უყვარდა ცეკვა და ბალერინობაზე ოცნებობდა. ერთხელ სოხუმში იგორ მოისეევის ანსამბლი ჩავიდა. რეპეტიციაზე პატარა მოცეკვავე მოსწონებიათ და შეუთავაზებიათ მოსკოვში წაყვანა, მაგრამ მამამ უარი უთხრა, ერთი შვილი
ცეკვისადმი ინტერესი არ განელებია, სკოლა სოხუმში დაამთავრა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ქორეოგრაფიულის მაგივრად თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტს მიაშურა. კარგად სწავლობდა, ოთხი წლის განმავლობაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. იმავე შენობაში გაიცნო თავისი ცხოვრების თანამგზავრი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის გვერდით 56 წელი გაატარა...
ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გურანდა გაბუნია 19 წლის გახლდათ, ოთარი - მასზე 7 წლით უფროსი. შეუღლების შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეს, ბოლოს ბინა მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს დაიდეს. ფეხით გადადიოდნენ რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე და ასევე, ხელკავით ბრუნდებოდნენ შინ.
ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ, წყვილს იშვიათად თუ ნახავდით ცალ-ცალკე და თავადაც ძლივს იხსენებს ასეთ თითზე ჩამოსათვლელ გამონაკლისებს. ოთარ მეღვინეთუხუცესი წელს გაზაფხულზე გარდაიცვალა. ამის გამო გურანდა გაბუნიასთან შეხვედრა ადვილი არ იყო. საუბრისას ერთი არტისტის ცხოვრებიდან მეორეზე ხშირად ''დავხტოდით''. ვეცადეთ, ამ ემოციური შეხვედრიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები შეგვეკრიბა...
- ცეკვა ჩემთვის მთავარი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, გავიგე, რომ ბუხუტი დარახველიძეს ცეკვის ანსამბლი ჰქონდა და მასთან მივედი. მაშინვე მიმიღეს და ძალიან სერიოზული რეპეტიციები დაიწყო. მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი, ოთარს ვიცნობდი. დღევანდელი განათლების სამინისტროს შენობაში გვქონდა რეპეტიციები, რომელიც ხშირად დილის ოთხ საათამდეც გრძელდებოდა. ოთარი გარეთ იდგა და მელოდებოდა. ანსამბლი მოსკოვში ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადებოდა და მეც იმ ჯგუფში ვიყავი. სპორტულ ცეკვას ვცეკვავდით, რომელიც ბუხუტი დარახველიძემ დადგა, ოთხნი სოლოს და დანარჩენი დასი მოგვიანებით გვიერთდებოდა. შთამბეჭდავი გამოსვლა გვქონდა... სამწუხაროდ, ის ანსამბლი დაიშალა და იქიდან შემდეგში ძალიან ბევრი მოცეკვავე ''სუხიშვილებში'' გადავიდა. თეატრალურ ინსტიტუტში დატვირთული რეჟიმის გამო მეც აღარ შემეძლო ცეკვის რეპეტიციებზე სიარული. თეატრალურში კარგი სწავლა იყო, სპექტაკლები, რეპეტიციები, ხან მეტყველების პედაგოგთან სიარული გვიწევდა და ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე გვქონდა.
- თქვით, რომ ოთარი გვიანობამდე გარეთ გელოდათ, თქვენს ცეკვაზე არ ჰქონდა პრეტენზია?
- არა, ძალიან მოსწონდა ჩვენი ანსამბლი... ოთარი მაშინ უკვე ცნობილი მსახიობი იყო, მე - სტუდენტი. ის თეატრალურ ინსტიტუტში მოდიოდა ჩემს სპექტაკლებზე.
- თქვენი გაცნობის ისტორია ცნობილია...
- დიახ, სულ ამას ვყვები. მე და ოთარი ერთმანეთს ნუგზარ გაჩავამ გაგვაცნო და ამისათვის მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
- თქვენი მეჯვარეები ვინ იყვნენ?
- ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე. ხელი რომ მოვაწერეთ, იმ დღეს წვიმდა და შენობაში, ლესელიძის ქუჩაზე, წყალი ჩამოდიოდა. ჩემთვის ვფიქრობდი, წვიმს, ეს ცუდის ნიშანია-მეთქი.
- მაშინ სად ცხოვრობდით?
- მე საიათნოვაზე, ირაკლი - ლერმონტოვზე, ოთარი კი ვაკეში კავშირის ქუჩაზე ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა. თავიდან 15 წლის განმავლობაში მე და ოთარი იქ ვცხოვრობდით და მახსოვს, წვიმის დროს მთელ კედელზე წყალი რომ ჩამოუყვებოდა ხოლმე. შემდეგ დიღმის მასივში გადავედით. მარჯანიშვილის მოედანზე ბინა კი გიგა ლორთქიფანიძემ გაგვიკეთა. ის რომ არა, ესეც არ გვექნებოდა.
- ბევრი აკვირდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა, რა თქვა მამაკაცმა გაცნობისას პირველად, რა ეცვა და ა.შ. თქვენ გახსოვთ?
- რა უნდა სცმოდა? ოთარი გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი იყო. ეს ის პერიოდია, როცა ყველანი იმავე სიტუაციაში ვიყავით. ოთარი, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მალხაზ მებურიშვილი სულ ერთად იყვნენ. ირაკლი რომ არა, მათ ტანსაცმელი არ ექნებოდათ. ის უკერავდა პერანგებს, შარვლებს, თავისთვის ფეხსაცმელებსაც კი. ხელის მოწერისთვის ოთარს ირაკლიმ შეუკერა შარვალი. ის უნიკალური პიროვნება იყო, არაჩვეულებრივად მღეროდა. ბევრ მხატვრულ და მულტიპლიკაციურ ფილმში ისმის მისი ხმა. მათ შორისაა: ''დღე პირველი, დღე უკანასკნელი'' , სადაც ის ფოსტალიონის სიმღერას ასრულებს. მიკვირს, წლები ისე გადის, არავის მოსდის აზრად, ტელევიზიით ის კადრები გაუშვან, სადაც ირაკლი პატარა გოგონასთან ერთად საახალწლო სიმღერას მღეროდა. შეიძლება, დაკარგულია ეს ჩანაწერი. ბევრი რამ აღარ არსებობს, ისევე, როგორც კინოსტუდიაში ხანძრისას განადგურდა ბევრი ფილმი.
- ბატონ ოთარს უამრავი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული...
- დიახ. ოთარმა დიმიტრი ასტრახანის ფილმში ''განვედ ჩემგან'' 1991 წელს ტოკიოს VI საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა, ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იმავე წელს გადასცეს ეს პრემია ალან პარკერსაც ნომინაციაში საუკეთესო რეჟისურისთვის. აქვეა რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია ''თოლია'', ''კუმირი'' . ასევე - სტანისლავსკის პრემია, რომელიც ოთარს ჯორჯო სტრელერთან ერთად ''თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის'' გადაეცა.
ახლახან თბილისში რეჟისორი დიმიტრი ასტრახანი იმყოფებოდა. რუსული ფილმების ფესტივალზე ჩამოვიდა და მისი ინიციატივით კინო ''რუსთაველის'' მცირე დარბაზში უჩვენეს ფილმი ''განვედ ჩემგან'' . უნდა მოგესმინათ, რას ამბობდა რეჟისორი თავის მსახიობზე: ოთარი პირველად რომ დავინახე, ჰოლივუდის მსახიობი მეგონა, მაღალი, ლამაზი, ვიფიქრე, მოტლი ამან როგორ უნდა ითამაშოს-მეთქი. ოთარმა გაიღიმა და მითხრა, ვითამაშებ, არ ინერვიულო, ვითამაშებო. რეჟისორის მხრიდან მსახიობის ასეთი სიყვარული იშვიათია. ასტრახანს ოთარი ძალიან უყვარდა. ''ველიკი'' , ''ველიკი'' , - სულ ასე ამბობდა.
- საინტერესოა, თავად როგორ ხვდებოდა ამგვარ კომპლიმენტებს, რომელსაც არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ გარეგნობასთან დაკავშირებითაც იღებდა...
- თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა. იმავე ფილმში თამარ სხირტლაძეც თამაშობდა და ის ჰყვებოდა, როგორ დააგვიანეს თვითმფრინავზე, რადგან ოთარი, რომელსაც ''განვედში'' მთავარი როლი ჰქონდა, რიგში იდგა. თამარი აჩქარებდა, ეუბნებოდა, რიგში ნუ დგახარო. მან კი არ მოუსმინა და ამასობაში გაფრინდა თვითმფრინავი. მაშინ იოლად იშოვეს ბილეთები და დათქმულ დროს ადგილზე იყვნენ, მაგრამ საერთოდ, ოთარი ძალიან მორიდებული კაცი იყო. ცხოვრებაში არავისთვის არაფერი უთხოვია. უამრავი პრემიის მფლობელი გახლდათ. სტანისლავსკის პრემია სხვა არც ერთ ქართველ მსახიობს არ აქვს. ბოლოსაც მეუბნებოდა, არასოდეს არავის არაფერი სთხოვოო. ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს სცემდა და ამბობდა, ერთადერთი კაცია, ვინც პატივს სცემს ყველას, ვინც ამის ღირსიაო. როცა ვნახეთ წიგნი, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული შენობები და ღვაწლია ასახული, გაოგნებულები დავრჩით. დამამახსოვრდა, როცა ბატონმა ბიძინამ თქვა, ოთარი ჩემი უფროსი მეგობარი იყოო. სამწუხაროა, რომ ოთარმა ეს ვეღარ მოისმინა.
- გარეგნულად ვის ჰგავდა?
- ალბათ, უფრო დედას, რომელიც ძალიან ლამაზი ქალი იყო. მე ორივეს მოვესწარი, მაგრამ ჩვენი შეუღლებიდან მალევე წავიდნენ იმ ქვეყნად. თვალის ფერი ინდივიდუალური ჰქონდა, თუმცა ოთარის მამა ღია ფერის თვალებით მახსოვს. ასაკში შესულს მხედველობა დაუქვეითდა. ამას ოთარი ძალიან განიცდიდა და ცუდად რომ გახდა, მაშინ იფიქრა, თავადაც იგივე არ მოსვლოდა. ექიმმა რომ შეამოწმა და უთხრა, მას ამგვარი საფრთხე არ ემუქრებოდა, ძალიან გაუხარდა.
- ხასიათით ვის ჰგავდა?
- ამასაც ვერ გეტყვით. ოთარს საშინლად მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაგრამ დრო რომ გავიდა, ბევრი რამ დამავიწყდა. 20 წლის განმავლობაში საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი და აღარ მახსოვდა, ოთარი როგორ იქცეოდა უწინ. წამებში რაღაცაზე რომ აღშფოთდებოდა, იმავე წამს გაუვლიდა ხოლმე. მეორე დღეს აღარაფერი ახსოვდა. დრო რომ გავიდა, სულ ვფიქრობდი, როგორ შეეცვალა ხასიათი. სახლში რომ იყო, ვერც იგრძნობდი მის ყოფნას. ოთახში იჯდა თავისთვის და კითხულობდა, როლი თუ ჰქონდა, სწავლობდა, ემზადებოდა. ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავის საქმეს. ფიროსმანს რომ თამაშობდა, მუზეუმიდან არ გამოსულა. სულ იქ დადიოდა და მხატვრის ნახატებს ათვალიერებდა.
- თეატრისა და კინოს გარდა, რა იყო მისთვის ნომერი პირველი გატაცება?
- ფეხბურთი. კინო უყვარდა, მაგრამ თეატრი უფრო მეტად.
- როცა ახსენებენ ბატონ ოთარს, იქვეა მისი დათა ''დათა თუთაშხიადან'' და შემდეგ უკვე სხვა როლები. მე პირადად ''დიდოსტატის მარჯვენაში'' მეფე გიორგის როლი მიყვარს...
- მეც, ძალიან...
- თავად არ ღიზიანდებოდა, რომ პირველ რიგში ''დათა თუთაშხიასთან'' ასოცირდებოდა და შემდეგ უკვე სხვა კინოროლებსა და სპექტაკლებთან?
- არა, ეს არ აღიზიანებდა. კინო ყველას აქვს ნანახი, თეატრში კი ხალხი მასობრივად არ დადის, ისე არ უყვართ. არადა, თეატრი ნაღდი ხელოვნებაა.
- თქვენ და ბატონი ოთარი განსაკუთრებულად თუ ემზადებოდით პრემიერების წინ?
- მე ყოველთვის ვნერვიულობდი - სახლშიც, რეპეტიციაზეც. ოთარი უფრო მობილიზებული გახლდათ. თუ მზად არ იყო, არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებდა. კიდევ ითხოვდა დამატებით რეპეტიციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნებოდა სპექტაკლი.
- ერთი პროფესია გქონდათ, თეატრში ტოვებდით პრობლემებს, როლთან დაკავშირებულ ფიქრებს, მოკლედ რომ ვთქვა - საქმეს, თუ ამ თემებს შინაც განიხილავდით?
- რა თქმა უნდა, როლებზე ყოველთვის ვლაპარაკობდით. ბევრი პერსონაჟის თამაში არ გამჭირვებია, იშვიათად, რომ რომელიმესთან დაკავშირებით სირთულეები მქონოდა.
- შენიშვნების მოცემა იცოდა?
- დიახ, იცოდა. სულ ვთხოვდი, თეატრში ჩემთვის შენიშვნები არ მოეცა, შეეძლო, ეს სახლში გაეკეთებინა, მაგრამ არა! იჯდა პარტერში და დამიწყებდა ხოლმე ყვირილს. თან ეს იმ დროს, როცა რეჟისორი არაფერს მეუბნებოდა, ის არ ჩერდებოდა. ერთხელ, ქეთი დოლიძემ გააგდო რეპეტიციიდან, გაბრძანდით, ბატონო ოთარ, მუშაობაში ხელს გვიშლითო.
- თქვენ როგორ ეუბნებოდით შენიშვნებს?
- არა, არა, მე მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს. მას ჩემი შენიშვნები არ სჭირდებოდა. ბოლო დროს ძალიან სწყდებოდა გული იმაზე, რომ სპექტაკლი ''მემუარები'' , სადაც ერთად ვიყავით დაკავებული, მხოლოდ ხუთჯერ ვითამაშეთ. აღარ შეეძლო და ამას განიცდიდა. მანამდე მე და ოთარს შვიდი წელი არაფერი გვითამაშია. ხშირად გვთავაზობდნენ ახალ როლებს, მაგრამ ხან მე არ მომწონდა, ხან - მას და ხან - რეჟისორს. ოთარს ჰქონდა თავისი ''ანტიგონე'' , რომელიც იყო მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში და მას ესეც ჰყოფნიდა. ამ სპექტაკლს ოთარი არა მხოლოდ აქ, არამედ ''მხატშიც'' (მოსკოვის სამხატვრო თეატრში) თემურ ჩხეიძესთან ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდა. სპექტაკლ ''ანტიგონეში'' ოთარმა ორი პრემია მიიღო - ''კუმირი'' და ''თოლია'' .
- იმ დროს, როცა თქვენ რჩებოდით თბილისში და ის საზღვარგარეთ მიდიოდა გადაღებებზე, ან პირიქით, ეს განშორება როგორი იყო?..
- მე საზღვარგარეთ მის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ, არც ის. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსად დავდიოდით. ერთადერთი ''განვედში'' რომ ითამაშა, მაშინ იყო გარკვეულ ხანს მარტო. თამარ სხირტლაძე ჰყავდა გვერდით, უვლიდა და ეხმარებოდა. ბოლო წლებში ხომ საერთოდ, ერთმანეთის გარეშე არსად წავსულვართ. ბიჭვინთაშიც რომ ვისვენებდით, ჩვენ ყველანი ერთად დავდიოდით. მიგვყავდა ჩვენი გოგონა მარიამი, ზოგჯერ - მეგობრები, თამუნა ჩიქოვანი და მისი ძმა გია.
- შეუღლებიდან რამდენ ხანში გაჩნდა თქვენი ქალიშვილი?
- ბავშვს რამდენიმე წელი არ ვაჩენდი, რადგან ჩვენთვის ხელოვნება იყო მთავარი. დედა 30 წლის ასაკში გავხდი.
- მარიამი არასოდეს გამოჩენილა პრესითა თუ ტელევიზიით. ბევრმა არაფერი იცის მის შესახებ და არც ის, რა პროფესიის არის...
- დიახ, არ უყვარს. არც ის, როცა ინტერვიუში ვახსენებდით. ეს აკრძალული მქონდა. ერთხელ ოთარმა თქვა, ნეტავ, მსახიობი გახდეს ჩვენი გოგონაო, მაგრამ ეს თავად არ უნდოდა. მარიამი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას. ერთხელ, კონკურსი იყო, რომელშიც 250 ბავშვი მონაწილეობდა, მათგან სამი ამერიკაში სასწავლებლად უნდა გაეგზავნათ. მათ შორის მარიამი პირველი აღმოჩნდა. მახსოვს, როცა გაიმარჯვა, გურამ ფირცხალავამ მაგიდაზე იცეკვა.
- თქვენ მიმართ მეუღლე მკაცრი იყო და მარიამთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?
- არა, მარიამზე გიჟდებოდა. არასოდეს დამავიწყდება ოთარის რეაქცია, როცა ბავშვი სამშობიაროდან სახლში მოვიყვანეთ. როცა გავშალე და მან პატარა ფეხუნები დაინახა, თქვა, ეს შეუძლებელია, ჩემი თითები აქვს, როგორ გადაუვიდა ჩემგანო. მერე ხელებზე დახედა, აქაც რომ დაინახა მსგავსება, ამაზე ხომ სულ მთლად გადაირია - სიხარულისგან კინაღამ შეიშალა. მარიამი პატარა რომ იყო, ოთარს მთათუშეთში ფილმში იღებდნენ. შვილი ისე მოენატრა, რომ მთიდან ფეხით წამოვიდა. ბათინკები ეცვა, ''პაკრიშკებს'' რომ ეძახდნენ. სახლში რომ მოვიდა, ფეხები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მახსოვს ისიც, როცა ოთარს სოჭში ''დიდოსტატის მარჯვენაში'' იღებდნენ, იქ ოცი დღე დარჩა. ოთარი ძალიან კარგად აძინებდა ბავშვს და მთელი ის ოცი დღე, როცა ჩვენ თბილისში დავრჩით, მარიამი სულ ტიროდა. ხან ლია მიქაძე მოვიდოდა, ხან ჩემი მეზობლები: ნაზიკო და მარიკა შემოდიოდნენ, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას, მაგრამ მარიამი მაინც გაუჩერებლად ტიროდა. ოთარი ჩამოვიდა თუ არა და ბავშვი ხელში აიყვანა, მაშინვე გაჩერდა და მშვიდად დაიძინა.
- ფიზიკური მსგავსებაც დიდია მამა-შვილს შორის...
- დიახ, მარიამი მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია. გვერდი-გვერდ რომ იდგნენ, ხომ საერთოდ!
- ალბათ, ბატონ ოთარს ეს სიამოვნებდა...
- დიახ, მას ძალიან უყვარდა შვილი, შემდეგ - შვილიშვილები. პირველი, ლუკა, სულ ჩვენთან იყო და ძალიან მეგობრობდნენ. დღეს ლუკა 14 წლისაა, მეორე შვილიშვილი, მარიამი, ორი წლისაა. ლუკას და ოთარს აწყობილი ურთიერთობა ჰქონდათ და ეს მთელი ცხოვრება გაჰყვა. მარიამმა კი ეს ვერ შეძლო. ის ორი წლის იყო, ოთარი სკამზე დოლს უკრავდა და ბავშვი იმ ხმაზე ცეკვავდა. მათთან ყოველ ღამით მივდიოდით და ოთარი პატარას ხელში რომ აიყვანდა, ის მაშინვე იძინებდა. ოთარი დიდი იყო და მის ხელში მარიამი თითქმის არ ჩანდა. ამის გამო ჩემი შვილი ოთარს ''გემს'' ეძახდა, რადგან მარიამი მასთან შედარებით პატარა ნავივით იყო. ოთარი უკვე აღარ იყო ამქვეყნად, როცა ჩემი მეუღლის საათი მე გავიკეთე ხელზე. ერთხელაც პატარა მარიამი მოვიდა, მაჯაზე დამხედა და მითხრა: პაპასია. კი, პაპასია-მეთქი, დავეთანხმე, მაგრამ მეორედ იგივე უკვე სხვა ინტონაციით მითხრა. თითქოს გააპროტესტა ეს ფაქტი... ერთხელ ''პროვინციული ამბავი'' გადიოდა ტელევიზიით. ოთარი სანამ სცენაზე გამოჩნდებოდა, ჯერ კულისებიდან ისმოდა მისი ხმა, რაღაცას ღიღინებდა და მერე გამოდიოდა. მარიამმა ის ხმით იცნო, პაპა მღერისო... არ ვიცი, შემდეგში გაახსენდება თუ არა ბაბუა. ძალიან პატარაა, ორი წლისა და ოთხი თვის. უბრალოდ, მე მინდა ახსოვდეს, თორემ ალბათ ეს შეუძლებელია...
- ქალბატონო გურანდა, აღნიშნავდით შეუღლების დღეს, ვერცხლის ქორწილს ან მსგავს თარიღებს?
- არა, მე ასეთ რაღაცებს ვერ ვიტანდი. ოთარის 60 წლისთავი აღვნიშნეთ, 70 წლის იუბილე მარჯანიშვილის თეატრმა გადაუხადა. თან, ეს ისე მოხდა, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით. მივედით თეატრში, ავედით დარბაზში და რას ვხედავთ?! უამრავი მსახიობია შეკრებილი და სუფრებია გაშლილი. ოთარი 80 წლის რომ გახდა, თეატრალურ საზოგადოებაში აღნიშნეს მისი იუბილე. ამ წლოვანების კაცმა სპექტაკლებიდან 12 ნაწყვეტი ითამაშა.
- თავად ეჭვიანობდა, მაგრამ თქვენ? ყველა თვალს აყოლებდა, ქალებს მოსწონდათ...
- კი, ასე იყო, მოსწონდათ, მაგრამ ამის გამო არასოდეს მიეჭვიანია. სულ ერთად ვიყავით, როდის და რაზე უნდა მეეჭვიანა?! ჩვენთვის მთავარი იყო ჩვენი საქმე. მახსოვს, ქობულეთში კინოვარსკვლავი ჩულსინა რომ ჩამოვიდა, ოთარი როგორ მოეწონა. მკითხა კიდეც, როგორ, ნუთუ მას საერთოდ არ მოვწონვარო?!. როგორ არ მოსწონხარ, ძალიან მოსწონხარ, მაგრამ რა ქნას, ხომ არ მომკლავს და მერე შენზე ხომ არ იქორწინებს, უბრალოდ, ასე არ გამოვა-მეთქი - ვუთხარი.
- ბოლოს ერთ საავადმყოფოში აღმოჩნდნენ ბატონი ოთარი და გიგა ლორთქიფანიძე...
- დიახ. როგორც ჩანს, რაღაც არსებობს ამქვეყნად... საშინელება მოხდა, ოთარი გარდაიცვალა და ორ დღეში გიგაც გაჰყვა. კაცი, რომელთანაც მას უახლოესი ურთიერთობა აკავშირებდა. წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთად, ჯერ მარჯანიშვილის თეატრში, შემდეგ - რუსთავშიც, სადაც გიგამ ''სირანო დე ბერჟერაკით'' დაიწყო, დადგა ''ასი წლის შემდეგ'' , ''მარტოობის დღესასწაული'' , რომელშიც ოთარმა ფიროსმანი განასახიერა და სხვა სპექტაკლები... გიგა საოცარი ადამიანი იყო, ვთქვათ, რომელიმე მსახიობთან კონფლიქტი ჰქონდა და არ ელაპარაკებოდა, პიესის შერჩევის შემდეგ თუ დაინახავდა, რომ ესა თუ ის როლი იმ ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, ვისთანაც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაინც მისცემდა. ამას ყველა რეჟისორი არ აკეთებს. გიგა არაჩვეულებრივი პიროვნება და კეთილი ადამიანი იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა გიგას და მთელ მის ოჯახს, რომ გიგამ დათა თუთაშხიას როლზე სხვა არავინ გასინჯა. ასე თქვა, ოთარის გარეშე ამ ფილმს არ დავდგამო და ასეც მოიქცა... ახლა სახლში რომ ვზივარ, სულ მგონია, რომ ოთარი გვერდით ოთახშია. თითქოს სულ ჩამესმის: ''მოდი, ფასკო, მოდი, მაჭამე'' .
- ასე გეძახდათ?
- მე მას ''ფასკო'' დავარქვი და ისიც ასე მეძახდა... ალბათ, ეს ხმა სულ მომეჩვენება. სულ ველოდები, მაგრამ იქიდან არავინ ბრუნდება. მე კი მაინც ვზივარ და ველოდები... იცით, ყველაზე მეტად გული რაზე მწყდება?! ლუდმილა გურჩენკომ სიკვდილის წინ თქვა, უნდა მოასწრო და ქმარს უთხრა, რომ ის დედამიწაზე ყველაზე მეტად გიყვარსო... მე კი... ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ოთარისთვის (ტირის - ავტ)...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''