15 ნოემბერი, 2013
სად გაქურდეს დათო ქაცარავა და რომელი ქვეყნის ქალებით მოიხიბლა ყველაზე მეტად
ეს იყო უსიამოვნო ეპიზოდი იქ ყოფნისა და როგორც კი აეროპორტიდან გავედი, აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გაჩნდა დათო ქაცარავას აქვს კარგი უნარი, შეათავსოს სასარგებლო სასიამოვნოსთან და შესაბამისად, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანი კუთხით ეპატიჟებიან, ყოველთვის პოულობს დროს, რომ ახალი ქალაქი მაინც დაათვალიეროს. ჩვენი რესპონდენტი კანში ყოფნისას გაქურდეს, წაიღეს ლეპტოპი, სადაც მისი ფოტოალბომი იყო თავმოყრილი, ამიტომაც ვერ მოგვაწოდა მოგზაურობის ფოტოები და შესაბამისად, ყველაზე ცუდი მოგონებები საფრანგეთთან აკავშირებს, ყველაზე ბევრ კარგ მომენტს კი გერმანიაში ყოფნას უკავშირებს. უფრო ვრცლად თავად
მოგიყვებათ...

- მოგზაურობა ალბათ ყველა ადამიანისთვის სასურველია, რადგან მოგზაურობისას დაგროვილი შთაბეჭდილებები რეალურად ცხოვრების აქტივში ითვლება. მე მიყვარს ახალ-ახალი ადგილების მონახულება არა მხოლოდ მუზეუმების სანახავად, არამედ, პირველ რიგში, ახალი ადამიანების გასაცნობად. ლამაზი პეიზაჟი კარგია, მაგრამ საინტერესო ადამიანების გაცნობა კიდევ უკეთესი. სამწუხაროა, რომ იშვიათად გამომდის საკუთარი სიამოვნებისთვის მოგზაურობა. სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებ, რადგან ძირითადად საქმიანი ვიზიტები მაქვს და დასვენებასა და საქმის კეთებას ერთად ვახერხებ.
- პირველად როდის გახვედით საქართველოს ფარგლებს გარეთ?
- 22 წლის გახლდით, როდესაც 1999 წელს გერმანიაში გავემგზავრე. ახალგაზრდულ ბანაკში მიმიწვიეს, სადაც ქართველებთან ერთად კიდევ სამი ქვეყნის ახალგაზრდები იმყოფებოდნენ და იქ ათი დღის განმავლობაში მათთან დამეგობრებისა და ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. ჩემთვის ეს პირველი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა გამოდგა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე მიყვარს ბოდიალი და ქალაქში შეგნებულად დაკარგვა, მაგალითად, ბერლინში. ძალიან მოვიხიბლე ამ ქალაქით, პირველი ეფექტი ძალიან კარგი იყო. მაშინ გერმანიასთან საქართველო ძალიან დაახლოებული გახლდათ, იყო ბევრი გაცვლა-გამოცვლა, აქედან ახალგაზრდები ხშირად მიემგზავრებოდნენ სასწავლებლად. მათ შორის მეც უნდა ვყოფილიყავი, ვემზადებოდი გერმანიაში წასასვლელად, ეს ენა საკმაოდ კარგად ვიცოდი და არც ახლა ვუჩივი გერმანულის ცოდნას, საბუთები შევაგროვე, მაგრამ იმ პერიოდში აღმოჩნდა, რომ კონსერვატორიაში უნდა მოვხვედრილიყავი და... (იღიმის). ეს ჩემი ცხოვრების პირველი ზიგზაგი იყო, მაგრამ ჩვენს თემას არ ეხება. ისევ ბერლინს რომ დავუბრუნდეთ, ახლაც მახსოვს დანგრეული ეკლესია, რომელიც ომის შემდგომ შეგნებულად არ აღადგინეს. ის ახლაც იმ მდგომარეობაშია, როგორშიც მოკავშირეების მიერ ბერლინის აღების დროს იყო. ბერლინი თავისი ღამის ცხოვრებითაა ცნობილი, მაგრამ მე ამისი მოყვარული არ გახლავართ და ამ მხრივ ამ ქალაქზე ვერაფერს გეტყვით. განსაკუთრებით მოვიხიბლე ადამიანებით და სტერეოტიპია, თითქოს გერმანელები ცივი ხალხია. პირველი, რაც მოგზაურობიდან ვისწავლე, ის არის, რომ სტერეოტიპების მიხედვით არავინ უნდა შეაფასო.
- ევროპული ქალაქებიდან სად ხართ კიდევ ნამყოფი?
- სტოკჰოლმში, თუ არ ვცდები, 2003 წელს. იქაც სემინარებზე გახლდით, ათდღიან პროექტზე. იქ შთამბეჭდავი არქიტექტურა და ქალაქის სტრუქტურაა განსაკუთრებული. პირველ დღეს იქაც დავიკარგე, მეორე დღეს უკვე ავუღე ალღო. სხვათა შორის, სტოკჰოლმში მასობრივად ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს, ქალებიც და კაცებიც. სტანდარტულად ძალიან ლამაზები არიან. ევროპა ზოგადად ძალიან საინტერესოა, თუმცა, როგორც გითხარით, ადამიანებს ვაქცევ გამორჩეულ ყურადღებას.
- ამ მხრივ ვინმეს გაუკვირვებიხართ?
- დამამახსოვრდა ისევ და ისევ გერმანია. პროექტის ხელმძღვანელები გამოდგნენ ძალიან თბილები და ყურადღებიანები. ვარ ''ბავარიის'' გულშემატკივარი. მოვხვდი პაბში, სადაც აჩვენებდნენ ''ბავარიისა'' და ''მანჩესტერის'' დაპირისპირებას. ბოლო წუთს წააგო ჩემმა საყვარელმა კლუბმა, რაც ჩემთვის ტრაგედია იყო, მაგრამ უფრო მეტად გაოცებული ვიყავი, რომ იქ მყოფთა ნაწილი, გერმანელები, ''მანჩესტერს'' გულშემატკივრობდნენ. ამის გამო მათ შევეკამათე. აღმოჩნდა, რომ ისინი ბერლინის ''ჰერტას'' ქომაგები იყვნენ და გერმანიაში, ისევე, როგორც ზოგადად, ევროპაში, მიღებული ყოფილა, რომ საკუთარი ქვეყნის რომელიმე გუნდს არ უქომაგო, თუკი შენივე ქვეყნის სხვა კლუბს გულშემატკივრობ. საქართველოში ასეთი რამ წარმოუდგენელია. არც ერთი ქართველი არ უქომაგებს უცხოურ კლუბს, რომელიც ქართულ ნებისმიერ გუნდთან ითამაშებს. ჩვენს კამათს შეესწრნენ ჩვენი პროექტის ხელმძღვანელები, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ, ჩემი გიჟური ემოცია რომ დაინახეს, გაკვირვებას ვერ მალავდნენ. შენ ვინ ყოფილხარო, მეუბნებოდნენ. ძალიან დავმეგობრდით. გერმანიაში ახლაც მყავს მეგობრები, ისევე, როგორც პოლონეთში, უკრაინაში.
- უკრაინაში როდის იყავით?
- წელს, ორჯერ. ორმაგი შთაბეჭდილებით დავბრუნდი კიევიდან, კარგით და ცუდით. ძალიან ნეგატიურად შემხვდნენ საბაჟოზე, შემიყვანეს ოთახში და გამოიკითხეს მთელი ჩემი ბიოგრაფია. მგონი, არ მოეწონათ, რომ გაუპარსავი ვიყავი. მეორედ ახლახან ვიყავი გადაღებებზე და ისევ იგივე პრობლემა შემხვდა. გავაკეთე დასკვნა, რომ, როგორც ჩანს, ქართველების გარკვეული ნაწილის საქციელი აღიზიანებთ, ჩვენი ერის ზოგიერთი წარმომადგენელი იქ ცუდად იქცევა, კრიმინალით არის დაკავებული. ეს იყო უსიამოვნო ეპიზოდი იქ ყოფნისა და როგორც კი აეროპორტიდან გავედი, აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გაჩნდა, სიყვარული, სითბო და დიდი პატივისცემა. ანუ ის ნეგატივი გაბათილდა (იღიმის). ახლა უფრო იუმორითა და ღიმილით ვიხსენებ. კიდევ რომ გამაჩერონ, ალბათ, ვიხალისებ.
- უკრაინაში რა გადაღებები იყო?
- ზაზა ბუაძე და ოთარ შამათავა იღებენ ფილმს ''ურსუსი'' , ანუ კავკასიური დათვი.
- თქვენ რა როლი გაქვთ?
- დათვს არ ვთამაშობ (იცინის). დათვი-ადამიანის როლს ნიკა თავაძე ასრულებს. გადაღებები დაგეგმილია საქართველოში, უკრაინაში, ბულგარეთსა და გერმანიაში. ფილმის შექმნაში ეს ოთხი ქვეყანა მონაწილეობს. ფილმს დატვირთული გეოგრაფია აქვს, მაგრამ გული დამწყდა, რომ ჩემი გადაღებები მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში უწევს, ამიტომ მომიწია კიევში ჩასვლამ.
- შვედი ქალები არიან უკეთესები თუ უკრაინელები?
- (იღიმის) რთული კითხვაა!.. შვედი ქალები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ მათგან მაინც გარკვეული სიცივე ვიგრძენი, უკრაინელ ქალბატონებს უფრო მეტი ეშხი აქვთ და უფრო მხიარულები და ხალისიანები არიან. მათგან მეტი სითბო მოდის, ამიტომ უპირატესობას უკრაინელ ქალებს მივანიჭებდი.
- მეუღლესთან ერთად არ გიწევთ მოგზაურობა?
- სამწუხაროდ, მასთან ერთად უცხოეთში იშვიათად დავდივარ, რადგან, როგორც გითხარით, საქმიანი ვიზიტებით დავფრინავ. ორივეს გვაქვს სურვილი, რომ ერთად მოგზაურობისთვის დრო გამოვყოთ. აქამდე მხოლოდ რამდენიმეჯერ მოვახერხეთ გამგზავრება, სოფო მუშაობს და ძალიან დატვირთულია. მე შედარებით თავისუფალი გრაფიკით ვცხოვრობ.
- თვითმფრინავში თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან კომფორტულად. როგორც კი თვითმფრინავი სიმაღლეს აკრეფს, ეს ძალიან მომწონს, შემდეგ კი ტკბილად ვიძინებ, ინსტინქტურად მეღვიძება, როგორც კი საჭმელს ჩამოატარებენ, რადგან ვგიჟდები თვითმფრინავის საჭმელზე. მერე ისევ მეძინება და დაფრენისას ვიღვიძებ. რაც უნდა ტურბულენტურ ზონაში მოვხვდეთ, არ მეშინია, რადგან მჯერა, რომ ჩემი თვითმფრინავი მშვიდად და უსაფრთხოდ დაჯდება.
- რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში ყოფილხართ?
- ჯერჯერობით არა. აფრიკაში მინდა ძალიან წასვლა. ამისი შანსი მქონდა, რადგან რამდენიმე წლის წინ ყაზახეთში საჩოგბურთო ტურნირი მოვიგეთ მე და ჩემმა მეგობარმა, სანდრო ბერძენიშვილმა. გვაჩუქეს საგზური აფრიკაში, კერძოდ, კეიპტაუნში გასამგზავრებლად, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ მოახერხა წასვლა.
- უსიამოვნო მოგონება თუ გაკავშირებთ რომელიმე მოგზაურობასთან?
- ორიოდ წლის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად ნიკოლოზ ხომასურიძის ''დავიწყებული მეფე'' კანის კინოფესტივალზე ჩავიტანეთ. ვიქირავეთ ფეშენებელური ვილა ერთ-ერთ საუკეთესო და პრესტიჟულ უბანში. პირველივე ღამეს გამქურდეს. ვერ გეტყვით, რომ გამღვიძებოდა, ქურდი გადამირჩებოდა თუ არა, მაგრამ ფრანგულ ციხეში მოხვედრას ნამდვილად არ ვისურვებდი. როგორც ჩანს, გადაღლილობის გამო მისაღებში ჩამეძინა. გვერდით მედო საფულე და კომპიუტერი, სადაც მთელი ჩემი ათწლიანი ცხოვრების ფოტოალბომი, დოკუმენტები და ბევრი საჭირო რამ მქონდა ჩაწერილი. დილას რომ გავიღვიძე, კომპიუტერი არ იყო. გარეთ გასულმა ვნახე საფულე, პასპორტი და სხვა საბუთები, ქურდმა ეს დატოვა და ფული, დაახლოებით 1500 ევრო წაიღო. პოლიციას კი მივმართეთ, მაგრამ ჯერ ძლივს მოვძებნეთ და როცა პოლიციელები ვიპოვეთ, მათ არაფერი გააკეთეს ჩვენ დასახმარებლად. ასეთი ზარმაცი პოლიცია არსად მინახავს. ვეჭვობ, რომ ისინი შეკრულები არიან კრიმინალებთან. საშინელი ფაქტი იყო, მაგრამ მეგობრები დამეხმარნენ და მალევე ოჯახის წევრებმა ფული გადმომირიცხეს. საფრანგეთში ამას გარდა კიდევ შემემთხვა უსიამოვნება. ''მაკდონალდსში'' ჩვენს მეგობარ გოგონას ერთმა ფრანგმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან დიდი კონფლიქტი მომივიდა, რადგან ჩვენს მეგობარს უზრდელურად მოექცა. კიდევ ერთი ასეთი ამბავი ქუჩაში შეგვემთხვა, როცა ჩვენთან ერთად მიმავალ ქართველ გოგონებს ვიღაც ფრანგი ბიჭი გამოელაპარაკა და ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. ვუხსნიდი, თავი დაანებე-მეთქი და რომ ვერ გავაგებინე, მერე ფიზიკურ შეხებაზე გადავედი. ასე რომ, მოგზაურობიდან მარტო სასიამოვნო მოგონებები არ გრჩება (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიო
ეს ვიღა არი
15:48 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS