20 ნოემბერი, 2013
როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე ''ნიჭიერის'' საშიში ნომრის ავტორს
მეშინოდა, რომ ავტომობილის გაუმართაობის გამო შოუ არ ჩაშლილიყო. წინა დღეს ხელოსანს მაინც შევამოწმებინე, მაგრამ მანქანაა და როდის გიმტყუნებს, მაინც არ იცი ამჯერად პროექტ ''ნიჭიერის'' კიდევ ერთ მონაწილეს გაგაცნობთ. გიორგი სარიშვილი ერთ-ერთია იმ უცნაურ ადამიანთაგან, რომელმაც საზოგადოების გაოცება შეძლო. გიორგიმ წითელკაბიან გოგონას ავტომობილის საშუალებით გახადა. ეს ორიგინალური ნომერი ავტოდრომზე გაიმართა და ჟიური სანახაობას ბინოკლის საშუალებით ადევნებდა თვალს. გიორგი დრიფტიორია. დრიფტი ავტოსპორტის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ და ავტომობილის მართვად მოცურებას და მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლას მოიცავს. სპორტის ეს
სახეობა ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარულია და გიორგისთვისაც შოუში მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალხისთვის მისი გაცნობა გახლდათ. ორჯერ მოყვა ავარიაში, თუმცა ავტოსპორტი მაინც მისი გატაცებაა და მეგობრებთან ერთად პირველი დრიფტ-გუნდი SLIDE EMPIRE ჩამოაყალიბა.

- 23 წლის ვარ, თბილისში დავიბადე, მაგრამ იმის გამო, რომ მამა აზერბაიჯანსა და თურქეთში მუშაობდა, იქ მომიწია ცხოვრებამ. უნივერსიტეტი თბილისში დავამთავრე. ახლა ერთ-ერთ კომპანიაში პიარმენეჯერად ვმუშაობ. ავტომობილის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, მაგრამ დრიფტის შესახებ მოგვიანებით გავიგე. ახლა მესამე სერიის ''ბეემვე'' მყავს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიყენებ. ზედმეტად ვუვლი და ძალიან ვუფრთხილდები. სადგომიდან კვირაში ერთხელ გამომყავს და სავარჯიშოდ მივდივარ. ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ სამსახურსა თუ სხვაგან ძირითადად ფეხით ან სამარშრუტო ტაქსით გადავადგილდები. ყველაფერი სპორტის ამ სახეობას შევწირე და წარმატებასაც მივაღწიე.
- მშობლებს რა რეაქცია აქვთ შენს გატაცებაზე?
- აქამდე ორჯერ მოვყევი ავარიაში, ერთხელ - მამას და მეორედ დედას ავტომობილით. ორივე მანქანა გადასაგდები გახდა. პირველად უვნებელი გადავრჩი, მაგრამ მეორედ 12 ნაკერი მქონდა სახეზე. ყველაფრის მიუხედავად მშობლები მაინც მხარში მიდგანან, დარწმუნებული არიან, რომ ქალაქში იმავეს არ გავიმეორებ. საკუთარ თავზე გამოვცადე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქალაქში სწრაფად სიარულს.
როდესაც დრიფტით სერიოზულად დავინტერესდი, ინტერნეტში ვიდეოებს ვუყურებდი და ისე ვვარჯიშობდი. იმდენად კარგად დავეუფლე ამ სპორტს, რომ ჩემპიონატებშიც ვმონაწილეობდი. 2013 წელს პირველად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში. სულ ოთხი ეტაპია გასავლელი. სამიდან ორი ეტაპი მოვიგე, პირველ ადგილზე ვარ და მალე ფინალი გვექნება.
- გოგონები თუ არიან ამ სპორტით გატაცებული?
- ძვირად ღირებული სპორტია და საქართველოში ვისაც დრიფტი უყვარს, არცთუ ისე მდიდრები არიან. ნაწილის გამოცვლა მეც ძალიან მიჭირს, რადგან სპორტული ნაწილები ძვირი ღირს. ერთადერთი გოგონა სოფი ხოჯავაა, რომელმაც დამოუკიდებლად ააწყო ავტომობილი და ვარჯიშობს, რომ შემდეგ წელს ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. მანამდე სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობდა, ძალიან კარგი შედეგები აქვს ნაჩვენები.
- ''ნიჭიერში'' როგორ მოხვდი?
- არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა, ისეთი ნომერი მიმეტანა, რომელსაც ფილარმონიის სცენის გარეთ გავიტანდი. მსგავსი ნომერი ყოფილა, მაგრამ კაბის გახდა აქამდე არსად მინახავს, იყო შოუები, სადაც გოგონას ლენტს ახვევდნენ და ისე ცდილობდნენ მის გაშიშვლებას, თუმცა ასეთი ნომრები წარუმატებლად დამთავრდა. ლენტი უწყდებოდათ. გოგონა, რომელთან ერთადაც გამოვედი, მარი ბაბეტაა, ჩემი ნაცნობი მოცეკვავე.
- როგორ დაითანხმე, არ შეეშინდა?
- არა, თუმცა სახიფათო მაინც იყო, ნაჭერი რომ გაწყვეტილიყო, მარი დაბლა დაეცემოდა და შოუ ცუდად დამთავრდებოდა. ჩემს გამოცდილებას თვალდახუჭული ენდო. სიმართლე რომ გითხრათ, რეპეტიცია ერთხელ გავიარეთ, რომ ტელევიზიის პროდიუსერები დარწმუნებულიყვნენ, ამის გაკეთებას შევძლებდი. მეორედ შოუს ჩაწერისას ვცადე და გამოვიდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, თუ ნომერი მოითხოვს, შეიძლება, მარი კიდევ ვიხილოთ. იმისი ამბიცია არ მქონია, რომ ხალხი ამ ნომრით გადაირეოდა, უბრალოდ, მინდოდა, ამ სპორტის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გაეგო.
- პირადი ცხოვრების შესახებ გკითხავ.
- მეუღლეს გაშორებული ვარ, ორი წლის შვილი მყავს, ნიკოლოზი. 20 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. ახლა შეყვარებული მყავს. ჩემს საქმიანობაში გვერდში მიდგას. ჩაწერის დროსაც იქ იყო, მგულშემატკივრობდა. როცა რაღაცას ვაკეთებ, ჩემს თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარ, ავტოსპორტი ისეთი რამ არის, ამის გარეშე არაფერი გამოგივა. ერთადერთი იმის მეშინოდა, რომ ავტომობილის გაუმართაობის გამო შოუ არ ჩაშლილიყო. წინა დღეს ხელოსანს მაინც შევამოწმებინე, მაგრამ მანქანაა და როდის გიმტყუნებს, მაინც არ იცი.
- რას გვპირდები შემდეგ ტურში?
- ისევ რუსთავის ავტოდრომიდან წარვდგები, ოღონდ ამ შემთხვევაში პირდაპირ ეთერში ვიქნები. თან ღამე, ათ საათზე. შოუს მეტი ეფექტი ექნება და შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. მოსახლეობას უფრო ახლოს გავაცნობ დრიფტს, რადგან მსოფლიოში სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. გამარჯვებაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ მე ამის ამბიცია არ მაქვს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS