- ალბათ, ახლა უფრო გახსნილი ვიქნები პრესასთან, აქამდე არ მივიჩნევდი საჭიროდ გამოჩენას, რადგან ახალი არაფერი ხდებოდა. ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. თუ გახსოვთ, ჩემი დაკავების შემდეგ გარკვეულ დისკრიმინაციას განვიცდიდი. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ამ პოზიციაზე ვიყავი და ეს პოზიცია ბოლომდე დავიცავი. მაისურების დარიგებისთვის დამიჭირეს და რამდენიმე თვეში ბევრად უფრო აქტიურად ჩავერთე ''ქართული ოცნების'' საქმიანობაში. წინასაარჩევნო აქციებისა და კონცერტების ერთ-ერთი ტექნიკური ორგანიზატორი გახლდით. იმ დროს ყველას ეშინოდა ჩვენთვის აპარატურის მოქირავების, მოყიდვის. ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მოვიფიქრეთ მექანიზმი, როგორ უნდა მოგვეტყუებინა სახელმწიფო უწყებები. თუკი რაიმეს შეკვეთას გადავწყვეტდით, მთელ აპარატურას ან საბაჟოზე აჩერებდნენ, ან აფუჭებდნენ და გამიზნულად ანადგურებდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ძალიან დიდი რაოდენობის აპარატურის ჩამოტანა ისე, თითქოს ეს თბილისის მერიას ეკუთვნოდა...
- მერიას? ეს როგორ მოახერხეთ?
- დავუკავშირდით ერთ ძალიან კარგ ადამიანს, რომელსაც შეეძლო უცხოეთიდან დიდი რაოდენობის აპარატურა ეყიდა. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ დაგისახელებთ. სხვა კომპანიებისთვისაც ჩამოჰქონდათ აპარატურა, ანუ ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. მათი წარმომადგენელი მივიდა მერიაში და უთხრა, რომ ძალიან იაფად შეეძლო უცხოეთიდან აპარატურის ჩამოტანა, რომელსაც შემდეგ მათ კარგ ფასად მიაქირავებდნენ. ამ წინადადებით მერიის წარმომადგენელი დაინტერესდა, აპარატურა შეუკვეთეს და საზღვარზე რომ იკითხეს, ვისიაო, კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისის მერიაზე მიუთითეს. ასე გადარჩა აპარატურა, რომლითაც შემდეგ ყველა წინასაარჩევნო კონცერტი და აქცია გაიმართა. როცა მერიაში გაიგეს, რა სქემა მოქმედებდა, შოკში იყვნენ. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ გუნდის მიმართ, რომელიც წინასაარჩევნო აქციებს ამზადებდა. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
- შენს საქმიანობას, დიჯეობას, წვეულებების მოწყობას არჩევნების შემდეგ დაუბრუნდი?
- დიჯეობიდან მართლაც ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ როგორც კი ბერამ შემომთავაზა, რომ მათთან ტექნიკურ მხარეში ჩავრთულიყავი, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. არჩევნების შემდეგ ბერას სტუდიაში ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს, ბევრი ფიქრის შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, ბერას კაცურად ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. გუნდსაც ეწყინა და ბერასაც, მაგრამ მას ვუთხარი, როცა დაგჭირდები, ნებისმიერ დროს შენთან ვიქნები-მეთქი. რომ წამოვედი, ის რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო. შესაძლოა, სტუდიის ოფიციალური თანამშრომელი აღარ ვარ, მაგრამ მაინც მათ თანამშრომლად ვგრძნობ თავს.
- რთული არ არის ბერასთან მეგობრობა და მუშაობა?
- იმ პერიოდში, როცა მასთან ვმუშაობდი, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავდი, არადა, სირთულეები იყო. ისეთ პირობებში გვაქვს ერთად ნამუშევარი, რომ რთულად არაფერი გვეჩვენება. თითოეული დღე იყო ძალიან საინტერესო და მადლიერი ვარ, მახსოვს, როგორი ვიყავი იქ მისვლამდე და ახლა როგორიც ვარ. დიდი სხვაობაა იმ რემბოსა და ამ რემბოს შორის, ეს რემბო მომწონს, ისეთია, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი.
როცა სტუდიიდან წამოვედი, ერთი მიზეზი მქონდა, მიყვარს ჩემი საქმიანობა და მინდა, საქართველოში ეს სფერო განვითარდეს. ქართული შოუბიზნესის დღევანდელ დონეს მე კი ვაკმაყოფილებ, მაგრამ ის მე არ მაკმაყოფილებს. ვიცი, ახლა ბერა წავა ამერიკაში, იქ ძალიან ბევრს იმუშავებს, ბევრს მიაღწევს და ორ წელიწადში სულ სხვა მოთხოვნები ექნება, მე კი მინდა, რომ მას ფეხი ავუწყო. ვიცი, ღამეებს გაათენებს და აქაც დასჭირდება გუნდი, რომელიც დაეწევა მის მოთხოვნებს. ბერას კონცერტებმა ქართველი მსმენელი ძალიან განავითარა და მას სხვები ვერ დაეწევიან. ბოლო კონცერტებიც ძალიან მაგარი იყო. ხალხს არნახული, ენით აუწერელი ემოციები ჰქონდა...
- როცა სტუდიიდან წამოხვედი, ბერას არ უცდია შენი დაბრუნება?
- ზუსტად რამდენიმე დღე იყო გასული, როცა ბერამ დამირეკა. ყველანაირად ცდილობდა, ჩემი გრაფიკისთვის ხელი შეეწყო, რომ ჩემი საქმეც მეკეთებინა, მაგრამ მის ტელევიზიაშიც ვყოფილიყავი. მისგან ეს დიდი საჩუქარი და სითბოს გამოხატვა იყო. ისე დამირეკა, რომ უარის თქმა არ გამომდიოდა და ვერც ვუთხარი. ახლა ''ჯიდიესზე'' სტაჟიორი ვარ და დავდივარ, როგორც ყველა. არ მინდა, იქ ვიმუშაო, როგორც ბერას ძმაკაცმა. შემომთავაზეს ძალიან კარგი მუსიკალური გადაცემა, მაგრამ მას შემეცნებითი მხარე დავუმატე. კარგი გუნდი შევკრიბე. ოთხი თვეა, მეტყველებაზე დავდივარ, ვსწავლობ რეჟისურასაც. საქართველოში თუკი გინდა, რაიმე კარგად გაკეთდეს, ყველაფერი უნდა იცოდე და თავად აკეთებდე. მინდა, გავაკეთო ყველასთვის საინტერესო, კომერციაზე გათვლილი გადაცემა.
- ალბათ, როცა სტუდიიდან წამოხვედი, იყო ჭორები, რომ გამოგიშვეს.
- რა თქმა უნდა, იყო. ყველაზე მეტად სწორედ ამის მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ ვინმეს ეს არასწორად არ მიეღო. არის საქართველოში ადამიანთა კატეგორია, რომელიც ინტრიგებით ცხოვრობს. იყო ჭორები და იმ პერიოდში მეც შემეხო. არ ესმოდათ, რანაირად გავბედე იქიდან წამოსვლა, სადაც ყველას უნდა მუშაობა. იყო ასევე ხმები, რომ არჩევნების შემდეგ მაღალი თანამდებობა უნდა მიმეღო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რისთვისაც მე და შეგნებული ადამიანები იბრძოდნენ, იყო არა მდგომარეობა, ფინანსური თუ სხვა სახის, არამედ თავისუფლება. ბევრს ჰგონია, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიპოვე, თუმცა ახლა, როცა დიჯეობას დავუბრუნდი, ბევრად უფრო მაღალი შემოსავალი მაქვს, ვიდრე აქამდე მქონდა. ბერასთან ფინანსების გამო არავინ მუშაობს. იქ იმდენად ოჯახური გარემოა, თუკი ხარბი ადამიანი ხარ, ერთ დღესაც ვერ გაჩერდები. იქ ფინანსებზე ბევრად მეტი რამ მივიღე, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. აქამდე თუ ორი-სამი თვით წინ ვიხედებოდი, ახლა ბევრად უფრო შორს ვიხედები.
- ბერას ბოლო კონცერტებზე გკითხავ. სოციალურ ქსელებში წერდნენ, ადრე სხვები მართავდნენ კონცერტებს, ახლა სულ ბერა ატარებსო და აკრიტიკებენ კიდეც.
- კრიტიკა საქართველოში სულ იყო, მაგრამ მოდი, ვიკითხოთ, ვისი ფულით აკეთებს ბერა კონცერტებს, სახელმწიფოს ფულით? არა, თავისი ფულით. ბერას კონცერტები ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული ნაკლებად ხარისხიანი კონცერტები. რაც შეეხება შოუბიზნესს, თუ ვინმე რაიმეს ილაპარაკებს, ვთხოვ, გააანალიზოს, რა ხდებოდა ადრე და ახლა რა ხდება. უწინ გართობაში დიდი ფული იხარჯებოდა, თუმცა ამ სფეროს მდგრადი განვითარების დონე წლიდან წლამდე არ იცვლებოდა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კულტურის სამინისტრო უფრო მეტად უნდა მუშაობდეს ახალგაზრდებთან და პროექტებს ისე არ უნდა ახორციელებდეს, რომ ახალგაზრდებს აზრი არ ჰკითხოს, მაგრამ ეს სხვა თემაა.
ისევ თქვენს კითხვას დავუბრუნდები, ქართველებს სჩვევიათ, რაც უფრო ძლიერია ადამიანი, უფრო ძლიერდება მისი კრიტიკა და ქილიკი. ბერას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ქართველები ვერ აფასებენ. 18 წლის ასაკში ასეთ ტექსტებს ყველა ვერ დაწერს. ქართველებს მუშაობა არ უყვართ და ამ ასაკის ადამიანი ღამეებს რომ ათენებს სწავლაში, მუშაობაში, ეს არ არის დასაფასებელი? დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს მიაღწევს. სხვებზე ჭორაობას, ჯობია, რაიმე საქმით დაკავდნენ. ბერამ იცის თავისი საქმე და იმას აკეთებს, რაც უნდა. მეც ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჭორაობას ვერ ავყვებით (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















