- ოჯახი რომ გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანის ცნობიერების, ხასიათის ჩამოყალიბებაში, ამ შეფასებაში პირველი ნამდვილად არ ვიქნები. სამწუხაროდ, ახლახან მამა გარდამეცვალა და ამან ტრაგიკული გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩვენი, ძმების ჩამოყალიბებაში მამამ დიდი წვლილი შეიტანა. პრინციპები, რითაც პოლიტიკაში, ცხოვრებაში ვმოქმედებ, მისი დანერგილია ჩემში. მამა ბუღალტერი, ეკონომისტი გახლდათ. მკაცრი და სამართლიანი იყო, თუმცა კონკრეტულად არაფერს გვიკრძალავდა, - ეს არ შეიძლება და არ გააკეთოო, არ მახსენდება. აღზრდის ფორმებიდან თავად უნდა განგვესაზღვრა, რა იყო მართებული და რა დაუშვებელი. ცდილობდა, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, დამოუკიდებლად მიგვეღოგადაწყვეტილებები, თუმცა როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაშინაც და ახლაც, ყოველთვის ვფიქრობ, მოეწო-ნებოდა თუ არა ჩემი ეს ნაბიჯი მას. უდავო ავტორიტეტი იყო ის ჩემთვის.
- დედაზე რას გვეტყვით?
- საოცრად თბილი იყო და არის დღემდე. მისთვის განსაკუთრებულები, განუმეორებლები და ერთადერთები ვიყავით სამივე ძმა. ისიც ბუღალტერი გახლავთ პროფესიით, თუმცა თავისი კარიერა შვილებს შემოგვწირა. ბევრად ლოიალური იყო, ვიდრე მამა. ცდილობდა, ჩვენი ონავრობა მამის ყურამდე არ მიეტანა, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, დღესაც როგორც ბავშვებს, ისე გვიყურებს.
- რას ონავრობდით?
- ბავშვებს ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ: მეზობლის ბაღში ხილის მოპარვა, სკოლაში არადამაკმაყოფილებელი ქცევა...
- ნიშნებიც?
- ცუდად არ ვსწავლობდი, თუმცა მოზარდობის, ყმაწვილკაცობის წლებში სხვა გატაცებებმა იჩინა თავი და ეს ნიშნებსაც დაეტყო. ჩხუბი, დალევა, ეს ყველაფერი მამის ყურამდე არ უნდა მისულიყო. თუ მაინც მივიდოდა, დედას ჰბრალდებოდა, შენ აფარებ ხელსო, ეუბნებოდა.
- მშობლების მხრიდან განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ?
- სიმართლის თქმა, ეს იყო მთავარი პრინციპი მათ აღმზრდელობით საქმიანობაში და ამასვე გვასწავლიდნენ ჩვენც. გაჭირვებულის შეცოდებისკენ მოგვიწოდებდნენ.
- როგორი იყო თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა?
- საშუალო, მოსამსახურის ოჯახი ვიყავით.
- გიფიქრიათ იმაზე, ოჯახის დასახმარებლად ფიზიკურად გემუშავათ?
- არა მხოლოდ მიფიქრია, მიმუშავია კიდეც. შრომისადმი სიყვარული მამამ ჩამინერგა. სკოლის არდადეგების დროს ვმუშაობდი. ჩემი სასკოლო ტანსაცმლის ფული თავად გამომიმუშავებია. სტუდენტობის დროსაც ვმუშაობდი.
- პირველი გასამრჯელო გახსოვთ?
- მახსოვს. ეს იყო ჩაის ფაბრიკაში. ერთ-ერთ ზაფხულს მტვირთავად ვიმუშავე. იმ ფულით ტანსაცმელი ვიყიდე, ბიჭებთან ერთად დავლიე.
- ვის ჰგავხართ ხასიათით?
- ალბათ უფრო მამას. ცოტა ჯუჯღუნა ვარ, ოღონდ უფრო სახლში.
- სახლში რატომ, იქ უფრო გაგდით?
- (იცინის) ალბათ, ერთ-ერთი მოტივი ესეც არის. მომთხოვნი ვარ ოჯახის წევრების მიმართ, ლიბერალი და რბილი ურთიერთობებში - გარეთ. მთლად ისეც ნუ გაიგებთ, რომ ოჯახის წევრები თითის წვერებზე დამყავს. უბრალოდ, მცირედი უყურადღებობაც მაღიზიანებს.
- რა იყო ქართული ტრადიციებიდან პრიორიტეტული თქვენს ოჯახში?
- სტუმართმოყვარეობა. პრაქტიკულად, დღე არ გავიდოდა, სტუმარი არ მოსულიყო - დღემდე ასე გრძელდება.
- ვისი მოსვლა გიხაროდათ ყველაზე მეტად?
- იმის, ვინც საჩუქრით მოდიოდა (იცინის)... მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ ეპოქაში გავიზარდეთ, დედა ღრმად მორწმუნე იყო. მკაცრად იცავდა მარხვებს, დადიოდა ეკლესიაში. ბავშვობაშივე მოგვნათლა შვილები.
- გიორგი, ქუჩა რა დოზითიყო თქვენს ყმაწვილკაცობაში და ამან რა მოგცათ გამოცდილების თვალსაზრისით?
- ჩაცუცქული არ ვყოფილვარ „ბირჟაზე“, მაგრამ ეს აკადემია მეც გავიარე თავისი ნიუანსებით. ქუჩაში იწრთობა ადამიანის ხასიათი. მკაცრი წესები აქვს ამ ფენომენს. იქ ჩნდება ადამიანის სისუსტეები თუ სიძლიერე. ქუჩამ შეიძლება, ცუდი გზით გატაროს, ნარკომანია, კრიმინალი, არის ეს ცდუნება. მთავარია, როგორ დაძლევ ამ ყველაფერს. შენზეა დამოკიდებული, რას აიღებ ქუჩისგან. შეიძლება, ისეთი ნებისყოფა გამოიმუშაო, რაც ცხოვრე-ბაში გამოგადგება.
- ჩხუბიც არ ყოფილა ჩემთვის უცხოო, მითხარით...
- კი, იყო ასეთი ამბები. ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, თუ წავაგებდით, არ მოგვწონდა ეს ამბავი. ჩხუბშიც გადაგვზრდია თამაში. გვიჩხუბია გოგოს გამოც.
- თქვენი თუ სხვისი შეყვარებულის გამო?
- სხვისი შეყვარებულის გამო მიჩხუბია, ძმაკაცს დავხმარებივარ. მე ვმოქმედებდი შემდეგი პრინციპით - „სიყვარულსა მალვა უნდა“. არავინ იცოდა, შეყვარებული თუ ვიყავი, არადა, ვიყავი. შეიძლება, ეს კომპლექსიც იყო, არ ვიცი...
- სასიყვარულო გამოცდილებასაც მივადექით. რა ასაკში შეგიყვარდათ პირველად?
- უფ, როდის იყო ეგ ამბავი. ბავშვური სიყვარული იყო, ემოცია, რამდენი დრო გავიდა. ახლა ის ქმედებები, ის განცდები რომ მახსენდება, ზოგჯერ სიწითლის ალმურიც ამდის, ლამაზი და კარგი იყო ეს ყველაფერი.
- ბევრჯერ იყავით შეყვარებული?
- არა. ასე ადვილად არ ვიცვლი გემოვნებას. ბავშვობაშიც ასეთი ერთგული ვიყავი ალბათ სიყვარულის, ქვეყნის, ოჯახის მიმართ. ერთადერთი შემთხვევაა ეს, რაშიც მრავალფეროვნებით არ გამოვირჩევი. შინაგანად ერთგული ვარ.
- გაგვაცანით ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ერთგულებთ.
