29 ოქტომბერი, 2013
რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი
ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემს შვილებთან ურთიერთობით, იმიტომ, რომ საინტერესო აზრები აქვთ თბილისში ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია 1996 წლიდან ფუნქციონირებს და მას დამაარსებელი ხელმძღვანელობს. დილიდან კორტებზე ვარჯიშებია. ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი თავიანთი საჩოგბურთო კარიერისათვის მზადებას გადის. ისმის ბურთის ჩოგანზე დარტყმის რიტმული ხმები. ამ დროს ლეილა მესხი თავის კაბინეტში ზის. ჩოგბურთელს თავისი სპორტული კარიერის დასაწყისსა და დღევანდელობაზე სასაუბროდ შევხვდით...

მიზანი
- დედა ექიმი გახლავთ, მამა - ინჟინერი. ჩემი და ჩემზე ოთხი წლით უფროსია. მამა ამბობდა, მეორე
ბიჭი თუ გაჩნდება, ფეხბურთზე უნდა მივიყვანოთ, თუ გოგონა იქნება - ჩოგბურთზეო. მას სპორტის ეს ორივე სახეობა ძალიან მოსწონდა და ასე ჰქონდა ჩაფიქრებული.
- მიხეილ მესხთან ნათესაობა ხომ არ გაკავშირებთ?
- არა. სხვათა შორის, მესხები ცოტანი არ არიან, მაგრამ ეს გვარი უფრო გაფანტულია და დიდი სანათესავო წრეები არ არსებობს. ჩვენც ძალიან ცოტა ნათესავი გვყავს. რაც შეეხება დედას, ის უკრაინელია და მისი ნათესავები უკრაინაში ცხოვრობენ... 7 წლის რომ გავხდი, მამამ მე და ჩემი და კორტებზე მოგვიყვანა, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა გურამ თოხაძემ გამსინჯა და თქვა, ნიჭიერი გოგონაა და კარგია, რომ მოიყვანეთო. ჩემმა დამ ჩოგბურთზე ცოტა ხანს იარა, დიდად არ მოეწონა და დემონსტრაციულად თქვა უარი ვარჯიშზე. მე კი თითქოს არც მქონდა ამის უფლება, მამა იმდენად იყო მონდომებული და ჩემი სჯეროდა.
- თქვენ არ გქონდათ სურვილი, ვთქვათ, ცეკვაზე გევლოთ, ან სპორტის რომელიმე სხვა სახეობაზე?
- ცეკვაზე ცოტა ხანს დავდიოდი, მაგრამ მამას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ჩოგბურთს გავყოლოდი, ეს მეც ჩამინერგა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დამარწმუნა. დღეს ამ თემას რომ ვაფასებ, ვფიქრობ, რომ მშობლის დამოკიდებულება და რწმენა ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 5-6 წლის ასაკში ბავშვმა არ იცის, რა უნდა და რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს უკვე მოგვიანებით `მოდის~. ასაკთან ერთად ხვდები, რა მოგწონს და რა არა, მაგრამ პატარაობაში ძალიან იშვიათი და არარეალურია, რომ შენს სურვილებში ერკვეოდე. ვფიქრობ, ყველა ბავშვისთვის აუცილებელია, რაღაცაზე იყოს ორიენტირებული...

კორტი შინ და გარეთ
... 37-ე, რუსული სკოლა დავამთავრე. ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, მოსკოვში ხშირად ვრჩებოდი 6-6 თვით და იქ ვვარჯიშობდი. სვანეთის უბანში გავიზარდე, სადაც ჩემს მშობლებს საკუთარი სახლი და ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდათ. დედა ხეხილს, ყვავილებს უვლიდა. სამსახურის შემდეგ შინ რომ ბრუნდებოდა, უყვარდა მათი მოვლა. ერთ დღეს მამამ ყველაფერი გადაჩეხა, ეზოში ასფალტი დააგო და გამიკეთა ნახევარი მოედანი. ეს ფაქტი ძალიან კარგად მახსოვს. დედა ამის წინააღმდეგი იყო და ისტერიკა ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მას შემდეგ დილით და საღამოს - კორტებზე, ხოლო შუადღეს შინ ვვარჯიშობდი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათს ვვარჯიშობდი.
- ბებია-ბაბუებს მოესწარით?
- მამას მშობლები ადრე დაეღუპა, დედის მშობლებთან კი უკრაინაში დავდიოდით. ბებია-ბაბუას 8 წლამდე ვსტუმრობდი, რადგან შემდეგში, აქტიური სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო, მათ ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. თან, ასაკშიც იყვნენ და გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ის სიყვარული, რასაც დღეს ჩემი შვილები განიცდიან ბებია-ბაბუის მიმართ, მე არ მქონია...

წარმატება
... ჩემი გზა, ჩოგბურთს ვგულისხმობ, იმდენად სწრაფად ვითარდებოდა და თან შედეგსაც ვხედავდი, რომ ამით სიამოვნებას ვიღებდი. ცუდად არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, ბავშვობა არ მქონია. როცა სხვები ეზოში თამაშობდნენ, მე ვარჯიშზე ვიყავი, ბავშვები დაბადების დღეებზე მიდიოდნენ, მე შინ ვრჩებოდი, რადგან 9 საათზე ვიძინებდი და დილით 6-ზე ვდგებოდი. თუმცა დღეს ამას არ ვნანობ, როცა თუნდაც წვალებისგან შედეგს იღებ, სანანებლად აღარ გრჩება. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გავხდი, ეს იყო ის შედეგი, რომლისკენაც მივისწრაფოდი. საქართველოშიც ჩემზე 3-4 წლით უფროსებში ვლიდერობდი. შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ბავშვობიდან ლიდერი ვიყავი როგორც საქართველოში, ისე მთელ საბჭოთა კავშირში.
- ამდენი ვარჯიშის გამო პროტესტის შეგრძნება არასოდეს გქონიათ?
- ბუნებრივია, პროტესტის მცირე განცდა მქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ მამასთან მეჩხუბა, ან მეთქვა, რომ ჩოგბურთს თავს ვანებებდი. პროტესტი შეიძლება მქონოდა საკუთარი თავისადმი ამა თუ იმ თამაშთან დაკავშირებით. ვწუხდი, როცა რამე არ გამომდიოდა, მაგრამ კატეგორიულად არასოდეს მითქვამს, რომ ჩემი საქმე არ მომწონდა.
- არდადეგებს სად ატარებდით?
- არდადეგებს ვატარებდი გაგრაში, რადგან ნაკრების ცნობილი მწვრთნელი სერგეი ანდრეევი იქ ისვენებდა და მასთან ჩასული ვვარჯიშობდი ხოლმე. გარდა ამისა, იმ პერიოდში წელიწადში 10 დღე მქონდა, როცა ნამდვილად ვისვენებდი, რადგან ბუნებრივია, ამგვარი განტვირთვა აუცილებელია.
1990-1991 წლიდან, როცა უკვე სპორტსმენებს გაგვიმართლა და ყველამ ჩვენი ქვეყნის სახელით დავიწყეთ თამაში და არა საბჭოთა კავშირის, ინდივიდუალური კონტრაქტები დაიწყო. თუმცა, მანამდე ჩემი სპორტული კარიერის დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტს ვუხდიდით დიდ თანხებს. შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენი მოგებული თანხის თავადვე აღება. ეს ეტაპიც რთული აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტს რომ გამოვეყავით, პირველად ამერიკაში მე და დედაჩემი გავფრინდით. ანგარიშზე სულ 18 ათასი დოლარი მქონდა. იქიდან ბილეთების შესაძენად, სასტუმროში 9 ათასი დოლარი დავხარჯეთ. მაშინ ვამბობდი, ახლა რომ არ გავიმარჯვო, როგორ უნდა ვიარო და თანხა საიდან უნდა ვიშოვო-მეთქი. მაგრამ ძალიან გამიმართლა, ეტყობა, ვგრძნობდი, რომ აუცილებლად კარგად უნდა მეთამაშა, თორემ სამომავლოდ ვეღარაფერს გავაკეთებდი. ამერიკაში საკმაოდ დიდი ტურნირი მოვიგე, რომელიც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მიშვნელოვანია და დავამარცხე ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან ჯენიფერ კაპრიატი, ნატაშა ზვერევა და მარტინა ნავრატილოვა. 1991 წელს ეს იყო ყველაზე დიდი მოგება და ყველაზე დიდი ჰონორარი, რომელიც იქ ავიღე. მაშინ ამოვისუნთქე და ვთქვი, ახლა შემიძლია, ისე ვითამაშო, რომ ფულზე არ ვიფიქრო-მეთქი.

განტვირთვა და გარეგნობა

... ბავშვობაში ზოგჯერ თამაშისკენ მიმიწევდა გული და ხან ვარჯიშზე წასვლაც დამზარებია, მაგრამ შემდეგში ასე აღარ იყო. პროფესიონალი სპორტსმენი რომ გავხდი, შინაგანად იმდენად მქონდა ეს რეჟიმი გამჯდარი, რომ სხვაგვარად ვერ წარმომედგინა. საზღვარგარეთიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, მამა მთხოვდა, ცოტა ხანს მასთან ერთად ვყოფილიყავი და დამესვენა. თუმცა, მე იმდენად მქონდა გათავისებული ჩემი რეჟიმი, რომ არ არსებობდა, ვარჯიში გამეცდინა. ვიცოდი, კორტებზე უნდა წავსულიყავი და გამარჯვებისთვის უნდა მეშრომა. რაც შეეხება განტვირთვას, მატჩის შემდეგ აუცილებლად ვიკეთებდი მასაჟს, რადგან ფეხებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. თან, მე ფეხები მტკიოდა, ბრტყელტერფიანობის ერთ-ერთი სტადია მაქვს და პრობლემა მქონდა. ბოტასში სპეციალური სუპინატორები მედო, მაგრამ ფეხები მაინც არანორმალურად მეღლებოდა. მასაჟი, დასვენება და დროული ძილი იყო ის განტვირთვა, რომელსაც აუცილებლად მივმართავდი.
- ყველა აღნიშნავდა, რომ თქვენ ყოველთვის ქალურობით გამორჩეოდით და ასეთივე ფორმებს ინარჩუნებდით... როგორ იღებთ ამ კომპლიმენტს?
- რა ვიცი, ალბათ, ეს უკვე შინაგანად ზის პიროვნებაში. თუმცა, როცა ვთამაშობდი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სიმპათიური და ლამაზი ვიყავი. ცოტა `გადკი უტიონოკს~ უფრო ვგავდი, მაგრამ შემდეგში ჩემ თავზე ვიმუშავე და თავს მივხედე. ვფიქრობ, ეს ქალში ან ზის, ან არა. თუ არ ზის, ვერაფრით ჩაუნერგავ. მსიამოვნებს და მინდა, ფორმაში ვიყო. ვცდილობ, გარეგნობას სულ მივაქციო ყურადღება.

წარუმატებელი მატჩის შემდეგ...
...აქტიურ სპორტს 1996 წელს ჩამოვშორდი. 20 წელი ვიყავი ჩოგბურთში და 27 წლამდე ვთამაშობდი. მთელი წლის განმავლობაში უამრავ მატჩს თამაშობ, ზოგს წარმატებით, ზოგს - პირიქით. გული ბევრ მატჩზე გწყდება, მაგრამ ვერ გადაჰყვები, რადგან, უბრალოდ, ფსიქიკა ვერ გაუძლებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა წაგებული თამაში დიდი ტრავმა იყო, განვიცდიდი და თან ტირილით, მაგრამ ეს ორ დღეს გრძელდებოდა. ამის მერე უკვე მორიგ ტურნირზე ვიწყებდი ფიქრსა და მომზადებას...
სპორტული კარიერა რომ დავამთავრე, ლიზიკო გაჩნდა და ჩემი თავი მოვსინჯე მწვრთნელის რანგში. 3-4 წელი მწვრთნელად ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. ამ დროს შენ მარტო ჩოგბურთის მასწავლებელი არ ხარ, ბავშვს ყველაფერი უნდა ასწავლო: მოქცევა, კულტურა, ისტორია იმ სფეროში, რომლისთვისაც ზრდი, ეს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის რთულია.
- ანუ თქვენთვის აქტიურ სპორტში ყოფნა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მწვრთნელად ყოფნა...
- დიახ, ჩემთვის ასეა.

პროფესია
...გამოჩენილი სპორტსმენების შემთხვევაში ხშირად ხდებოდა ის, რაც მე გავაკეთე. მაშინდელმა სპორტის მინისტრმა რამაზ გოგლიძემ კალმისტარი მომცა, `გავიქეცი~, თემა დავწერე და ჩავაბარე უცხო ენების ინსტიტუტში ფრანგულ ენაზე, მაგრამ დავამთავრე ინგლისური ენის სპეციალისტის დიპლომით. ფრანგულ ენას სკოლაში გვასწავლიდნენ, ინგლისური კი ჩემით, ტურნირების დროს ვისწავლე. დიპლომის აღებას გამოცდას ვერ დავარქმევ, შეიძლება ითქვას, ვიჭორავეთ. პრაქტიკულად ინსტიტუტში არ მივლია და ამიტომ მე ამას პროფესიას ვერც კი ვუწოდებ. ჩემი ცხოვრება სხვა გზით აეწყო...

პირადი
- ორი შვილის დედა ხართ...
- ოჯახის შექმნიდან 7 წელიწადში ლიზიკო გაჩნდა, შემდეგ - გიორგი. ახლა ლიზიკო 17 წლის არის, გიორგი - 15-ის.
- ჩოგბურთით დაინტერესებულები არიან?
- ბუნებრივია, ჩემი შვილები კორტზე გაიზარდნენ, კარგ ჩოგბურთსაც თამაშობდნენ, მაგრამ დიდად არ არიან ამ სპორტით გატაცებული. მეც არ მქონდა სურვილი, ამ სპორტს გაჰყოლოდნენ. რომ დამენახა, მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ხელს შევუწყობდი, მაგრამ ასე არ იყო. ჩოგბურთი მათთვის გართობა და სიამოვნება გახდა. დიდი სპორტი კი მხოლოდ ეს არ არის, ამით უნდა იცხოვრო და უნდა იფიქრო, რამეს მიაღწიო. ლიზიკო უცხოეთში ჟურნალისტიკაზე აპირებს ჩაბარებას, გიორგის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, პროგრამისტობა მოსწონს და ვნახოთ, რამდენად გამოიჩენს ნიჭს ამ თვალსაზრისით.
- მეუღლე გყავთ?
- არა.
- შვილებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- კი, მკაცრი დედა ვარ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, რომ ყველაფერი ვიცი, რაც კი ხდება ლიზიკოს ცხოვრებაში, თუნდაც, პირადში. ეს მიხარია, შევძელი, რომ ჩემს შვილს ჩემთან აბსოლუტურად ყველა თემაზე შეუძლია საუბარი. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემს შვილებთან ურთიერთობით, იმიტომ, რომ საინტერესო აზრები აქვთ. უყვართ ჩემთან ყოფნა და მომწონს, ასეთები რომ არიან.

სპორტის გარდა... ანუ ინტერესის სფერო

...ჰობის თუ დავარქმევთ, ქარგვა მიყვარდა. თვითმფრინავში შეიძლებოდა მაკრატლისა და ნემსის შეტანა. დიდ დისტანციაზე თუ მივფრინავდი, ვთქვათ, ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში, თან ეს ნივთები მიმქონდა და ვქარგავდი. და იმ თავისუფალ დროს ნერვებს ვიწყნარებდი. რამდენიმე ნამუშევარი დღემდე მაქვს სახლში. ეს არის ბალიშები, პატარა ხალიჩა და სურათი. სხვათა შორის, ჩემს ბავშვებს ისინი ძალიან უყვართ და უფრთხილდებიან. გიორგის პატარა სურათი აქვს, ლიზიკოსაც ბალიში თავის საძინებელ ოთახში აქვს, ხალიჩა კი ჩემთანაა და ფეხს მხოლოდ მე ვაბიჯებ, სხვა არავინ (იღიმის). ლამაზი ნივთებია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, არ მიქარგია.
ხასიათი და ახალი საქმე
- თუ გიფიქრიათ იმაზე, ჩოგბურთის გარდა, თქვენი ცხოვრება რა მიმართულებითა და რა სფეროში შეიძლებოდა განვითარებულიყო?
- არ ვიცი. ახლა მიჭირს ამაზე ლაპარაკი, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ჩოგბურთია. მე ისეთი ტიპაჟი ვარ, რომ თავი სადმე აუცილებლად უნდა გამოვიჩინო, ჩუმად ჯდომა არ შემიძლია და მუდმივად მინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ალბათ, ეს არის მიზანდასახული ხასიათი. წამოვიწყე ახალი საქმე, რომელიც ძალიან მაინტერესებს და მინდა, თავი ამ სფეროშიც მოვსინჯო. ღვინის ბიზნესი დავიწყე და ამ მხრივ კახეთი და ვენახები ძალიან შემიყვარდა.
- ანუ ახლო მომავალში თქვენი სახელობის ღვინო ჩამოისხმება?
- უკვე ჩამოისხა (იღიმის)...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
auuuuf
ნინოს -ვინ რა დათმო სისულელეებს წერ მაგის ქმარი ერთი პუსტა პუსტა ოპერი იყო ბარაკში დაბადებულ გაზრდილი პავლიკა,უკანალში პანღური კრეს და გამოაბუნძურეს,
19:43 / 23-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ერთი ამას მისი ქმარი არ დახმარებოდა.მარტო ააწყობდა თავის ბიზნესს რა? იმ კაცმა ყველაფერი დათმო. გავლენიანი ნათესავები წყალობით გაუკეთა ყველაფერი.ახლა რას ამბობ გამოვიდა ბიზნესლედი.
14:38 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS