- შენი როლი როგორი იყო ამ სიმღერის შექმნაში?
- იდეა, მუსიკა და მისამღერის ტექსტი, ანუ ''მიშას რა, ბიძინა!..'' მე მეკუთვნის. რაც შეეხება სმაილს, მას რამდენიმე სახელი აქვს, მათ შორის ემსი სმაილი. ის ''ჯიდიესზე'' მუშაობს. დიდი ხანია, ასეთი სიმღერის გაკეთება მინდოდა, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, როცა ვნახეთ, როგორ აწამებდნენ პატიმრებს. ვინაიდან ეს იყო ელექტროჰაუსი, ბევრმა რეპერმა უარი თქვა ჩაწერაზე, მე კი ვერ გავრეპავდი, რადგან მომღერალი ვარ და ვცადე ტექსტის დაწერა, მაგრამ უფრო რეპერს უნდა დაეწერა. როცა სმაილს მოვასმენინე, მოეწონა, რადგან ყველა ჟანრს უსმენს, მოსწონს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დაწერა ტექსტი და ერთ დღეში ჩავწერეთ, 26 ოქტომბერს კი ''იუთუბზე'' განვათავსეთ მარტივი ვიდეოთი.
მინდოდა, პრეზიდენტისთვის გაცილება მომეწყო. ამ სიმღერის გამოყენება პირადი მიზნებისთვის რომ მნდომებოდა, კლიპს გადავიღებდი და უფრო ადრე გავავრცელებდი, მაგრამ უბრალოდ, არჩევნების წინა დღეებში პრეზიდენტის გასაცილებლად გავავრცელე.
- არ მახსოვს, აქამდე პოლიტიკურად აქტიური ყოფილიყავი. საქართველოში რაღაც პერიოდი არ იყავი, როცა ჩამოხვედი, მაშინაც არ აქტიურობდი ამ მხრივ.
- სიმართლე გითხრა, ახლაც არ ვარ პოლიტიკურად აქტიური. ტექსტს რომ მოუსმენ ბოლომდე, უფრო ღადაობა და კომედიაა. მე ამას პოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, უბრალოდ, გავაცილეთ.
- მაგრამ დამცინავი ტექსტია.
- მგონი, ამას იმსახურებდა!..
- მახსოვს, ერთ წელს საახალწლო კონცერტში მიიღე მონაწილეობა, თიკო სადუნიშვილთან მხურვალე კოცნით დაგვამახსოვრე თავი, მერე სკანდალით, შემდეგ საკუთარი ჯგუფიც გააკეთე, მაგრამ მერე სადღაც გაქრი. ვერ მოძებნე ადგილი შოუბიზნესურ ''მაფიაში'' , როგორც ზოგიერთი ეძახდა?
- მაფია სად იყო, არ ვიცი, მაგრამ რადგან ლონდონში ვსწავლობდი და ამ სფეროში ბევრი რამ ვისწავლე, მინდოდა, საქართველოში შოუბიზნესის სფეროში სკოლა გაკეთებულიყო. საქართველოში შოუბიზნესის პრობლემა სულ იქნება, სანამ შესაბამისი სასწავლებელი არ გაჩნდება. იდეაში ნიჭიერები ვართ, მაგრამ პრაქტიკა და გამოცდილება, ცოდნა არ გვაქვს. მუსიკაში წერა-კითხვა არ ვიცით და მინდოდა სკოლის გახსნა, მაგრამ რა ვიცი, არ დამაფინანსეს, არ დამიდგნენ გვერდში და მეც შევეშვი. ხმის ჩამწერი სტუდია გავაკეთე და ამანაც ვერ იმუშავა. ბოლოს უფასოდ ვიწვევდი ბავშვებს, მოდით-მეთქი, მაგრამ ალბათ, რადგან ახალგაზრდა ვარ, ფიქრობდნენ, რომ ჩემგან ვერაფერს ისწავლიდნენ.
- დაფინანსებაზე ვის ესაუბრე?
- მხოლოდ მე კი არ ვესაუბრებოდი პირადად, სხვებსაც ვთხოვდი, გადაეცათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრს უნდოდა ასეთი სკოლის გაკეთება, საბოლოოდ კი არავინ გააკეთა და მეც ვერ მოვახერხე. შემდეგ მთავრობაც შეიცვალა. ვლაპარაკობდი როგორც კერძო უწყებებთან, ისე სახელმწიფოსთანაც. ეტყობა, იმ დროისთვის ამისთვის მზად არ იყვნენ ან ვინმე თავისიანს ელოდებოდნენ, რომელიც ამის გაკეთებას დააპირებდა.
- თავად დაბლოკილი ხომ არ იყავი?
- არა, თავად არ მქონდა სურვილი და რაღაც პერიოდი თავი მქონდა დანებებული მუსიკისთვის. ახლა ისევ გავაქტიურდი.
- ახლა გაქვს იმედი?
- მგონი, მთელ საქართველოს აქვს და მეც მათ შორის.
- მიხეილ სააკაშვილს თუ შეხვედრიხარ როდისმე?
- არა, პირადად არ ვიცნობ.
- მასთან დაახლოებულ შოუბიზნესის წევრებთან არ გილაპარაკია პრობლემებზე?
- მილაპარაკია, მაგრამ მგონი, საქართველოში ხდება ასე, როცა ვინმეს იდეას სთავაზობ, ჰგონია, რომ მისი ადგილის დაკავება გინდა. მე კი ერთობლივი მუშაობის მომხრე ვარ. ასე კარგი საქმეები გამოდის.
- შენი კოლეგები პრეზიდენტის გასაცილებელ სიმღერაზე რას ფიქრობენ?
- კოლეგებიდან არავინ გამომხმაურებია, ხალხს კი მოეწონა და დადებითად შეაფასეს.
- რა გეგმები გაქვს?
- როგორც გითხარი, სტუდიაში ვარ და ვმუშაობ ახალ პროექტებზე, რომელთა შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად გაგანდობთ.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