- ის ჩემი მეუღლეა, თეა ჭანტურია. სტუდენტობის დროს გავიცანით ერთმანეთი, სტუდენტურ დღეებზე. მაშინაც მიდრეკილი ვიყავი სცენისკენ. პოლიტიკაც ხომ ერთგვარი სცენაა, უბრალოდ, იქ სხვა დატვირთვით გამოდიხარ, იუმორისტულ სკეტჩებს ვდგამდით. თეა მოწინააღმდეგე გუნდში იყო. იქ ვნახე პირველად. მოვუგეთ მაშინ თეას გუნდს. დიდხანს გაგრძელდა ეს ურთიერთობა და ცხოვრებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ამ სიყვარულის რეალიზება მოგვეხდინა.
- როგორ მოხიბლეთ თეა, ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?
- მე გამოვტყდი, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც მე მეკუთვნის, ჩემია და არ მინდა, სხვასაც გავუზიარო. ასეთია ჩემი ბუნება. რომეო და ჯულიეტასავით ტრაგიკულად რომ არ დამთავრდა ჩვენი რომანი, მგონი ატყობთ, იმიტომ რომ ინტერვიუს ვწერთ დღეს. თუმცა ჩვენი ამბავი სიმძაფრით გამოირჩეოდა. სიყვარული ხომ აბრმავებს, აყრუებს და ბევრ სისულელეს აკეთებინებს ადამიანს. მეც ბევრი რამ ჩამიდენია სიყვარულისთვის, მაგრამ ამის მოყოლას თქვენთან არ ვაპირებ.
- თეა რას საქმიანობს?
- ბავშვების აღზრდით არის დაკავებული, ვინაიდან ჩემი დრო პრაქტიკულად მთლიანად პარტიულ საქმიანობას მიაქვს. ბავშვები რომ წამოიზრდებიან და დამოუკიდებლები გახდებიან, მერე ალბათ თეაც იმუშავებს თავისი პროფესიით, პედაგოგი გახლავთ.
- რამხელები არიან შვილები?
- ლილე მე-3 კლასშია, ლუკა - პირველში.
- თავად რა გამოცდილებას უზიარებთ შვილებს, რა როლი გაქვთ მათი აღზრდა-განათლების საკითხებში?
- ბავშვების აღზრდა-განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს დედას. ამას ვაღიარებ. მეც ვცდილობ, გარკვეული გავლენა ვიქონიო. თუ კონფლიქტი წარმოიშვა, საბოლოო ვერდიქტი მე გამომაქვს.
- ბოლოს სად გაასეირნეთ ცოლ-შვილი, გახსოვთ?
- (ფიქრობს) არა.
- ე.ი. თავიდან ფეხებამდე პარტიულ საქმიანობაში ხართ?
- ეგ საყვედურები არ მაკლია სახლში...
- და შენ მაინც დამანებე თავიო, გინდოდათ ალბათ გეთქვათ... შედეგი რომ არ ჩანს?
- გააჩნია, რას გულისხმობთ შედეგში. თუ არჩევნებს გულისხმობთ, მანდ გაყალბების შედეგი უფრო იყო, ვიდრე სხვა რამის.
- რამდენი წელია, „ლეიბორისტულ პარტიაში“ ხართ?
- 1997 წლიდან. ეს შალვა ნათელაშვილის დამსახურებაა. მისთვის სრულიად უცნობი პატარა ბიჭი მიმიღო, ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა მანდო. ჯერ საკრებულოს წევრად შემიყვანა და შემდეგ უზარმაზარი ფრაქცია ჩამაბარა.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ... ერთი და მთავარი, რომელიც ხშირად გახსენდებათ, რომელია?
- შეცდომები როგორ არ მქონია. უბრალოდ, ამის აღიარება უჭირს ადამიანს, მით უმეტეს საჯაროდ. მთავარია, რომ ვცდილობ, ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ დავუშვა. ეკლიანია ცხოვრების გზა, წინ ბევრი წინააღმდეგობა გხვდება. აქ ნებისყოფას ამოწმებ, ცდუნებას სძლევ. ია-ვარდით მოფენილი გზები მხოლოდ ზღაპრებში, ფანტასტიკურ, კეთილ რომანებშია. ცხოვრების გზა ეკლიანია.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“




















