01 ნოემბერი, 2013
მორაგბე ლევან ჩილაჩავას მშობლებმა არჩევანი დაუწუნეს
საფრანგეთში მოთამაშე ყველა ქართველი ვცდილობთ, დასვენება საქართველოში გასატარებლად გამოვიყენოთ ქართველი მორაგბეების წარმატებას უკვე მივეჩვიეთ. პირობები არ აქვთ, მაგრამ მაინც კარგად თამაშობენ. ქართველი მორაგბეები ევროპის სხვადასხვა გუნდმა შეისყიდა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კარგ გუნდში, საფრანგეთის ''ტულონში'' თამაშობს ლევან ჩილაჩავა. ლევანს ინტერნეტით დავუკავშირდით და შევეცადეთ გაგვერკვია, როგორია ქართველი ლეგიონერის ცხოვრება.

- 22 წლის ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი. ჩვიდმეტი წლის ასაკში წამოვედი საფრანგეთში და უკვე მეხუთე წელია, ''ტულონში'' ვარ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შვიდი თამაში მაქვს ნათამაშები.
-
მაინცდამაინც რაგბი რატომ აირჩიე?
- უბანში რაგბის მწვრთნელი ცხოვრობდა. ათი წლის რომ ვიყავი, ვიფიქრე, ვარჯიშზე გავყვები-მეთქი. ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რაგბის და ზოგადად სპორტს რომ გავყოლოდი. მაგრამ ვარჯიშზე რომ მივედი, ძალიან მომეწონა. უკვე 12 წელია, ამ სპორტში ვარ.
- რატომ დაგიწუნეს სპორტული არჩევანი?
- ფიქრობდნენ, რომ რაგბი საშიში და რთული სპორტია. ახლა ყველა გვერდში მიდგას.
- მეხუთე წელია, საფრანგეთში ხარ. არ გაგიჭირდა მარტოს სხვა ქვეყანაში ცხოვრება?
- პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა. არავის ვიცნობდი. ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ფრანგულიც უკვე კარგად ვისწავლე.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ სპორტს დიდი ყურადღება არ ექცევა, ქართველი მორაგბეები წარმატებულად თამაშობენ.…
- საქართველოში მართლა კარგი სახელი გვაქვს. ყოველთვის ვცდილობთ, ქართველები ჩვენი კარგი თამაშით გავახაროთ. რამდენიმე წლის წინ მართლა არ იყო სავარჯიშო პირობები. ახლა ცოტათი გამოსწორდა სიტუაცია. რამდენიმე მოედანი ააშენეს, მაგრამ ეს მოედნები სავარჯიშოა. სათამაშო დიდი მოედანი მორაგბეებს არ გააჩნიათ.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში რაგბი უფრო წარმატებული გახდეს?
- პირველ რიგში, დიდი სტადიონები უნდა აშენდეს და აუცილებელია სპონსორების მოზიდვა. საფრანგეთში ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები იმიტომ მოდიან, რომ დიდი ანაზღაურება აქვთ და ყველას საფრანგეთის გუნდებში უნდა თამაში. ამიტომაცაა საფრანგეთში რაგბის დონე მაღალი. ჩემს გუნდში მხოლოდ ათი ფრანგი თამაშობს, ყველა დანარჩენი უცხოელები ვართ.
- რაგბის გამო, ალბათ, სწავლას ნაკლებ ყურადღებას უთმობდი.
- რაგბიზე სიარულის პარალელურად უნდა მესწავლა კიდეც. ასე თუ არ მოვიქცეოდი, მეუბნებოდნენ, რაგბიდან გამოგიყვანთო. 13-14 წლის რომ ვიყავი, სკოლის საგნებს კარგად არ ვსწავლობდი და დაახლოებით ორი კვირა გამომიყვანეს რაგბიდან. მერე მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა დაშლას, მაინც ვერ გადამაფიქრებინებდნენ. სკოლა რომ დავამთავრე, კერძო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეკონომიკის ფაკულტეტზე. იმ ზაფხულშივე საფრანგეთში წამოვედი. საფრანგეთში რაგბის ფედერაცია ითხოვს, რომ უცხოელმა მოთამაშემ ფრანგულის კურსები გაიაროს. გამოცდებს ყოველ წელს ვაბარებდით მე და დანარჩენი უცხოეთიდან ჩამოსული მორაგბეები. ჩემთან ერთად ტულონის გუნდში თამაშობს კოტე მიქაუტაძე. ფედერაცია გვავალდებულებს და მე და კოტე სხვა ლეგიონერებთან ერთად კვირაში ორჯერ ტურისტულ ფაკულტეტზე დავდივართ.
- ახლა, ალბათ, აღარც წარმოგიდგენია, რომ როდისმე ეკონომისტი იქნები.
- საფრანგეთში რომ არ წამოვსულიყავი, უმაღლესი სასწავლებელი უკვე დამთავრებული მექნებოდა და ვიმუშავებდი. ახლა რაგბის გარდა ჩემი თავი ვერსად წარმომიდგენია.
- არის საქმე, რომელიც ისევე გაინტერესებს, როგორც რაგბი?
- რომც მაინტერესებდეს, იმის დრო არ მაქვს, რომ სხვა რამ გავაკეთო.
- ინტერვიუს ჩაწერა რამდენჯერმე გადავდეთ, რადგან დამატებითი ვარჯიში დაგინიშნეს. როგორია წარმატებული სპორტსმენის ერთი ჩვეულებრივი დღე საფრანგეთში?
- ჩვენთვის სამშაბათი დღე ყოველთვის გადატვირთულია. თითქმის მთელი დღე ვვარჯიშობთ. შაბათს თამაშები გვაქვს. კვირა დღეს მსუბუქად ვვარჯიშობთ. დღეს სამშაბათია და მძიმე დღე მქონდა. გავიღვიძე რვის ნახევარზე. თორმეტ საათამდე ვივარჯიშეთ. მერე მსუბუქად შევჭამეთ და სამ საათზე სახლში წამოვედით დასასვენებლად. საღამოს ისევ ორსაათიანი ვარჯიში გვაქვს.
- ბევრისთვის საფრანგეთი გართობისა და დასვენების ადგილთან ასოცირდება. გრჩება დრო გართობისთვის?
- ოთხშაბათი დასვენების დღე გვაქვს, არ ვვარჯიშობთ. შაბათს, თამაშის მერეც შეგვიძლია, სადაც გვინდა წავიდეთ და გავერთოთ თანაგუნდელებთან ერთად. ზაფხულში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში გავედით და თვე-ნახევარი გაგვათავისუფლეს. სადაც გინდათ, დაისვენეთო, გვითხრეს.
- სად გადაწყვიტე დასვენება?
- ზუსტად მაშინ საქართველოს ნაკრების თამაშები გვქონდა. აფრიკასთან, ირლანდიასა და ურუგვაისთან ვითამაშეთ საქართველოში. მეოთხე თამაში არგენტინაში გვქონდა. დასასვენებლად მხოლოდ ორი კვირა დამრჩა და სხვაგან სად უნდა დამესვენა. საფრანგეთში მოთამაშე ყველა ქართველი ვცდილობთ, დასვენება საქართველოში გასატარებლად გამოვიყენოთ.
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- მეუღლე არ მყავს.
- აპირებ, უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას?
- ჯერჯერობით არ ვაპირებ. შეყვარებული არ მყავს.
- რადგან საფრანგეთში ცხოვრობ და საქართველოში იშვიათად ჩამოდიხარ, გიფიქრია, ფრანგი გოგონას ცოლად მოყვანაზე?
- არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ფრანგებზე ცუდს არაფერს ვამბობ, კარგი გოგონები არიან. მაგრამ მირჩევნია, ცოლად ქართველი მოვიყვანო.
- შენს რჩეულს რაგბი აუცილებლად უნდა უყვარდეს?
- რა თქმა უნდა. 37 წლამდე თამაშობენ რაგბის. ახლა რომ ცოლი მოვიყვანო, დაახლოებით თხუთმეტი წელი ამ სპორტში უნდა ვიყო. სპორტსმენი რომ ხარ, ისეთი ცოლი უნდა მოიყვანო, რომ ხელი შეგიწყოს და შენი გულშემატკივარი იყოს. უნდა ესმოდეს, რომ სპორტსმენის ცხოვრება სხვანაირია. მაგალითად, ორი დღის შემდეგ თამაში მაქვს უელსში, სადაც სამი დღით მივდივარ. ეს ყველაფერი ცოლისთვის პროტესტის საბაბი არ უნდა გახდეს.
- სპორტსმენი გოგონები მოგწონს?
- საფრანგეთში ლამის ყველა მეორე სპორტსმენია, მაგრამ საქართველოში სპორტს ძალიან ცოტა გოგო მისდევს. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება სპორტსმენი მეუღლის მოძებნა.
- წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება. საფრანგეთში გააგრძელებ საქმიანობას თუ საქართველოს დაუბრუნდები?
- მინდა, საფრანგეთში რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო და მერე აუცილებლად დავბრუნდები.
- როგორ ფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის ნაკრების დონემდე მისვლას შეძლებს?
- ბავშვები რაგბიზე პატარა ასაკიდანვე უნდა მიიყვანონ. როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, აუცილებელია რაგბის სტადიონების გაკეთება. სათამაშოდ რომ გადიხარ და მაყურებელი მხოლოდ 2000 კაცია, სტიმული გეკარგება. საფრანგეთში რომ ვთამაშობთ, 40-50 ათასი კაცია სტადიონზე. როცა ტრიბუნებზე ბევრი მაყურებელია, ნებისმიერი მორაგბე სხვანაირად ითამაშებს. ბევრი მაყურებელი სპორტსმენს დიდ ენერგიას გაძლევს.
- ამბობენ, ახალზელანდიელები თამაშის წინ ისეთ რიტუალს ატარებენ, მათი მოგება თითქმის შეუძლებელიაო. როგორ ფიქრობ, მათი მისალმება მართლა მისტიკურია?
- მარტო მისალმების ბრალი რომ იყოს კარგად თამაში, ყველა ქვეყნის მორაგბე ისწავლიდა. ახალზელანდიელებს სისხლში აქვთ გამჯდარი რაგბის კარგად თამაში. მისალმება მართლა ისეთი აქვთ, რომ მოწინააღმდეგე ითრგუნება. თუმცა ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე მისალმებამ არ უშველათ, ფრანგებმა მოუგეს.
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, როგორც ვიცი, თამაშის წინ ლოცულობს.
- ჩვენ ყველა თამაშის წინ ''მამაო ჩვენოს'' ვამბობთ და როცა არის საშუალება, მამაო მოდის და გვლოცავს, რაც ყოველთვის დიდ ძალას გვმატებს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფო
ფრანგი ხალხი რომ ტავის ეროვნულობას დიდ პატივს სცემს და სხვასაც ავალდებულებს იქიდნაც ჩანს რომ რაგბის ფედერაციის წესებიტ ენის კურსების გავლა სავალდებულოა.ეს მაგალიტი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
20:04 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS