18 ნოემბერი, 2013
ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი
რეპეტიციასავით გამოგვივიდა, თუმცა კარგად და იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევითი სცენებიდან რამდენიმე დუბლი ფილმშიც შევიდა 1982 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სასცენო მოძრაობის პედაგოგმა კოწო ბადრიძემ შოთა სხირტლაძე სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორთან მიიყვანა და უთხრა, მე დავბერდი და აწი ეს ასწავლის ჩემ მაგივრადო. შოთა სხირტლაძე იქ ოთხი წელი დარჩა. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ფარიკაობის პედაგოგის ასისტენტად ანტონ ფიოდოროვთან დაიწყო მუშაობა და მალე მისი ადგილი დაიკავა. დღესაც თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგია. მასვე ეკუთვნის მრავალი ბატალური სცენა
ქართულ კინოსა და თეატრებში...

- პედაგოგად მუშაობა რომ დავიწყე, ბევრი ჩემზე უფროსი ასაკის სტუდენტი დამხვდა. ვუთხარი, მე გუშინ ავდექი სტუდენტის მერხიდან, მოდით, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მე გადმოგცეთ ის, რაც ვიცი, მე კი ვისწავლი პედაგოგობას-მეთქი. დავმეგობრდით და ასე ავაგე ჩემი პედაგოგობის გზა. თუ ახალგაზრდას თავი არ გაუტოლე და არ გაუტოლდი, ვერც მშობელი იქნები, ვერც მეგობარი და ვერც პედაგოგი.
- რაც შეეხება თქვენს უშუალო პროფესიას, მსახიობობას...
- ეს უცნაურად მოხდა. კარგი სპორტსმენი ვიყავი - თავის დროზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და საკავშირო ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. სკოლა რომ დავამთავრე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მებაღე-მეღვინეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი, სპორტსმენთა სიაში კი ვიყავი, მაგრამ დასწრებულზე ვერ მოვხვდი. ერთ დღესაც დიდუბეში ერთი ინტელიგენტი კაცი შემხვდა და მკითხა, მსურდა თუ არა კინოში გადაღება. მან კინოსტუდიაში ფოტოსინჯების გადასაღებად დამიბარა. ეს გახლდათ რეჟისორი ვიქტორ ჭანკვეტაძე, რომელმაც ფოტოები გადამიღო და შემდეგ მიმიყვანა კოლია სანიშვილთან, რომელიც მაშინ ''აბეზარას'' იღებდა. ფილმში მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი. კინოსტუდიაში გავიცანი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, მათ შორის იყო გოგი გელოვანი. ის სპორტსმენების დიდი მოყვარული გახლდათ და როცა გაიგო, რომ ჩემპიონი ვიყავი, დოდო აბაშიძესთან მიმიყვანა, ნახე, რა ბიჭიაო. იმ დროს ჩემი მეგობარი შალვა გობეჯიშვილი მარჯანიშვილის თეატრში სტატისტად მუშაობდა. შემომთავაზა, ამ ზამთარში სად უნდა იარო, მოდი ჩვენთან თეატრში, თბილა მაინცო. ეს 1957 წელს მოხდა. იმ დროს საქართველო მოსკოვის დეკადაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. სჭირდებოდათ სპორტსმენები, რომლებმაც იცოდნენ ფარიკაობა, რომ სხვადასხვა ''ტრიუკი'' გაკეთებულიყო. მამაჩემმა ჩემი მარჯანიშვილის თეატრში მისვლის ამბავი რომ გაიგო, გადაწყვეტილება მომიწონა. ამის შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- მინდა, ვრცლად ვისაუბროთ ფილმებსა და თეატრებში თქვენ მიერ დადგმულ ბატალურ სცენებზე, ეს 1965 წლიდან დაიწყო. ვინ იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც მიგიწვიათ?
- კოწო ბადრიძეს ხშირად იწვევდნენ თეატრებში, ოპერასა და კინოში სპექტაკლების ბატალური სცენების დადგმის დროს. მას ხშირად ვეხმარებოდი. ''ხევისბერ გოჩაში'' ეპოზოდურ როლს ვასრულებდი, ფარიკობის სცენა მქონდა, ფარიკაობითვე კოშკზე ავდიოდი და იქ მკლავდნენ. ბრძოლის სცენებს გივი სავანელი დგამდა და მან დახმარება სთხოვა. მოხევეებსა და რუსის ჯარისკაცებთან ბრძოლის სცენები დავდგით. ამას ''ხევსურული ბალადა'' მოჰყვა, სადაც კეჭნაობის სცენები იყო გასაკეთებელი. მე მომმართეს და ასე ვიმუშავე შოთა მანაგაძის ''ხევსურულ ბალადაზე'' . იმავე პერიოდში კოწო ბადრიძე ''მაცი ხვიტიას'' აკეთებდა, ფინალური სცენის დროს ავად გახდა და დასახმარებლად მე მიხმო. გიორგი შენგელაიას უთხრა, რომ მის სამუშაოს მე შევასრულებდი. შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა, ფილმი არ იყო, რომ მასზე მე არ მემუშავა.
- მსახიობებიდან ვინ ფლობდა ყველაზე კარგად იარაღს? ვისთან არ იყო საჭირო ბევრი ახსნა-განმარტებები....
- ვისაც თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, თითქმის ყველა, რადგან ფიოდოროვი და ბადრიძე ისეთი პედაგოგები იყვნენ, არ შეიძლებოდა, მათ სტუდენტებს ეს ხელოვნება არ სცოდნოდათ. ზურაბ ქაფიანიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი მაღლები იყვნენ, ძლიერი ფიზიკური მონაცემებით. ისინი ისე მოგყვებოდნენ, როგორც პატარა ბავშვები. ლეო ფილფანიც ძალიან კარგად ფარიკაობდა.
- სიძლიერის თვალსაზრისით ვის გამოარჩევდით?
- ვერავისზე ვიტყვი, რომ ზარმაცი იყო, ან რამე ვერ დაძლია. ''ხევსურულ ბალადაში'' ლეო ფილფანისა და ზურაბ ქაფიანიძის კეჭნაობის სცენა გავაკეთე. როცა მათ ვუხსნიდი, როგორ უნდა ებრძოლათ და შესრულება დაიწყეს, მაშინვე გავაჩერე - ასე ერთმანეთს დაჩეხავთ-მეთქი. რადიატორთან დავაყენე და ვუთხარი, ეს რადიატორი რომ გასკდეს, სტუდია ვეღარ გათბება, დაზიანების გამო თანხის გადახდაც მოგიწევთ, ამიტომ აქ დადექით და რადიატორთან იფარიკავეთ, მაგრამ ეცადეთ, ხმლები არ მოარტყათ-მეთქი. მართლაც კვირა-ნახევარი ფარიკაობდნენ რადიატორთან და ხმალი არ მიურტყამთ. ამის შემდეგ სამ დღეში გაკეთდა და გადავიღეთ ფარიკაობის სცენა.
ფილმში ''ბიჭები იასამნის ქუჩიდან'' , რომელსაც ნელი ნენოვა იღებდა, ერთი ჩხუბის სცენა გავაკეთე. 14 წლის ბიჭს 11 წლის ბიჭი უნდა გაელახა. ფიროსმანის ქუჩაზე ვიღებდით, იმ ეზოს მცხოვრებლებმა არ იცოდნენ რა ხდებოდა. ერთ-ერთმა ქალმა ბიჭებს ყვირილი აუტეხა, რას შვრებით, როგორ იქცევითო. მერე მე მიყვირა, როგორ არ გრცხვენია, ამხელა კაცი რომ დგახარ, უყურებ და მათ გასაშველებლად არაფერს აკეთებო. ბოლოს ავუხსენით, რა ხდებოდა და როცა გაიგო, ფილმის გადაღება იყო, გაჩუმდა. მერე ამ ამბავს სტუდენტებთან რომ მოვყევი, თემურ ბიჭიაშვილმა მითხრა, ეგ დედაჩემი იყო, დედაჩემიო (იღიმის). ''დათა თუთაშხიაც'' ჩემი გაკეთებულია, ''წიგნი ფიცისაც'' , მაგრამ რომელი ფილმი იყო ბოლო, არ მახსოვს. 25 წლის ვიყავი, როცა კეჭნაობის სცენა დავდგი ''ხევსურულ ბალადაში'' . ეს რომ გოგი ოჩიაურმა ნახა, შოთა მანაგაძეს ჰკითხა, ვინ იყო იმ სცენის ავტორი. როცა რეჟისორმა ჩემზე მიუთითა, აი, ეს ბიჭიო, გაუკვირდა და თქვა, ასეთი კეჭნაობა ხევსურეთშიც კი არ მინახავსო. ძალიან მესიამოვნა ჩემი ნამუშევრის ასეთი შეფასება და თან ხევსური კაცისგან.
