორიაზე უარი ვთქვი, თუმცა ეს საჭირო ყოფილა, მხოლოდ ორი ადამიანის საუბარი ძალიან რთულია. ყველა გადაცემა ერთნაირი არ გამოვა, რესპონდენტზეც არის დამოკიდებული და ალბათ, ჩემზეც, მეც ხომ არ ვარ მანქანა... ვნახოთ...
- ვის აზრს ელოდებით ყველაზე მეტად თქვენს გადაცემასთან დაკავშირებით?
- ეს ჩემთვის სევდიანი თემაა. ყოველთვის ყველაზე მეტად ველოდებოდი დედაჩემისა და მამაჩემის აზრს. იყვნენ კრიტიკულებიც და თან, ფრთებსაც მასხამდნენ. სამი წელია, არ არიან, მაგრამ ყოველი გადაცემის შემდეგ თითქოს მაინც მათ ზარს ველოდები (ცრემლებს იკავებს...), აუცილებლად მეტყოდნენ, რომ ისე არ ვზივარ, როგორც საჭიროა, ან შეკითხვა ისე ვერ დავსვი, მაგრამ მერე დაამატებდნენ, ყოჩაღ, დედიკო, ყოჩაღ, მამიკო... ეს შეგრძნება ვერაფრით მოვიცილე...
- რომელ ადამიანს ისურვებდით რესპონდენტად?
- თოქშოუების წამყვანებს, მაია ასათიანს, ნანუკა ჟორჟოლიანს, ეკა ხოფერიას. ისინი მაინტერესებს არა როგორც წამყვანები, არამედ როგორები არიან თავიანთ შვილებთან, ზოგადად... ვინატრებდი გია დვალთან, დიდ მეცნიერსა და საინტერესო ადამიანთან საუბარს.
- პოლიტიკოსებს არა?
- რატომაც არა. მაგრამ იმდენად დაშტამპულები არიან, ვიფიქრებდი, როგორ დავავიწყებდი მათ ამ შტამპს. ზოგადად, საინტერესო იქნებოდა. არ ვიცი, შევძლებდი თუ არა მათ გახსნას, ცოტა მეტ დროში ალბათ კი, მაგრამ ერთ საათში ვერა. მეგონა, დიდი დრო იყო ერთი საათი, მაგრამ ძალიან მალე გადის. მინდა ვიპოვო ექიმები, ინჟინრები, ის ადამიანები, რომელთა გარეშეც ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ და საერთოდ არ ჩანან, ისინი კი, ვის გარეშე ცხოვრებაც თავისუფლად შეგვიძლია, ძალიან ხშირად ჩანან ეკრანებზე (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS