16 ნოემბერი, 2013
როდის „დაამუღამა“ კახა ახვლედიანმა კერძების მომზადება
უცბად გავსივდი. არც ბევრს არ ვჭამდი. აი, ასე, უბრალოდ გავსუქდი, მაგრამ მალევე დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ წონას. უმოძრაობა ასუქებს ადამიანს, პირველ რიგში. არანაირი დიეტა არაა საჭირო. მთავარია სწორი კვება და ვარჯიში, ბევრი მოძრაობა მსახიობმა კახა ახვლედიანმა ცოტა ხნის წინ ახალი პროფესია შეითავსა. „მაესტროს“ დილის ეთერში კულინარიულ ბლოკს უძღვება და ყოველ დილით ახალ-ახალი კერძების რეცეპტებით ანებივრებს მაყურებელს. კახა დღეს ჩვენი სტუმარია. მან „რეიტინგის“ მკითხველისთვის საუკეთესო დესერტის მომზადების წესიც გაიმეტა.

- გურმანი თუ ხარ და რაში გამოიხატება შენი
გურმანობა?
- გურმანი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს ტკბილი და სასუსნავები. ვერასდროს ვერ დავიცავ დიეტას.
- მხოლოდ გემრიელი კვება გიყვარს თუ კერძების მომზადებაც გამოგდის?
- მაგრად ვწვავ კვერცხს (იცინის). არა, არ მეხერხება... თუმცა მას მერე, რაც სამზა-რეულოს რუბრიკა მიმყავს, რაღაცები დავამუღამე.
- რომელია შენი საყვარელი კერძი?
- გურმანისთვის არ არსებობს ერთი საყვარელი კერძი.
- გახსოვს, პირველად რა კერძი მოამზადე?
- კი, როგორ არა. კარტოფილის შეწვა ვცადე და დავწვი ყველაფერი. ტაფაც გავაფუჭე.
- რომელი პროდუქტი გიყვარს და რომელს არ ჭამ არასდროს?
- თითქმის ყველაფერი მიყვარს. ვერ ვჭამ მოლუსკებს, ლოკოკინებს და მსგავს ეგზოტიკურ რაღაცებს.
- ვინ ზრუნავს შენს გამოკვებაზე, ვინ გიმზადებს გემრიელ კერძებს?
- გემრიელობებს დედა მიმზადებს.
- თუ სახლში არავინაა და კერძიც არ არის მზად, ვერ მოახერხებ რაიმეს მომზადებას?
- კი, მოვახერხებ. თუ არის სახლში ინგრედიენტები, რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ ხანდახან მეზარება და დედას ველოდები.
- კერძი თუ გამოგიგონებია? გაგვანდე ჩვენც...
- კი, ერთხელ გამოვიგონე. შემწვარ კარტოფილს მოვასხი ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ მოვაყარე დაჭრილი ძეხვი, გახეხილი ყველი და დაბალ ცეცხლზე გავაჩერე 2 წუთით. ძმაკაცები ვიყავით მარტო სახლში. მე მომეწონა. იმათ დამცინეს, რა თქმა უნდა (იცინის), ეს რა არისო.
- წონის პრობლემას თუ შეუწუხებიხარ და როგორ ებრძვი ზედმეტ კილოგრამებს?
- ეს პრობლემა ერთხელ მქონდა ცხოვრებაში. არ ვიცი, უცბად გავსივდი. არც ბევრს არ ვჭამდი. აი, ასე, უბრალოდ გავსუქდი, მაგრამ მალევე დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ წონას. უმოძრაობა ასუქებს ადამიანს, პირველ რიგში. არანაირი დიეტა არაა საჭირო. მთავარია სწორი კვება და ვარჯიში, ბევრი მოძრაობა.
- როგორი ნებისყოფა გაქვს ამ მხრივ?
- ამას ნებისყოფა არ სჭირდება, მონდომებაა მთავარი.
- რამდენდღიანი დიეტა დაგიცავს და რამდენი კილოგრამი დაგიკლია?
- დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. თუ ოდნავ მოვიმატებ, 3-4 კილოგრამს, საკმარისია, საღამოობით ფეხით ვისეირნო ქალაქში ყოველდღე, ზედმეტი კილოგრამები ქრება. ყურსასმენები, კარგი მუსიკა და ფეხით სეირნობა, ამაზე კარგი არაფერი არ არის.
- და მაინც, რაიმე ეფექტური დიეტა ხომ არ იცი, ჩვენს მკითხველს რომ ასწავლო?
- მართლა არ ვიცი დიეტები. გვიან, ძილის წინ არ ჭამონ, მოერიდონ ზედმეტად ცხიმიან საკვებს, ივარჯიშონ. ჩვენ ცოტა ზარმაცი ხალხი ვართ. ნაკლებს ვმოძრაობთ, მანქანას მაინც-დამაინც სადარბაზოსთან ვაჩერებთ, როცა შეიძლება, ცოტა მოშორებით დავაყენოთ და ფეხით გავიაროთ 100 მეტრი მაინც.
- ეგზოტიკურ კერძებზე რას მეტყვი, ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავს და სად?
- ეგზოტიკური კერძებისა და პროდუქტების დიდი მოყვარული არ ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, სუშიც კი არ მიყვარს. უცნაურ კერძებს რაც შეეხება, ერთხელ, ჩინურ რესტორანში გეახელით მიწის თხილის წვნიანს. არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ნამდვილად გემრიელი იყო.
- ზოგადად რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს ყველაზე მეტად?
- ქართული, ქართული და კიდევ ერთხელ ქართული. ამ მხრივ ზედმეტად „გრუზინი“ ვარ.
- ტკბილეულთან როგორ ხარ?
- ტკბილეული ჩემი სისუსტეა. ყველაფერი მიყვარს, რაც ტკბილია. დღეში ერთხელ მაინც უნდა მივირთვა რაიმე ტკბილი. სახლში ყოველთვის მაქვს შოკოლადი და სასუსნავები.
- დასასრულ, რაიმე დესერტის ან რომელიმე შენი საფირმო კერძის რეცეპტი გვასწავლე...
- გასწავლით ჩემი საყვარელი დესერტის მომზადებას. ეს არის შემწვარი ბანანი ალუბლის სოუსით. მარტივად მოსამზადებელია და ბევრი დროც არ სჭირდება. ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბანანი, ფქვილი, ქოქოსის ბურბუშელა, კვერცხი, ალუბალი ან ალუბლის მურაბა, ნაყინი და ცოტა კონიაკი. ვჭრით ბანანს მრგვალ ნაჭრებად, ვავლებთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში და ბოლოს ქოქოსის ბურბუშელაში. შემდეგ ამოვლებულ ბანანის ნაჭრებს ვწვავთ ბევრ ზეთში. ცალკე ვაკეთებთ ალუბლის სოუსს. ალუბალს ვყრით ტაფაში, ვასხამთ ცოტა კონიაკს, ვაყრით ცოტა შაქარს და წამოვადუღებთ. ბოლოს შემწვარ ბანანს ვდებთ დიდ, ლამაზ თეფშზე, ვასხამთ ჩვენ მიერ მომზადებულ ალუბლის სოუსს და გვერდით ვუდებთ ნაყინს. დამერწმუნეთ, უგემრიელესია...

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიკა23
ნიჭიერი ბიჭია კახა , კერძების მომზადებაც კარგად გამოსდის . საერთოდ მაესტროს დილა მომწონს ლამაზია ! მანიკა ასათიანი მომწონს და ახალ წამყვან მარიამ გიორგობიანზე საერთოდ გადავირიე ! მაგრები ხართ !!!
02:30 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS