- წიგნი იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, რომელიც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცნობიერებას. სხვა ყველაფერი, ინტერნეტის ჩათვლით, სამოქმედო ასპარეზია, უბრალოდ, განსხვავებული ტექნოლოგიების გამოყენებით. კინემატოგრაფიაც ხომ წიგნის ვიზუალური ვერსიაა. ფირზე გადატანილი რომანის, პიესის, პოეზიის ეკრანიზაცია, თუმცა ვერც კინომ და ვერც თეატრმა ვერ ჩაანაცვლა წიგნი.
იმავეს ვიტყვი ინტერნეტზე, რადგან შეუძლებელია საკუთარი თავის საკუთარი თავით ჩანაცვლება. რაც შეეხება ფორმას, ბეჭდვით საშუალებებს სხვა დატვირთვაც აქვს, თავისი მყარი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მარადიულ არსებობასა და მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ, გლობალური მასშტაბის ავარიის შემთხვევაში მწყობრიდან რომ გამოვიდეს მთელი ელექტრონული სისტემა, გაქრეს და დაზიანდეს უამრავი ინფორმაცია, წიგნი მაინც დარჩება, რადგან ის უკვდავია და ათასწლეულებს უძლებს.
რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთი ორიგინალური პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა მკითხველის შეხვედრას ცოცხალ წიგნებთან. სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში სტუდენტები ხვდებოდნენ სხვადახვა წიგნის ავტორებს და სანამ ქვეყანას დავტოვებდი, მეც ვმონაწილეობდი პირველ ღონისძიებაში.
მე ვიტყოდი, რომ არსებობენ უბრალოდ წიგნის ავტორები, მათ შორის სიტყვის გენიალური ოსტატებიც არიან, მაგრამ, ყველა ვერ იქცევა ცოცხალ წიგნად. ეს საკმაოდ სპეციფიკური სტატუსია ხელოვნების სამყაროში, ცოცხალი წიგნებისათვის ნებისმიერი მასშტაბის რყევები, რევოლუციები მხოლოდ დროებითი საკვების, საწვავის როლს ასრულებენ, რომელსაც ისინი ახალი პოეტური იდეების განსახორციელებლად იყენებენ.
დღესაც მწერლები ჰამსუნი და დ"ანუნციო წარმოადგენენ ტაბუირებული ცოცხალი წიგნების ნიმუშებს. ოფიციალური კულტურა ეცდება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ დაუშვას საკუთარი არსებობისთვის საშიში პრეცედენტის აღმოცენება. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელმაც აქცია ასეთი გავლენიანი ავტორები მარად ცოცხალ წიგნებად. ეს გახლავთ ოფიციოზის მიერ მათი დისკრედიტაციის მცდელობა.
შედეგად ამ ავტორების მიმართ ინტერესი ასმაგად გაიზარდა თავისუფალ ინტელექტუალურ წრეებში, მოგვიანებით კი ფართო საზოგადოებაშიც გაჩნდა მათი ხელახალი აღმოჩენის სურვილი. ამან კი მათ ახალი სიცოცხლე შესძინა. შეიძლება ითქვას, ოფიციალური კულტურებისათვის მოულოდნელად, კარგად ითამაშა აკრძალული ხილის, ამ შემთხვევაში კი წიგნის ეფექტმა.
- რას კითხულობთ ამჟამად?
- სალმან რუშდის რომანს ''ჯოზეფ ანტონი'' . ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებია. მწერალს აიათოლა ჰომეინიმ გამოუტანა სიკვდილის განაჩენი, რომან ''შაითანის აიათების'' დაწერის გამო. ჰომეინის გადაწყვეტილებით, მან
შეურაცხყო ყურანი და მუჰამედი და ამის გამო სალმან რუშდის ისლამისა და ალაჰის სახელით სიკვდილი მიესაჯა. ამის შემდეგ იწყება მწერლის უჩვეულო და სახიფათო ცხოვრება მალვასა და დევნილობაში.
საკმაოდ შთამბეჭდავი წიგნია და ყველას ვურჩევ მის წაკითხვას. განსაკუთრებით ახალგაზრდა მწერლებს. მათ უნდა იცოდნენ, როგორია ცხოვრება არაგამოგონილ სამყაროში. რომ მწერალი, პოეტი, არტისტი დღეს თავისი ცხოვრებისეული სიმართლითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი.
ის დრო წარსულს ჩაჰბარდა, როდესაც წერა-კითხვის მცოდნე ნიჭიერ ნაძირალებს ნამდვილი პოეტების გვერდით აყენებდნენ, ამიტომ დღეს ახალგაზრდა მწერლის იდეალი უნდა იყოს გაბრიელე დ"ანუნციო, სალმან რუშდი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და კიდევ ყველა ის ადამიანი, რომელთაც სამაგალითოდ იცხოვრეს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე და დღეს, როგორც ცოცხალი წიგნები, აგრძელებენ თავიანთ უჩვეულო ცხოვრებას.
ჩემი თბილისის ბინაში, საწერი მაგიდის რომელიღაც უჯრაში ახლაც ინახება საფესტივალო მოწვევა, რომელსაც სალმან რუშდი, დერეკ ველკოტი და უმბერტო ეკო აწერდნენ ხელს. თუმცა ეს სახელები არაფრის მთქმელი აღმოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლებისათვის, რის გამოც ფესტივალზე ვერ მოვხვდი. ამერიკის საელჩომ მერაბიშვილის მითითებით მაშინ შავ სიაში შემიტანა.
- ბატონო ზურა, ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
- უახლოეს მომავალში არ გამოვა ჩემი ჩამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომენატრა საქართველო და ჩემი საყვარელი ადამიანები. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. უმთავრესი კი ისაა, რომ ადამიანები, რომლებმაც ბევრი პრობლემა შეუქმნეს ჩემს თანამოქალაქეებს და მეც მათ შორის, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. ზოგიერთი მათგანი თანამდებობრივი სავარძლიდან არც გადაადგილებულა, თუნდაც საკუთარი სახლის სავარძელში.
არაერთი ნაძირალა, რომელიც ხშირად ორ ფრონტზე იბრძოდა, დღეს დაფასებულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და არ ვკარგავ იმედს, რომ ყველა ბოროტმოქმედი და არამზადა მიიღებს საკადრის პასუხს თუნდაც მომავალი წლის განმავლობაში. ეს ახალ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელიც, ალბათ, საბოლოოდ გამოვა კოაბიტაციის რეჟიმიდან. მე მოუთმენლად ველი ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებსა და მეგობრებთან შეხვედრის წუთებს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















