- ზალიკო, გურმანი ხარ?
- საშინლად.
- რაში გამოიხატება შენი გურმანობა?
- მიყვარს ეგზოტიკური, უცხო კერძები.
- მხოლოდ გემრიელი კვება გიყვარს თუ კერძების მომზადებაც გამოგდის?
- თვითონ იშვიათად ვამზადებ, ისე, სახლში მომზადებული საჭმელი მიყვარს. მე თვითონ ვერ ვამზადებ, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს გემრიელი ხელი აქვს. რომ არ ველოდები, ისეთი მეგობარი დამახვედრებს ხოლმე გემრიელ კერძს...
- შენი საყვარელი კერძი რომელია?
- ყველაფერი მიყვარს კარგად მომზადებული, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ.
- ერთხელ მაინც ხომ გიცდია კერძის მომზადება?
- ერთხელ და ორჯერ კი. ალბათ, კვერცხი შემიწვავს, არ მახსოვს. ერთი შემთხვევა გამახსენდა ახლა. პედაგოგთან წასასვლელად ვემზადებოდი, გაკვეთილზე ვაგვიანებდი. მინდოდა, შემწვარი კარტოფილის ჭამა მომესწრო. გამოვიღე მაცივრიდან ტყემალი, მოვასხი თეფშზე და მურაბა აღმოჩნდა. აი, როგორი მზარეული ვარ (იცინის). დავრჩი მშიერი.
- რომელი პროდუქტი გიყვარს და რომელს არ შეჭამ არასდროს?
- მიყვარს ყველანაირი პროდუქტი. რომელი არ მიყვარს, არ ვიცი. ალბათ, ბაყაყსა და გველს ვერ შევჭამ, თუმცა, თავიდან კიბორჩხალაზეც მასე ვამბობდი.
- ვინ ზრუნავს შენს გამოკვებაზე, ვინ გიმზადებს გემრიელ კერძებს?
- როდესაც სახლში ვჭამ, დედა. მაძალებს კიდეც, რომ გემრიელად და ბევრი ვჭამო. ასევე ჩემს გამოკვებაზე ზრუნავენ ჩემი მეგობრების რესტორნები (იცინის).
- თუ სახლში არავინაა და კერძიც არ არის მზად, ვერ მოახერხებ რაიმეს მომზადებას?
- არა, მაგის ნებისყოფა არ მაქვს.
- კერძი თუ გამოგიგონებია?
- კი. სალათია, ძალიან ადვილი მოსამზადებელია. დაჭრით კიტრსა და პომიდორს წვრილად, მოასხამთ ლიმონის წვენს, ბალზამიკოსა და ზეთს. მარილი გემოვნებით. ზაფხულის საჭმელია. ბალზამიკო და ლიმონი არაჩვეულებრივ არომატს აძლევს და ახდუნებს კიდეც.
- რა ჰქვია ამ სალათს?
- ზალიკო დაარქვი, თუ გინდა (იცინის).
- ვიცი, რომ წონას და განსაკუთრებით მუცელს ებრძვი გამუდმებით, როგორი ნებისყოფა გაქვს ამ მხრივ?
- არასდროს არანაირი დიეტა არ დამიცავს, ვერ ვახერხებ. ამის ნებისყოფა არ მაქვს.
- მაშინ რომელიმე ეფექტური დიეტა ჩვენს მკითხველს გაუმხილე, იქნებ, მათ შეუძლიათ?
- (იღიმება) საღამოს ექვსი საათის მერე რომ არ ჭამ, მაგაზე ეფექტური და იოლი დიეტა არ არსებობს. თუ ამას ფეხით ბევრ სიარულს, ვარჯიშს და ცომეულის მოკლებასაც დაუმატებთ, აუცილებლად დაიკლებთ. ოღონდ არა ორ დღეში, ამას დრო სჭირდება. ორდღიანი, თუნდაც ათდღიანი დიეტები ძალიან ეფექტურია, მალე იკლებ წონაში, მაგრამ როგორც კი ჭამას იწყებ, ასევე მალე იმატებ. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ზომიერი კვება, ეს არის რეცეპტი.
- ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავს და სად?
- განსაკუთრებული არაფერი... მილანში, კახი კალაძის რესტორანში მივირთვი ლობსტერი და აღფრთოვანებული დავრჩი. შხამიანი მანგო ვჭამე იტალიაში. საშინელება იყო, გახსენებაც არ მინდა.
- ზოგადად რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს ყველაზე მეტად?
- ყველა ქვეყნის სამზარეულო საინტერესო და დამახასიათებელია. ამ მხრივ ქართველებიც გამოვირჩევით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. მომწონს იტალიური, ჩინური, იაპონური, აზერბაიჯანული სამზარეულო. ყველას ვერ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს. და, რა თქმა უნდა, ქართული.
- როგორი ქმარი იქნები, ზალიკოს ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს?
- აუცილებლად უნდა იცოდეს ან ისწავლოს!
- ტკბილეულთან როგორ ხარ?
- ძალიანაც არ მიყვარს, იშვიათად მივირთმევ, თუმცა თავისთავად კარგია და ზომიერად აუცილებელიც ადამიანისთვის.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