იმავდროულად ვმუშაობდი სპექტაკლებზეც და მათი რიცხვი ძალიან ბევრია. ყველაზე მეტი სპექტაკლი თეატრში თემურ ჩხეიძესთან მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება ფილმებს, ნიკოლოზ სანიშვილი და გიგა ლორთქიფანიძე მიწვევდნენ ხშირად.
- ამ ფილმებიდან გამორჩეული ნამუშევარიც გექნებათ, რომლის ყურების დროსაც სიამაყის განცდა გიჩნდებათ...
- კი, ასეთი განცდა მაქვს ''ხევსურულ ბალადაზე'' , ''მაცი ხვიტიასა'' და ირაკლი ასათიანის მოკლემეტრაჟიან ფილმზე ''მშვიდობით, ინესა!'' . ამ უკანასკნელ ფილმში ასეთი ეპიზოდია, თეატრის სცენაზე მსახიობი ფარიკაობს და მის როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. ექვს კაცთან უწევდა შებრძოლება და კარგად აეწყო. იმ ნახაზს დღეს მე თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებს ვასწავლი და სასწავლო პროგრამაში მაქვს შეტანილი.
ერთ ამბავს მოგიყვებით ''ხევისბერ გოჩასთან'' დაკავშირებით. მასობრივი სცენის გადასაღებად ორჯონიკიძიდან (ახლანდელი ვლადიკავკაზიდან) სამი ათასი ჯარისკაცი ჩამოიყვანეს. ორ კვირაში ცოტა ვასწავლე ხმლისა და შუბის ხელში დაჭერა, მოხმარება. ბოლო შეჯახების სცენის დროს გადამღები ჯგუფი ისე გადავნაწილდით, რომ სხვადასხვა ადგილას ''მებრძოლებთან'' თითო კაცი ვმდგარიყავით. ფეხოსნები, ცხენოსნები, მოხევეები, მოკლედ, დაახლოებით ხუთი ათასი კაცია შეკრებილი მოედანზე და ელიან, როდის უნდა დაიწყონ ბრძოლა. ერთ აპარატთან სანიშვილი იდგა, მეორესთან - მეორე რეჟისორი ზაქრო გუდავაძე. გივი სავანელი, ნაირა ჟორდანია და მეც სხვადასხვა ადგილს ვიკავებდით. ნაქეიფარმა გურამ ლორთქიფანიძემ, ლორთქიამ თქვა, ცოტა ხანს ჩრდილში წამოვწვებიო და გადასაღებ მოედანს მოშორდა. ამ დროს ყველა სანიშვილის ნიშანს ელოდა, რომ გადაღება დაწყებულიყო. ცოტა ხანში მან ყველას სახელებით მოგვმართა, მზად იყვნენ თუ არა ჩვენი ნაწილები ბრძოლის დასაწყებად. როცა გურამს გასძახა: ''გურამ'' , ჯარისკაცებს ''ურა'' მოესმათ და ყველა მხრიდან დაიძვრნენ და ატყდა ალიაქოთო. ''სტოპ, სტოპ'' - ყვიროდა სანიშვილი, მაგრამ მათ არაფერი ესმოდათ. ამ დროს გივი სავანელმა აპარატი ჩაართვევინა და არეულ-დარეულობა ფირზე აღბეჭდეს. რეპეტიციასავით გამოგვივიდა, თუმცა კარგად და იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევითი სცენებიდან რამდენიმე დუბლი ფილმშიც შევიდა.
- ბატონო შოთა, თქვენ რამდენიმე წელი საქართველოში არ იმყოფებოდით...
- დიახ, 14 წლის განმავლობაში ანკარაში ვცხოვრობდი და ბილქენტის უნივერსიტეტში სტუდენტებს სასცენო მოძრაობას, პლასტიკასა და ფარიკაობას ვასწავლიდი. იქ ჯერ მიწვეულები იყვნენ რეჟისორები რობიკო სტურუა, ანდრო ენუქიძე. თბილისში 2010 წელს დავბრუნდი. თეატრალურ უნივერსიტეტში გოგი მარგველაშვილმა მომიწვია და აღვადგინე ფარიკაობა და სასცენო მოძრაობის საგნები.
- დღეს ჰოლივუდში ბატალური და მასობრივი სცენები კომპიუტერის მეშვეობით კეთდება. ადევნებთ თვალს?
- დიახ, მაგრამ არ მიტაცებს. მულტფილმი ''ფიფქია და შვიდი ჯუჯა'' მირჩევნია მაგ ფილმებს. ამგვარი ფილმები ხელოვნება არ არის, არამედ ტექნიკაა, მეცნიერების მიღწევები, დემონსტრაცია და სხვა არაფერი.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS