სახატავ მასალას ქვისგან ამზადებს, რომლებსაც ჩაქუჩით ამტვრევს, ფხვნის და საცერში ატარებს. მისივე მოფიქრებულია წებოში შეზავებული გარკვეული მასაც, რომელიც ყოველგვარი უცხო მინარევების
ქვები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქვს შეგროვებული, მეგობარ- ახლობლებიც ამარაგებენ. ფხვნის მარმარილოსაც, რომელსაც განსაკუთრებული ბრწყინვალება აქვს და ზოგიერთ ნამუშევარზე ეს დაფხვნილი ქვაცაა გამოყენებული.
მხატვრობით არც ბავშვობაში ყოფილა გატაცებული და არც შემდეგ. ამ კუთხით არც პროფესიული განათლება მიუღია, მაგრამ ფაქტი ერთია _ მისი მხატვრობა ყველასაგან გამორჩეული და უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ არც საქართველოში და არც მსოფლიოში ამ ხელოვნებას ანალოგი არ აქვს. ალეკო ლომაძეს მიმდევრები არ ჰყავს და არც თავად უცდია, ეს ხელოვნება სხვისთვის ესწავლებინა. ''ქვებით ხატვა'' საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, თუმცა ხელოვანს ის გზა აქვს არჩეული, რომელიც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თან ხუმრობს, რაც ზღვასა და ხმელეთზე ქვა იყო, ყველა ნახატებად ვაქციეო.

ალეკო ლომაძემ პირველად რუსთაველის პორტრეტი შექმნა და მას შემდეგ მის ნამუშევრებს შორის პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები და ხატები გაჩნდა...
ახლახან ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი პორტრეტი დახატა და ეს ნამუშევარი 17 ოქტომბერს გურიაში ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მუზეუმში განთავსდა...
სახელოსნოს კედლებზე საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებთან ერთად გადაღებული ფოტოებია გამოფენილი: გოგი დოლიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოტია იოსელიანი, რეზო ჩხეიძე...
გოგი დოლიძის დამსახურებაა, რომ სხვებმაც გაიცნეს. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და მას შემდეგ ძალიან ახლო მეგობრები არიან. 2006 წელს, გოგი დოლიძის თაოსნობით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალეკო ლომაძის ნამუშევრების 5- დღიანი გამოფენა მოეწყო. მას შემდეგ მისი ''თამარ მეფე'' და ''დავით აღმაშენებელი'' ამ ბიბლიოთეკის კედლებში ინახება.
დავინტერესდით ბატონ ოტია იოსელიანთან ურთიერთობითაც, რაზეც მხატვარმა გვითხრა:
''ბატონ ოტიასთან ვმეგობრობდი. გურიაში ჩემთან ხშირად ჩამოდიოდა. ბევრჯერ მიფიქრია ამ საქმისთვის თავის დანებება. ერთხელ ოტიამ მითხრა, ასე არ მოვქცეულიყავი, ხელოვნება ის კი არ არის, ყველა რასაც აკეთებს, არამედ ის, რასაც შენ გარდა არავინ ქმნისო. იმდენი მელაპარაკა, გადამაფიქრებინა და მუშაობა გავაგრძელე. ოტია იოსელიანი და სხვები მაშინ გავიცანი, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საკმაოდ დიდი გამოფენა მქონდა. ძალიან ახლოს ვარ ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან. მისი პორტრეტიც მაქვს გაკეთებული... ავტოპორტრეტი? ჯერ არ გამიკეთებია, მთხოვენ ხოლმე, გურიაში მოძღვარმა კურთხევაც მომცა, მაგრამ საამისოდ ვერ ვიცლი...
ბატონ ოტიას ავსტრიაში უნდა წავეყვანე და ჩემი ნამუშევრები იქაც გაეცნოთ. საამისოდ შესაბამისი საბუთები შევაგროვე, პასპორტი გავაკეთე, მაგრამ... სამწუხაროდ, ბატონი ოტია რამდენიმე თვეში გარდაიცვალა'' ...
ახლახან ლიტვაში მხატვართა 2013 წლის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, საქართველო ალეკო ლომაძემ წარადგინა. მიწვეულ ხელოვანთა შორის მისი ნამუშევრები ცხრა დღე უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, იქ ერთ თვეს დარჩა. შეიძლებოდა, ეს დრო კიდევ უფრო გახანგრძლივებულიყო, მაგრამ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის პორტრეტის გამო დაბრუნდა.

ლიტვაში არაერთი ნამუშევარი ჰქონდა წაღებული და მათ შორის ბევრის ინტერესი იმ ნამუშევარმა გამოიწვია, რომელზეც მამაკაცების ქუდებს შორის ერთი ქალის ყვითელი შლაპაა. ''ქალი სამყაროს საწყისია და მთელი მსოფლიო მასზეა დამოკიდებული'' , _ ასე ხსნის ამ ნახატის შინაარსს ავტორი.
როგორც აღმოჩნდა, დღესდღეობით მსოფლიოში ''ქვით ფერწერას'' ალეკო ლომაძის გარდა არავინ მისდევს და ამის გამო ლიტვაში ქალაქის მერმა ქართველ ხელოვანს სერტიფიკატი და დიპლომი გადასცა. იქვე დარჩა ალეკო ლომაძის მიერ შექმნილი ფიროსმანის პორტრეტი, რომელიც ლიტვის მუზეუმში მუდმივად იქნება გამოფენილი.
იქვე უთხოვიათ, მხატვარს საღებავებითაც ემუშავა და საამისოდ მასალით მოამარაგეს. ტარდებოდა ლიტველ პროფესიონალ მხატვართა ერთგვარი კონკურსი, რომელთა შორის საუკეთესო ნამუშევრის ავტორი უნდა გამოვლენილიყო და მას დიპლომი გადაეცემოდა. მისცეს დიდი ტილო, მასალა და ალეკო ლომაძემ პირველად დახატა საღებავებით. თემად ძველი და ახალი ქართული ანბანი აირჩია, რომელიც შავ ფონზე განათავსა. კონკურსს ტელევიზიები აშუქებდნენ და როცა ქართველი ხელოვანის ნამუშევრით დაინტერესდნენ, ავტორმა სურათს ''სიყვარულის ანბანი'' უწოდა. ამის შემდეგ იმ დღის გამარჯვებული ალეკო ლომაძე გახდა.

მისი დაწერილი ხატები საქართველოს რამდენიმე ეკლესია- მონასტერშია განთავსებული, მათ შორის თბილისშიც. ახლა ღვთისმშობლის ხატი უნდა დაასრულოს, შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის ხატი აქვს დასაწერი და საამისოდ ემზადება...
ალეკო ლომაძე არც ერთ ნამუშევარს არ ათარიღებს, მხოლოდ სახელისა და გვარის პირველ ასოებს უთითებს და ისიც ასომთავრულით...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















