14 ნოემბერი, 2013
4 წლის ფენომენური დრამერი ქვაბებსა და ტაფებზე ვარჯიშობს
პირველი ტურის ეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მწერს თბილ სიტყვებს ანდრიას მისამართით გასულ ორშაბათს ''ნიჭიერში'' მაყურებელი ოთხი წლის ანდრია ფაღავას ფენომენურმა ნიჭმა გააოცა. ფილარმონიის სცენაზე გამოსული პატარა ბიჭის დანახვაზე ჟიურიმ ვერ დაიჯერა, რომ მათ თვალწინ უნიჭიერესი დრამერი იდგა. ანდრიას მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ გეგა ფალავანდიშვილი გაოგნებული დატოვა და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი სცენაზე ავიდა, რომ პატარა ვირტუოზი პირადად გაეცნო. ანდრიამ ოთხი ''კი'' მიიღო და ახლა ყოველდღიურად ემზადება შემდეგი ტურისთვის.
ანდრიას დედა მარიამ ბადურაშვილი კომპანიების
პიარსა და ივენთებზე მუშაობს. მამა მუსიკოსი და პოეტი ირაკლი ფაღავაა. ირაკლის საკუთარი ბენდი ჰყავს და სხვადასხვა საღამოს ხშირი სტუმარია. ნიჭიერი შვილის შესახებ ჩვენთან საუბარს ამჯერად დედა დათანხმდა. ანდრია ჯერ პატარაა და პრესასთან ურთიერთობა არ ეხალისება, რასაც ვერ ვიტყოდით მთელი დღე დრამზე მეცადინეობაზე.

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ბათუმში საერთო მეგობრების საშუალებით გავიცანით. ერთი წელი გრძელდებოდა შეყვარებულობა და შემდეგ ვიქორწინეთ. ირაკლი წარმოშობით ბათუმიდან არის, ნოდარ ფაღავას შვილია. ბატონი ნოდარი აჭარის კულტურის მინისტრი გახლდათ. შემდეგ გვეყოლა ანდრია, ის ჩვენი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შვილია. დაბადებიდან ძალიან წყნარი ბავშვი იყო, არასოდეს გამითენებია მისთვის ღამე. მე და ირაკლი ვზრდიდით და ჩემი დედამთილ-მამამთილი გვეხმარებოდა. ანდრია დაახლოებით ორი წლის იყო, ბენდის რეპეტიციაზე რომ წავიყვანეთ. განსაკუთრებულად დრამი მოეწონა. სახლში დაბრუნებული კალმითა და ფანქრით დადიოდა და დრამის დაკვრის იმიტაციას აკეთებდა. პირველად ერთ-ერთ კლუბში დაუკრა, მაშინ ჯერ ისევ ორი წლის იყო, მალე სამის ხდებოდა.
- ხშირად რეპეტიციობს?
- სახლში დრამი არ გვაქვს, ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ სადაც საშუალებაა, იქ მიგვყავს სარეპეტიციოდ. სახლში კი ჯამებსა და ქვაბებზე ვარჯიშობს (იცინის). ანდრიას ძალიან კარგი სმენა აქვს, მარტივად იმახსოვრებს უცხოენოვან სიმღერებს და მერე თავისთვის ღიღინებს.
- მის ასაკში ბავშვები უფრო სხვა რაღაცებით ერთობიან.
- არასოდეს იღლება დრამზე დაკვრით. როდესაც დასრულების დრო მოდის, საშინელ ხასიათზე დგება. სადაც ამ ინსტრუმენტს ხედავს, სიხარულით თვალები უბრწყინდება. ჯაზფესტივალზე სტეისი კენტის კონცერტს ვესწრებოდით, ანდრია კალთაში მეჯდა და დავიღალე, ცოტა ხანს ფეხზე დავაყენე. მოულოდნელად სცენასთან ახლოს მივიდა და ისე უსმენდა. განსაკუთრებულად დრამერს უყურებდა და რიტმს ხელებით ჰყვებოდა. სტეისი კენტმა ეს რომ დაინახა, სცენაზე აიყვანა და გამოაცხადა, რომ ანდრია მომავალში საუკეთესო დრამერი იქნებოდა.
- სცენაზე უკომპლექსო ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- დაკომპლექსებული ნამდვილად არ არის, მაგრამ არც თავხედია. როდესაც სცენაზე გამოდის, უკრავს, მაყურებლის წინაშე იხსნება და შემდეგ უნდა, ეს სიხარული სხვასაც გაუზიაროს და გამოხატავს. მამა თავისი ბენდით ელოდება, როდის გაიზრდება, რომ ჯგუფში დაუკრას.
- ''ნიჭიერში'' როგორ მოხვდა?
- ანდრია ხშირად უკრავს სხვადასხვა წვეულებაზე. ერთ-ერთ კლუბში დაკვრისას ჩემმა მეგობარმა თათიამ მოუსმინა, როგორ უკრავდა და ვიდეო გადაუღო. შემდეგ ''რუსთავი 2'' -ის მარკეტინგის მენეჯერს აჩვენა. ძალიან მოეწონათ და დაგვიბარეს. თვითონ იმდენად პატარაა, რომ ვერ ხვდება კონკურსის არსს. ახლა იცის, რომ მეორე ტურშია გადასული, მაგრამ ვერ აცნობიერებს. უხარია, რომ უკრავს და ხალხის აპლოდისმენტებს იმსახურებს, გიჟდება იმ პროცესზე, რაც დარბაზში მისი დაკვრის დროს ხდება. პირველი ტურის ეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მწერს თბილ სიტყვებს ანდრიას მისამართით.
- მეორე ტურისთვის უკვე ემზადება?
- დიახ, სტუდიაში მივიყვანეთ, რომ რეალურ დრამზე იმეცადინოს და არა ჰაერში, როგორც ხშირად უკრავს ხოლმე თავის წარმოსახვაში. ოთხი წლის პატარა შოუს ვერ დადგამს, მაგრამ ვეცდებით, რომ მისი გამოსვლა მაინც დასამახსოვრებელი იყოს.
- ნომერს სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილმა აღნიშნა, რომ თქვენი შვილი ძალიან პატარაა ამ სირთულისთვის.
- ეს ანდრიასთვის სირთულე არ არის. შეიძლება, იმ ადამიანისთვის იყოს სირთულე, რომელიც ასე ფიქრობს. ოთხი წლის ასაკში ჩემი შვილი ამ ყველაფრით ერთობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ნიჭი რეალურად აქვს. შიგნიდან მოსდის და ისეთი გამოსვლები აქვს, ბევრ დრამერს რომ არ ექნება. ანდრია ძალიან გემოვნებიანი მსმენელია. ყველა ჯაზმენის სახელი და გვარი იცის, ასევე კომპოზიციების, რომლებსაც ასრულებს და დრამერების, რომლებიც ძალიან მოსწონს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანკა
საყვარელი ბავშვია,წარმატებებიიიი
15:57 / 15-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS