10 ნოემბერი, 2013
რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი
ვცდილობ, ლექსებში ის მუსიკა ვიპოვო, რაც მასში მამაჩემმა ჩადო. როცა ვპოულობ და მამას ვასმენინებ, ჩემს აღმოჩენას იწონებს და მეუბნება, მართალი ხარო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაიზარდა. მის მშობლებთან მაშინდელი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები მეგობრობდნენ და მათ გარემოცვაში განვლო ბავშვობამ...
40 წლის იყო, სცენაზე რომ გამოჩნდა, მამის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით წარდგა ფართო მსმენელის წინაშე. ერთი პერიოდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, რამაც დაახლოებით ცხრა წელს გასტანა, თუმცა ბოლო ხანს გააქტიურდა და თავისი მსმენელი გაახარა.
არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როცა რომელიმე
კომპოზიტორის სიმღერა წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს. აქ კი სწორედ ასეთ „სურათთან“ გვაქვს საქმე. ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული ემოციით მღეროდა და დღემდე ასეა. ამაში მაშინაც დავრწმუნდით, როცა საუბრის ბოლოს მამუკა ჩარკვიანმა თავისი ორი სიმღერა გიტარის თანხლებით შეგვისრულა...

- გარშემო მყოფები ამბობენ, რომ ბოლო დროს სხვანაირი სიმღერები დავწერე. უფრო კარგი, განსხვავებული. რა თქმა უნდა, ჩემი ხელწერა მაინც იგრძნობა. ზოგიერთს ერევა ერთფეროვნება ხელწერაში და ეს ცუდია. სიმღერა რომ იწყება, უნდა ჰგავდეს კომპოზიტორს, კაცის ხელწერა აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს და ასე მე ბევრი მცნობს. ცხოვრებაში სიმღერა არ გამიშვია ისე, რომ მას მაგარი ფილტრი არ გაევლოს - თაკო ჩარკვიანი, ირმა გიგანი, ჩემი მეუღლე, მამაჩემი და თავად მე... დღეში სულ ცოტა ოთხ საათს ვმუშაობ პიანინოსა და გიტარასთან. ვუკრავ სხვადასხვა თემას, რომელთაგან ერთი ამეკვიატება და ის რჩება დაუმთავრებელი. გადის 2-3 თვე და ის ერთი თემა თუ გონებაში ამოტივტივდება, მერე მას ტვინი სხვა მიმართულებას აძლევს და იღებს ფორმას. თუმცა ისიც ხდება, რომ შეიძლება, არავითარი ფორმა არ მიიღოს, არ შედგეს. სიმღერა პატარა სპექტაკლია და როცა სცენაზე დგახარ, მღერი, იმ წუთას შენ მსახიობი ხარ...
- 58 წლის ბრძანდებით, 15 წლის ასაკში დაიწყეთ სიმღერების წერა, ხომ?
- დიახ. 16-17 წლის ვიყავი, როცა დავწერე „ჩამოთოვა ისევ“ , რომელიც ახლახან სხვა ინტერპრეტაციით შევასრულე. მუსიკალურ მხარეს არ შევხებივარ, უბრალოდ, სხვა განვითარება მივეცი.
- მაშინაც იმავე ადამიანებთან გადიოდა თქვენი სიმღერები გაფილტვრას?
- დიახ, მაგრამ მაშინ ისინი უფრო ახალგაზრდები იყვნენ. ახლა ჩემი ოჯახის წევრებს უფრო მეტად ვეკითხები აზრს, რადგან არ მინდა, ამ სიბერეში რამე შემეშალოს. ამდენი ჰიტი, რაც მე დამიწერია, ბევრ კომპოზიტორს არ აქვს. ათი ახლავე შემიძლია ჩამოგითვალოთ. ვლაპარაკობ ჰიტზე და არა ჩვეულებრივ სიმღერებზე. არიან კომპოზიტორები, რომლებსაც 1000 სიმღერა აქვთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მე მათგან არც ერთი არ მახსოვს. 70-მდე სიმღერა დავწერე და რომ ჩაუფიქრდეთ, აქედან 40 მაინც გეხსომებათ და ჩამომითვლით.
- თქვენი პირველი სოლოკონცერტი რომელ წელს გაიმართა?
- მსმენელის წინაშე 1996 წელს გამოვედი. რაც შეეხება სოლოკონცერტს, ის 1999 წელს ფილარმონიის დიდ დარბაზში მქონდა, აპრილში ორი დღე ზედიზედ ვიმღერე, და ერთიც იმავე წლის დეკემბერში. შემდეგი სოლოკონცერტი კი 2012 წლის 12 დეკემბერს გავმართე.
- მახსოვს, 1999 წელს თქვენს კონცერტებზე უამრავი ხალხი იყო, ვინ მიგაღებინათ სცენაზე პირველად გასვლის გადაწყვეტილება?
- თავად და მეგობრებმა. კომუნისტური წყობა იყო, საჭირო გახლდათ კონსერვატორიის კომპოზიტორის დიპლომი. ეს აუცილებელი იყო, სხვაგვარად ვერ გაიტანდი შენს სიმღერას. მე დიპლომი ახლაც არ მაქვს, ივანე ჯავახიშ ვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მერე იყო ქუჩა და „შენა, ბიჭო, მომღერალი ხარ?!“ . თუ კარგ ბიჭობაზე დებდი თავს, ფილარმონიის მომღერალი არ უნდა ყოფილიყავი. „პერესტროიკა“ რომ მოხდა, ამ თვალსაზრისით „კარგმა ბიჭებმაც“ უკან დაიხიეს და ეს თემა ამოიწურა. ქუჩამ თავისი სიტყვა თქვა, სახელმწიფომაც, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეიძლებოდა, კომპოზიტორები უდიპლომოები ყოფილიყვნენ, მთელი რიგი სხვა საკითხებიც მოგვარდა და „პერესტროიკამ“ დაანგრია კედლები. „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ , ხომ გახსოვთ ჩემი სიმღერა „ჰიმნი თავისუფლებას“ მამას ტექსტზე?! ვინც ლომი აღმოჩნდება, მისი ხვედრია თავისუფლება. მე სულ თავისუფალი ვიყავი. ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული, გადატანითი მნიშვნელობითაა, მაგრამ მიხვდებით, რისი თქმაც მსურს: პატიმარი ბადრაგს ეუბნება, მე აქედან წავალო. ბადრაგს ვერ გაუგია, როგორ შეიძლება, მან ციხიდან გააღწიოს. პატიმარი ნახშირს სთხოვს, - რამეს დავხატავო. თხოვნას რომ აუსრულებენ, კაცი დაჯდება და იწყებს ხეების, ლიანდაგის, მატარებლის ხატვას. ასე გადის დრო და ერთხელაც, როცა ბადრაგი მის მოსანახულებლად შედის, ოთახში არც კედელზე დახატული მატარებელი და არც ის კაცი აღარ დახვდება... ასეა, თავისუფალ კაცს ვერაფერი დააკავებს. მე კომუნისტების დროსაც თავისუფალი ვიყავი და ახლაც. იმავდროულად კანონმორჩილიც ვარ. ზოგიერთი სულელური კანონი კი იმისთვისაა, რომ დაარღვიო. ანდა გადააკეთონ, ისინი ხომ ადამიანებმა დაწერეს?! ბევრ კანონს სჭირდება გადაკეთება. შორს წავედით... ასე რომ, თავისუფლება გარკვეულწილად კანონმორჩილებას ითვალისწინებს და იმავდროულად შენი თავის უფალი თავადვე უნდა იყო.
- ბატონო მამუკა, გამოვლილი წლებიდან ბევრ რამეს ნანობთ?
- რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ ერთ რამეზე აზრს არ ვიცვლი. სულ მეუბნებიან, კონსერვატორია რომ დაგემთავრებინა, დიდი კომპოზიტორი იქნებოდიო. ორი სიტყვით გეტყვით, ამაზე დიდი კომპოზიტორი რა უნდა ვყოფილიყავი, რაც ახლა ვარ?! მე ჩემი ცხოვრება მოვყევი ჯანსუღ ჩარკვიანის შექმნილ ლექსებზე. მამაჩემის ლექსები კარგად იმღერება, მაგრამ სანამ ჯანსუღ ჩარკვიანს არ გაიცნობს ერი, ვერ მიხვდება, რამხელა პოეტი ჰყავს გვერდით. მე მოვინდომე, რომ მივახვედრო იმ სიმღერებით, რომლებიც დავწერე.
- კონსერვატორია რომ დაგემთავრებინათ, მიგაჩნიათ, რომ როგორც შემოქმედი, გ ა რ კ ვ ე უ ლ ჩ ა რ ჩ ო ე ბ შ ი მოექცეოდით?
- რა თქმა უნდა. ოთახში მაქვს ერთი ნახატი, რომელზეც ოთხი ხე ხატია, სამი თავიდან ბოლომდე ჩანს, მეოთხე ნახევრად. ის ბოლო მე ვარ. ჩემი მეგობრის, გია მირზაშვილის ნამუშევარია და მაჩუქა. მხატვარმა მეოთხე ხე ნახატზე განა ვერ ჩაატია, მაგრამ იცის, რომ მე „გასული“ ვარ ჩარჩოდან... ჩარჩოში ყოფნა არასოდეს მინდოდა...
- ახლა რომ სტუდენტობა გიწევდეთ, არ ჩააბარებდით კონსერვატორიაში?
- არა, არაფრით არა.
- ბევრი საკუთარი შემოქმედებისა და მამის პოეზიის ამგვარ შეფასებას ამბიციურ ნათქვამად ჩაგითვლით....
- მე სიმართლეს ვამბობ, რატომაა ეს ამბიცია?! ხალხს სიმართლე არ უყვარს, მაგრამ გადახედონ თავიანთ გულებს, როგორც მე და მამას გვიყვარს საქართველო, თავადაც ასე უყვართ თავიანთი ქვეყანა?! მამაჩემმა საქართველოს თავისი ლექსები დაუტოვა, მე - სიმღერები, თუნდაც ერთი გაახსენდებათ. ისინი დატოვებენ სასახლეებს, ის კი არ იციან, რომ ეს ყველაფერი დროებითია, როცა წავლენ, სასახლეები დაინგრევა, ან სხვებს დარჩებათ.
- ბევრ სიმღერას გიტარის თანხლებით ასრულებდით და ახლაც ასეა. გყავდათ პედაგოგი?
- არა. მე ჩემი საინტერესო წყობა მაქვს. დაკვრა 14-15 წლის ასაკში ვცადე, მეზობლის გიტარიდან დავიწყე, მერე ჩემი მიყიდეს და ახლა რამდენიმე მაქვს. სულ ხუთი გიტარაა, მათგან ერთი-ერთი ძველია - საუკუნე-ნახევრის...
- ახალ სიმღერებს თუ ქმნით, ისევ მამათქვენის შემოქმედებას მიმართავთ? ახალი თაობიდან ვინმეს პოეზია ხომ არ შეგირჩევიათ?
- რამდენიმე სიმღერა მაქვს სხვის პოეზიაზე, მაგრამ მამა პროფესიონალი პოეტია და მივეჩვიე. ამას წინათ დავწერე სიმღერა, რომლის ტექსტი რუსულად თავად გავრითმე. ბავშვობაში ლექსი რომ დავწერე, ჯანსუღს ვანახე და მან მითხრა, სახლში ერთი პოეტი საკმარისიაო. მას შემდეგ ლექსი არ დამიწერია. ახლა რომ გავრითმე, მივხვდი, რა საცოდაობაა ეს ლექსი და რა საცოდავია რუსული ესტრადა (ლექსს მიკითხავს, - ავტ). ყველაფერი ერთმანეთს კი ერითმება, მაგრამ მაინც საშინელი ლექსია.
- მიიჩნევთ, რომ ლექსის წერა უფრო რთულია, ვიდრე სიმღერის?
- ორივე რთულია. მე კარგად ვიცნობ პოეზიას. ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. მიყვარს ბოდლერი, მარინა ცვეტაევა, ჯანსუღი, ოთარ ჭილაძე. მუხრან მაჭავარიანს ვაფასებდი, ტარიელ ჭანტურია საინტერესო პოეტია. ხედავთ, ყველას თავისი ნიშა მოვარგე. ძველი კრიტიკოსი ვარ, სტუდენტობის დროს ვწერდი წერილებს და ასეთ შეფასებებს იმიტომ ვაკეთებ. კარგ პოეზიაზე რომ სიმღერა დაწერო, ეს ურთულესია, ამიტომაც ხშირად, ჯანსუ-ღის თქმის არ იყოს, მამაჩემის ლექსებს ვამახინჯებ. თუმცა ეს იმისათვის, რომ სასიმღეროდ კარგი გამოვიდეს. რასაკვირველია, მთავარ ფუძეს ვუტოვებ, მაგრამ ვცდილობ, ლექსებში ის მუსიკა ვიპოვო, რაც მასში მამაჩემმა ჩადო. როცა ვპოულობ და მამას ვასმენინებ, ჩემს აღმოჩენას იწონებს და მეუბნება, მართალი ხარო.
- წლები რომ გადის, ბავშვობიდან სხვადასხვა ეპიზოდი გვახსენდება. ყველაზე ნათელი მოგონება იმ დროიდან დღემდე რა მოგყვებათ? რა გენატრებათ?
- სოლოლაკი მესიზმრება ხოლმე.... 13 ნომერი... ბებია და ბაბუა. ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად... უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, როცა გარდაიცვალნენ. ამას წინათ სოლოლაკში ავიარე და იმ სახლში სულ სხვები ცხოვრობენ. ვერც ერთი ძველი მეზობელი ვერ ვიპოვე, სადაც დავაკაკუნე, სხვებმა გამიღეს კარი. მამაჩემს აქვს ერთი ლექსი „უცხო ფრინველი“ , რომელზეც მინდოდა, მუსიკა შემექმნა, მაგრამ ვერ შევძელი. ლექსში მამა ეფრემ ჩარკვიანს მიმართავს. „96 წლის ეფრემ ჩარკვიანო, გიხაროდეს, რომ მოდგა სიკვდილი. სუფრა გაუშალეთ, რომ მოდგა“ ... ბაბუაჩემი მაშინ უკვე ვერაზე იყო გადმოსული, როცა სვანეთიდან რვა კაცი დაიძრა, თბილისში ჩამოვიდნენ და გარდაცვლილს ზარი უთხრეს. მთელ ვერაზე მოძრაობა იყო გაჩერებული და იმ საოცარ ხმებს ისმენდნენ. ეს სვანური ტრადიცია ძალიან მიყვარს, კაცურია. მაქვს კიდეც ერთი სიმღერა, რომელსაც „სვანური ზარი“ დავარქვი.
- ბევრი იმასაც ჩივის, რომ თბილისმა სახე იცვალა...
- ნამდვილად ასეა, ეს ის თბილისი აღარაა. თბილისში აღარ არის ძველებური სითბო, მხოლოდ აქა-იქ შემორჩა, იმ ოჯახებში, სადაც შვილიშვილი კარგად გაზარდეს, შვილთაშვილს წინაპრების ამბებს მოუყვნენ. თბილისის ყველა უბანში მაქვს ნამღერი, ბევრ ოჯახში და ყველგან ჩემი მსმენელი დამხვდა. ამიტომ იყო ჩემს პირველ სოლოკონცერტზე გადაჭედილი ფილარმონია. იმ ხალხიდან ნახევარი დღეს კიდევ ცოცხალია და ის ხალხი კიდევ მოვა. ზოგი უბრალოდ გადმოცემით მიცნობს, რაღაც გაუგიათ ჩემზე, მათ ჩემთვის „ცოცხლად“ არ მოუსმენიათ. ისინიც მოვლენ და კიდევ გაივსება დარბაზი. ეს სითბო ალაგ-ალაგ შემორჩა ჩვენს ქალაქში და მე ასეთი თბილისი მიყვარს.
- დაგეგმილი ხომ არ გაქვთ სოლოკონცერტი?
- მალე ზუგდიდში მივდივარ. მეგრელები ჩამოვიდნენ და დამპატიჟეს. 9 ნოემბერს იქ კონცერტის გამართვას ვგეგმავ. ჩემთვის პატარა და დიდი კონცერტი არ არსებობს. ყველგან ცოცხალი შესრულებით 20-25 სიმღერას ვმღერი. მოვიარე თელავი, გურჯაანი, ქუთაისი, რაჭა... მომავალი წლის იანვარში კი სოლოკონცერტს უკვე თბილისში ვგეგმავ.

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მამუკა ჩარკვიანი
ძალიან დიდი მადლობა ხალხო, სულ ყველა ძალიან მიყვარხართ, უბრალოდ ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო ამ სტატიასთან დაკავშირებით. აქ დაახლოებით წერია რომ "ამაზე დიდი კომპოზიტორი რა უნდა ვიყო" ეს ხუმრობით ვთქვი საერთოდ მე ჩემს თავს კომპოზიტორს არ ვუწოდებ, მე მხოლოდ სიმღერების ავტორი ვარ, და არ მინდა სხვა კომპოზიტორებმა ცუდად გამიგონ. არც ის მითქვამს, რომ რუსული ესტრადა საცოდაობაა, მე ჩემს დაწერილ ლექსზე ვთქვი თორემ ამხელა შეურაწყოფას როგორ მივაყენებდი რუსულ ესტრადას უნიჭიერესი მომღერლები არიან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
15:34 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გემოვნებიანი სიგერები გაკვს , თავს მოუბრთხილდი მეგობარო,
15:35 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გუგუნა
დიდანს იცოცხლე.
15:21 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
მამუკა ! თქვენ ის მომღერლი ხართ, რომელსაც სიამოვნებით მოუსმენ. ძალიან ტკბილი და თბილია თქვენი სიმღერები, მე ხშირად გისმენთ თქვენ, მერაბ სეფაშვილს და ნუკრი კაპანაძეს .
12:34 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბელა
განსაკუთრებული და იშვიათი გრძნობა მეუფლება თქვენი მუსიკის მოსმენის დროს. გმადლობთ იმისთვის რომ არსებობთ, ცრემლებს ვერ ვიკავებ, ძალიან ვღელავ....მიყვარხართ......
10:45 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ესმიუნი
კარგი ადამიანია მამუკა ჩარკვიანი...მისი სიმღერებიც ძალიან კარგია.. მისი სიმღერებიდან თითქმის ყველას მიყვარს ,თანაც ძალიან!
21:37 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკო
დიდი მადლობა ჩემო მამუკა ესე ლამაზად რომ გადმოგვცემ და გვასწავლი-გიყვარდეტ ერტმანეტი,მოეფერეტ ერტმანეტს,ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა მოასწარიტ სიყვარული.
19:17 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
მამუკა, კაცი ხარ, რომელსაც სიძნელეები არ აშინებს...მაშინ ხარ ძლიერი, რამდენჯერაც დაღმართი შეგხვდება, იმდენჯერვე რო აღმართს მოძებნი და მაღლა ახვალ!ნაპოლეონზე არის ნათქვამი:რა სიმდაბლეა, იყვე ნაპოლეონი და გახდე იმპერატორიო!!!მე სხვა ინტერპრეტაციით გეტყვით:რა სიმდაბლეა, იყო მამუკა ჩარკვიანი და გახდე კომპოზიტორი!!!!უდიპლომო მამუკა ჩარკვიანს გაფასებთ და პატივს გცემთ!!!გაიხარეთ!!!!
18:20 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მიყვარს ამ ადამიანის მუსიკაც, საუბარიც და საერთოდ ნამდვილი ნიჭიერი კოლორიტია
13:53 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS